საზოგადოება

როგორ ყიდდა თბილისის ბაღებში წიგნებს იეთიმ გურჯი და როგორ დაჰყავდათ სიმღერისთვის ის ქორწილებში

№48

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 06.12, 2022 წელი

იეთიმ გურჯი
დაკოპირებულია

ის იყო ძველი თბილისელი აშუღი, მაშინდელი თბილისური ბოჰემის განსაკუთრებული წარმომადგენელი. წერდა ლექსებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე, შემდეგ ამ ლექსებზე სიმღერებს თხზავდა და თავადვე ასრულებდა. მის ლექსებზე შექმნილ ამ სიმღერებს დღემდე ასრულებენ თბილისში და დღემდე იციან ზეპირად უფროსი თაობის ადამიანებმა. რა არის მის ლექსებში ისეთი განსაკუთრებული? სწორედ ის, რომ ლექსად არის ასახული ძველი ქალაქის მუშების, ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და გლეხობის ცხოვრება და ამ ლექსებს მუსიკაც შესაფერისი აქვს – სუფთა ქალაქურ-სუფრული, მედუდუკეთა სტილის. თბილისი დღესაც წარმოუდგენელია საიათნოვასა და იეთიმ გურჯის გარეშე. მათი სახელები უკვდავია. დღეს იეთიმ გურჯზე მოგიყვებით, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ახალგაზრდობაში ბაქოს ნავთობ სარეწეებში (კომპანიაში) მუშაობდა, თავისი ხელით ქმნიდა ქართულ ხალხურ საკრავებს, ხატავდა, აწყობდა სამკაულებს, ამ ყველაფრის პარალელურად, ნელ-ნელა წერდა თავის სახელს საქართველოს ისტორიაში.

ძველი თბილისელი აშუღი, სახალხო მელექსე და მომღერალი იეთიმ-გურჯი (იეთიმ დაბღიშვილი) დაიბადა 1875 წელს თბილისში, ღარიბი ხელოსნის – მეტყევის ოჯახში. იეთიმის წინაპრები ქართველები ყოფილან, რომლებიც თურქეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილან და მაჰმადიანური სარწმუნოება მიუღიათ. გვარი გურჯი (ქართველი) მაშინ შეურქმევიათ. იეთიმის მამა, იბრაჰიმი, თბილისში დასახლებულა და ცოლად შეურთავს მუხთელი სომხის ქალი სარა გრიგორის ასული. სიმამრს იბრაჰიმი სომხურად მოუნათლავს და თავისივე სახელი გრიგორი უწოდებია, გვარად კი აღაჯანა გამხდარა. როცა იბრაჰიმს, ანუ გრიგორს, ვაჟი შეეძინა, სახელად იეთიმი დაარქვა, რაც თურქულად ობოლს ნიშნავს. იეთიმ გურჯი 15 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა და დედა და პატარა და მისი ხელის შემყურე დარჩა. ამ დროს იეთიმი შეგირდად დაუდგა მუსიკალური საკრავების ოსტატს და მალე ჩინებულად შეისწავლა ჩონგურის, დაირის, ჭიანურისა და სხვათა კეთება. მერე სახლშიც დაიწყო საკრავების გაკეთება. ამასთან ერთად ახალგაზრდა იეთიმ გურჯი თბილისის ბაღებში ყიდდა წიგნის მაღაზიებიდან გამოტანილ წიგნებს. ამგვარი შრომისგან აღებული ფულით ის ოჯახსაც არჩენდა და თავის თავსაც. მამის გარდაცვალების სამი წლის შემდეგ მოულოდნელი და უბედური შემთხვევის გამო დედაც დაეღუპა. დედის სიკვდილის შემდეგ იეთიმ გურჯი თავის დასთან ერთად ხარფუხიდან მეტეხის ხიდის მახლობლად, მტკვრის ნაპირზე, ერთ პატარა მიწურ ოთახში გადავიდა საცხოვრებლად. მათთან თავს იყრიდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც იეთიმი სიმღერებს ასწავლიდა.

იეთიმ გურჯმა ლექსების წერა, ან უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ლექსების გამოთქმა 1895 წლიდან დაიწყო. მისი ლექსები, უმთავრესად, სიმღერების სახით ვრცელდებოდა. ის თავად ჰქმნიდა თავისივე ლექსებზე სიმღერათა მოტივებს. ჰყავდა საკუთარი დასტა (მეზურნეთა ანსამბლი) და თავის ლექსებსა და სიმღერებს თვითონვე ასწავლიდა და მათთან ერთად ასრულებდა კიდეც. იეთიმ გურჯი ლექსებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც წერდა. სკოლა თვალით არ უნახავს. წერა-კითხვა ქაღალდის პარკებზე შეისწავლა. მას კარგი ხმა ჰქონდა, დაჰყავდათ ქორწილებში და მაშინდელი პოეტების ლექსებს ამღერებდნენ.

იეთიმ გურჯს შემდეგ ბინა ავლაბარში ჰქონდა, სადაც მთელი თვეობით არ დაიარებოდა. მისი ოთახის ფანჯარაზე, რომელიც ქვაფენილს ამოჰყურებდა, გამოკრული იყო წარწერა ოთხ ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად და სომხურად: იეთიმ გურჯი.

1905 წლის რევოლუციის პერიოდში იეთიმ გურჯი ბაქოში ნავთის სარეწაოებზე მუშაობდა. ის იქ გამოდიოდა მუშათა კრებებზე და მოწოდების ლექსებს კითხულობდა. რევოლუციურ მუშათა ერთ-ერთ კრებაზე მან გამოიტანა საკუთარი დროშა, რომელზედაც ეწერა: „მიხარიან, არ კი მჯერა!“ 1905-1907 წლების რევოლუციური გამოსვლების შემდეგ მეფის ჟანდარმერიამ იეთიმ გურჯი, სხვა რევოლუციონერ მუშებთან ერთად, გადაასახლა. ციხეში და გადასახლებაში ყოფნის დროს მან შეისწავლა მძივების კეთება, ხატვა, მზარეულობა და სხვა ხელობანი. გადასახლებაში იეთიმ გურჯმა ხუთი წელი დაჰყო და სამშობლოში დაბრუნდა. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი შესანიშნავი ლექსი: „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“.

იეთიმ გურჯის ლექსები პატარა კრებულებად გამოდიოდა. მან პირველად 1909 წელს გამოაქვეყნა საკმაოდ მოზრდილი პოემა – „გმირი ანაბაჯის ლექსი“, რომელშიც გადმოცემულია ერთი თბილისელი ლეგენდარული, მკლავის ღონით განთქმული ქალის, ანას გმირობა და თავგადასავალი.

„გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“

იეთიმს მეფის ჯარში გაწვევის დროს სამსახურზე უარი უთქვამს, გაპარულა და თავი ხაბაზებისთვის შეუფარებია, მაგრამ მალე შეუპყრიათ და სამხედრო ბეგარის მოსახდელად, იძულებით, ჟიტომირში გაუგზავნიათ. აქიდანაც გამოპარულა და მალულად ჯერ ოდესაში, შემდეგ ბათუმში და ბოლოს ბაქოში ცხოვრობდა. 1913 წელს იეთიმი კიდევ ერთხელ დაიჭირეს და ამჯერად პოლონეთში, ვოლინის გუბერნიის დუბნოს ციხეში გააგზავნეს. სასჯელმოხდილ იეთიმს თბილისში ცხოვრების უფლება მხოლოდ 1916 წელს მისცეს და უკან მობრუნებული აშუღი ასე მიესალმა საყვარელ ქალაქს:

„გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი,

საქართველოს მიწა-წყალო, ალაგო, თორმეტი წლის გატანჯული მოვედი“.

ტიციან ტაბიძე იეთიმ-გურჯზე წერდა: „ჩვენს დღეებში, სხვებთან ერთად, უფრო წარჩინებულად და უშუალოდ განაგრძობს საიათნოვას აშუღური პოეზიის ხაზს იეთიმ გურჯი, რომელსაც პოეტის სახელს ვერავინ წაართმევს, ისე, როგორც თარს და ჭიანურს არ წაერთმევა სიმღერის ძალა”. ნაბადწამოხურულ იეთიმ-გურჯის ყოველ გამოჩენაზე და ხმის გაგონებაზე ხალხი აღტაცებას ვერ ფარავდა: „იეთიმ გურჯი მოდის! იეთიმ გურჯი მღერის: „კარგი იყო არ გამეცან თავიდან, შუა ზღვაში გადამაგდე ნავიდან”...

ალექსი ბარნოვი იგონებს: „იეთიმ გურჯს განურჩევლად უყვარდა ყველა ერის ხალხი, მაგრამ არ ესიამოვნებოდა, თუ მას ვინმე სხვა ერის კაცად „მონათლავდა“. ამ ამბავში მე ერთმა ფაქტმა დამარწმუნა. ეს იყო ვერის პარკში 1928 წელს. მუსიკოსი მომღერალი ხაჩიკა ტალგაუკოვი (შემდეგ მედუდუკეთა ანსამბლის ხელმძღვანელი) და დათა ზუბიაშვილის შვილები ერთმანეთს ენაძლავებოდნენ: უკანასკნელნი ამბობდნენ, იეთიმი ქართველიაო, ხაჩიკა კი არ ეთანხმებოდა და ამბობდა, სომეხიაო. ამ დროს ბაღში მეც მივედი. როცა მონაძლევეებმა დამინახეს, ჩემკენ გამოეშურნენ და, როგორც იეთიმის ახლო მეგობარს მკითხეს, მისი ეროვნება. მე პასუხი ვერ გავეცი, ვინაიდან ამ საკითხზე იეთიმთან არასოდეს მილაპარაკნია. იეთიმ გურჯი ამ დროს სადღაც იყო წასული და როცა მოვიდა, შევეკითხე, რა ეროვნებისა ხარ-მეთქი. იეთიმს ძალიან ეწყინა ჩემი ასეთი მოულოდნელი შეკითხვა და მითხრა, ამას შენ არ მეკითხებიო! მიხვდა და მეც ვუთხარი, როგორც იყო საქმე. შევატყვე, არ ესიამოვნა, დაუძახა ხაჩიკას და, მიუხედავად იმისა, რომ მას პატივს სცემდა, მკაცრად უსაყვედურა: მე რომ ქართველი ვარ და იეთიმ-გურჯი ვარ, ეს ჩემს სიმღერებში ნათლად არის გამოხატულიო.“

იეთიმი 1940 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხალხმა მისი ნეშტი ავლაბრიდან ვაკის სასაფლაომდე ხელით მიასვენა და, როგორც თავად ითხოვდა, მის სასახლეს მიწის მიყრამდე ზევიდან შავი ნაბადი გაადაფარეს: „იეთიმ-გურჯსა ამა სოფლად არაფერი აბადია, ერთმანეთსა არ ვშორდებით მე და ჩემი ნაბადია... ზედ კუბოზე დამაფარეთ ისევ ჩემი ნაბადია“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა