საზოგადოება

როგორ იდგა გალაკტიონი ღრუბლებს ზემოთ და სად ეძებდა ის მერის

№30

ავტორი: ეკატერინე პატარაია 13:53 07.08

გალაკტიონი
დაკოპირებულია

გალაკტიონი მთელი თავისი არსებით

გალაკტიონი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მეტად მგრძნობიარე ხასიათით. მას მუდამ იტაცებდა ყველაფერი კარგი და მშვენიერი. მის არაჩვეულებრივ მუსიკალურ სმენას კარგი ხმაც უწყობდა ხელს. როცა 15 წლის გალაკტიონისთვის ცნობილ ქართველ კომპოზიტორს ნიკო სულხანიშვილს, აღტაცებით წამოუძახია: „რა სუფთა ალტია, გასაოცარი, ხავედროვანი და წკრიალა, ძლერი ალტი! უნაზესი ლირიკაა!“ ეს იყო 1910 წელს, დაახლოებით, 20-იან წლებში კი პოეტის დღიურში ასეთი ჩანაწერი ჩნდება: „არასოდეს ისეთი მრავალჟამიერი არ მახსოვს, ვანო სარაჯიშვილი, ლ პავლიაშვილი და მე რომ ვმღეროდით“. თითოეული ლექსი კი, რომელიც დიდი მხატვრის ფუნჯის ნახელავს წააგავს, სიმღერასავით იკითხება „წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო...“ გალკატიონი კლასიკური მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი იყო. თავის ლექსებში ეს კლასიკა ისე ოსტატურად არის შეტანილი, რომ თითქმის მის ორგანულ ნაწილად უქცევია. მსოფლიო კლასიკური მუსიკის გენია – ბეთჰოვენი და მისი შემოქმედება გალაკტიონის სათაყვანებელი კერპი იყო, ალბათ, იმიტომაც, რომ ამ ორ დიდი პიროვნებას შორის იყო მსგავსება – ბობოქარი, მეამბოხე სული და უნაზესი ლირიზმი... არ ვიცით, როდის დაიწერა „მეცხრე სიმფონია“, მაგრამ პირველად 1948 წელს გამოქვეყნდა მის ლექსთა კრებულში – „ზღვა ახმაურდა“. გალაკტიონის შთაგონებაზე დიდ ზემოქმედებას ახდენს ვაგნერის ძლიერი, გრიგალისებური მუსიკაც. ამ დიდ კლასიკოსზე შექმნა პოეტმა ლექსი „ვაგნერი“. შეუძლებელია ამ კომპოზიტორის მუსიკის ამაზე ზუსტი პოეტური აღწერა, როგორიც ეს გალაკტიონმა მოგვცა თავის ლექსში... ამ ვაჟკაცურ კლასიკასთან ერთად, პოეტს ხიბლავს მოცარტის მსუბუქი, ლამაზი მუსიკაც, რამაც შემდეგი სტრიქონები დააწერინა: „და წავალ ქარში, როგორც მოცარტი, გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით („შერიგება“.) პოეტი თავის განწყობილებას თუ განცდებს მუდამ მუსიკას უკავშირებს, ამიტომ ის მარტო არასდროს არის. „ავადმყოფობის დროს ყურებში ხმაური მესმოდა – შუმანი, ბეთჰოვენი, ჭიანური, როიალი...“ „...ღამის პირველი საათია... მოვისმინე შუბერტისა და ბახის მელოდიები... განსაკუთრებით ლექსის წერის დროს ვარ სიმღერის ხასიათზე. ლექსს ჯერ გონებაში გავმართავ მუსიკალურად, ჩემთვის დავამღერებ კიდეც და გადამაქვს ქაღალდზე. თუ ქაღალდზე გადატანის შემდეგ ლექსის მუსიკა არ მომეწონა, მაშინვე მას კვლავ ვუბრუნდები“...

როგორც ღმერთი

ვინ შემოგვთავაზებს პოეტის უკეთეს დახასიათებას, თუ არა მისი ახლობლები. მოვუსმინოთ მის ძმას, აბესალომს, რომელიც შესანიშნავად ჩასწვდომია გალაკტიონის ბუნებას: „უმთავრესი ის არის, რომ მას ასე ვერ გაზომავთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს“...

გალაკტიონს ბევრი ებრძოდა. უტევდნენ წერილობით და სიტყვიერად, ფარულად და აშკარად, ღვარძლითა და გაბოროტებით. მას კი აზრად არ მოსვლია ერთი საჩივრის დაწერაც. გალაკტიონი მუდამ მართალი იყო თავისი სინდისისა და მუზის წინაშე. ის ღრუბლებს ზემოთ იდგა, როგორც ღმერთი, მაგრამ არა ღმერთივით მშვიდი. იყო ბობოქარი, მშფოთვარე, დაუდგრომელი, ირონიული და გამქილიკებელიც კი, მაგრამ „ძალზე შორს იდგა პიროვნების განწირვისგან“.

1939 წლის 12 აგვისტოს კისლოვოდსკში, სადაც პოეტი ისვენებდა, მის უბის წიგნაკში ასეთი ჩანაწერი გაჩნდა: „დილა ძალზე მოღრუბლული იყო. გადავიკითხე შემდეგი გვედრები წიგნისა – „როგორ მუშაობდა ტოლსტოი“. ამას წერს ორი ათასზე მეტი ბრწყინვალე ლექსის ავტორი, რომლის არქივიც თავის თავზე უკმაყოფილო პოეტის შესახებ საპირისპიროს ამტკიცებს. მოვუსმინოთ ისევ გალაკტიონს: „მე მინდა, ვწერო მხოლოდ საგანზე და საგნის გამო და მე არ მინდა ვწერო მხოლოდ იმისათვის, რომ ვწერო. მე მაქვს აზრები და დაკვირვებანი, რომლებიც სხვისთვის გაზიარების ღირსი მგონია... მე არ ვფიქრობ წერისთვის, მე არ მინდა, გამიცნონ იმით, რომ რაც შეიძლება, დაუსრულებლად გავაგრძელო ჩემი მოსაზრებანი და ვავრცელო არასწორი (ყალბი, დაჭიმული და მერყევი) აზრები, ვსჩანდე ისეთად, როგორიც ჩემს დღეში არ ვყოფილვარ და დღესაც არა ვარ. არ მიყვარს ნახევრად ბნელი გამოთქმები, რომ ჩემს ნაწერებს აკლდეს სრული სინათლე და გაურკვევლობა... ბოლოს და ბოლოს მეც შეცდომაში არ უნდა შემყავდეს მკითხველი, არასოდეს დავიწყებ წერას იმის გამო, რომ ქაღალდები ვავსო“.

ბილიკი ვილიდან

1947 წლის ივლისში გალაკტიონი, თავის მეუღლესთან ერთად, შოვში ისვენებდა. კურორტის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ცდილობდა პოეტისთვის შეექმნა დასვენებისა და მუშაობის ყოველგვარი პირობა. მათ დაბურული მუხის ქვეშ გაუმართეს მაგიდა და სკამი და „გაიყვანეს ბილიკი ვილიდან ჩემს მაგიდამდე, – იგონებს შემდეგ პოეტი, – და ამგვარად ჩემს განკარგულებაში იყო ახალთახალი ხეივანი, ჩემთვის სრულიად საკმარისი დაფიქრებისა და მოგონებებისთვის. როდესაც ნიკორწმინდელი დურგალი აქ, შოვში, მაგიდას მიკეთებდა, თან მიყვებოდა ამბებს ნიკორმწინდის ჩუქურთმების შესახებ. მე დავპირდი მას, რომ ამ მაგიდაზე დავწერ რაიმეს იმ ძეგლის შესახებ. მე ეს დაპირება შევასრულე“. ასეთი ყურადღებით ნასიამოვნები პოეტი თითქმის ყოველდღე მიუჯდებოდა ხოლმე მაგიდას სამუშაოდ და სულ მალე „აივსო ჩემი მყუდრო მაგიდა ახალი ლექსებითა და ყვავილებით, იმ ხეივნის მუზა და ფიჭვი მე მიმაფრენენ მზიურ ჩრდილებით“.

შენ მაინც ვერსად გიპოვე მერი

1935 წელს გალაკტიონი პარიზში კულტურის დაცვის მსოფლიო კონგრესის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას, როგორც საბჭოთა ქვეყნის დელეგატი. გალაკტიონს, ალბათ, ეცოდინებოდა, რომ მერი შერვაშიძე პარიზში ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად და ის აქაც ახსენდება. შეიძლება, ეძება კიდეც, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნო. ყოველ შემთხვევაში მისი ნახვის სურვილი რომ დიდია, ეს ჩანს მისივე ლექსიდან, რომელიც ასევე, თავის სიცოცხლეში არ გამოუქვეყნებია:

„შენ მაინც ვერსად გიპოვე, მერი! ო, გული მტკივა, გული სხვა გრძნობის, არსად არ გნიშნავს ჩემ წინ ცბიერი, რელიეფური რუქა ევროპის. სად ხარ, სად? რომელი მიწა შენ აირჩიე ჩვენის მაგიერ? – ბადენ-ბადენი, ლონდონი, ნიცა თუ (მოგონებავ, გვერდს ვერ აგიარ)...“

პოეტი და ოცნება განუყრელნი არიან. ყველა ხელოვანისა და მათ შორის, პოეტის ფანტაზიაც ხომ უსაზღვრო და უკიდეგანოა... ასე წარმოედგინა პოეტს თავისი ოცნება და ოცნებობდა კიდეც ყველაფერ კარგზე, რაც ხელს შეუწყობდა მის შემოქმედებით იმპულსს. პირველ ყოვლისა კი, ის ოცნებობდა მშვიდ, მყუდრო ცხოვრებაზე, როცა სამუშაო პირობები იდეალური ექნებოდა, მით უმეტეს თუ ამას საოცნებო, ლამაზი დიასახლისიც დაამშვენებდა: „... მქონდა საკუთარი მყუდრო ბინა, მყავდა მშვენიერი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც სახელიც კი, დავარქვი: ზულეიმა. ეს იყო ჩემი თანამგრძნობელი. წარმოვიდგინე შემდეგ ზამთრის დილა, რომ ამ სევდიან დროსაც მყავდა პირი, რომელიც მუდამ ჩემი იქნება. ოცნებებემა ისე შორს გამიტაცეს, რომ ლექსიც კი დამაწერინეს. „შერიგება“ დავარქვი ამ ლექსს“, – წერს პოეტი.

სამსტრიქონიანი ლექსები

გალაკტიონის შემოქმედებითი მუშაობა, შეიძლება ითქვას, მრავალწახნაგოვანია. ერთხანს იგი გატაცებულლი იყო სამსტრიქონიანი ლექსით...

„და არის ქვეყნები სხვა, რომელთაც არ აქვთ ზღვა, ანუ არც მდინარე“... „აქ კი ცად ასულა ფრთა, უშორეს ტალღების მთა, თეთრი და მყინვარე...“ , „ეს სექტემბერი ტყის ფოთლებს ითვლის, უძოს ფერდობზე და ვამჩნევ სიყვარულს, პირველ სიყვარულს“. და ბევრი მსგავსი სხვა. სამსტრიქონიანი ლექსით არის დაწერილი მთელი პოემა „ძლეული სენიც“...

გალაკტიონი ისე გარდაიცვალა, რომ რამდენიმე ასეული ლექსი გამოუქვეყნებელი დარჩა... შეიძლება, მკითხველმა იფიქროს, ალბათ, თვითონ გალაკტიონი არ მიიჩნევდა საჭიროდ ამ ასობით ლექსის გამოქვეყნებასო, მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს. პოეტმა, უბრალოდ, ვერ მოასწრო ამდენი ლექსის დასტამბვა. მისი სიკვდილის შემდეგ ბევრი ასეთი ლექსი დაისტამბა, მაგრამ ვფიქრობთ, სრულად მაინც არ გამოქვეყნებულა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა