საზოგადოება

როგორ იგებს მანანა აბრამიშვილი ყველგან და ყველაფერში და როგორ გაუმკლავდა ის ყველაზე რთულ პერიოდს

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 19:00 01.02

მანანა აბრამიშვილი
დაკოპირებულია

როგორი მხარჯველია მსახიობი მანანა აბრამიშვილი, რა ასწავლა მას ცხოვრებამ და როგორ გაუმკლავდა მარტო რთულ პერიოდს, ამაზე თავად მოგვიყვება.

მანანა აბრამიშვილი: პირველი ხელფასი 15 წლის ასაკში ავიღე. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც მუშაობა დავიწყე, რადგან აბიტურიენტი ვხდებოდი და მინდოდა, რეპეტიტორთან მოსამზადებელი თანხა თვითონ გამომემუშავებინა. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში კონსულტანტად ვმუშაობდი. 300 ლარი მქონდა ხელფასი, სამი თვე ვიმუშავე და პედაგოგისთვის საკმარისი თანხა გამოვიმუშავე. რაც შეეხება სტაბილურ შემოსავალს, ეს უკვე თეატრს უკავშირდება. რომ ვიხსენებ, თავიდან ცოტა მიჭირდა ფულის სწორად გადანაწილება, მაგრამ მერე და მერე ყველაფერი ვისწავლე და ერთ კვირაში აღარ მიქრებოდა (იცინის). განვლილმა ცხოვრებამ მასწავლა, როგორ გადავანაწილო შემოსავალი თვიდან-თვემდე. დათვლა კარგად შემიძლია და აქედან გამომდინარე, ვიცი, რამდენის დახარჯვის უფლება მაქვს დღიურად. თუ დამატებით შემოსავალი ჩნდება სხვადასხვა პროექტებიდან, მაშინ უფრო ვაძლევ თავს „ფუფუნების“ უფლებას. იშვიათად, მაგრამ შეიძლება, უცებ დამჭირდეს რაღაც, რაც გათვალისწინებული არ მქონდა და ჩემს დას ან რამდენიმე მეგობარს, ვთხოვო დახმარება ერთი დღით, თორემ, ის, რომ ფული ვისესხო ვინმესგან რამდენიმე კვირით ან თვეობით, ასეთ რამ ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა.

– ბანკის ვალდებულებების გარეშეც ახერხებ ცხოვრებას?

– ჩემმა ცხოვრებამ კიდევ ერთი გაკვეთილი მომცა, რომლის დამსახურებითაც, მივხვდი, რომ ბანკთან ურთიერთობა არასდროს უნდა დაიჭირო. სტაბილური შემოსავალი რომ გიჩნდება, გირეკავენ, გთავაზობენ და რაღაც მომენტში, მეც ავიღე სესხი, მერე კიდევ დავამატე და მერე გავაცნობიერე, რა ავიღე და რამდენად მეტის დაბრუნება მომიხდა უკან. აღარ და აღარ დამთავრდა ეს სესხი. ოთხი წელი მეჭრებოდა ხელფასიდან არც ისე მცირე თანხა და ვერც კი ვიხსენებდი, რის გამო მქონდა აღებული ეს სესხი. ჯობია, ფული დააგროვო და ისე იყიდო, რაც გინდა, უბრალოდ, ამისთვის კარგი ნებისყოფა უნდა გქონდეს.

– ხარ ასეთი ნებისყოფიანი?

– კი, არაერთხელ დამიგროვებია და მიყიდია, რაც მინდოდა. აბა, უცებ იმდენი არ გაქვს, რამდენიც გჭირდება. მაგალითად, ახლა ლეპტოპის ყიდვა მინდა და ერთი თვის ხელფასით ნამდვილად ვერ გავწვდები.

– ყველაზე კარგი დაბანდება რაში გაგიკეთებია?

– არასდროს მენანებოდა თანხა წიგნში. ყოველ ხელფასზე ერთი ან ორი უნდა მეყიდა. ახლა ჩემი ქალიშვილი აგრძელებს ჩემს ტრადიციას. არ მენანება ტექნიკაში – მანქანა შევიძინე და კარგია, რომ ასე მოვიქეცი. რაშიც სულ მენანება, არის ტელეფონი, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც მისი ყიდვა მიწევს, ჩემთვის თუ შვილებისთვის.

ძვირფასეულობა – ამის ყიდვა ძალიან სწორად მიმაჩნია და როცა შესაძლებლობა მქონია, მიყიდია, იმიტომ, რომ ოქრო რომ გაქვს, უფრო მშვიდად ხარ. არაერთხელ მომხდარა, რაღაც მიზნისთვის დამიგროვებია თანხა, მერე უცებ სხვა რამისთვის დამჭირვებია და დამიხარჯავს. ამიტომ ჯობს ,ოქროს დაგროვება, უცებ – ლომბარდი და ეგ არის. მერე ნელ-ნელა დაიხსნი (იცინის). თუმცა, ამასაც არ უნდა მიეჩვიო, რადგან აქაც კარგავ ფულს, მაგრამ სულ ისე არ არის, როგორც შენ გინდა და გიწევს დათმობაზე წასვლა. საერთოდ, მიყვარს ფულის გადადება. შეიძლება, ყველა თვეში მნიშვნელოვანი თანხა ვერ გადავდო, მაგრამ საბოლოო ჯამში, მცირედიც რაღაცას ნიშნავს.

– რაში გსიამოვნებს ფულის დახარჯვა?

– პირადი ნივთები, იქნება ეს სუნამო, სახის კრემი, თეთრეული. ასევე, საოჯახო ნივთები, სუვენირები. თეატრიდან რომ გამოვალ, რუსთაველზე თუ გავიარე და მაღაზიაში გადავწყვიტე შევლა, შეიძლება, უცებ იმხელა ფული გადავიხადო, რომ არ ვიცი... კიდევ ძალიან მიყვარს კარგი ჩანთები და ფეხსაცმელები. სათვალე აუცილებლად ხარისხიანი უნდა მქონდეს.

– შვილები რომ პატარები იყვნენ, მათთან ხელგაშლილი იყავი?

– კი, ძალიან ხელგაშლილი ვიყავი. ორი შვილი მყავს, მეუღლე რომ გარდაიცვალა, უფროსი პატარა იყო და მეორეზე ორსულად ვიყავი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მათ უმამობა არ ეგრძნოთ. ვერ იტყვიან, რომ რამე უნდოდათ და არ ჰქონდათ. ბავშვებიც არ იყვნენ მომთხოვნები, მაგრამ მე მაინც ვცდილობდი, არაფერი დაჰკლებოდათ და შეიძლება, თანატოლებზე მეტიც ჰქონოდათ. ახლა დიდები არიან, თავისი შემოსავლები აქვთ, თან, საკმაოდ კარგი და როგორც დედა, ვარიგებ, რომ დაგროვებითი ბარათები გააკეთონ, რომ თავიანთი თანხა რამე მნიშვნელოვანში გამოიყენონ. კი გეთანხმებიან, მაგრამ დიდად არ ასრულებენ (იცინის). ფულს სწორი მართვა სჭირდება. მე მინანია რაღაც ნაბიჯები. მაგალითად, მყავს მეგობრები, რომლებმაც სახლი იყიდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ჩემზე ნაკლები შემოსავალიც ჰქონიათ. ასეთ დროს დავფიქრებულვარ: ესე იგი, კიდევ უფრო სწორადაც შეიძლება შემოსავლის გამოყენება-მეთქი. მახსოვს, ერთი პერიოდი, რატომღაც, აჩემებული მქონდა, რომ რამდენიმე დღეში ერთხელ, კვირაში ერთხელ მაინც, რაღაც ახალი უნდა მეყიდა. ეს საოცარ სიამოვნებას მანიჭებდა. მაშინ ძალიან დიდ პროექტში ვმონაწილეობდი და დიდი თანხა გადამიხადეს. იმ პერიოდში „ბუტიკებიდან“, სადაც ხშირად ვყიდულობდი სამოსს, იმდენი ნივთი მქონდა წამოღებული, რომლის თანხაც მოგვიანებით შემეძლო გადამეხადა, რომ ამ დიდი პროექტიდან აღებული საკმაოდ დიდი ჰონორარი, მთლიანად ამ „ბუტიკში“ მივიტანე და მახსოვს, როგორ შემრცხვა, რომ მთელი ეს თანხა „ჭინჭებში“ დავხარჯე.

– მეუღლის გარეშე ორი შვილის გაზრდა, მით უმეტეს, საკმაოდ რთულ წლებში როგორ მოახერხე?

– ღმერთი ყველაფრის ძალას გაძლევს. შინაგანად რამის შიში რომ გიჩნდება, უფალი გზას გიჩვენებს შენი სიმართლის შესაბამისად. მეუღლე რომ გარდამეცვალა, თეკლა ორი წლის იყო და ამ დროს აღმოვაჩინე, რომ მეორე შვილზე ვიყავი ორსულად. მშობლები დღემდე კარგად მყავს და ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს, მაგრამ იმასაც ხომ ფიქრობ, რომ ყოველთვის მშობლების იმედზე ვერ იქნები, ამიტომ ძალიან შემეშინდა. იმდენად ძლიერია დედის ინსტინქტი, რომ შიშს ძალად აქცევს და არც მიფიქრია, რომ მეორე ბავშვი არ უნდა გამეჩინა. სულ იმას ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა მათი კარგად ყოფნისთვის და შევძელი კიდეც. ახლა რომ ვფიქრობ, მიკვირს, როგორ გამომივიდა, თან, იმხელა ტკივილის ქვეშ. ორი შვილით ყველაფერი ნულიდან დავიწყე. თეატრალურში ჩავაბარე, სტუდენტობა გავიარე, მუშაობა დავიწყე და ასე შემდეგ.

– რამე თუ მოგიგია?

– მაგ მხრივ, ძალიან იღბლიანი ვარ. ერთხელ, „გადაფხიკე და მოიგეში“ სამი ბილეთი ვიყიდე და სამივე მომგებიანი აღმოჩნდა. ერთით ელექტროჩაიდანი მოვიგე, მეორით – უთო და მესამეთი – ფენი (იცინის). კიდევ იყო „ლატარია ყველასათვის“ – ათი ლარი მოვიგე. მეგობარმა მანქანა მოიგო და მე გავაკეთე რეკლამა, მას არ უნდოდა რეკლამაში გამოჩენა და მერე ამასაც ყველა მე მილოცავდა (იცინის). ერთხელ თეატრის გოგოები თურქეთში წავედით დასასვენებლად. სასტუმროში გათამაშება იმართებოდა, რომელშიც უამრავი პრიზი შედიოდა. გოგონებს ვუთხარი, ბილეთი ვიყიდოთ-მეთქი და მარინა კახიანმა, მოიცა რა, რა უნდა მოვიგოთო. მე ხომ ვიცოდი ჩემი იღბლიანობის ამბავი, ვიყიდე ერთი ბილეთი. სამი ხაზი იყო შესავსები ამ ბილეთში და თუ ყველას შეავსებდი, ყველა პრიზს იგებდი. ისე გამოვიდა, რომ რა პრიზიც კი თამაშდებოდა, ყველა მე მოვიგე (იცინის). ხალხი გაოცებული იყო, ვინ არის ეს იღბლიანიო (იცინის). მასაჟები, ფოტოსესია, დაივინგი, რა აღარ შედიოდა პრიზებში, ზოგით მე ვისიამოვნე, ზოგი გოგოებს დავუთმე. დაივინგზე ყველამ უარი მითხრა და მე ჩავყვინთე. მადლობას ვუხდი ჩემს თავს, რომ ეს გავაკეთე, ისეთი სასწაული შეგრძნება არასდროს მქონია.

– დიდი ცდუნებაა ასეთი იღბალი.

– კაზინოშიც მომიგია. მაინტერესებდა და ერთხელ მეგობრებმა წამიყვანეს. ჩემი თანხით არც მითამაშია, მათ მათამაშეს. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მექნა, მაგრამ რამდენიმე ათასი დოლარი მოვიგე, იმხელა თანხა იყო, სამმა მეგობარმა გავიყავით. კარგად, გემრიელად გამოვიყენე, მაგრამ ამ ცდუნებას არ ავყოლივარ (იცინის).

იღბალთან დაკავშირებით, ერთი ისტორია გამახსენდა: ჩემი შვილი – გაგუნა პატარა იყო; სტუდენტი ვიყავი, ოჯახი მეხმარებოდა, არ მქონდა სტაბილური შემოსავალი და თუ საჭირო იყო, მეუღლისგან დარჩენილ ნივთსაც ვყიდდი, რომ შვილებისთვის არაფერი მომეკლო. ერთხელაც, თანხა არ მქონდა, რომ გაგუნას დაბადების დღისთვის მოვმზადებულიყავი. მეგობარს ვუთხარი, ჩემი შვილის დაბადების დღეს ასე უბრალოდ ვერ გავჩერდები, ვერ მოვისვენებ-მეთქი, თან ახალ წელსაა ბავშვის დაბადების დღე და მინდოდა, საჩუქარი და ტორტი მეყიდა. ამიტომ, გადავწყვიტე, მობილური გამეყიდა. ასეც მოვიქეცი, ტორტი და სათამაშო ვუყიდე და სახლში წამოვედი. ერთ-ერთ მაღაზიაში შევიარე და ერთი ფეხსაცმელი მომეწონა ბავშვისთვის, ისე გავგიჟდი, ნაყიდი რომ არ მქონოდა უკვე, რაც მინდოდა, ყველაფერზე უარს ვიტყოდი და იმ ფეხსაცმელს ვუყიდდი, მაგრამ რაღას ვიზამდი, ფული აღარ მქონდა. ამის გამო ძალიან დამწყდა გული. დაბადების დღეებზე, მთელი ჩემი მეგობრები შემოირბენდნენ ხოლმე საჩუქრებით ბავშვის გასახარებლად – ობლები რომ იყვნენ განსაკუთერებულ ყურადღებას აქცევდნენ. მოდის ჩემი ერთი მეგობარი, მამასავით რომ ზრუნავდა ჩემს შვილებზე და ზუსტად ეს ფეხსაცმელი არ მოაქვს?! ვერ გეტყვით, რა დამემართა, ვუთხარი კიდეც, სასწაული მომენტი იყო. იმდენად გულით მინდოდა, ჩემი შვილისთვის ის ფეხსაცმელი მეყიდა, რომ ასეთი სასწაული მოხდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა