საზოგადოება

როგორ იხსნა კაცები ქალთა ჩაგვრისგან ბალეტში ვახტანგ ჭაბუკიანმა

№28

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 17.07, 2024 წელი

ვახტანგ ჭაბუკიანი
დაკოპირებულია

გენიალური მოცეკვავე, გენიალური ქორეოგრაფი, გენიალური პედაგოგი, კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი საქართველოში და როგორც გოგი გვახარიამ თქვა: „კაცი, რომელმაც შექმნა კაცი“. ჭაბუკიანის ცხოვრებაში ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი დარჩა ოპერის თეატრის დაწვა. ასე გახდა მსოფლიო მოცეკვავე ბრალდებულის სტატუსით.

არადა, ის საერთოდ არ ყოფილა დაკავშირებული ამ ვანდალურ აქტთან. იქნებ ყველაფერი ხელისუფლებისგან მისი მიუღებლობის ბრალია, არადა სწორედ მან დაუდო სათავე გენდერულ ბალანსს კლასიკურ ბალეტში – მან იხსნა კაცები ბალეტში ქალთა „ჩაგვრისაგან“, მის სახელს უკავშირდება ბალეტში დაჩაგრული მამაკაცების მნიშვნელობისა და ფუნქციის ზრდა. მისი დამსახურებაა, მამაკაცები ბალეტში ქალის უბრალო დამჭერები რომ აღარ არიან.

ამერიკაში, ერთ-ერთ ცათამბჯენზე გადმოფენილ ვეება რეკლამაზე გამოსახული იყო ფეხი წინდებში, წარწერით „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ფეხი ამ წინდებს ატარებს“.

ეს ფეხი ვახტანგ ჭაბუკიანის იყო. სწორედ ამერიკული გასტროლებიდან დაბრუნდა ის მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავის ტიტულით. 22 წლის იყო, ვეჩესლოვასთან ერთად რომ წავიდა ამერიკაში საგასტროლოდ. სწორედ ჭაბუკიანი და ვეჩესლოვა იყვნენ პირველი არტისტები, რომლებიც საბჭოეთიდან გაუშვეს ამერიკაში. იმხანად უკვე მთელს საბჭოეთში იყო ცნობილი მისი სახელი – „დონ კიხოტში“ ბაზილის პარტიის შესრულებით. მან სცენაზე გამოჩენისთანავე „შეარყია“ მაყურებელი. და საერთოდ – როდესაც ჭაბუკიანი სცენაზე გამოდიოდა, ჯერ ცეკვაც არ ჰქონდა დაწყებული, პოზაში დგებოდა და… დარბაზი ტაშით ჩამოიქცეოდა ხოლმე. მასთან ცეკვაზე აბოდებდა ყველა ბალერინას. ის იყო ბალეტების შექმნის სტიმული ქართველი კომპოზიტორებისთვის. მან კლასიკური ბალეტი ქართული ფოლკლორით გაამდიდრა – კლასიკურ ბალეტში ქართული ცეკვის ელემენტები შეჰქონდა. „ჩემი პრინციპი უცვლელია, ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას“, – ამბობდა ჭაბუკიანი.

ჭაბუკიანის რეტდამსხმელმა ენერგიამ, ცეცხლოვანმა ცეკვამ მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა. ალექსი მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო“ ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე შექსპირული ბალეტი. „მე ვნახე, როგორ დაფრინავდა ეს ხორციელი ვნებებით სავსე მავრი და მივხვდი, რომ საქართველო უდიდესი საცეკვაო სტიქიისა და მუსიკალური კულტურის ქვეყანაა“, – წერდა „ნიუ-იორკ თაიმსი“...

მაშინდელი ქორეოგრაფიული სასწავლებელი კადრების სამჭედლოდ იქცა არა მარტო ქართული, რუსული ბალეტისთვისაც, მაგრამ ედუარდ შევარდნაძემ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ჭაბუკიანისთვის სიცოცხლის მოწამვლა. დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა მას – დირექტორობიდან გაათავისუფლა უტიფარი საბაბით – თურმე, ჭაბუკიანს სასწავლო ცხრილი არ ეკიდა კედელზე… ჭაბუკიანის დევნა-დისკრედიტაცია ამით არ დასრულებულა. რა არ დააბრალეს, რა ჩირქი არ მოსცხეს. მისი პირადი ცხოვრების დრამა ქვეყნის სალაპარაკოდ აქციეს, ისე მოსდეს და გაავრცელეს, რომ ვისაც კი სმენია სახელი „ვახტანგ ჭაბუკიანი“ – ყველას გაუგონია შევარდნაძის რეჟიმის მიერ გავრცელებული მაკომპრომეტირებელი სიბინძურე. შევარდნაძის რეჟიმი არათუ მას დევნიდა და ავიწროებდა, არამედ არ სწყალობდა მსოფლიოში აღიარებულ ალექსი მაჭავარიანსაც, რაც პირდაპირ იყო კავშირში „ოტელოს“ წარმატებასა და ჭაბუკიანის დევნა-დისკრედიტაციასთან. ვახტანგ ჭაბუკიანი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მხარს უჭერდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს – ზვიად გამსახურდიას… „დადგა დრო ხმამაღლა ვთქვათ, ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავდა სამი საოცარი პიროვნება – კოტე მარჯანიშვილი, სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი“ – ეს სიტყვები გიგა ლორთქიფანიძემ ჭაბუკიანის 80 წლის იუბილეზე თქვა. და სწორედ ეს საოცარი პიროვნება სიცოცხლის ბოლო 20 წელიწადი, პრაქტიკულად, უსაქმოდ, უფუნქციოდ დატოვეს.

გია მარღანია: „გენიალურად იცოდა კუნთები, სამოძრაო საყრდენი აპარატი. როდესაც ლენინგრადში წავიდა, უკვე საკმაოდ დიდი იყო (ბალეტში ხომ 12 წლიდან იღებენ, როდესაც კუნთები ჯერ ჩამოყალიბებული არ გაქვს) და კუნთები უკვე ფორმირებული ჰქონდა. როგორც ჩანს, ამ ყველაფრის შესწავლა და დამუშავება მოუხდა და როდესაც გვასწავლიდა, გვიხსნიდა, რომელ კუნთს უნდა ემუშავა, რათა საჭირო მოძრაობა შეგესრულებინა. ეს ძალიან გვეხმარებოდა. ბევრ სკოლაში ვარ ნამყოფი, დიდ, გამოჩენილ პედაგოგებთან და ვიცი, დღეს ისე არსად არავინ ასწავლის, როგორც ვახტანგი გვასწავლიდა, რასაც ის გვაძლევდა, ცხოვრების ბოლომდე მიგყვებოდა. მე უკვე 30 წელია, აღარ ვცეკვავ, მაგრამ მოძრაობებს დღემდე ვაკეთებ. კუნთებს ყველაფერი ახსოვთ და ყველაფერი მექანიკაშია გადასული. აპარატი დაყენებულია... მას არ ჰქონდა დიდი ნახტომი, მაგრამ მის ნახტომს „არწივის ფრენას“ ადარენდნენ – იმდენად ფლობდა სხეულს, რომ ჰაერში რაღაც წამები ჩერდებოდა. ბალეტში არის ასეთი ცნება – „ბალონი“, როდესაც შენ შეგიძლია, სხეული ჰაერში, რაპიდივით, რაღაც ტრაექტორიაში გააჩერო. ვახტანგის ცეკვის დროს, შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ის ჰაერში არათუ ჩერდებოდა, არამედ მიდიოდა. როდესაც ვახტანგი გრან პირუეტს აკეთებდა, ისეთი ტემპი ჰქონდა, ორკესტრი ჩერდებოდა, რადგან ამ ტემპს ვერ მიჰყვებოდა… ის იყო ქართული ბალეტის ფუძემდებელი, მაგრამ მას არ სწყალობდნენ და არ სწყალობენ – დღეს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ასევე ქორეოგრაფის, წარმოშობით ქართველი ბალანჩინის ძეგლი დგას და არ დგას ჭაბუკიანის – ქართული კლასიკური ბალეტის ფუძემდებლისა და გენიის, რომელიც სწორედ იმ თეატრში ქმნიდა შედევრებს.“

„ჭაბუკიანის ხანძარი“

ახლა კი – დამწავრ ოპერაზე, ბრალდება, რომელიც ჭაბუკიანის შემოქმედებით ცხოვრებას ცუდ ფონად დაედო და მისი სახელი სამუდამოდ დაანგრია. უცნობი დეტალები. მსოფლიო გენიად აღიარებული ვახტანგ ჭაბუკიანის შთამომავალი თამარ რუხაძე სოციალურ ქსელში მადლობის წერილს აქვეყნებს რეჟისორ ნარგიზა გარდაფხაძის მიმართ, ფილმის „ჭაბუკიანის ხანძრის” შექმნისთვის... „მრავალი წლის განმავლობაში ტაბუდადებულ თემასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის კვლევა და გაშუქება გმირობის ტოლფასია! არანაკლებ მნიშვნელოვანია ჭაბუკიანის, როგორც ხელოვანის და პიროვნების ჭეშმარიტი სახის წარმოჩენა ახალგაზრდა თაობისთვის”, – ამბობს ის. ფილმი ეხება 70-იანი წლების გახმაურებულ საქმეს – ოპერაში გაჩენილ ხანძარსა და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. „...ჩემი დაინტერესება ლეგენდარული მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, ვახტანგ ჭაბუკიანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიმართ დიდია. მეორე მხრივ, კონსერვატორიაში სტუდენტობის პერიოდიდან მე მახსოვდა, რომ 1973 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხანძრის შემდეგ მოარული ხმებით, ვახტანგ ჭაბუკიანი ამ დანაშაულის დამკვეთად მოიაზრებოდა. შემდეგ უკვე ისე მოხდა, რომ მე შემთხვევით აღმოვჩნდი ამ ხანძრის სასამართლო პროცესის ერთ-ერთ სხდომაზე და თავად გავხდი მოწმე ზოგიერთი დრამატული დეტალისა. ამიტომ, როდესაც მე ვახტანგ ჭაბუკიანზე ბიოგრაფიული ფილმის გადაღება მომინდა, გადავწყვიტე, გამერკვია, თუ რატომ ედებოდა მას ბრალი ამ ვანდალურ აქტში. მხოლოდ ამ კვლევების პროცესმა მთლიანად ფილმზე მუშაობის დროის ნახევარი წაიღო და ჯამში – იდეიდან დაწყებული, ფილმის დასრულებამდე – ჩემი ცხოვრების ხუთი წელი შეადგინა. შემდეგ უკვე „პირველი არხის“ ტელეფილმების მხატვრული ხელმძღვანელი, მწერალი კოტე ჯანდიერი დაინტერესდა ჩემი იდეით და რაც მთავარია, „პირველი არხის“ ხელმძღვანელობამაც დაუჭირა მას მხარი, რაც საბოლოოდ ფილმის გადაღებით დასრულდა...

ოპერის ხანძრის საგამოძიებო და სასამართლო სხდომების მასალები წარმოადგენს 12 ტომად გაერთიანებულ 3,5-წლიან საბჭოთა მართლმსაჯულების ისტორიის ერთ ეპიზოდს. მთელი ამ ტომეულების შესწავლის შემდეგ თქვენს კითხვაზე – რა დგინდება? მე მაქვს ერთი პასუხი – სამწუხაროდ, არაფერი! ჩემი 2,5 წლიანი კვლევების განმავლობაში მე ვიმოგზაურე საოცრად დრამატული გამოძიების ლაბირინთებში. ეს საგამოძიებო საქმე შედგება სხვადასხვა მასალისგან. ესენია: ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებები, რომლებიც გზადაგზა იცვლებოდა. მე უნდა მიმხვდარიყავი, როდის ამბობდნენ ისინი სიმართლეს და როდის წერდნენ ტყუილს საკუთარ თავზე. ეს საქმე აგრეთვე შეიცავს სასამართლო სხდომების სტენოგრამებს. მათ შორის იგივე ბრალდებულების, რომლებიც სამსჯავროს წინაშე ერთი მეორის მიყოლებით უარყოფდნენ ადრე აღიარებულ დანაშაულს. როგორც იმ დროს გამომძიებელი სტაჟიორი, ბატონი ჯემალ გახოკიძე ფილმში გვეუბნება, ამას ისინი ადვოკატების რჩევით აკეთებდნენ, რაც მიღებული პრაქტიკა ყოფილა. მხოლოდ რაღაც გრძნობით ან ინტუიციით თუ მიხვდება მკვლევარი, როგორ იყო საქმე სინამდვილეში. ჩემი ინტუიცია არ მინდა სხვას მოვახვიო, რადგანაც როცა საქმე გაქვს დანაშაულთან, დამნაშავის შთამომავალთან და აგრეთვე, ამ დანაშაულის მოპირდაპირე მხარეს მდგომ ძალოვანი სტრუქტურების ცოცხალ წარმომადგენლებთან, ეს არ იქნება სწორი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ჯემალ გახოკიძეს, აგრეთვე ბატონ გურამ გვეტაძის ხსოვნას, ორივე დამთანხმდა ამ დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობაზე და რომ არა ისინი, ჩემი ფილმი საინტერესო არ გამოვიდოდა! მასში დარჩებოდა მხოლოდ ერთი მხარე, ანუ ბრალდებულების, რაც ნაწარმოებს ძალიან სწორხაზოვანს გახდიდა. ამ ორი პიროვნების, თუნდაც, ფილმში მონაწილეობისათვის მზაობა, ჩემთვის მიანიშნებს იმაზე, რომ პირადად მათ, არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ ბრალდებულების მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში. ჩემი არქივში მუშაობის დროს ზოგჯერ ვცდილობდი, 50 წლის წინ დაწერილ ხელნაწერებში სიმართლისათვის სხვა მეთოდით მიმეგნო. მაგალითად, ბრალდებულების ხელწერა სხვადასხვა დაკითხვების დროს განსხვავებული იყო. როგორც ვიცით, ადამიანის ხელწერა მის ემოციურ მდგომარეობას ასახავს. ზოგი ჩვენების ხელნაწერი ისეთი „დაჭყანული“ ხელწერით გამოირჩევა, უნებურად წარმოვიდგენდი, ამ დროს რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ამის დამწერი. ზოგიერთ დაკითხვებში ასეთი უცნაური ხელწერა ჰქონდათ ბრალდებულებს – თენგიზ რუხაძეს, გოგი ხეცურიანს, გიორგი გეკერს... მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ საჯაროდ განაცხადო, თითქოს მიაგენი ბრალდებულებზე ფიზიკური ზეწოლის მტკიცებულებას! ამიტომ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი ფილმში არასწორად ჩავთვალე... გარდა განსხვავებული ხელწერისა, ჩემში აგრეთვე ეჭვებს იწვევდა იმ ქიმიური ნივთიერებების ჯამური რაოდენობა, რაც ბრალდებულებმა თითქოს ხანძრის ორგანიზებისათვის გამოიყენეს. საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ მათ გააჩინეს ცეცხლის 4 კერა და თითოეულზე დატოვეს კონვერტები, თითოში 250 გრამი კალიუმ პერმანგანატით და თითო კერას გადაასხეს 250 მილილიტრი გლიცერინი. მოსკოვში ჩატარებული ექსპერტიზის დროს გამოიყენეს 20 გრამი, ეგრეთ წოდებული, „მარგანცოვკა“ და დაასხეს 10 მილილიტრი გლიცერინი. ანუ, ათჯერ ნაკლები, ვიდრე ეს საბრალდებო დასკვნაში წერია. ალის სიმაღლემ ექსპერიმენტის დროს რამდენიმე დეციმეტრი შეადგინა! გასაოცარია, რომ ისეთმა კარგმა სპეციალისტმა, როგორიც იყო მთავარი მხატვარ-გამნათებელი, გიორგი გეკერი, არ იცოდა, რომ ოთხ კერაზე ჯამურად 1 კილოგრამ კალიუმ პერმანგანატის გამოყენება + 1 ლიტრი გლიცერინით, „პატარა ხანძრის“ მოსაწყობად, თითქოსდა სარემონტო თანხების მოსაზიდად, მთელი მაყურებელთა დარბაზის დანგრევას გამოიწვევდა? ბატონი გურამ გვეტაძის სიტყვებით, დამნაშავეებს შეეშალათ და სწორად ვერ გათვალეს რაოდენობა და პატარა ხანძრის მაგივრად დიდი გამოუვიდათო... თუმცა, საგამოძიებო საქმეში არსებობს გიორგი გეკერის თეატრის მთელი ელექტროგაყვანილობის, ისეთი უზუსტესი ნახაზები, რაც მოწმობს, რომ ის ძალიან განათლებული სპეციალისტი უნდა ყოფილიყო და ძნელი დასაჯერებელია, რომ მან ზუსტად ვერ გათვალა ის ქიმიური რაოდენობა, რაც პატარა ხანძრის მოსაწყობად მათ სჭირდებოდათ. მაგრამ ეს კითხვაც ლოგიკური ანალიზის შედეგად მიჩნდება და ბატონ გურამ გვეტაძის საპირწონე მტკიცებულებები მე არ გამაჩნია. მოკლედ, ყველა ბრალდებულს მიესაჯა კანონით გათვალისწინებული პატიმრობა. პირადად ჩემთვის ეს – გაურკვევლობის ინტრიგა – იყო ამ საქმეში ყველაზე საინტერესო და ამიტომ ვეცადე, ჩემი ეს ორაზროვანი დამოკიდებულება ფილმშიც შემენარჩუნებინა.

ოპერის არქივში შენახული წერილები

ეტყობა, სოლისტ გოგი ხეცურიანის წერილები, რომლებსაც ის ციხიდან მალულად უგზავნიდა თავის უმცროს კოლეგას, ანზორ შომახიას, არქივში არ უნდა ინახებოდეს, რადგანაც ეს არქივი კარგად მაქვს შესწავლილი. ბატონი ანზორი ჩვენი დოკუმენტური ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირია. ეს წერილები მე თავად ბატონმა ანზორ შომახიამ გამაცნო და ისინი გაზეთ „ქნარში“ იყო გამოქვეყნებული. გოგი ხეცურიანის წერილები ძალიან ემოციურია. მთავარი, რასაც ის ანზორ შომახიას სთხოვს, არის, რომ არ დაუჯეროს გამოძიების ოფიციალურ ვერსიას. მას გული სტკივა, რომ საზოგადოების უმრავლესობამ დაიჯერა მისი დანაშაულში მონაწილეობა.

საქართველოში მისდამი რეპრესიების გამო, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჭაბუკიანმა ახალი ქართული სპექტაკლების დადგმა ვეღარ მოახერხა. ჭაბუკიანს სჭირდებოდა დრამა და მას უნდოდა ქართველი კომპოზიტორების მუსიკაზე დაედგა სპექტაკლები – აი, სწორედ ამას ვერ ეღირსა ის სიცოცხლის ბოლო 20 წლის განმავლობაში. ჭაბუკიანის მიერ დადგმული ბალეტების მთლიანი სია ძალიან გრძელია, აქედან 8 ბალეტი ქართველი კომპოზიტორების მუსიკაზე აქვს დადგმული.

იმედი მაქვს, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ, მომავალში რაღაც გაკვეთილს მაინც გამოიტანს მაყურებელი და ასე იოლად აღარ გაწირავს სამშობლოს სიყვარულში დახარჯულ, ლეგენდარულ ადამიანებს!.. საბოლოოდ, პასუხი იმაზე, თუ ვინ დაწვა ოპერა, მე არ მაქვს. მე მაყურებელს შევთავაზე დაფიქრდეს და დასკვნები ამ კითხვაზე თავად გამოიტანოს. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ ვახტანგ ჭაბუკიანი ამ ხანძართან დაკავშირებით არაფერ შუაში იყო, ამ ხანძრის დამკვეთმა კი თავის საიდუმლო საფლავში წაიღო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა