საზოგადოება

როგორ ქმნის ელენე ხუციშვილი ზღაპრულ სამყაროს და ვის ეხმარება მისი ნამუშევრები ტკივილის დაამებაში

№33

ავტორი: ქეთი მოდებაძე 17:58 25.09

ელენე ხუციშვილი
დაკოპირებულია

ელენე ხუციშვილის ზღაპრული სამყარო ჯადოსნურ განწყობაზე დაგაყენებთ და სიკეთისა და სიყვარულის რწმენას გაგიცოცხლებთ. მისი ნახატები ბევრმა შეიყვარა, რადგან მათში საკუთარ ოცნებებსა და ფანტაზიებს ხედავენ.

ელენე ხუციშვილი: ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. დასაწყისში იმას, რასაც მე ვაკეთებდი, ხატვა არ ერქვა, უფრო ვჩხაპნიდი კედლებზე, შპალერზე და საერთოდ, ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდებოდა, თუმცა, სკოლის პერიოდში გავაცნობიერე, რომ ეს პროცესი ძალიან მომწონდა. იმ დროიდან მოყოლებული მუდმივად ვხატავდი – სკოლაში გაკვეთილების, უნივერსიტეტში კი ლექციების მოსმენის პარალელურად (იცინის).

იქიდან გამომდინარე, რომ დედას ჰქონდა ხატვის ნიჭი, გასაკვირი არ იყო, რომ ეს უნარი მეც გამოვავლინე და ბავშვობიდან მოყოლებული, მაქებდნენ ხოლმე, ძალიან ლამაზად ხატავო.

მესამე კლასში მყავდა ერთადერთი ნამდვილი ხატვის მასწავლებელი, რომელმაც მხოლოდ რამდენიმე გაკვეთილი ჩაგვიტარა და მას შემდეგ პროფესიონალ მხატვართან სწავლის მხრივ შეხება არ მქონია. მახსოვს, იმ მასწავლებელმა ჩემი შესრულებული ნახატის ნახვის შემდეგ მითხრა, მამაშენს უთხარი, აუცილებლად ჩაგაბარებინოს სამხატვროზეო. ეს გასაკვირი იყო, რადგან იმ პერიოდში ამ პროფესიაზე ჩაბარება, მით უმეტეს, რომ მე სოფელში გავიზარდე, წარმოუდგენელი იყო. ირგვლივ მხატვარი არავინ მყავდა, ვინც ამას მირჩევდა. დედაც არ არის პროფესიით მხატვარი, უბრალოდ, ნიჭი ჰქონდა და არც ის გაჰყოლია მხატვრობას.

მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, ოთხი დედ-მამიშვილიდან – უფროსი. ჩემს ოჯახში განათლება ყოველთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ სწავლას უფრო ვაქცევდით ყურადღებას და მშობლებიც ამის გამო უფრო გვაქებდნენ და გვახალისებდნენ. ხატვისთვის შექებას არ იშურებდნენ, მაგრამ როგორც ასეთი, წახალისება, რომ ეს საქმე პროფესიად ამერჩია, არ მახსოვს.

– პროფესია როგორ აირჩიეთ?

– მაშინ ჩემთვის საერთოდ არ იყო პრიორიტეტული მხატვრობა. იმ პერიოდში არავის ვიცნობდი, ვინც ამ პროფესიით ცხოვრობდა და უფრო სხვა მიმართულებებზე ვფიქრობდი. საბოლოოდ, ფსიქოლოგია ავირჩიე. იმ პერიოდში არც ვხატავდი. დიდი ხანი არ მქონდა შეხება საღებავებთან და მხოლოდ ბავშვობისდროინდელი ჩანახატების გამო არ მიფიქრია, პროფესიად ეს საქმე ამერჩია. მრავალმხრივი ინტერესები მქონდა, მაგრამ ფსიქოლოგია არის ის სფერო, რომელიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, ემოციებსა და საერთოდ, ყველაფერს მოიცავს. ასევე, იმ პერიოდში ძალიან მაინტერესებდა არაცნობიერი, ჰიპნოზი და მსგავსი თემები. გარდა ამისა, ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ კომუნიკაციის ძალიან კარგი უნარები მქონდა.

– მხატვრობას როდის დაუკავშირდით უფრო სერიოზულად?

– სწავლის შემდეგ ძალიან ბევრ სფეროში ვიყავი. როცა პირველი შვილი შემეძინა, გავჩერდი და ძირითად დროს სახლში, პატარაზე ზრუნვაში ვატარებდი. ეს პანდემიის პერიოდს დაემთხვა. იმ პერიოდში გამოვნახე დროც და გამიჩნდა ინტერესიც, რომ მხატვრობას დავბრუნებოდი. წლების შემდეგ, თავიდან დავიწყე ხატვა. ეს პროცესი ძალიან მომეწონა, დიდი ნოსტალგია ვიგრძენი და 2020 წლიდან მოყოლებული, ფაქტობრივად, სულ ვხატავ.

– იქნებ, გაიხსენოთ, მომენტი, როცა თქვენი ნახატები პირველად გაასაჯაროვეთ.

– პირველი ნახატი, რომლიც სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე, იყო ღამის პეიზაჟი: პატარა ქოხი, უზარმაზარი მთვარე, განათებული მინდორი და პატარა სახლუკა. მეგობარმა მირჩია, ხელოვნების მოყვარულთა ჯგუფებში გავწევრიანებულიყავი და ჩემი ნამუშევარიც იქ განმეთავსებინა. ასეც მოვიქეცი და სრულიად უცნობმა ადამიანმა მომწერა, ეს ნახატი ჩემთვის ძალიან ემოციურია და გთხოვ, მომყიდეო. მანამდე ნახატების გაყიდვაზე არ მიფიქრია. შემდეგ კიდევ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა მისი შეძენის სურვილი. ეს ჩემთვის სტიმული აღმოჩნდა. პირველივე ნახატის გაყიდვამ მომცა მოტივაცია, რომ მხატვრობა არ აღმექვა მხოლოდ გასართობ ან განტვირთვის საშუალებად. მივხვდი, რომ შეიძლებოდა, ეს მცირე შემოსავლის წყარო ყოფილიყო. მაშინ დიდ მასშტაბებზე ვერ ვფიქრებდი, მაგრამ შემეძლო უკეთესი საღებავები შემეძინა და განვვითარებულიყავი ამ მიმართულებით.

– თქვენი ნახატებიდან, ძირითადად, განსაკუთრებული სითბო, სიკეთე მოდის და ასევე, ზღაპრული გარემო. თქვენთვის რა არის მთავარი სათქმელი, რომელსაც ნამუშევრებით გადმოსცემთ.

– სწორად აღიქვით, მინდა, მხოლოდ და მხოლოდ დადებით ემოციებზე ვხატო. ესაა, რაც სიამოვნებას მანიჭებს. უარყოფითი ისედაც ძალიან ბევრია ჩვენ გარშემო, თქვენთვისაც, ჩემთვისაც. უამრავი ცუდი გვესმის, მაგრამ არ მინდა, ჩემს შემოქმედებაში ასეთ ემოციებზე გავაკეთო აქცენტი. მხოლოდ დადებითზე ვფოკუსირდები, თუნდაც ადამიანების რწმენაზე, შეიძლება, რაღაცას ამ ეტაპისთვის ვერ მიაღწიეს, მაგრამ მომავლის იმედი აქვთ, ფიქრობენ, რომ შეძლებენ იმას, რაც დღეს დაუჯერებელი ჩანს. ეს შეიძლება, ზღაპრების სფეროა, მაგრამ წარმოსახვა ეხმარება ადამიანს, რომ მომავალში მართლა შეძლებს მიზნის მიღწევას. ამიტომაც ვკონცენტრირდები დადებითზე, ეს მეც მსიამოვნებს და ვფიქრობ, სხვებსაც იმედს უღვივებს.

მიკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი ტრაგედიები აქვთ გადატანილი. ეს შეიძლება, იყოს ახლობელი ადამიანების გარდაცვალება, განსაკუთრებით შვილების. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე თემაა, მაგრამ ამ ადამიანებმა რატომღაც, რაღაც შვებისმაგვარი იპოვეს იმ თემებში, რომელსაც მე ვხატავ. უნდოდათ, მომავალ სიცოცხლეში საყვარელი ადამიანები ამ ზღაპრებში წარმოედგინათ. თურმე, შეიძლება, ადამიანისთვის ხელოვნება ძალიან მნიშვნელოვანი და ახლობელი გახდეს.

– ამის გააზრება, თქვენთვის, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

– ამას დიდი პასუხისმგებლობა მოაქვს. ამიტომ კონკრეტული მითითებებით ვერ ვხატავ. რაც მაქვს დახატული, შეიძლება, მასში აღმოაჩინოს საკუთარი ემოცია.

– ძირითადად, რა თემებს ირჩევთ?

– თემებს გამიზნულად არ ვარჩევ. ჩემი ნახატების ძირითადი თემა სიყვარულია, შეიძლება, იყოს პეიზაჟი, ზღაპრული ილუსტრაციები, ყვავილები, ანგელოზები, ყველაფერი, რაც ამ გრძნობასთან ასოცირდება. სიამოვნებით ვხატავ ბავშვობის ნოსტალგიურ და ტკბილ მოგონებებზე. ხატვის პროცესი უდიდესი სიამოვნებაა, მაგრამ ამასთანავე, საკმაოდ რთული პროცესი. ხშირად მაქვს ჭიდაობის მომენტები საკუთარ თავთან, რაღაც არ მომწონებია, მთლიანი ტილო გადამიშლია და თავიდან დამიწყია. ასეთი შრომის შედეგად იმდენად გამორჩეული ნახატი შემიქმნია, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. ეს დიდი გონებრივი და ფიზიკური შრომაა. შეიძლება, იმდენ ხანს ვხატო, რომ ჭამაც აღარ გამახსენდეს. ახლა, მით უმეტეს, უკვე ორი შვილი მყავს. მეორე ახლახან შემეძინა და კიდევ უფრო რთულია – ჯერ ახალ რეჟიმს ვეგუებით (იცინის).

ყველა ნახატი პოულობს მონათესავე სულს. შესაძლოა, ჩემზე მეტად სხვას შეუყვარდეს, სხვამ უფრო მეტი იპოვოს მასში. რა თქმა უნდა, ყველას არ შეუძლია, დახატოს, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს ფანტაზია და წარმოსახვის უნარი და როცა საკუთარ ოცნებებს ჩემს დახატულ ტილოებში პოულობენ, ეს მათში ძალიან დიდ სიხარულს იწვევს. ხშირად უთქვამთ კონკრეტულ ნახატზე, თითქოს, ჩემს გულსა და გონებაში იჯექი, ასე ზუსტად როგორ გადმოეცი ჩემი ოცნებებიო. აქედან გამომდინარე, ვხვდები, რომ ადამიანები ვგავართ ერთმანეთს, ბევრს გვაქვს ერთნაირი ოცნებები და ვფიქრობ, ამიტომაცაა, რომ ჩემი ნახატები ასე შეუყვარდებათ ხოლმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა