საზოგადოება

როგორ იძია შური მთავრობამ დავით კაკაბაძეზე

№18

ავტორი: ეკატერინე პატარაია 20:00 11.05

დავით კაკაბაძე
დაკოპირებულია

სტერეოკინოს გამოგონებაში მონაწილეობის გამო მას პარიზში დარჩენას სთხოვდნენ. ევროპამ და ამერიკამ პატენტებიც მისცა. სტერეოკინოს აუცილებელ კომპონენტად მესამე განზომილება მიიჩნეოდა. თუ მანამდე კინოს პირველი, მეორე, მესამე პლანი სიბრტყეზე იყო, დავითმა ეს ყველაფერი შეცვალა. მას ნიუ-იორკში ჩასვლას სთავაზობდნენ, სადაც ის გამომგონებლის სტატუსით იცხოვრებდა, მაგრამ... – ასე დავიწყებ დავით კაკაბაძის დღიურებს და იმასაც დავამატებ, რომ მე არ მსმენია ქართველ მხატვარზე, რომელსაც ინტერესის იმდენი სფერო ჰქონოდა, რამდენიც დავით კაკაბაძეს. ინტერსი ულევი და რაც მთავარია ყველაფერი მარტივად გამოსდიოდა. იყო მხატვარი, მეცნიერი, ფოტოგრაფი და გამომგონებელი. შეგვიძლია, ქართველი ლეონარდო და ვინჩიც კი ვუწოდოთ და ეს შეფასება სულაც არ იქნება ზედმეტი, რადგან ინტერესის ყველა ის სფერო, რომელიც მას ჰქონდა, უფლებას გვაძლევს აღფრთოვანებულები ვიყოთ მისი პიროვნებით და რაღა თქმა უნდა, შემოქმედებით.

დავით კაკაბაძე იმერეთის სოფელ კუხში დაიბადა. 4 წლის იყო, როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდა. მხატვრის მამა ბორანს ყიდულობს და რიონზე მგზავრები გადაჰყავს. იმის მიუხედავად, რომ ოჯახს ძალიან უჭირდა, მამამისმა სამივე შვილს კარგი განათლება მისცა. მისთვის განათლება პრიორიტეტი იყო. უფროსი შვილი ცნობილი ლიტერატორი გახდა, შუათანა – ექიმი, ხოლო პატარა, დავითი გატაცებული იყო ხელოვნებითა და თიხაზე მუშაობით. ხატვისადმი ინტერესი სახლში კედელზე ჩამოკიდებულმა პორტრეტებმა გაუჩინა. უცნობი მხატვირს მიერ დახატული მამის პორტრეტი მისთვის ინსპირაცია გახდა, დაიწყო ხატვა და აღმოჩნდა, რომ ეს საქმე კარგად გამოსდიოდა. ფანქრის შემდეგ ხატვა საღებავებით განაგრძო, მაგრამ ხელი ზეთისა და აკვარელის საღებავებზე არ მიუწვდებოდა. იძულებული იყო, მეზობლისთვის კასრის ძირზე დარჩენილი საღებავები ეთხოვა. ხატავდა ცნობილი მწერლების პორტრეტებს, რაშიც გასამრჯელოსაც უხდიდნენ. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დავით კაკაბაძე პეტერბურგში მიდის. იწუნებენ და რჩება სამხატვრო აკადემიის კარს მიღმა, მაგრამ უნივერსიტეტის სახით მისთვის ახალი შესაძლებლობების კარი იღება, სადაც ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე იწყებს სწავლას. მოგვიანებით მისი მეცნიერული განათლება მის ნაწარმოებებშიც აისახა. მას მიაჩნდა, რომ ხელოვნება მეცნიერებაა და ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნის გარეშე ნამდვილი ნახატის შექმნა შეუძლებელია. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იგი ხატვასაც განაგრძობს. აკეთებს ჩანახატებს, გრაფიკულ პორტრეტებს და იწყებს შიშველ ნატურაზე მუშაობას. ინტერესდება ადამიანის ანატომიით, რათა ჩანაფიქრი ზუსტად გადმოსცეს, თუმცა, ეს ყოველივე მისთვის იმდენად საინტერესო არ აღმოჩნდა, რომ ბევრი დრო დაეთმო. სულ უფრო და უფრო იშვიათად ხატავდა შიშველ ნატურას და ადამიანების პორტრეტებს. ახსნა კი ერთი ჰქონდა: სჯეროდა, რომ ადამიანის სახეს ყველაზე უკეთ ფოტოფირი აღბეჭდავდა. იმდენად იყო დაინტერესებული ფოტოგრაფიით, რომ დანაზოგით ფოტოაპარატი შეიძინა და შეიძლება ითქვას, რომ მხატვარი კიდევ ერთ პროფესიას ითავსებს და ხდება პირველი მხატვრული ფოტოგრაფიის პიონერი და დამფუძნებელი საქართველოში.

დავით კაკაბაძე ლადო გუდიაშვილთან ერთად იწყებს კაფე „ქიმერიონის“ მოხატვას, რომელიც იმ დროს ცისფერყანწელების ხშირი შეკრების ადგილი გახლდათ. სწორედ ამ მოხატულობის წყალობით 1920 წელს ის ლადო გუდიაშვილთან ერთად პარიზში მიემგზავრება, სადაც პირველი ტალღის სტაჟირების პარიზელი ქართველი მხატვრები ხვდებიან. პარიზულმა სამხატვრო აკადემიამ „საოცარი დავითისთვის“ და „ზღაპარი ლადო“ გუდიაშვილისთვის კარი შეგნებულად არ გახსნა, რადგან ფიქრობდნენ, რომ ამ ორ მხატვარს აღარაფერი ჰქონდა სასწავლი... პარიზში 6 თვით ჩასული 8 წელს დაჰყოფს და არ ასვენებს ფიქრი იმაზე, რომ თავის ქვეყანას სარგებელი ვერ მოუტანა. დავით კაკაბაძე თავის ძმა სერგოს სწერდა: „პარიზში ყოფნის დროს, საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო განათლების კომისარიატმა დამიბარა ტფილისში და ამასთან სამგზავრო ხარჯისთვის გამომიგზავნა 50 გირვანქა სტერლინგი. ეს ფული მივიღე ჭიათურის შავი ქვის საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენლის ჯაყელისაგან დეკემბრის დამლევს, 1922 წელს. მაგრამ იმხანად საქართველოში დაბრუნება ვერ მოვახერხე და, საუბედუროდ, ის ფულიც მალევე შემომეჭამა (მოგეხსენება, რა ძალა აქვს პარიზში 50 სტერლინგს). შენ იცი, რომ საფრანგეთში წასვლის მიზანი იყო მხატვრული საქმის შესწავლა. იმ ხნის განმავლობაში, როდესაც საქართველოს მთავრობა სტიპენდიას მაძლევდა, მე სისტემატურად და გულმოდგინედ ვმუშაობდი მხატვრობაში, მაგრამ როდესაც 1921 წლის მარტში დახმარება აღარ მომივიდა, იძულებული გავხდი, მეცადინეობა შემეწყვიტა და მთელი ჩემი ღონე იქით მიმემართა, რათა თავი კერძო მუშაობით დამერჩინა. ამის გამო მხატვრული საქმის, ერთხელ შეწყვეტილის, დამთავრება ვერ მოვახერხე, შეუსწავლელი დამრჩა მხატვრობის ზოგიერთი უმთავრესი საკითხი, დაუმთავრებელი სწავლით კი საქართველოში დაბრუნება არ მივიჩნიე მიზანშეწონილად.“ პარიზი იმ დროს ხელოვნების მსოფლიო ცენტრია. ეს იყო ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომელიც მაშინ მიეცათ ქართველ მხატვრებს... იქაურ წრეში ადაპტირება მარტივად მოახდინა, თუმცა შალვა ქიქოძის მსგავსად, დავით კაკაბაძეც ნაკლებად ერეოდა პარიზის ბოჰემურ ცხოვრებაში.

1927 წელს დავით კაკაბაძე გასაბჭოებულ საქართველოში ბრუნდება. ნიშნავენ სამხატვრო აკადემიის ლექტორად. ხდება „რევოლუციურ მხატვართა საზოგადოების ორგანიზაციის წევრი“. აფორმებს დღესასწაულებს, რის გამოც საპატიო ორდენითაც კი აჯილდოებენ და სასწავლო ნაწილის გამგედ ნიშნავენ. იმის მიუხედავად, რომ დავით კაკაბაძე ერთი შეხედვით ძალიან დიდ პატივში მყოფ მხატვრად წარმოგვიდგება, საბჭოთა რეალობამ ის მაინც ვერ გაითავისა. საქართველოში დაბრუნებული მხატვარი, რომელიც დაფასებული იყო ევროპაში, საკუთარმა ქვეყანამ ვერ დააფასა. კოლეგების უმრავლესობა აკრიტიკებდა. ეშინოდათ რეჟიმის, რომელიც ასე დაუნდობლად უსწორდებოდა ყველას; ვინც ეცდებოდა რაიმე სახით მაინც გაერღვია „საზღვარი“. მის მიმართ დამოკიდებულება ძალიან კარგად გამოჩნდა 1928 წელს გამართულ პერსონალურ გამოფენაზე. შეფასებები, რომელიც მის მიმართ გაისმოდა, საფრთხეს უქმნიდა მხატვარს. დავით კაკაბაძე თავის ძმა, სერგოს სწერდა: „შენ იცი, რომ ჩემმა გამოფენამ, რომელიც ტფილისის სასტუმრო „ორიენტში“ ამა წლის მაისში მოეწყო, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს გასაგებია, ტფილისი ხომ პატარა და ჭორიკანა ქალაქია. უნდა ვაღიარო, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო ან არ ისურვა გაეგო ჩემი ნახატები. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა ოფიციალური პრესაც. მაგალითად, გაზეთი „კომუნისტი“ 9 მაისის ნომერში წერდა: „გამოფენილი სურათები გაკვირვებას იწვევენ. გასაგებიც არის, რადგან ასეთი გამოფენა, ჩვეულებრივი ევროპული გაგებით, ტფილისში პირველად ეწყობა და კედლებზე არ ჩანს გართობის, ნუგეშისა და მორალის გადმომცემი სურათები. სამწუხაროა, რომ მნახველმა დავით კაკაბაძის შემოქმედებაში ვერ აღმოაჩინა დიდი გემოვნების მხატვარი“. კერძო გამოსვლებში ჩემს შემოქმედებას უწოდეს „უსაგნო“, მე კი – „ფორმალისტი“. დავით კაკაბაძეს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ის უნდა ეხატა, რაც საბჭოთა კავშირში იყო მიღებული. დავით კაკაბაძე გადაწყვეტს, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს და 1930-იანი წლებიდან კვლავ უბრუნდება პეიზაჟის თემებს. იმერეთის „ხალიჩისებრ“ პეიზაჟებში ელექტროსადგურის გამოსახულებას რთავს, მაგრამ მხატვარს ნამუშევარს უწუნებენ ერთადერთი მიზეზით – სურათში არ ჩანს სოცრეალიზმი. 1931 წელს პირველ დარტყმას რევოლუციურ მხატვართა საზოგადოების თავმჯდომარისგან იღებს. ცილს სწამებენ ბურჟუაზიული იდეოლოგიის ქადაგებაში და როგორი ღიმილის მომგვრელიც არ უნდა იყოს, თემატურ ერთფეროვნებასაც კი აბრალებდნენ. მას ასევე უთხრეს, რომ რყვნიდა ახალგაზრდებს, რომლებიც მიილტვოდნენ ნათელი კომუნისტური მომავლისკენ. ზუსტად ეს სიტყვები ეწერა კომისიის დასკვნაში, რომელმაც დავით კაკაბაძე საბოლოოდ დააშორა სამხატვრო აკადემიას. დავით კაკაბაძეს სამსახურიდან ათავისუფლებენ და მის ცხოვრებაში რკინის ფარდაც სამუდამოდ ეშვება. ევროპისთვის საინტერესო მხატვარი და ამერიკელი ხელოვნების მოყვარულისა და კოლექციონერ კეტრინ დრაიერის აღმოჩენა – დავით კაკაბაძე საბჭოთა საქართველოში საბოლოოდ იკარგება.

1926 წელს კაკაბაძის ნამუშევრები, ცნობილი ამერიკელი ხელოვნების მოყვარულისა და კოლექციონერის დამსახურებით, ნიუ-იორკში, თანამედროვე ეროვნული და ამერიკული მხატვრობის გამოფენაზე გაიტანეს, თავად გამოფენის ორგანიზატორმა კეტრინ დრაიერმა დავით კაკაბაძისგან 6 აბსტრაქტული კოლაჟი, 19 აკვარელში შესრულებული ბრეტანული პეიზაჟი და სკულპტურა Z (ზეტი) შეიძინა. სკულპტურით ნაშოვნი 1 200 ფრანკით კაკაბაძემ გამოსცა წიგნი – „სივრცე და ხელოვნება“. იმდროინდელი ქართული პრესა არ ინდობდა დავით კაკაბაძეს, თუმცა ფრანგული პრესა საპირისპიროს აკეთებდა. ავანგარდული აზროვნების მხატვარს ნიჭს უფასებდა. 1926 წელს საფრანგეთში გამართული გამოფენის შემდეგ ევროპული პრესა დავით კაკაბაძეზე წერდა: ,,დაიქანცები, მოკვდები ამ უზარმაზარი გამოფენის დათვალიერების დროს და ერთადერთი, რაც გრჩება – კაკაბაძეა. რაღაც სიტყვა გახსოვს და რა არის ეს სიტყვა – არის ის შთაბეჭდილება, რაც მოახდინა ამ უზარმაზარმა გამოფენამ მაყურებელზე.“ სკულპტურა, რომელსაც თავად დავით კაკაბაძე „მაშინიზმის ეპოქას“ უწოდებდა, დღეს მოდერნისტულ სიმბოლოდ ითვლება. სკულპტურა მოხვდა იელის უნივერსიტეტის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და გამოფენილია მუდმივ ექსპოზიციაში ბრანკოზის ქანდაკებასთან ერთად. მოგვიანებით სკულპტურის ცენტრში გაყრილი ისრის გამო Z-ს სახელს უცვლიან და განგმირულ თევზს უწოდებენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკაში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალზე წარმოდგენილი იყო იმის ნიმუშად, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქანდაკება. სამწუხაროდ, ეს ქანდაკება ქართველ საზოგადოებას არ უნახავს.

დავით კაკაბაძე ყოველ ახალ ნაბიჯს ახალ აღმოჩენამდე მიჰყავდა. იგი ასევე თეატრის მხატვრადაც მუშაობდა. ჯამში 20 სპექტაკლი აქვს გაფორმებული. აქედან ერთ-ერთია ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ (რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი). დავით კაკაბაძე, მხატვრობის გარდა, კინომატოგრაფიითაც იყო გატაცებული. აქვს ნამუშევარი ფილმებზე, როგორც დამდგმელ მხატვარს: „აკაკის აკვანი“ – რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი (1947 წელი), „დაკარგული სამოთხე“ – რეჟისორი დავით რონდელი (1937 წელი) და „მარილი სვანეთს“ (ჯიმ შვანთე) – რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი (1930 წელი). დავით კაკაბაძემ, ასევე, იმუშავა ფილმზე „საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები“, რომელიც საბჭოთა კინოს სააგიტაციო ჯგუფმა არ აღიარა და აკრძალა. ფილმი დღემდე დაკარგულად ითვლება. აღფრთოვანებული იყო საქართველოს სილამაზით, განსაკუთრებით მთიანი ნაწილით. ხშირად მოგზაურობდა და ახალ აღმოჩენებს აკეთებდა. მთის სიმკაცრემ და მისმა შემაშინებელმა სილამაზემ მასზე დიდი გავლენა მოახდინა. დავით კაკაბაძე წერდა: „მე ფეხით გავიარე ას ვერსზე მეტი მაღაროსკარიდან სოფელ შატილამდე და უკან. მრავალჯერ დავსველდი მთის ჩქარ და ყინულივით ცივ მდინარეში, ზოგჯერ მშიოდა და, შენ წარმოიდგინე, მციოდა კიდეც, ამ გაგანია ზაფხულში, განსაკუთრებით ღამით. ვინახულე ანატორის თავზარდამცემი აკლდამები და აგრეთვე, ციხესიმაგრე შატილი, რომლის სახელწოდება, ჩემი ვარაუდით, ფრანგული სიტყვიდან – Chateau-დან („შატო“ – ციხესიმაგრე) უნდა მომდინარეობდეს.

„დავით კაკაბაძეს ეკუთვნის უსათვალო კინოსისტემის გამოგონება, რომელსაც არ გაგიკვირდებათ და საბჭოთა კავშირმა წითელი ხაზი გადაუსვა. 1938 წელს განიხილა და არ მისცა შესაძლებლობა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი, თუმცა ეს გამოგონება ბევრად ადრე ისევ სხვა ქვეყნებმა დაუფასეს და 7 ქვეყანაში დააპატენტეს. საბჭოთა რეჟიმმა დავით კაკაბაძეს ღირებულებები ვერ შეუცვალა, ამის გამო მთავრობა ცდილობდა, მასზე ნელ-ნელა ეძია შური, რაც მარტივად გამოსდიოდა. 1942 წელს ინსტიტუტის ბაზაზე ვინმე ივანოვის სისტემით უსათვალო კინოს ჩვენება მოეწყო. ეს იყო დავით კაკაბაძის იდეის ხორცშესხმა. დავით კაკაბაძე სიცოცხლის ბოლომდე აღნიშნავდა ხმამაღლა, რომ დაეცვათ მისი საავტორო უფლებები, მაგრამ რომელ ხელოვანს მოუგია ხმამაღალი ბრძოლა წითელ რევოლუციასთან? საბჭოთა რეჟიმმა დავით კაკაბაძე უარყო. უმუშევრად დატოვა იმის მიუხედავად, რომ თხოვნით მიმართავდა სხვადასხვა ინსტანციას, მიეცათ მისთვის რაიმე სახის სამუშაო. მის თხოვნას ყველა უპასუხოდ ტოვებდა. მდუმარე ძლევამოსილ საზოგადოებას შორის იყო კანდიდ ჩარკვიანი, რომლის დუმილმაც დავით კაკაბაძეს საბოლოოდ გადაუწურა მუშაობის იმედი. იძულებული გახდა, ერევანში გაეგზავნა წერილი, რომ მასწავლებლად ემუშავა, თუმცა საქართველოს კულტურის სამინისტროდან წერილი გააგზავნეს, რომ მისთვის იქაც აეკრძალათ მუშაობა. ვერც სტალინის მოცულობითი პორტრეტის შექმნის იდეამ უშველა. საბჭოთა რეჟიმმა დავით კაკაბაძეს დახვრეტაზე უარესი განაჩენი გამოუტანა, ეს იყო მიზანმიმართული მორალური განადგურება ერთ-ერთი საუკეთესო მოზაროვნე მხატვრის, რომელმაც ვერ შეძლო, უარი ეთქვა საკუთარ პრინციპებზე. იმის მიუხედავად, რომ პერიოდულად უწევდა, თავი მოეწონებინა იმდროინდელი „ძვირფასი და კაცთმოყვარე“ ხელისუფლებისთვის, მისი ხელები მაინც იმას ხატავდნენ, რაც მასში იყო. 1948 წელს დავით კაკაბაძემ პარიზში შექმნილი ყველა ნახატი სარდაფში გადამალა, რადგან ჰქონდა შიში, რომ მის შემოქმედებას საფრთხე შეექმნებოდა, რაც გასაკვირი ნამდვილად არ იქნებოდა. დავით კაკაბაძე 1952 წელს 62 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...