საზოგადოება

როგორ ითამაშა წამყვანი როლი ევგენი გეგეჭკორმა კავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რატომ მიიღო მან აღიარება საფრანგეთისგან

№30

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 02.08, 2022 წელი

ევგენი გეგეჭკორი
დაკოპირებულია

ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი დაიბადა 1881 წელს მარტვილში. ის მამით წარჩინებული აზნაურის, დედით კი თავადის ასულის შვილი გახლდათ. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. მან ნიჭიერებით, მჭევრმეტყველებითა და სიდინჯით სტუდენტობის პერიოდშივე მიიქცია უნივერსიტეტისა და მოსკოვის ინტელექტუალური საზოგადოების ყურადღება. დიპლომის მიღების შემდეგ ევგენი გეგეჭკორი საქართველოში დაბრუნდა და სენაკის მაზრაში ვექილად დაიწყო მუშაობა. მალე ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატის სახელი დაიმკვიდრა.

რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მომხდარი განხეთქილების დროს, ევგენი გეგეჭკორმა მენშევიკების მხარე დაიჭირა. 1907-1912 წლებში ის ქუთაისის გუბერნიიდან მესამე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად აირჩიეს. კარლო ჩხეიძესთან ერთად იგი სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ–ერთი ლიდერი გახდა.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ გაჩნდა ამიერკავკასიის ხალხების გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი. ამ პერიოდში ევგენი გეგეჭკორმა წამყვანი როლი ითამაშა კავკასიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის დროებითი მთავრობის კომისრად. მალე თბილისში გაიწვიეს, სადაც აირჩიეს ამიერკავკასიის მენშევიკ-ესერთა პირველი მოწვევის ჯარისკაცთა საბჭოს თავმჯდომარედ, 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ კი – „ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ“.

ვიქტორ ნოზაძე წერს: „ამიერკავკასიის კომისარიატი, ევგენი გეგეჭკორის თავმჯდომარეობით, როგორც ამიერკავკასიის ადგილობრივი მმართველობა, მოღვაწეობას შეუდგა. შემოღებულ იქნა ერობა ანუ ადგილობრივი, პროვინციული თვითმმართველობა, რომლის გულისათვის ათეულ წელთა მანძილზე ოკეანე მელანი დაიხარჯა; გამოიცა განკარგულება მიწის ჩამორთმევის შესახებ; გაუქმდა ბატონყმობის დროის იურიდიული ნაშთები; მოისპო თავადაზნაურული წოდების უფლება და სხვა“.

1918 წლის 22 იანვარს წარმოიშვა „ამიერკავკასიის სეიმი“, რომელმაც ამიერკავკასიის მთავრობის თავმჯდომარედ კვლავ ევგენი გეგეჭკორი აირჩია. მასვე მიანდეს სამხედრო მინისტრის მოვალეობის შესრულება. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა პირველ მსოფლიო ომში კავკასიის ფრონტიდან გამოქცეული, გაბოლშევიკებული და გალოთებული რუსი ჯარისკაცების უმტკივნეულო ევაკუაცია შიდა რუსეთში. ამასთან ერთად ის თავისი გამჭრიახობით ტაქტიანად აგვარებდა ამიერკავკასიაში შინაური მშვიდობიანობის დამყარებასა და შესაფერისი რეფორმების ცხოვრებაში გატარებას. მჭიდროდ თანამშრომლობდა ანტანტის ბლოკის დიპლომატებთან.

1918 წლის 2 ივნისს გეგეჭკორი დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. სოციალ-დემოკრატებში გეგეჭკორი წარმოადგენდა ცენტრისტულ მიმართულებას და, ამ მხრივ, სხვებზე ახლოს იდგა ნოე ჟორდანიასთან. საქართველოს მთავრობაში ის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები და ავტორიტეტული ფიგურა იყო. ნოე ჟორდანიას ავადმყოფობის დროს ხშირად ასრულებდა მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას.

1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, ევგენი გეგეჭკორმა დაიკავა ჯერ საგარეო საქმეთა, ხოლო შემდეგ, 1921 წელს, შეთავსებით, იუსტიციის მინისტრის პოსტი. გეგეჭკორმა, მთავრობასთან შეთანხმებით, საგარეო დიპლომატიური კორპუსი პარიტეტულად დააკომპლექტა და მასში, გარდა სოციალ-დემოკრატებისა, შეიყვანა სოციალისტ-ფედერალისტები, ეროვნულ დემოკრატები, სოციალისტ-რევოლუციონერები და ანარქისტი ვარლამ ჩერქეზიშვილიც.

ახალი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ამოცანა იყო მოეწესრიგებინა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა გარე სამყაროსთან. მან, პირველ რიგში, დიდი შრომა გასწია ჩვენს მეზობლებთან ყველა სადავო საკითხის მოსაგვარებლად და კავკასიის ერთა შორის მეგობრობის განსამტკიცებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოღვაწეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იყო საქართველოს იურიდიული ცნობა ანტანტის თუ სხვა სახელმწიფოების მიერ. ამ მიზნით, 1918 წლის ბოლოდან მოყოლებული, ევგენი გეგეჭკორი, ჯერ დენიკინთან მოლაპარაკებებს ედგა სათავეში, შემდეგ საბჭოთა რუსეთის საგარეო მინისტრ გიორგი ჩიჩერინთან მიმოწერას. 1920 წლის სექტემბრიდან იგი გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში. იმყოფებოდა იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში. შეხვედრები გამართა ჩამოთვლილ ქვეყანათა უმაღლეს ხელისუფლებთან, გააცნო მათ საქართველოს მაშინდელი მდგომარეობა და ყველასგან მოითხოვა საქართველოს იურიდიული ცნობა.

1921 წლის 27 იანვარს მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არისტიდ ბრიანისგან მოკავშირეთა (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია და იაპონია) უმაღლესი საბჭოს დავალებით მიიღო წერილი-ნოტა, რომლითაც ატყობინებდნენ საქართველოს დე-იურედ ცნობას. „ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღე იყო“, – ამბობდა ევგენი გეგეჭკორი.

1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ევგენი გეგეჭკორმა მენშევიკურ მთავრობასთან ერთად დატოვა საქართველო. დასახლდა პარიზში და განაგრძო ბრძოლა თავისი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

ევგენი გეგეჭკორი გარდაიცვალა 1954 წლის 5 ივნისს პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. დარჩა მეუღლე, ოლღა და ქალიშვილები. ერთადერთი ვაჟი კი 16 წლის ასაკში გარდაეცვალა.

დაკრძალვის დროს ევგენი გეგეჭკორს საქართველოდან ჩატანილი ეროვნული დროშა ჰფარავდა. მისმა შვილიშვილმა რუსუდანმა საფლავში ჩააყოლა ერთი პეშვი სამშობლოს მიწა და თურმე კვნესით მიაყოლა: აჰა, ამისთვის იბრძოდი და წაიღე თანო...

გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე გურამ. ევგენი გეგეჭკორი// უცხოეთის ცის ქვეშ; გეგეჭკორი ევგენი // ქართველები უცხოეთში / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ვიკიპედია; pirvelirespublika.blogspot.com.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი