საზოგადოება

როგორ იცავდა ალექსანდრე ცომაია ქართველ სამხედრო ტყვეთა სიცოცხლეს და რატომ გაიქცა ის სამშობლოდან 17 წლის ასაკში

№5

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:00 08.02, 2021 წელი

ქართველები უცხოეთში
დაკოპირებულია

  ალექსანდრე, იგივე საშა ცომაიას მამა – ბასილ ცომაია პროფესიით რკინიგზის ინჟინერი იყო და სადგურის უფროსად მუშაობდა. ის ქართულ პრესაში „საჩინოს“ ფსევდონიმით აქვეყნებდა ლექსებს. 
  ცომაიები წარმოშობით აზნაურები იყვნენ სოფელ კაპანიდან. დედა – პაულია ფაღავა თავად გრიგოლ ფაღავას ასული იყო. აღსანიშნავია, რომ ზუსტად ფაღავების საგვარეულო სახლში, ბანძაში, წარმოთქვა 1880-იან წლებში იქ სტუმრად მყოფმა ილია ჭავჭავაძემ საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული სიტყვები: სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახეო.

ვასილ ცომაია ბორჯომის რკინიგზის სადგურის უფროსად მუშაობდა და იქვე გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი ოჯახი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი მეუღლე ოცდაათი წლის იყო, როდესაც დაქვრივდა. პაულია იძულებული გახდა, სამ შვილთან ერთად მამისეულ სახლში დაბრუნებულიყო, სადაც ობლებს სათანადოდ აღზრდისათვის საჭირო პირობები შეუქმნა. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მის ოჯახს მთელი ქონება ჩამოართვეს და დაპატიმრების საფრთხეც შეექმნათ. პატიმრობის თავიდან ასაცილებლად პაულიამ შვილებთან ერთად თბილისს შეაფარა თავი.
პირველ ეტაპზე ის შვილებთან ერთად ქმრის ბიძაშვილმა, საქართველოში ნევროლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, აკადემიკოსმა პეტრე ქავთარაძემ შეიფარა. პაულიას კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა და შესაბამისად, შვილების განათლებაზე ზრუნვა აქაც არ შეუწყვეტია. ალექსანდრეს მომდევნო ძმა – ილია ცომაია ცნობილი ვეტერინარი და ზოოვეტერინარული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე და პროფესორი გახდა, უმცროსმა დამ – ნინომ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გახლდათ. მისი შვილები არიან ისტორიკოსები – გიორგი და ვაჟა ლორთქიფანიძეები.
რაც შეეხება ალექსანდრე ცომაიას, მან ხაშურის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის უნივერსიტეტში განაგრძო. ჯერ კიდევ იქ სწავლის დროს ჩაება კომუნისტური რეჟიმის საწინააღმდეგო ფარულ მოძრაობაში. მონაწილეობდა საქართველოს გასაბჭოების წლისთავთან დაკავშირებულ საპროტესტო გამოსვლებში და სტუდენტობის პერიოდში ორჯერ დააპატიმრეს კიდეც.

ალექსანდრე იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ნაწილის წევრი და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 1924 წლის საერთო სახალხო ამბოხებაში. ამიტომ, აჯანყების დამარცხების შემდეგ ის იძულებული გახდა, უცხოეთში გახიზნულიყო. მაშინ ჯერ კიდევ 17 წლის იყო, თუმცა შეძლო თავის დაღწევა და თავი საზღვარგარეთ შეაფარა. სამშობლოდან გადახვეწის შემდეგ, ჯერ სტამბოლში ცხოვრობდა, შემდეგ საფრანგეთსა და გერმანიაში. გერმანიაში ის თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან. მისი ნაწერები გამოჩნდა პარიზში დაფუძნებულ საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდების საზღვარგარეთულ პერიოდულ გამოცემაში „ახალი ივერია“. ყოველ ნომერში იბეჭდებოდა ალექსანდრე ცომაიას მეცნიერული და პოლიტიკური, პუბლიცისტური და პოლემიკური ხასიათის წერილები, საქართველოსა და ქართველი მოღვაწეების შესახებ.


მეორე მსოფლიო ომის დაწყება ქართული ემიგრაციისათვის განსაკუთრებულ მოვლენად იქცა. „ჩვენი მტრის მტერი ჩვენი მეგობარია“, – ეს ფრაზა ხშირად ისმოდა ემიგრანტთა შორის. ალექსანდრე ცომაიამ მაშინვე ჯარისკაცის ფორმა ჩაიცვა და ვერმახტის ქართული ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა. ბრძოლის მსვლელობის დროს კავკასიონამდეც მისულა, მაგრამ კავკასიის ოპერაციის ჩაშლის შემდეგ გერმანიაში დაბრუნებულა.
ალექსანდრე აქტიურად იცავდა ქართველ სამხედრო ტყვეთა სიცოცხლესა და ღირსებას. მან ფაშისტური სისასტიკისაგან მრავალი ქართველი ებრაელი იხსნა.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ცომაიამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაეშურა. უკვე ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, მიზნად დაისახა პუბლიცისტური მოღვაწეობით ამერიკის საზოგადოებისთვის საქართველოს საკითხი გაეცნო.
ამ მიზნის განსახორციელებლად 1953 წლის იანვრში, ნიუ–იორკში მისი რედაქტორობით გამოვიდა ინგლისურენოვანი ჟურნალი The Voice of Free Georgia – „თავისუფალი საქართველოს ხმა“. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში შედიოდნენ ლეო დუმბაძე, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი სინჯიკაშვილი, გივი ზალდასტანიშვილი და სხვა ემიგრანტები.
ეს ჟურნალი ამერიკელებს აცნობდა საქართველოს წარსულსა და აწმყოს. წერდნენ იმის შესახებ, რაზეც ოცნებობდნენ ქართველი მამულიშვილები. აქვეყნებდნენ როგორც პოლიტიკურ, ისე მეცნიერული და პუბლიცისტური ხასიათის წერილებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალექსანდრე ცომაიას სტატიები რუსულ–ქართულ ურთიერთობებსა და საბჭოთა რეჟიმის მიერ საქართველოში განხორცილებულ რეპრესიების შესახებ: „ქართული საქმე“, „ომი თუ მშვიდობა“, „დავით – მეფე საქართველოსი“ და სხვა.
ალექსანდრე ცომაია განსაკუთრებით ცდილობდა ამერიკაში მცხოვრები ქართველებისთვის მშობლიერ ენაზე გამოეცა გაზეთი. ამ ოცნების განხორციელება მან 1955 წელს შეძლო. მან გივი ზალდასტანიშვილის მხარდაჭერითა და სხვა ქართველების მონაწილებით ნიუ-იორკში დააარსა ყოველთვიური გაზეთი „ქართული აზრი“. თუმცა, სამწუხაროდ, მისი ამ გაზეთთან თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდა და სულ ოთხი წერილით შემოიფარგლა. ერთ-ერთში იგი წერდა:

„ჩვენი ბრძოლა ეროვნული ხასიათისაა, ესე იგი, ჩვენ ვიბრძვით არა მარტო პოლიტიკური ცვლილებებისათვის, არამედ ეროვნული სუვერენობისათვის. ამიტომ მოსკოვში როგორი ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, ვიდრე რუსი ჩვენს სამშობლოს არ დატოვებს, ეს ბრძოლა გაგრძელდება“.


ალექსანდრე ცომაია 49 წლის ასაკში გარდაიცვალა და ნიუ-იორკში დაკრძალეს. მისი მეუღლე იყო ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის, სვიმონ მდივანის ასული ელისაბედი. მათ ერთადერთი ვაჟი შეეძინათ, რომელსაც პაპის პატივსაცემად სვიმონი დაარქვეს.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი