საზოგადოება

როგორ იქცა 24 წლის ანეტა ანდრონიკაშვილის სახელი უკვდავად და ვის გამო გაწირა მან სიცოცხლე

№20

ავტორი: ქეთი მოდებაძე 18:00 25.05, 2021 წელი

ანეტა ანდრონიკაშვილი
დაკოპირებულია

ანა-ანეტა ანდრონიკაშვილი 1891 წელს დაიბადა სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში. 1914 წელს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, „ყველა ომის დასრულების ომის” სახელით ცნობილი, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელსაც 9 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ომის დაწყებისთანავე ანეტა ანდრონიკაშვილი, გოგონა, რომლის გმირობამაც მალე ყველა შეძრა, მოწყალების დების კურსებზე შევიდა და წმიდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო მუშაობა. როგორც ამბობენ, კურსების დასრულების შემდეგ, ის საკუთარი სურვილით გახდა პირველი მსოფლიო ომის მონაწილე და მცურავ ჰოსპიტალში – გემ „პორტუგალზე“ მოწყალების დად დაიწყო მუშაობა.

ტრაგედია, რომელმაც ყველაზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ქართველი მედდის სახელს გმირთა შორის დაუმკვიდრა ადგილი, ორი წლის შემდეგ მოხდა. არქივში სათნოებასთან ერთად, სილამაზით გამორჩეული მედდის დაღუპვის ცნობაც არსებობს, რომელიც მაშინდელ პრესაში გამოქვეყნებულა. იქ ანეტას სულის მოსახსენიებელი საეკლესიო პანაშვიდზეა მოთხრობილი. შესაძლოა, ანეტა ანდრონიკაშვილის ხანმოკლე ცხოვრების შესახებ შემონახულ ცნობებში გარკვეული დეტალები დაუზუსტებელია და რაღაც გამონაგონიცაა, თუმცა, არ არის გამორიცხული, ჩვენამდე სრულმა სიმართლემ მოაღწია.

ანეტას ახლობელი მასთან განშორების წუთებს იხსენებდა:

„ვგრძნობდი, რომ მემშვიდობებოდა, ვუცქერდი ესოდენ ნატიფს და ვურჩევდი, ყველაფერი კიდევ აეწონ-დაეწონა, მოეფიქრებინა, არ აჩქარებულიყო, მან კი გადამწყვეტი ჟესტით, უსიტყვოდ მაჩვენა, რომ ყველაფერი დიდი ხნის ნაფიქრი აქვს და არაფერს და არავის შეუძლია, შეუშალოს ხელი მისი ნების ასრულებას”.

ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში მთავარი ამბავი 1916 წელს მოხდა. საბედისწერო დღეს 1916 წლის 30 მარტს, მცურავ ჰოსპიტალ – „პორტუგალს“ ბუქსირით მიჰყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რადგან სანაპიროდან დაჭრილები უნდა აეყვანა ხომალდზე. იმ მომენტისთვის გემზე ექიმები, მედდები და გემის მომსახურე პერსონალი იმყოფებოდნენ. მედდებს შორის გახლდათ 24 წლის ანეტა ანდრონიკაშვილიც.

ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა, რადგან პატარა ნავი იძირებოდა და მასზე მყოფებს ნავის შეკეთებაში დაეხმარნენ. გემმა შენიშნა, რომ მას წყალქვეშა ნავიდან სათვალთვალო ოპტიკური ხელსაწყო – პერისკოპი მიუახლოვდა, თუმცა, წესით, ის სახიფათო არ უნდა ყოფილიყო, რადგან „პორტუგალი“ მცურავი ჰოსპიტალი იყო და მას ჰააგის კონვენცია იცავდა. ამიტომ გემის ეკიპაჟმა არანაირი თავდაცვითი ზომა არ მიიღო. მაგრამ მოვლენები დრამატულად განვითარდა. გერმანულმა წყალქვეშა ნავმა მისკენ გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც ხომალდს ასცდა. გარკვეული ხნის შემდეგ წყალქვეშა ნავი, რომელსაც კაპიტან-ლეიტენანტი კონრად განსერი მეთაურობდა, კვლავ დაბრუნდა და ისევ გაუშვა ტორპედო, რომელიც ამჯერად გემ-ჰოსპიტალს სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა და შუაზე გახლიჩა. შედეგად გემი ჩაიძირა.

რაც შეეხება ქართველი მედდის გმირობას, ისტორიას, რომელმაც 24 წლის გოგონას სახელს უკვდავება მოუტანა, ანუ, ანეტას უკანასკნელ წუთებს, თვითმხილველი შემდეგნაირად აღწერს:

„ტალღებმა რამდენჯერმე გადაუარეს გემს, ყველანი სასოწარკვეთილნი დარბოდნენ, ეს დიდი ხომალდი ფსკერისკენ წავიდა. ანეტამ თავისი მაშველი რგოლი უცნობ ბავშვიან ქალს მისცა, თითქოს ქარიშხალი ამოვარდნილიყო…”

მამაცი ქართველი გოგონა ანეტა ანდრონიკაშვილი უკანასკნელად გემის ანძასთან დაუნახავთ. მოუხსნია მოწყალების დის თავსაბურავი და ცისკენ აუხედავს… ანეტას სხეული დიდხანს ვერ უპოვიათ. ის მხოლოდ 20 დღის შემდეგ გამოურიყავს ზღვას. მისი სხეული ბერძენ ბერებს უპოვიათ, წესიც აუგიათ და დაუკრძალავთ.

1916 წელს ქართულ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა:

„დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ „პორტუგალზე“ დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადი მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა.“

ნათესავები ამბობენ, რომ უიღბლო სიყვარულის გამო წავიდა ომში მშვენიერი და სევდიანი ანეტა. ნახევარი წელი ჭოროხის რაზმში, უმძიმეს პირობებში მუშაობდა და წერდნენ, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინაო. ბოლოს რუსულ-ფრანგულ გემზე, „პორტუგალზე“ ავიდა. მისი ძმები კი ოსმალეთის ფრონტზე იბრძოდნენ. ვინ, სად და რისთვის იბრძოდა, ეს კი არ არის მთავარი, როგორც რევაზ გაბაშვილი წერს, მთავარი მათი სულისკვეთებაა: თუნდაც ცუდად გაგებული სამშობლოს იდეისთვის თავგანწირვა.

გმირი ქალის შთამომავლები, როდამ და დინარა ჯანდიერები იგონებენ:

„ანეტა ანდრონიკაშვილის მოწყალების დად წასვლა არავის გაჰკვირვებია, ის ისეთი სათნო იყო გარეგნულადაც და სულიერადაც. ჩვენი შტო ერეკლე მეორედან მოდის. ერეკლე მეორის ქალიშვილის, ელენეს შვილი – მარიამი, ცოლად ჰყავდა მალხაზ ანდრონიკაშვილს, აი, აქედან არის ჩვენი შტო. ანეტა მალხაზის ძმის, სოლომონის შვილია. ბებიამ ძალიან ბევრი ტკივილი განიცადა. სამი მიცვალებული მიუყვანეს ერთად. ანეტას ძმა მერაბიც ფრონტზე დაიღუპა რუსეთ-სპარსეთის ომში და ბებიას ძმა ივანეც ფრონტზე დაიღუპა. სამივე მალხაზ ანდრონიკაშვილმა ჩამოასვენა და თავიანთ მამულში, კახეთში, გურჯაანის რაიონში დაკრძალა. ივანე 24 წელს მიუნხენში გააგზავნეს სასწავლებლად, შემდეგ არეულობა დიწყო და იქ დარჩა, აღარ ჩამოსულა. 1956 წელს მისი და – ელიჩკაც გარდაიცვალა. მოწყალების დად წასვლა ოჯახური ტრადიცია იყო. ჩვენი ბებია ელისაბედი და მისი და ნინოც მოწყალების დები იყვნენ ახლანდელი უნივერსიტეტის ლაზარეთში. ბებიას უფროსი და ნინო ანდრონიკაშვილი გადაღებულია მომაკვდავ ვაჟა-ფშაველას სასთუმალთან...“

გამოყენებული მასალების წყარო: „გურიის მოამბე“, „ახალი განათლება“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა