საზოგადოება

როგორ მართავდა ქართულ წარმოდგენებს მიხეილ თაქთაქიშვილი ბაქოში და რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მისი ხელმძღვანელობით

№31

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 13.08

მიხეილ თაქთაქიშვილი
დაკოპირებულია

მიხეილ ივანეს ძე თაქთაქიშვილი დაიბადა 1872 წელს სოფელ ქვემო ხვითში, გორში.

1889 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა პირველი კლასიკური გიმნაზია და შემდეგ ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა თბილისში, მოზრდილთა საკვირაო სკოლაში. მალე დაინიშნა მასწავლებლად განჯაში, ვაჟთა და ქალთა გიმნაზიაში, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკასა და ფიზიკას. 1902 წელს გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, შემდეგ კი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების დამხმარე წევრი.

აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველთა შორის მიხეილ თაქთაქიშვილს გამორჩეული ადგილი უკავია. მისი აქტიური მონაწილეობით ბაქოში დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ფილიალი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

გიმნაზიაში პედაგოგობის პარალელურად, იყო განჯის მეტეოროლოგიური სადგურის გამგე და თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის კორესპონდენტი.

მიხეილ თაქთაქიშვილს ღვაწლი მიუძღვის ბაქოს ქართული თეატრის განვითარების საქმეშიც. ის სათავეში ედგა და თავმჯდომარეობდა ბაქოს დრამატული წრის გამგეობას. ეს წრე „სომეხ კაცთმოყვარე საზოგადოების სათეატრო შენობაში” ხშირად მართავდა ქართულ წარმოდგენებსაც.

1903 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი თბილისის კომერციულ სასწავლებელში მათემატიკის პედაგოგად მიიწვიეს. მალე კი ბაქოს კომერციული სასწავლებლის სამზრუნველო საბჭომ იგი სასწავლებლის ინსპექტორად აირჩია, ხოლო ერთი წლის შემდეგ – დირექტორად.

მიხეილ თაქთაქიშვილი 11 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ბაქოს ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს, მისი უშუალო მონაწილეობით ბაქოში აშენდა სპეციალური შენობა კომერციული სასწავლებლისთვის, დღევანდელი ბაქოს პედაგოგიური ინსტიტუტი.

ბაქოს საზოგადოებამ ღირსეულად დააფასა მისი, როგორც პედაგოგის, სასწავლებლის დირექტორისა და კულტურის მოღვაწის ღვაწლი. სკოლაში გამართულ გამოსამშვიდობელ საღამოზე, პატივისცემისა და დიდი სიყვარულის გამოსახატავად, დააწესეს მისი სახელობის სტიპენდია. „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბაქოს გამგეობამ კი იგი საპატიო წევრად აირჩია.

1916 წელს მიხეილ თაქთაქიშვილი ქუთაისის კომერციული სასწავლებლის დირექტორად მიიწვიეს.

1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მიხეილ თაქთაქიშვილი დაინიშნა განათლების სახალხო კომისარიატის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარ მმართველად და განაგებდა პროფესიული განათლების საქმეს.

1925 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის პირველ სახელმწიფო საბუღალტრო კურსებს და ამავე დროს მუშაობდა მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში სასწავლო ნაწილის გამგედ.

მისი უშუალო მონაწილეობით დაარსდა სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული ტექნიკუმები.

1928-1929 წლებში გაიგზავნა ყვარელსა და ბორჯომში, სადაც დააარსა სატყეო ტექნიკუმები. მუშაობდა მთელ რიგ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორც დოცენტი და კითხულობდა ლექციებს მათემატიკაში.

განაგებდა ფიზიკისა და მათემატიკის კათედრას საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტში. ლექციებს კითხულობდა სასოფლო-სამეურნეო და მცენარეთა დაცვის ინსტიტუტებში.

მიხეილ თაქთაქიშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ლიტერატურაშიც, წერდა და თარგმნიდა მოთხრობებს, თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან. მის წერილებს ბეჭდავდნენ „ცნობის ფურცელი”, „სახალხო გაზეთი”, „თეატრი და ცხოვრება” და სხვა.

იგი ავტორია ორი სახელმძღვანელოსი: „უმაღლესი მათემატიკის შესავალი” და „უმაღლესი მათემატიკის საფუძვლების დანაწილება და მეთოდური მითითებანი“.

გარდაიცვალა 1954 წელს.

გამოყენებული მასალების წყარო: განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები: nateba.websail.net; georgianencyclopedia.ge; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

11-17 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა