საზოგადოება

როგორ იბრძოდა უკანდაუხევლად შალვა აბდუშელიშვილი სამშობლოსთვის და რა მოთხოვნებისთვის დაატოვებინეს მას საქართველო

№24

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 22.06, 2022 წელი

შალვა აბდუშელიშვილი
დაკოპირებულია

შალვა აბდუშელიშვილი (აბდუშელი) 1889 წელს ჭიათურის რაიონის სოფელ ბჟინევში დაიბადა. მისი მამა ზინობ აბდუშელი, მღვდელი გახლდათ. განათლება ჯრუჭის მონასტერში მიუღია, სადაც ძალიან კარგად შეუსწავლია ხუცური, ბერძნული, ლათინური და ყველა საეკლესიო წესი. შალვას დედა – თებრონია გომართელი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ექიმ ივანე გომართელის მამიდა იყო.

შალვა იზრდებოდა ძალიან შეხმატკბილებულ, მშვიდ და შეძლებულ ოჯახში. მათ სიმდიდრეს, უმთავრესად, მიწები და ტყე წარმოადგენდა. მშობლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ შვილის განათლებას. შალვამ დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო, რის შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად სემინარიაში შეიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ მას მშობლები არაფერს აკლებდნენ, შალვა კარგად ხედავდა მის გვერდით მცხოვრები გლეხების სიდუხჭირეს და იმასაც, რომ ჭიათურაში მაღაროელებს ძალიან მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა. მათდამი თანაგრძნობით ანთებულმა ახალგაზრდამ საკუთარ თავს ფიცი მისცა, შებრძოლებოდა მძიმე სოციალურ უსამართლობას. ეს განწყობა კიდევ უფრო განუმტკიცდა სემინარიაში, სადაც სტუდენტობისთანავე შეეჩეხა რუსული ადმინისტრაციის შოვინისტურ დამოკიდებულებებს, რამაც განაპირობა მისი ჩართვა სოციალისტურ მოძრაობაში.

შალვა აბდუშელი ჭიათურაში ძალიან დაუახლოვდა მაღაროელებს. არალეგალური მუშაობის დროს კი გაიცნო ზაქარია გურული, ისიდორე რამიშვილი და კობა, იგივე სოსო ჯუღაშვილი, სხვა სოციალისტებთან ერთად. სემინარიაში შალვა მონაწილეობას იღებდა არალეგალური პოლიტიკური ჯგუფების მუშაობაში. ის და მისი მეგობრები იმდენად აქტიურები იყვნენ, რომ გაშმაგებულმა ადმინისტრაციამ სემინარია დახურა და მოსწავლეები სკოლის გარეთ დატოვა. შალვა გიმნაზიაში გადავიდა და სიმწიფის მოწმობის მისაღებად სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით დაიწყო მომზადება. ამ პერიოდში ის კიდევ უფრო ახლოს გაეცნო აკრძალულ ლიტერატურას, რამაც მასზე კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა. მალე შალვამ მონაწილეობა მიიღო ქუთაისში გამართულ ახალგაზრდა ჯარისკაცების დემონსტრაციაში, რის გამოც დაიჭირეს. ციხეში ახალგაზრდამ გაიცნო ალექსანდრე დგებუაძე, ბუდუ მდივანი, გრიგოლ ურატაძე და მათთან ურთიერთობის შემდეგ კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლო რევოლუციურ საქმიანობაში.

გამოძიების დამთავრების შემდეგ შალვა აბდუშელი ციხიდან გაათავისუფლეს და სოფელში გაგზავნეს. ამ დროს ჭიათურაში სოციალური ფონი უფრო მეტად იყო გამწვავებული. დაიწყო 1905 წლის გაფიცვები და ეგრეთ წოდებული, „ბუნტი“. შალვა ყველაფერში აქტიურად მონაწილეობდა. ის გაერთიანებული იყო „ხუნხუზებად“ წოდებულ რაზმში, რომელსაც ნესტორ ჩხიკვაძე ხელმძღვანელობდა. ბუნტის ჩახშობისა და ალიხანოვის დამსჯელი რაზმების შემოსვლის შემდეგ შალვამ გაქცევა მოახერხა. ის გურულ გლეხად გადაცმული თბილისში გაემგზავრა, იქიდან კი პეტერბურგში გადავიდა. იმდროინდელი პეტერბურგი კი არა მარტო კულტურული, რევოლუციური მოძრაობის ცენტრი იყო.

შალვა აბდუშელმა სწავლა დაიწყო პროფესორ ლეზგაფტის ინსტიტუტში, სადაც ლექციებსაც ისმენდა, ესწრებოდა დისკუსიებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ გამოჩენილი მწერლები, პუბლიცისტები და პოლიტიკური მოღვაწეები. მეფის მთავრობამ ვერ მოითმინა ლიბერალური ინსტიტუტის თავისუფლად არსებობა და ის დახურეს. შალვა სასწავლებლად ნევრო-ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში გადავიდა. მან ინსტიტუტის დამთავრება ვერც ამჯერად მოახერხა, რადგან 1910 წელს ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. თავდაპირველად ციხეში იჯდა, შემდეგ კი სამი წლით არხანგელსკში გადაასახლეს. თუმცა, ორწელიწად-ნახევარში, რომანოვების დინასტიის სამასი წლისთავის გამო გამოცხადებული ამნისტია შეეხო, რის შემდეგაც, დიპლომის მისაღებად პეტერბურგში დაბრუნდა.

მან მუშაობა დაიწყო მესამე სახელმწიფო სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. მალე, ნოე რამიშვილის დავალებით, საქართველოში გამოემგზავრა პარტიული ჟურნალის გამოცემაში მონაწილეობის მისაღებად. ეს საქმე თბილისში არ გამოვიდა, რის შემდეგაც ქუთაისში ჩავიდა და იქ დაიწყო მუშაობა გაზეთში, ნოე ხომერიკის ხელმძღვანელობით.

1913 წელს თბილისში გაფიცვები დაიწყო. შალვა კი ისევ მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა. ნავთლუღში ჩატარებული რკინიგზელთა არალეგალური კრების შემდეგ ის კიდევ ერთხელ დააპატიმრეს და ხუთი წლით გადაასახლეს ასტრახანში. იქ მან, ისიდორე რამიშვილის დახმარებით, ქალაქის თვითმმართველობაში დაიწყო მუშაობა. აწარმოებდა ომში გაწვეულ ჯარისკაცთა ოჯახების აღრიცხვას. ნელ-ნელა სამსახურში წინ წაიწია და ქალაქის თვითმმართველობის თავმჯდომარის ამხანაგი გახდა. 1917 წლის რევოლუციის დროს ასტრახანი ცენტრს გამოეყო და შალვა შრომის კომისრად დანიშნეს. მაგრამ მალე იქ არეულობა დაიწყო და შალვას დახვრეტა ელოდა, მაგრამ მან გამოპარვა მოახერხა და თავი ბაქოს შეაფარა.

შალვა აბდუშელი სამშობლოში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაბრუნდა. ის იყო პროფესიული კავშირების ცენტრალური საბჭოს მდივანი და პერიოდული ორგანოს, ჟურნალ „მუშათა ცხოვრების“ რედაქტორი. დამოუკიდებლობის წლებში იგი თავს არ ზოგავდა ქვეყნის წინსვლისა და აღმშენებლობისთვის, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი კვლავ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. ის იყო 1921 წლის 10 აპრილს სახაზინო თეატრში გამართული ისტორიული კრების მდივანი, რომელმაც გამოიმუშავა და საოკუპაციო ხელისუფლებას წარუდგინა მთელი რიგი გაბედული მოთხოვნები. მოსკოვის ბრძანებით, ყველანი დააპატიმრეს და საზღვარგარეთ გაასახლეს.

შალვა აბდუშელმა 43 წელი იცხოვრა პარიზთან ახლოს, ქალაქ სენ-კლუში. მუდმივად სამშობლოზე ფიქრობდა, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე პარიზში და მონაწილეობდა საქართველოს სასიკეთოდ გამართულ ყველა ღონისძიებაში. მისი მეუღლე გახლდათ ლუბა ჩაჩიბაია.

შალვა აბდუშელი 1966 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილში. მაშინ ჟურნალი „ივერია“ წერდა: „ამ უკანასკნელ დღეებში მოულოდნელად გარდაიცვალა მრავალ წელთა განმავლობაში ქართულ სათვისტომოს გამგეობის თავმჯდომარედ ყოფილი შალვა აბდუშელიშვილი. მის დაკრძალვაზე მრავალრიცხოვან ქართულ და ფრანგულ საზოგადოების დასწრებამ ცხადყო, რამდენად აფასებდნენ მის უაღრესად კეთილ ბუნებას და მის მიერ გაწეულ ღვაწლს“.

გამოყენებული მასალების წყარო: შარაძე გურამ-ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი