როგორ მიაღწია წარმატებას ია დავითაშვილმა ავსტრიასა და გერმანიაში და რატომ დააფინანსა მისი სწავლა სრულიად უცნობმა ადამიანმა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 02.08, 2022 წელი

ია დავითაშვილი ქართველი მევიოლინეა, რომელიც ავსტრიასა და გერმანიაში მოღვაწეობს. მისი მუსიკალური კარიერა ძალიან პატარა ასაკში დაიწყო და წარმატებებმაც არ დააყოვნა. საკმაოდ პატარა ია კონცერტებს უკვე გერმანიაში მართავდა და საქართველოს ფარგლებს გარეთ სერიოზულ შემოთავაზებებს იღებდა.
ია დავითაშვილი: თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ოჯახის წევრები არ არიან პროფესიონალი მუსიკოსები, მაგრამ დედა ფორტეპიანოზე უკრავდა და მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარული ყოველთვის ჰქონდა. ხელოვნების ამ მიმართულებისადმი მე განსაკუთრებული ინტერესი მაშინ გამიჩნდა, როცა ჩემმა დამ ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო. პირველად ის შეიყვანეს მუსიკალურ სასწავლებელში და გაკვეთილებზე მეც მასთან ერთად დავდიოდი. ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ მუსიკალური სმენა და ნიჭი მქონდა და ამიტომ, ვიოლინოზე დაკვრა მეც დავიწყე. მაშინ 5 წლის ვიყავი, როცა ჩვენმა პედაგოგმა მეგი ქლიბაძემ შეამჩნია, რომ ორივეს მუსიკალური ტალანტი გვქონდა და მნიშვნელოვან კონცერტებში ჩაგვრთო. მათ შორის იყო გასვლითი კონცერტები გერმანიაში. სულ 12 წლის ვიყავი, როდესაც გერმანიაში უკვე საკმაოდ ბევრი სოლო კონცერტი გვქონდა. შემდეგ უკვე სტიპენდიითა და გერმანიის მხარის მიწვევით იყო კონცერტები და არაერთი საქმიანი შემოთავაზება. საქართველოშიც ძალიან ხშირად გვქონდა კონცერტები ლუთერანულ ეკლესიაში, კონსერვატორიაში და სხვადასხვა ქალაქში.
2006 წელს კონსერვატორიაში ჩავაბარე და იმავდროულად, თბილისის ევგენი მიქელაძის სიმფონიურ ორკესტრში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე წლის შემდეგ მივიღე შემოთავაზება, ახალ კამერულ ორკესტრში დამეკრა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ეს ორკესტრი მაშინ ფუძნდებოდა. ორი წელი ენთუზიაზმზე ვმუშაობდით და ვმართავდით კონცერტებს საქართველოს ფარგლებში. შემდგომ კი, გამოჩნდნენ მუსიკის დიდი გულშემატკივარი ადამიანები. მათ შორის, ერთ-ერთი იყო გია ბუღაძე, რომელმაც სარეპეტიციო სივრცე დაგვითმო. სწორედ მისი და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით მივიღეთ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სიმფონიეტას” სტატუსი და ხელფასები. მაშინ, პარალელურად, ვსწავლობდი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ბაკალავრიატზე და შემდეგ, უკვე, მაგისტრატურაზე. მთელი ეს პერიოდი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან ბევრი ცნობილი მუსიკოსი ჩამოდიოდა კონცერტებით და მათთან ვთანამშომლობდი. ერთ-ერთ კონცერტზე გავიცანი ჩემი მომავალი პროფესორი, რომელიც დღემდე ზალცბურგის „მოცარტეუმში“ ასწავლის. ერთ დღეს მან მასტერკლასი გამართა თბილისის კონსერვატორიაში. მე მინდოდა, სწავლა გერმანიაში ან ავსტრიაში გამეგრძელებინა, თან, კონსერვატორიაში მაგისტრატურას ვამთავრებდი და დროც შესაბამისი იყო. მისი მასტერკლასის შემდეგ კი, განსაკუთრებით დავინტერესდი, როგორ ხდებოდა ზალცბურგში ჩაბარება. 2014 წელს გამოცდაზე დავუკარი და ჩავაბარე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი კონკურენცია იყო. მოგეხსენებათ, მუსიკალურ სამყაროში ზალცბურგის „მოცარტეუმი“ ერთ-ერთ საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლად ითვლება და ბუნებრივია, რომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა. საბედნიეროდ, ჩავაბარე, მაგრამ საქართველოში დაბრუნება მომიწია, რადგან ამ სასწავლებელში სემესტრული გადასახადი ძალიან დიდია და სამშობლოში დაფინანსების მოსაპოვებლად ჩამოვედი. სამწუხაროდ, იმ პერიოდში კულტურის სამინისტროსთვის არ აღმოჩნდა პრიორიტეტი კულტურული სფერო. მითხრეს, აგრარული მიმართულება უფრო პრიორიტეტულიაო და მოკლედ, დაფინანსება ვერ მოვიპოვე. ამის გამო, სამწუხაროდ, „მოცარტეუმში“ ერთი სემესტრის გაუქმება მომიწია, რაც დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მადლობა ღმერთს, ადგილი შემინახეს, რომ სწავლა შემდეგი სემესტრიდან გამეგრძელებინა. საბოლოოდ შვეიცარიიდან დამაფინანსა ქალბატონმა ელენა ბარშაიმ, რომელიც არაჩვეულებრივი ორგანისტი, ცნობილი ალტისტისა და დირიჟორის – რუდოლფ ბარშაის მეუღლე გახლავთ. ქალბატონმა ელენამ თვითონ გამოთქვა სურვილი, დაეფარა ჩემი სწავლის ღირებულება.
– ეს როგორ მოხდა?
– ძალიან უცნაურად. მასთან კონტაქტი პირადად მე არ მქონია. ერთ-ერთმა ქალბატონმა გაიგო ჩემი პრობლემის შესახებ და კითხვით მიმართა ქალბატონ ბარშაის – ხომ არ არსებობდა რაიმე ფონდი, რომელიც დაეხმარებოდა ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსს. აღმოჩნდა, რომ ასეთი არც ისე ბევრი იყო და ქალბატონმა ბარშაიმ პირადად გამოთქვა ჩემი დახმარების სურვილი. მანამდე ვიცნობდი ამ ქალბატონს, მასაც ვყავდი მოსმენილი კონცერტზე, მაგრამ პირადი ურთიერთობა არასდროს გვქონია. მისი უანგარო სიკეთე ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და დღემდე მისი მადლობელი ვარ.
– ახლა როგორია თქვენი საქმიანობის ასპარეზი?
– ძალიან დატვირთული. 2016 წლიდან ვარ ზალცბურგის ფილარმონიური ორკესტრის წევრი, ასევე, მიწვევით ვუკრავ სხვადასხვა კამერულ თუ სიმფონიურ ორკესტრებში, ესენია „ზალცბურგის კამერული სოლისტები“, „გერმანიის რადიოორკესტრი“, „კონცერტო დე ბასუსი“ (ავთენტურ ინსტრუმენტზე), ბადენ-ვიუტემბერგის სიმფონიური ორკესტრი და სხვა. ცოტა ხნის წინ მქონდა სოლო კონცერტი ზალცბურგის სალონურ დარბაზში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები სპეციალურად ჩამოდიან მოცარტის მოსასმენად. ეს დიდი პატივია ჩემთვის და ვთვლი, რომ როგორც ქართველს, დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, დავუკრა მოცარტი მოცარტის სამშობლოში და მოვასმენინო სხვადასხვა სფეროს თუ ეროვნების მსმენელს.
– დღეს რა მიღწევით ამაყობთ?
– როდესაც აქ ჩამოვედი, არც ისე კარგი ვიოლინო მქონდა. თუმცა, მე სწორედ ამ ინსტრუმენტით მოვიგე ადგილი ორკესტრში. „მოცარტეუმმა“ სწავლის პერიოდშიც დამინიშნა სტიპენდია და წინსვლისთვის ეს გამოვიყენე. ასევე მოვიპოვე სტიპენდია შვეიცარიის ფონდიდან. აქ თვითონ ხარ საკუთარი თავის მენეჯერი – ერთია იყო კარგი მუსიკოსი და მეორეა, შეგეძლოს თავის სწორად წარდგენა. თუ შენ არ შეგიძლია, საკუთარ თავს სწორი მენეჯმენტი გაუკეთო, გაგიჭირდება, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია, გქონდეს კარგი ინსტრუმენტი. სხვანაირად შეიძლება, უბრალოდ, ორკესტრში არც დაგიძახონ. ამიტომ ამაყი ვარ, რომ შევძელი, საკუთარი სტიპენდიით შეგროვებული თანხით კარგი ინსტრუმენტი მეყიდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან