როგორ მიიღეს რუსთაველის თეატრში ახალბედა მსახიობი ტრისტან სარალიძე დიდმა კორიფეებმა და რას ვერ ეუბნებოდა ის ეროსის
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00

სოფლიდან ჩამოსულ ბიჭს, მისდა გასაოცრად, ბედმა პოპულარობა არგუნა. ეს იმერელი ბიჭი გიორგი შენგელაიას ფილმში, „სიყვარული ყველას უნდა“, უცებ კახელად გადაიქცა და როგორ შეასრულა ეს როლი, თავიდაც იცით, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ბევრს დიდხნას მართლა კახელი ეგონა. იმისთვის, რომ პროფესიონალი მსახიობი გამხდარიყო, თვითონაც არ დაუკლია შრომა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობდა, ბედი თუ არ გწყალობს, მარტო ნიჭითა და მუშაობით არაფერი გამოვაო. ამქვეყნად ჩვენი მოვლინება უფლის ნებითაა განსაზღვრული. ერთხელ ისიც თქვა: ადამიანს ზოგჯერ ჰგონია, რომ ბედისწერას რაღაც გრადუსით თავისკენ შემოაბრუნებს. შეიძლება, კიდეც გამოუვიდეს და ეგონოს, თავად ქმნის ამ ბედს, მაგრამ ასე არ არისო. ბავშვობაში ყველაზე დიდი ოცნება ჰქონდა – ტელეკრანზე თუნდაც ერთი წუთით გამოჩენილიყო. სტუდენტობისას აუხდა. ბავშვობა ბორჯომის სოფელ ახალდაბაში გაატარა. მისი ბიძა სოფლის კლუბში სპექტაკლებს დგამდა. ტრისტანი მაშინ ვერც კი ბედავდა სიტყვა დაეძრა, მეც მათამაშეო. სოფლის კლუბში დადგმული სპექტაკლები და ბიძის როლები სულ ახსოვდა. სკოლის მოსწავლე იყო, როცა მის სოფელში კინოგადამღები ჯგუფი ჩავიდა. „მოლოდინის“ სცენებს იღებდნენ. ფილმში ლეილა აბაშიძე, გურამ ფირცხალავა და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ. გადასაღებ ჯგუფს შორიდან უყურებდა და ფიქრობდა – ნეტა, ოდესმე, თუნდაც ერთხელ, თუ მოვხდები რამე ფილმშიო. რამდენიმე წლის შემდეგ ეს ოცნებაც აუხდა. ერთი კი არა, წელიწადში სამ ფილმზე უწევდა მუშაობა. ზოგჯერ გადაღებებით დაკავებული, მეორე შეთავაზებულ როლზე უარსაც კი ამბობდა. პოპულარობამდე კი იყო დაბრკოლებებით სავსე გზა. სოფლიდან დედაქალაქში ჩამოსული ბიჭი დაბნეული დადიოდა ქუჩებში და სამი დღე დაეძებდა თეატრალურ ინსტიტუტს. ბოლოს მიაგნო და სტუდენტიც გახდა. ბედად ლილი იოსელიანის ჯგუფში მოხვდა. სწორედ მას უმადლის, რომ შედგა, როგორც მსახიობი. თეატრალურიდან პირდაპირ თავის ოცნების თეატრში, რუსთაველის სცენაზე მოხვდა, თანაც იმ დროს, როცა თეატრში რენესანსის ხანა იდგა. სცენაზე ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე და სხვა ვარსკვლავები იდგნენ. მათ შორის თავის დამკვიდრება ძალიან რთული იყო, მაგრამ ცდად ღირდა. ბედმა სწორედ იმ ადგილას მომახვედრა, სადაც თავის გამოვლინება ყველაზე კარგად შემეძლო, სხვა თეატრში შეიძლება, ჩემი ცხოვრება სხვანაირად წასულიყოო, – ამბობდა მსახიობი. რუსთაველის თეატრში კი, თითქოს, წრედი შეიკრა და ახალბედა მსახიობიც მისი ნაწილი გახდა. ძველი თაობის წარმომადგენლებმა ახლაგაზრდა, ნიჭიერი ტრისტან სარალიძე თბილად მიიღეს და მუშაობა გაუადვილეს. როგორც ამბობდა, რუსთაველის თეატრში თაობებს შორის ბრძოლა არასოდეს ყოფილაო. მას მიაჩნდა, რომ ნიჭიერ, შემდგარ მსახიობსაც შეუძლია, ახალგაზრდებისგან ბევრი რამ ისწავლოს და თავისი ეპოქის სიახლეები არ გამოეპაროს.
ეროსი
ტრისტან სარალიძის პირველი სპექტაკლი „ნაცარქექია“ იყო, სადაც ეროსის გაუწია პარტნიორობა. ეს მისთვის დიდი პატივი იყო, მაგრამ იმავდროულად, უხერხულობაც შეექმნა. „ნაცარქექიაში“ ერთ-ერთ შეგირდს ვთამაშობდი. პიესაში ბატონ ეროსის კიკილა ერქვა. მე, ერთ სცენაში უნდა მეთქვა: „კიკილ, შენ ხომ არ გამოშტერდი“. კიკილს ვიტყოდი და მერე ვჩუმდებოდი, ვერ ვუბედავდი, წინადადება გამეგრძელებინა და მეთქვა – „ხომ არ გამოშტერდი“. ეროსი მაშინვე მიხვდა, რაც მჭირდა. რეპეტიციის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად ფოიეში ვიჯექი. ეროსიმ გამოიარა და მკითხა: შენ დღეს რას აკეთებ, ჩემთან ერთად წამოსვლა თუ შეგიძლიაო. რა თქმა უნდა, ვუთხარი, შემიძლია-მეთქი. მეგონა სახლში თუ ჰქონდა რამე გადასაადგილებელი და ამისთვის ვჭირდებოდი. მაშინ თეთრი „ნივა“ ჰყავდა. სანაპიროდან დიღმის მიმართულებით წაიყვანა. ვკითხე, ბატონო ეროსი, თქვენ ხომ ვაკეში ცხოვრობთ-მეთქი. კაცო, მანქანა ჩემია, „რულიც“ ჩემია და საითაც მინდა, იქით მივუხვევ და მოვუხვევო, - მიპასუხა. კასპში ჩავედით, სადაც საუკეთესო მეგობარი ჰყავდა. ეროსის კარგი ჯიშის ძაღლი ჰყავდა, რომელსაც ტანგოს ეძახდა. ტანგო მეგობართან კასპში ჰყავდა მიბარებული, მის სანახავად რომ ჩადიოდა, მის მეგობართან მთელი კასპი იკრიბებოდა და დიდი სუფრა იშლებოდა. იმ დღეს მე მომიწია მასთან ერთად ქეიფი. მომეფერა, კარგი სიტყვებით შემამკო. იქიდან რომ წამოვედით, გზაში მითხრა: ტრისტან, სცენაზე შენთვის ჩვეულებრივი პარტნიორი ვარ და არა დიდი ეროსიო. მეორე დღეს სპექტაკლში შესანიშნავად ვითამაშე. ჩემი პერსონაჟის სიტყვების თქმა აღარ გამჭირვებია. ასე მოქცევა მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ...“
ჩემთვის ეს ცხოვრებაა
„...ასეთივე, დიდი გახლდათ რამაზ ჩხიკვაძე. ის ხომ ქართული თეატრის მოვლენა იყო. საოცარი იუმორი ჰქონდა. ბატონ რამაზს სოციალისტური შრომის გმირის წოდება მისცეს. იმ პერიოდში „მეფე ლირს“ ვთამაშობდით. ამ ჯილდოზე ბევრს იცინოდა. ერთ-ერთ სცენაში მეფე ლირს ჰაერში ვისროდით. სპექატკლზე, როცა ხელში ავიყვანეთ, იყვირა: ფრთხილად! ფრთხილად! გმირს ეთამაშებითო. ბატონი რამაზი მართლაც იყო იმ პერიოდისა და თავისი თაობის გმირი. როცა თეატრის ამ ვარსკვლავებს ვუყურებდი, ვერ ვიჯერებდი რომ მათ გვერდით ვიდექი...“
მსახიობს ბევრი შრომა, მოთმინება, სტრესის გადატანა უხდება. თუ ფსიქოლოგიურად მზად არ ხარ, ამ ყველაფერს ვერ გაუძლებ. როცა „თორმეტ განრისხებულ მამაკაცს“ ვთამაშობდით, რეპეტიციები ზოგჯერ დილის ექვს საათამდე გვქონდა. ჩემმა მეუღლემ და ახლობლებმა იცოდნენ, რომ რეპეტიციები მქონდა და იმ დღეებში არავინ მაწუხებდა, არ მირეკავდნენ, რადგან არც დილით, არც შუადღისას და არც ღამე, წუთით არ მეცალა. აბანოთუბანში ვცხოვრობ. ჩემს სახლთან ავტოფარეხი მოუწესრიგებელი იყო, ამიტომ მანქანას აბანოს ეზოში ვაყენებდი. აბანოს დირექტორი ვერაფრით ხვდებოდა, ღამის ოთხ საათზე აბსოლუტურად ფხიზელი მამაკაცი სახლში რატომ მიდიოდა და თანაც, მისი სახლიდან ჩხუბის ხმა რატომ არ გამოდიოდა. ბოლოს ვუთხარი, რომ რეპეტიციები მქონდა გვიანობამდე-მეთქი. მისთვის ბოლომდე მაინც გაუგებარი დარჩა, ამდენ ხანს თეატრში რას ვაკეთებდი. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, რომ სახლში საერთოდ არ წავსულვართ. დღეები ერთმანეთზე გადაგვიბამს. ზოგიერთი ამას მსხვერპლს ეძახის, ჩემთვის კი, ცხოვრებაა.
„რობერტ სტურუას ხშირად უთქვამს, რომ არ მჭირდება პოპულარული მსახიობიო. როდესაც მსახიობი გამოდის სცენაზე და მას დრო იმისთვის სჭირდება, რომ მაყურებული მოხიბლოს, აღტაცებაში მოიყვანოს, უკვე დიდი მიღწევააო, - ამბობდა მსახიობი, რომელსაც მაყურებლის მოხიბვლა არ გასჭირვებია.
მისი სეიოზული კინოროლი თემურ ბაბლუანის „ბეღურების გადაფრენაში“ შედგა. ამის შემდეგ იყო გივიას როლი გიორგი შენგელაიას „სიყვარული ყველას უნდა“, შემდეგ – „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“. ამ კინოროლებით მას საქართელოში ყველა იცნობდა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კი ამავე რეჟისორის, გია მატარაძის ფილმ „გამოცხადების“ შემდეგ აღიარეს...“
ჩვენი ოჯახების სიყვარულის ნიშნად
ადამიანებს ყველაზე სუფთა და ტკბილი მოგონებები, დიდი ნოსტალგია ბავშობიდან მოგვდევს. ტრისტან სარალიძეც საუბარში ყოველთვის თავის ბავშობის წლებს იხსენებდა. „ბავშვობაში დაბადების დღეებით განებივრებული არ ვყოფილვარ. სტუდენტობისას ზოგჯერ ბიჭებს ბოთლ არაყსა და 20 ხინკალზე გვიქეიფია. მერე დრო გავიდა და ნელ-ნელა მეტის საშუალება მომეცა. 30 წლისამ მეგობრები მოვიწვიე. ისინი ჩემი ცხოვრების თანამგზავრები არიან და მათი სიყვარულით ვხარობ. გურამ საღარაძე – ჩემი პედაგოგი, დიდი მეგობარი და ძმაკაცი გახლდათ. ძალიან მიყვარდა, როგორც ადამიანი, მის შემოქმედებაზე აღარაფერს ვამბობ. ვფიქრობ, საქართველოში მისნაირი მკითხველი არ დაბადებულა. 50 წლის ასაკში დიდი დაბადების დღე გადავიხადე, უახლოესი მეგობრები დავპატიჟე. ჩემი შვილის ნათლიამ, აკადემიკოსმა შოთა ჯაფარიძემ, შუა ქეიფის დროს მომილოცა ეს დღე, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლალიმ კი მითხრა: ჩვენი ოჯახების სიყვარულის ნიშნად ბეჭედს გჩუქნი და ატარეო. თავიდან ცოტა მეხამუშებოდა, მერე ძალიან მივეჩვიე. დავხედავ ხოლმე და ის ხალხი მახსენდება. მეგობრობა ჩემთვის უნიკალური გრძნობაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან