როგორ იბრძოდნენ ომში ერთად და-ძმა გიორგი და ელისაბედ ყაზბეგები და როდის გახსნეს მათ საკუთარ სახლში სკოლა
ავტორი: ქეთი მოდებაძე 13:00 08.08
თერგდალეულთა თაობის ღირსეული წარმომადგენელი, გეოგრაფი, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე გიორგი ყაზბეგი 1839 წელს დაიბადა სტეფანწმინდაში, ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში.
გიორგი სწავლობდა ტამბოვისა და ვორონეჟის კადეტთა კორპუსებში. სამხედრო კარიერა პორუჩიკის ჩინით ქართველ გრენადერთა პოლკში დაიწყო. 1870 წელს დაამთავრა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია და როგორც სამხედრო ინჟინერი, კავკასიის არმიის გენერალური შტაბის წევრად დაინიშნა.
1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს გიორგი ყაზბეგი იყო ქობულეთის რაზმის შტაბის უფროსი. რაზმი ბათუმის მიმართულებით მოქმედებდა და ყაზბეგი ყველა ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას.
ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის გიორგი ყაზბეგი წმიდა ანას მეორე ხარისხის ორდენითა და ოქროს იარაღით დაჯილდოვდა. ბრძოლებში ორჯერ მიიღო კონტუზია და ამის გამო მეორე კლასის დაჭრილებში ჩაირიცხა.
ამ ომში გიორგი ყაზბეგის გვერდში იბრძოდა მისი და ელისაბედი, პეტერბურგის სამეანო სასწავლებლის კურსდამთავრებული.
1878 წელს, რუსეთ-თურქეთს შორის საზავო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გიორგი ყაზბეგი ბაქოს 153-ე ქვეითი პოლკის მეთაურად დანიშნეს. პოლკი მაშინ არზრუმში იდგა და მისი მეთაური ამ დროს ქალაქის კომენდანტადაც ითვლებოდა.
1891 წელს გიორგი ყაზბეგი, გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებასთან ერთად, ვარშავის ციხესიმაგრის შტაბის უფროსად დანიშნეს, შემდეგ იყო ივანგოროდის ციხესიმაგრის კომენდანტი.
1900 წელს უკვე გენერალ-ადიუდანტის წოდება მიანიჭეს და ისევ ვარშავაში გადაიყვანეს ციხესიმაგრისა და მთლიანად გამაგრებული რაიონის კომენდანტად. ხელმძღვანელობდა პორტარტურის დაცვას, შემდეგ კი ვლადივოსტოკის კომენდანტად გადაიყვანეს.
იმის გამო რომ ამბოხებულ ჯარისკაცებს სასტიკად არ გაუსწორდა და მშვიდობიანად მოაგვარა დაპირისპირება, მთავრობამ ლიბერალობა დასწამა და სამსახურიდან დაითხოვა.
გიორგი ყაზბეგი ნაყოფიერ კვლევით მოღვაწეობას ეწეოდა გეოგრაფიის სფეროში. 1965 წელს ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, იტალიაში, წასულა სამკურნალოდ. მან ზუსტად ამ პერიოდში მოამზადა და გამოაქვეყნა ისტორიულ-გეოგრაფიული ნარკვევი „იტალიელები საქართველოს შესახებ“.
1874 წელს გიორგი ყაზბეგი კონსპირაციულად, სამხედრო-სადაზვერვო მისიით იმყოფებოდა ოსმალეთის მიერ მიტაცებულ უძველეს ქართულ პროვინციებში – აჭარაში, შავშეთში, არტანუჯში, ლივანაში, ლაზეთში. ამ მოგზაურობის შედეგად დაწერა ორი ვრცელი ნაშრომი – „სამი თვე თურქეთის საქართველოში“, რომელსაც რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ ვერცხლის მედალი მიაკუთვნა და „ლაზისტანის სანჯაყის სამხედრო-სტრატეგიული ნარკვევი”.
გიორგიმ ტბეთის ეკლესიაში აღმოაჩინა „ტბეთის სულთა მატეანე“, რომელიც მდიდარია ისტორიულ-გენეალოგიური მასალით. მოინახულა ხიხანის ციხე, ოპიზა და პარხალი. გეოგრაფიული ხასიათის ნაშრომებს ეკუთვნის „თერგის ოლქის სამხედრო-სტატისტიკური აღწერა“.
გიორგი ყაზბეგი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა: ხევსა და სტეფანწმინდაში განაგრძო ძმის, დიმიტრი ყაზბეგის მიერ დაწყებული საგანმანათლებლო საქმიანობა და დის – ელისაბედის თანადგომით საკუთარ სახლში გახსნა სკოლა.
1908 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრებაზე გიორგი ყაზბეგი ერთხმად აირჩიეს საზოგადოების თავმჯდომარედ. ის ყოველთვის იზიარებდა საზოგადოების გამგეობის წევრთა პროგრესულ მოსაზრებებს. შემოიღო წესი, რომლითაც საზოგადოების ადგილობრივ განყოფილებებს, რომელთა რიცხვი 13-მდე იყო, მათ შორის ბაქოსა და კავკავში მიანიჭა ფართო ავტონომია, მისი მეთაურობით საზოგადოება დიდ საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.
გიორგი ყაზბეგის მეორე ნახევარი გახლდათ ელისაბედ ალექსანდრეს ასული მაღალაშვილი, რომელთანაც ოთხი შვილი შეეძინა: ელენე, ნიკო, კონსტანტინე და ალექსანდრე.
სიცოცხლის ბოლი წლები ძალიან მძიმე აღმოჩნდა გიორგი ყაზბეგისათვის. ის სამივე ვაჟის დაღუპვას მოესწრო.
1921 წელს გიორგი ყაზბეგი საზღვარგარეთ წავიდა.
მისი წასვლის შესახებ რამდენიმე აზრი არსებობს: ემიგრაციაში გაჰყვა მენშევიკურ მთავრობას, ევროპაში წავიდა სამკურნალოდ, პოლონეთში წავიდა დაღუპული შვილის საფლავის საძებრად. ასევე, იყო მოსაზრება, რომ გიორგი ყაზბეგის სტამბოლში წასვლის მიზეზი იყო რძლის, მარინე დადიანი–ყაზბეგისა და შვილიშვილის მარინეს უცხოეთში გაცილება.
1921 წლის 14 აპრილს გიორგი ყაზბეგი სტამბოლში გარდაიცვალა.
გამოყენებული მასალების წყარო: მანია ქეთევან. გიორგი ყაზბეგის ცხოვრება და მოღვაწეობა // საქართველო და თურქეთი : კულტურულ ურთიერთობათა ისტორია, დღევანდელობა და პერსპექტივები : აჰმედ ოზქან მელაშვილის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები; ნაჭყებია, ნ. გიორგი ყაზბეგის ბიოგრაფიული ცნობები / ნ. ნაჭყებია // გიორგი ყაზბეგი აჭარის შესახებ; კომახიძე თეიმურაზ. გიორგი ყაზბეგი // აჭარის მოამაგენი / თეიმურაზ კომახიძე; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან