როგორ ქორწინდებოდა ჯორჯ ბალანჩინი თავის ბალერინებზე და რატომ იყო ის შვილის ყოლის წინააღმდეგი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 25.10, 2022 წელი
ბალანჩინი (გიორგი ბალანჩივაძე) მთელ მსოფლიოში თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფადაა აღიარებული. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ – უსიუჟეტო, ეგრეთ წოდებულ, აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია.
ბალანჩინი 1924 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. სწორედ აქ მიიღო ხელოვანმა „ბალანჩინის“ ფსევდონიმი რუსი კოლეგა დიაგილევისგან, ვისთანაც დგამდა თავის პირველ სპექტაკლებს ემიგრაციაში. „მე მინდოდა, რომ ადამიანის სხეულის მოძრაობის სილამაზე, ნახაზის სისუფთავე და პლასტიკური გამომსახველობა გამეხადა დაუვიწყარი, რომ ბალეტი ყოფილიყო არა სოუსი ან საწებელი სხვა რაიმე კერძისთვის, არამედ სრულუფლებიანი, ხელოვნების აბსოლუტურად დამოუკიდებელი სახეობა“, – ამბობდა ბალანჩინი. როგორც ზუსტად შენიშნავდა ერთი ამერიკელი კრიტიკოსი: „ბალანჩინის ქორეოგრაფია – ეს არის უკუღმა ამოტრიალებული კლასიკური ბალეტი“. ბალანჩინის ხელმძღვანელობით, „ნიუ-იორკ სითი ბალე“ საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, სპექტაკლები გამართა თბილისშიც. თბილისში ყოფნისას, გაამერიკელებულ ხელოვანს ჟურნალისტი სადაურობაზე ჰკითხავს და, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, საკუთარი ეთნიკურობის აღმნიშვნელად „ქართველი“ ვერ ათქმევინა. ბოლოს მამის წარმომავლობის ხათრით, როგორც იქნა, იმერლობაზე დაითანხმა. მაესტროს დამოკიდებულებაზე თავის ეროვნებასთან მიმართებაში, მეტყველებს თუნდ ერთი ასეთი გარემოება: 1939 წელს მისი ბალეტის გამორჩეული მოცეკვავე თამარ თუმანიშვილი, დედასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჯორჯ ბალანჩინის რჩევით, გადაიკეთეს გვარი და თუმანოვებად დაეწერნენ. თუმცა, სიბერეში, ალბათ, ქართველთა დღეგრძელობის ტრადიციულად მიღებული შტამპით, მაესტროს უფრო ხშირად ახსენდებოდა თავისი გენეტიკური ფესვები და არაერთგზის იმეორებდა კოლეგების წინაშე: „მე ქართველი ვარ. ას წლამდე ვიცოცხლებ!“ როგორც თანამედროვენი იხსენებდნენ, ბალანჩინი დიდხანს არ წერდა ანდერძს, ხოლო, როცა დაწერა, თავის ძმას დაუტოვა წყვილი ოქროს საათი და ყველა თავისი ბალეტი თვრამეტ საყვარელ ქალზე გაასაჩუქრა. სულ 425 ბალეტი იყო. ეს რიცხვი გააზრებას არ ექვემდებარება – მასთან ახლოს ვერ მივა 150 ბალეტის ავტორი როლან პეტიც კი, რომელიც საკუთარ თავზე ამბობდა, რომ ის უფრო ნაყოფიერია, ვიდრე პიკასო!
ჯორჯ ბალანჩინი – კაცი, რომელიც ცეკვად თარგმნიდა მუსიკას
მამამ დაწერა პირველი ქართული ოპერა, პირველი ქართული რომანსები. ერთმა ვაჟმა დაწერა პირველი ქართული ბალეტი, ქართული სიმფონიის პირველი სრულყოფილი ნიმუში, პირველი საფორტეპიანო კონცერტი... მეორე ვაჟმა შექმნა ამერიკული ბალეტი და გააოგნა მსოფლიო. ჯორჯ ბალანჩინი იყო კაცი, რომელმაც გაარღვია საბჭოეთის საზღვრები, კაცი, რომელმაც გაარღვია დრამბალეტის საზღვრები...
ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიის მოძღვრის ვაჟი, თბილისის სასულიერო სემინარიაში განათლებამიღებული მელიტონ ბალანჩივაძე 18 წლისა თბილისის საოპერო თეატრის გუნდში მღეროდა, 20 წლის უკვე ქართულ ხალხურ სიმღერებს კრებდა, აყალიბებდა გუნდებს, კონცერტებს მართავდა მთელ საქართველოში. 26 წლისამ ბედი კომპოზიციაში სცადა და „ქართული ხალხური სიმღერების პოპური“ დაწერა, მალევე კი, რომანსები – „ოდესაც გიცქერ“, „შენ გეტრფი მარად’“, „ნანა, შვილო“… ამ რომანსებმა აღიარება მოუტანა დამწყებ კომპოზიტორს. 27 წლისამ პეტერბურგის კონსერვატორიას მიაშურა. 1896 წელს მუშაობა დაიწყო პირველ ქართულ ოპერა „თამარ ცბიერზე“, რომელსაც ბოლოს „დარეჯან ცბიერი“ ეწოდა. სწორედ პეტერბურგში მოღვაწეობისას შეეძინა მას ვაჟები: 1904 წელს გიორგი ბალანჩივაძე მოევლინა ქვეყანას, 1906 წელს – ანდრია ბალანჩივაძე. გიორგი ხუთი წლის იყო, ფორტეპიანოს რომ მიუჯდა, 9 წლისა უკვე მარინის თეატრთან არსებულ საიმპერატორო თეატრალურ სასწავლებლის საბალეტო სექციაში ჩაირიცხა და მალევე გამოჩნდა კიდეც მარინის თეატრის სცენაზე. 13 წლის იყო, მამა საქართველოში რომ წამოვიდა, ერთი წლის შემდეგ კი 12 წლის ძმა ანდრიაც. საქართველოში მალევე წამოვიდნენ დედაც და დაც, ბალეტზე ფანატიკურად შეყვარებული, 14 წლის გიორგი კი პეტერბურგში მარტო დარჩა. 14 წლის გიორგი და 12 წლის ანდრია რომ ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რა ხანგრძლივი იქნებოდა მათი განშორება. გიორგი 15 წლის იყო, საბალეტო სასწავლებელი რომ წარჩინებით დაამთავრა და მარიას თეატრის საბალეტო დასში ჩაირიცხა. ცეკვის პარალელურად, პეტერბურგის კონსერვატორიაში ეუფლებოდა ფორტეპიანოს, მუსიკის თეორიას, კომპოზიციას, ჰარმონიას. იმ ავბედით რევოლუციურ წლებში, როცა ფული გაუფასურებული იყო, მომავალში სახელგანთქმულ ბალეტმაისტერს ლუკმაპურისთვის ხშირად უწევდა ფორტეპიანოზე დაკვრა კაბარეებსა და მუნჯი კინოს დარბაზებში. მუსიკასთან ასეთ ინტენსიურ ურთიერთობას უკვალოდ არ ჩაუვლია და მთელი ძალით გამოვლინდა მის ქორეოგრაფიაში, მის განუმეორებელ უნარში. 1924 წელს 20 წლის გიორგი ბალანჩივაძე, სამ სხვა მოცეკვავესთან ერთად, საზღვარგარეთ წავიდა საგასტროლოდ და… დარჩა როგორც ემიგრანტი. დიაგილევმა ნახა და თავისთან, პარიზის რუსულ საბალეტო დასში მიიწვია. სწორედ დიაგილევმა ურჩია, რომ ბალანჩივაძე „ბალანჩინი“ გამხდარიყო და ასპარეზზე გამოვიდა ჯორჯ ბალანჩინი. მალე ჯორჯ ბალანჩინი დიაგილევის დასის მთავარი ბალეტმაისტერი გახდა. მალე ტრავმაც მიიღო, აქტიურად აღარ ცეკვავდა და მთლიანად ბალეტმაისტერის ამპლუაში გადავიდა. დიაგილევის დასში მოღვაწეობისას ცხრაზე მეტი ბალეტი დადგა. დიაგილევის სიკვდილის შემდეგ ცეკვებს დგამდა ბრიტანელების პოპულარული რევიუსთვის, როგორც ბალეტმაისტერი, მიწვეული იყო დანიის სამეფო ბალეტში, კოპენჰაგენში. იყო მონტე-კარლოს რუსული საბალეტო დასის ბალეტმაისტერი…
ევროპაში გადახვეწილი ჯორჯ ბალანჩინისთვის თვითდამკვიდრება იოლი არ აღმოჩნდა. პარიზსა და მონტე-კარლოში მას „ხელმოცარულ არტისტს“ უწოდებდნენ, ამას დაემატა დაზიანებული ზურგი, ისიც რომ სრულიად ახალგაზრდა ტუბერკულოზით დაავადდა… „შარვალი გავყიდე და საჭმელი ვიყიდე“, – გაიხსენებს მოგვიანებით. მიუხედავად ამისა, ის არ გატეხილა. ბრიტანელი საზოგადო მოღვაწის, ედვარდ ჯეიმსის დახმარებით, დააარსა საკუთარი საბალეტო დასი „ბალე 1933“. ამ კომპანიას სულ ერთი სეზონი ჰქონდა, ამ ერთი სეზონის განმავლობაში ბალანჩინმა 6 ბალეტი დადგა, ერთ-ერთი ბალეტის დადგმისას ბერტოლდ ბრეჰტთან და კურტ ვეილთან თანამშრომლობდა. შემდეგ, ლონდონში გასტროლების დროს, დასი დაიშალა. მიზეზი? ბალანჩინის სპექტაკლს დაესწრო ლინკონ ქირსტეინი, რომელსაც ამერიკაში საბალეტო დასის შექმნა სურდა და ბალანჩინი ამერიკაში მიიწვია. ბალანჩინი წავიდა ამერიკაში და დააარსა „ამერიკული საბალეტო სკოლა“. შემდეგ კი მის საფუძველზეც შეიქმნა დასი, რომელსაც მოგვიანებით „ნიუ-იორკ სიტი ბალე” ეწოდა: ბალანჩინმა დადგა „სერენადა“ და სახელი გაითქვა მთელ მსოფლიოში. „სერენადას“ გლიუკის „ორფეოსი და ევრიდიკე“ მოჰყვა, შემდეგ – ხანგრძლივი თანამშრომლობა სტრავინსკისთან. დაიწყო ამერიკული ბალეტის დიდების ხანა და ბალანჩინის მსოფლიო აღიარება. ჯორჯ ბალანჩინი „ნიუ-იორკ სითი ბალესთან” ერთად საბჭოთა კავშირს პირველად 1962 წელს ეწვია. 44 წლის უნახავ ძმასთან შესახვედრად ანდრია ბალანჩივაძე ლენინგრადში ჩავიდა. „ამერიკული თვითმფრინავიდან გიორგი, კაპიტანივით, სულ ბოლოს გამოვიდა და, წარმოიდგინეთ, პირდაპირ ჩემკენ გამოემართა. დამხვედრიც და ჩამოსულიც, ყველა, ტიროდა. საქართველოშიც ჩამოვიდა, თბილისმა იგი აღაფრთოვანა. აღფრთოვანებულები იყვნენ თბილისელებიც ბალანჩინითა და მისი საბალეტო დასით. შემდეგ ჩვენ ქუთაისსაც ვეწვიეთ, მოვინახულეთ მამაჩვენის საფლავი „მწვანე ყვავილაში“. ჩვენ ერთად მოვიარეთ დასავლეთ საქართველოს რაიონები. ჩვენი ცეკვებიც ნახა, მოისმინა პოლიფონიური სიმღერებიც. ბალანჩინი გაოგნებული დარჩა. მეორე ჩამოსვლისას ბალანჩინი უკვე ქართველობდა“, – იხსენებდა ანდრია ბალანჩივაძე. დოკუმენტალისტ ზურაბ ინაშვილის ფილმში, „ჯორჯ ბალანჩინი და ანდრია ბალანჩივაძე“, ქორეოგრაფი ნიკიტა დოლგუშინი იხსენებს, რომ ერთხელ, რეპეტიციისას, ბალანჩინი ამერიკელ ბალერინას მიუახლოვდა და ქართულად უთხრა: „შენი ჭირიმე!”. დოლგუშინი დასძენდა:
„მე მეუღლე ქართველი მყავს და ყველაფერს მივხვდი. ამერიკელმა მოცეკვავემ, შესაძლოა, ვერ გაიგო ამ სიტყვების მნიშვნელობა, მაგრამ, თუ მსახიობების რეაქციას გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ მასზე ყველა შეყვარებული იყო“. ჯორჯ ბალანჩინმა ქართული არ იცოდა, მაგრამ ყოველთვის ხაზს უსვამდა თავის ქართველობას. ჰყვარებია ქართული სამზარეულო, განსაკუთრებით მჭადი და ხაჭაპური. ბალანჩივაძეების ოჯახში ის წერილებიც აქვთ შემონახული, სადაც ბალანჩინი დედას საცივის რეცეპტის გაგზავნას სთხოვს.
საბჭოთა თბილისში ბალანჩინის საბალეტო დასის გამოჩენა ერთდროულად იყო მეხის გავარდნაც და ცისარტყელას აელვარებაც. ნოდარ გურაბანიძე წლების შემდეგ წერს: „ავად თუ კარგად სახსენებელი „ოტტეპლის“ შემდეგ, თბილისში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ხოლმე საბალეტო ხელოვნების ცნობილი უცხოელი სოლისტები. მაგრამ მათ ჩვენს „ჩაკეტილ სივრცეში“ იმიტომ უშვებდნენ, რომ უპირატესად კლასიკურ რეპერტუარს ასრულებდნენ. თბილისში და მოსკოვში ჯორჯ ბალანჩინის ბალეტს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ამერიკაში კი, როგორც თავად დავრწმუნდი, მას პირდაპირ ეთაყვანებოდნენ. 1968 წელს „ლინკოლნ ცენტრში“, სადაც ერთ გრანდიოზულ კომპლექსშია გაერთიანებული „,მეტროპოლიტენ ოპერა”, „ნიუ-იორკ სიტი ბალე“ და ჯულიარდის სასწავლებელი, რობერტ სტურუა და მე დავესწარით ბალანჩინის ბალეტს „აგონს“, სეზონის პრემიერას (სადაც ბრწყინავდა მიტჩელი – შესანიშნავი ზანგი მოცეკვავე, რომელმაც შემდგომ ჰარლემის ზანგთა დიდად პოლულარული საბალეტო დასი ჩამოაყალიბა და რომელიც ბალანჩინის ქორეოგრაფიულ იდეებს ნერგავდა). მაშინ, ორივენი პირველად მოვხვდით ამერიკელ მაყურებელთა შორის და, სიმართლე გითხრათ, გავოგნდით: ეს ბრწყინვალე, რესპექტაბელური პუბლიკა სპექტაკლის დასასრულს შლეგივით იქცეოდა – ყვიროდა, უსტვენდა, ფეხებს აბრახუნებდა, ტიროდა. ეს იყო ექსტაზი“.
ჯორჯ ბალანჩინი საქართველოში მეორედ ათი წლის შემდეგ ჩამოვიდა.1983 წელს კი გარდაიცვალა. ალცჰაიმერის დაავადებამ იმსხვერპლა. ანდერძის თანახმად, მთელი მისი ქონება მის ბალერინებს შორის გადანაწილდა. შვილი არ დარჩენია. ჰყავდა ბევრი ცოლი, ქორწინდებოდა ბალერინებზე, ამბობდნენ; რომ შვილის ყოლის წინააღმდეგი თავად იყო (ნ. გურაბანიძე). ბოლოს ერთ-ერთმა მაინც დაითანხმა, მაგრამ ფეხმძიმობისას პოლიომიელიტით დაავადდა და სამუდამოდ დაინვალიდდა. მას შემდეგ ბალანჩინს ოფიციალურად აღარ უქორწინია. ბალანჩინს გადაწყვეტილი ჰქონია ძმის ბალეტის „მთების გულის“ დადგმა, ძმისთვის მეოთხე საფორტეპიანო კონცერტის პარტიტურაც გამოურთმევია – სურდა ამ კონცერტზე უსიუჟეტო ბალეტი დაედგა, მაგრამ ეს ჩანაფიქრები არ განხორციელებულა. და კიდევ: საბჭოთა ხელისუფლებამ მას არ მისცა საშუალება, რომ სპექტაკლი თბილისში დაედგა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან