როგორ იპოვა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა 64 წლის ასაკში დები, რომელთა არსებობის შესახებ არაფერი იცოდა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00

გია მუქერია ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარია, განსაკუთრებული ემოციური ისტორიით, რომელის შესახებაც ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
გია მუქერია: პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ, თუმცა, ხატვა ბავშვობიდან მიყვარდა. ნიკო ნიკოლაძის სახელობის ბავშვთა სამხატვრო სკოლა დავამთავრე და თითქმის, მთელი ცხოვრებაა ვხატავ. გარშემო არავინ ხატავადა, თუმცა, რატომღაც, გამიტაცა ხელოვნებამ. ჩემთვის ვხატავდი და როცა ახლობლებს ვაჩვენებდი ნამუშევრებს, ყველას მოსწონდა. დღემდე ასეა. ძირითადად, პეიზაჟებს, პორტრეტებსა და ნატურმორტებს ვხატავ. მიყვარს მხიარული ფერები და ეს ჩემს ნახატებში იგრძნობა. ჩემი სახლის კედლები სავსეა ჩემი ნახატებით. საკმაოდ ბევრი ნამუშევარი მაქვს, რადგან თითქმის ყოველდღე ვხატავ. როგორც წესი, ორ დღეში ერთხელ ვქმნი ახალ ნახატს. ჩემი დროის ძირითადი ნაწილი სწორედ ამ საქმეს ეთმობა.
– ამერიკაში როდის გადახვედით საცხოვრებლად?
– 1998 წელს ჩამოვედი ამერიკაში. მაშინ მეუღლე და უფროსი ქალიშვილი უკვე ამერიკაში ცხოვრობდნენ და მეც შემოვუერთდი. ჯერ ჩემი მეუღლე წამოვიდა, შემდეგ ჩემმა შვილმა მწვანე ბარათი მოიგო, ისიც ჩამოვიდა და მერე მეც ჩამომიყვანა. სამი ქალიშვილი გვყავს. ორი ამერიკაში ცხოვრობს, ერთი – საქართველოში, თუმცა, ალბათ, მალე ისიც ამერიკაში გადმოვა საცხოვრებლად. ორი ქალიშვილი დაქორწინებულია. რვა შვილიშვილი მყავს. ხუთი ამერიკაში ცხოვრობს, სამი – საქართველოში.
საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივართ. ვცდილობთ, ოჯახში ქართული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები შევინარჩუნოთ. ქართულ სამზარეულოს არ ვღალატობთ. ჩაქაფული, ლობიო, ხინკალი, ხაჭაპური, ლობიანი – ყველაფერს ვამზადებთ. ქართული სამეგობრო გვყავს და ვიკრიბებით ხოლმე.
– განსაკუთრებული ბიოგრაფია გაქვთ, 64 წლის ასაკამდე გეგონათ, რომ დედისერთა იყავით, მაგრამ ცოტა ხნის წინ გაიგეთ, რომ ოთხი და გყავთ. როგორ მოხდა ეს ამბავი?
– მე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. ექიმი დედა მყავდა, მამა სამმართველოს უფროსი იყო. დედისერთა ვიყავი. არასდროს გამჩენია ეჭვი, რომ ისინი ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ. მერე, როცა დედა გარდამეცვალა, ჩემი მეუღლისთვის უთქვამს ჩემს ნათესავს, რომ ნაშვილები ვიყავი, თუმცა, მაშინ მეუღლეს ჩემთვის არაფერი უთქვამს.
ქეთი აბაშიძე (მეუღლე): როდესაც ჩემი დედამთილი გარდაიცვალა, მეუღლის ბიცოლა მოვიდა ჩემთან და მითხრა, შენი ქმარი ნაშვილებიაო. ეს ჩემთვის ისეთი წარმოუდგენელი იყო, გეგონებოდა, ადუღებული წყალი დამასხეს. მე და ბებიამ მოვიყვანეთო, ესეც მითხრა, მაგრამ კითხვის დასმა ვერ მოვასწარი, რადგან ჩემი მამამთილი მოგვიახლოვდა, ალბათ, მიხვდა, რაზეც ვსაუბრობდით. რომ წავიდნენ, თვალებში ისე მიყურებდა, მივხვდი, აინტერესებდა, ვიცოდი თუ არა სიმართლე, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე. ვერავის ვერაფერი ვუთხარი. დავმალე, რაც გავიგე, იმიტომ, რომ ვიცოდი ამის გამჟღავნება ჩემი მეუღლის მამას გაანაწყენებდა. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, დაახლოებით, 38 წელი. მამამთილი რომ გარდაიცვალა, მერეც არაფერი მითქვამს. ეს არ იყო მარტივი სათქმელი. თან, მაშინ სხვა დრო იყო და ვერსად მოვძებნიდი ჩემი მეუღლის ბიოლოგიურ ოჯახს. მერე ამერიკაში წამოვედით. როდესაც თამუნა მუსერიძემ ეს თემები წინ წამოსწია, ჩვენც დავიწყეთ კვლევა და მივაგენით კიდეც ჩემი მეუღლის ოჯახს.
– როგორ იპოვეთ?
– ყველა ხელჩასაჭიდ კვალს გავყევით, იუსტიაცია, სოციალური ქსელი, ნაცნობები, ყველა და ყველაფერი დაგვეხმარა და აღმოვაჩინეთ, რომ გიას ოთხი და ჰყავს. როცა მათ დავუკავშირდით და ეს ვუთხარით, თავიდან არ სჯეროდათ, რადგან არ იცოდნენ, თუ ძმა ჰყავდათ. მათ იცოდნენ, რომ დედას ერთი მუცელი მოსწყდა, მეტი არაფერი. მერე თვითონაც დაიწყეს ძიება და აღმოჩნდა, რომ მათ ახლობლებსაც სცოდნიათ გარკვეული დეტალები. ნელ-ნელა გაარკვიეს, რომ მათი მშობლებისთვის უფროსი შვილი სამშობიაროდან მოუპარავთ და გაუშვილებიათ. მერე ისიც აღმოჩნდა, რომ მათ მამას გაუგია, რაც მოხდა და მოპარულ შვილს ეძებდა. თურმე, დიდ თანხას იხდიდა, ოღონდ ვინმეს რამე ეთქვა, მაგრამ ისე გარდაიცვალნენ, შვილის ბედი ვერ გაიგეს.
ბიოლოგიური დედა იმ დროისთვის ცნობილი ექიმი იყო, მამაც თანამდებობის პირი, ბაბუა (დედის მამა) რაიკომის მდივანი ყოფილა. ოჯახს გაუგია სიმართლე, მაგრამ ქალიშვილებისთვის არაფერი უთქვამთ. ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი.
მერე ბიოლოგიური მშობლების საფლავზე ვიყავით ასულები. ჩემი მეუღლე საოცრად ჰგავდა ქვაზე გამოხატულ მამას. ალბათ, ზემოდან დაყურებდნენ შვილს, რომელიც მოჰპარეს და რომლის ძებნაშიც წლები გაატარეს. ვიღაცამ ან შეგნებულად აურია გზა-კვალი ან მართლა არ იცოდა სიმართლე. უთქვამთ, მგონი, მცხეთაშიაო და მთელი მცხეთა დაუვლიათ.
ერთხელ ჩემი მეუღლის დისშვილისთვის ვიღაცას უთქვამს, შენ ის არ ხარ, ბაბუაშენს რომ შვილი მოსტაცეს და გაუშვილესო?! დებმა არაფერი იცოდნენ ამ ამბის შესახებ და დისშვილს საიდან ეცოდინებოდა თუ ასეთი რამ მოხდა. ამიტომ მაშინ არ მიუქცევიათ ყურადღება ამ სიტყვებისთვის, მაგრამ ახლა, როცა სიმართლე გაირკვა, ეს მოგონებაც ამოუტივტივდათ. ანუ, ვიღაცებმა იცოდნენ, რაც მოხდა. გიას აღმზრდელი ოჯახის მთელმა სანათესაომ იცოდა. ფაქტობრივად, გიას გარდა ყველამ ვიცოდით. მე როგორც გავიგე, უკვე გითხარით, მაგრამ არ ვიცოდი, თუ დანარჩენმა ნათესავებმაც იცოდნენ. როცა ყველაფერი გაირკვა და ვთქვით, მერე მათაც გაგვიმხილეს სიმართლე. გიას იმდენად კარგი მშობლები ჰყავდა, გული არავინ ატკინა და საიდუმლო ბოლომდე შეინახეს.
– როგორი იყო დებთან შეხვედრა?
– ძალიან ემოციური. რომ ჩამოვფრინდით, აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა. ტირილი, ემოციები, ტკივილი, სიხარული – ყველაფერი ერთად იყო. დებმა გადაგვიპატიჟეს, დედმამისეულ სახლში მივედით, როგორც გითხარით, მთიულეთში მშობლების საფლავები მოვინახულეთ, მეზობლებიც გავიცანით. მათაც სცოდნიათ ეს ამბავი. ფაქტობრივად, შვილების გარდა ყველამ იცოდა და სიმართლე 64 წლის შემდეგ გაირკვა.
მიუხედავად იმისა, რომ მეც დიდი ხანი ვიცოდი, აქამდე ვერ ვუთხარი. ვცდილობდი, ყველას გავფრთხილებოდი. ძალიან კარგები იყვნენ ჩემი მეუღლის მშობლები. გია ფერებით ჰყავდათ გაზრდილი. დედამიწის ზურგზე არაფერი აკლდა. სიგიჟემდე უყვარდათ გია. ბებიებიც გიჟებოდნენ, გათამამებული ჰყავდათ და არ იყო მარტივი ამაზე საუბარი. თუმცა, ალბათ, ჩემთვის მაინც უნდა ეთქვათ ყველაფერი. გიას ოთხი და ჰყავს, მათ შვილები ჰყავთ, ხომ შეიძლებოდა, გადავკვეთილიყავით. მეზობლად უცხოვრიათ და არავინ არ იცოდა ამის შესახებ. ორივე ოჯახი ვაკეში ცხოვრობდა ხუთასი მეტრის დაშორებით. ფაქტობრივად, ერთმანეთის გვერდიგვერდ გაიზარდნენ. შეიძლება, შეხვედრილან კიდეც, გადაკვეთილა მათი გზები, მაგრამ არ იცოდნენ, ვინ იყვნენ ერთმანეთისთვის. არც ის არის გამორიცხული, რომ ჩემი მეუღლე შემთხვევით მშობლებსაც კი შეხვედრილა.
– ახლა როგორ გრძელდება თქვენი ურთიერთობა?
– ყველანი ძალიან კარგი, თბილი ადამიანები არიან. ორი და თბილისში ცხოვრობს, ორი – ბელგიაში და მაისში ბელგიაში მივდივართ ყველა ერთად მათ პირადად გასაცნობად, თორემ სოციალური ქსელით უკვე გვექონდა საუბარი.
ბუნებრივია, ჩემს მეუღლეს გაუჭირდა რეალობასთან შეგუება და იმის აღქმა, რომ ვინც მთელი ცხოვრება დედა და მამა ეგონა, მისი აღმზრდელი მშობლები ყოფილან. თუმცა, ოთხი დისა და ასეთი ახლობლების შეძენით ძალიან ბედნიერია. ახლა, ერთი მხრივ, მუქერიები, ანუ გამზრდელი ოჯახის ნათესავები, მეორეს მხრივ კი ზანდუკელები – დები და ნათესავები გვყავს და გვიხარია, რომ ყველაფერი გაირკვა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან