საზოგადოება

როგორ იბრძოდა ტრისტან სარალიძე ვერაგი დაავადების წინააღმდეგ და რა დაიბარა მან ანდერძად

№23

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 12.06

ტრისტან სარალიძე
დაკოპირებულია

27 მაისს მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა... ის თავისი მეორე სახლიდან, რუსთაველის თეატრიდან მშობლიურ კუთხეში, ბორჯომში (ახალდაბაში) გადაასვენეს. არტისტი მეგობრებმა და კოლეგებმა გააცილეს. 69 წლის მსახიობი მშობლიურ მიწას მიაბარეს. დანაბარები შეუსრულეს, დედის გვერდით დაკრძალეს...

„...მე და დედა და-ძმასავით გავიზარდეთ. მამა ადრე გარდამეცვალა. მაშინ მე 3 წლის ვიყავი და დედა – 24 წლის. როცა დედა გარდაიცვალა, 84 წლის იყო. ყველაზე მაგრად ვდარდობდი, ვფიქრობდი, ხომ არ მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული ისეთი რამ, რითაც მას გული ვატკინე-მეთქი. შეიძლება, არ მოიძებნებოდეს ასეთი ამბავი, მაგრამ ცხოვრება ულმობელია. შენი სწორი ნაბიჯები, შეიძლება სხვას არასწორად მოეჩვენოს და ამით ტკივილი მიაყენო ადამიანს. ყველაზე დიდი ცრემლი ბოლოს დედის გარდაცვალების გამო დამდინდა...“ – ჰყვებოდა ბატონი ტრისტანი „თბილისელებისთვის“ მიცემულ ბოლო ინტერვიუში.

ცოტა ხნის წინ ცუდი ამბავი გავრცელდა – დაიწერა, რომ ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა და ყველამ ძალიან განიცადა, თუმცა მალე გვითხრეს – ეს ამბავი სიმართლეს არ შეეფერება, ბატონი ტრისტანი ცოცხალიაო და ყველამ გავიხარეთ.

საუბედუროდ, სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. რამდენიმე დღის წინ ბატონმა ტრისტანმა ნამდვილად დაგვტოვა. ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა და სამწუხაროდ, ყველაფერი ასე დასრულდა.

„ბოლოს ისე იყო, კლინიკაში გვითხრეს, სახლში წაიყვანეთო… უკვე სახლის კიბეებზე, შვილებს, გოგასა და ლევანჩოს გახედა: ბიჭებო, თქვენს ქორწილში… ვერაფერსაც ვერ ვიზამო. გულით გაგვეცინა! ახლაც, რომ მახსენდება, მეღიმება… რა მაგარია, არა?! შენ მერე რომ ღიმილი რჩება… შენ გარეშე ნაკლები მიზეზი როა გაღიმების…“ – წერს სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში.

ბესო ბარათაშვილი: ტრისტანს, როგორც კოლეგას, შორიდან ვიცნობდი, გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე. რუსთაველის თეატრში მუშაობდა, სადაც მე ბევრი მეგობარი მყავს. მერე, როცა ერთ გადაცემაზე დაგვამტკიცეს, თავიდანვე ძალიან კარგად აეწყო ჩვენი ურთიერთობა, ფაქტობრივად, პირველივე დღიდან მეგობრები გავხდით. მას შემდეგ ასე მოვყვებოდით.

– მასწავლებელს უწინასწარმეტყველებია მისთვის, ამ ცოდნით შორს ვერ წახვალო, მაგრამ დაუმტკიცა საპირისპირო, არა?

– ამბების მოყოლა უყვარდა ძალიან და ამასთან დაკავშირებით ერთ ისტორიას იხსენებდა. ახალდაბაში რომ ვსწავლობდი, მათემატიკის მასწავლებელმა მითხრა, შენ ამ ცოდნით შორს ვერ წახვალო. წლები გავიდა, რუსთაველის თეატრიდან არგენტინაში, ბუენოს-აირესში ვარ გასტროლით. იმის იქით, ყინულია, მეტი აღარაფერი და იქიდან მოვიწერე დეპეშა: ჩემს მასწავლებელს უთხარით, მეტი შორს სადღა გინდათ, რომ წავიდეო?!

– ბოლო პერიოდში გქონდათ კონტაქტი?

– როგორ არა. წინა ორშაბათს ვიყავი მასთან სახლში სანახავად. კვირას გამოწერეს საავადმყოფოდან. ორი დღე იწვა და მძიმე დიაგნოზით გამოატანეს ოჯახს. მე და ჩვენი საერთო მეგობარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ბერიკაშვილი ავედით. ცოტა ხანს ველაპარაკეთ. ძალიან სუსტად იყო, ძლივს საუბრობდა. გავამხნევეთ, შემოვუძახეთ, მაგრამ ისეთი მდგომარეობა ყოფილა, რაღას უშველიდა ჩვენი გამხნევება.

– როცა გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თავიდან მიჭირდა დაჯერება, რადგან ცოტა ხნის წინაც დაიწერა, რომ გარდაიცვალაო...

– კი, კი, ტყუილი გავრცელდა. მაშინაც ველაპარაკე. მის ყურამდეც მივიდა ეს ამბავი და იძახდა, ჯინაზე უფრო დიდხანს ვიცოცხლებო. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა.

– დიდი ხანი ებრძოდა სენს?

– მე მარტის თვეში გავიგე. სამხატვრო ხელმძღვანელი რომ დაგვინიშნეს, მინისტრი იყო მოსული ჩვენთან და მთელი დასი შევიკრიბეთ. გია ბურჯანაძე მყავდა დიდი ხნის უნახავი და თავისი ამბები გამოვკითხე და მითხრა, ტრისტანი ვნახე იქო. გამიკვირდა, რა უნდოდა-მეთქი. ეგრეა, ფილტვზე აქვს, მაგრამ მეტასტაზები არ არის წასული და შეიძლება, რაღაცის გაკეთებაო. ნერვიულობდა, მაგრამ გავამხნევე, მთავარია, დროზე აღმოაჩინაო. ბოლოს მეც რომ ვნახე ტრისტანი, მეც ასე ვამხნევებდი, შენს თავს შემოუძახე-მეთქი, მაგრამ თურმე, რაღას შემოუძახებდა. ორ თვეში მოათავა კაცი. მარტში მეტასტაზები არ ჰქონდა, მაგრამ ახლა უთქვამთ, რომ უკვე მეოთხე სტადია იყოო. ორ თვეში ასე შეიცვალა მდგომარეობა.

– როცა ამაზე პირველად ილაპარაკეთ, რა გითხრათ?

– რომ დავურეკე, ძალიან მხნედ იყო, მგონი, გადავრჩიო, მითხრა. შენ გენაცვალე, ეს რა კარგი რამე მითხარი-მეთქი, ძალიან გამიხარდა. ტკივილები აღარ მაქვს, ჭამა დავიწყე, მანამდე გემოს ვერ ვუგებდი ვერაფერსო. 5 მაისს დაბადების დღე ჰქონდა და მაშინაც დავურეკე, მივულოცე, ამბები გამოვკითხე. მერე აღარ დამირეკავს, ვფიქრობდი, ცოტა დრო რომ გავიდოდა, მერე მოვიკითხავდი. ისეთი ამბავი იყო, არც ის მინდოდა ყოველდღე შემეწუხებინა. წინა ორშაბათს რომ ვნახე, როგორც გითხარით, უკვე ძალიან ცუდად იყო და სამწუხაროდ, ყველაფერი ასე დასრულდა.

„ურეკში მეგობრის სასტუმროში ვისვენებდი. ყველა მცნობს ამიტომ ბათუმი არ მიყვარს დასვენება. გცნობენ, რესტორანში გეპატიჟებიან და უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. ურეკი მაინც პატარაა და ასეთ ამბებს პირველ-ორ დღეში მოვითავებ და მერე მშვიდად ვისვენებ ხოლმე. ერთხელაც, განსაკუთრებული ფორიაქი შეიქმნა, ზოგმა აჩმა მომიტანა, ზოგმა – ხილი და ასე შემდეგ. ბოლოს ხალხს დავემშვიდობე და სასტუმროსკენ წამოვედი. მოხუცებული ქალი შემხვდა გზაზე და მითხრა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარხართ, ბატონო ტრისტანო. მოვეფერეთ ერთმანეთს და ეს ქალბატონი მეუბნება: მე ერთი უბრალო ქალი ვარ, არაფერი შემიძლია, მაგრამ აგერ ორასლიტრიანი კასრი მაქვს მაღლა და ისეთი თბილი წყალია შიგ, ზღვის შემდეგ ძალიან გესიამოვნებათ და ეგება გადაივლოთო. ჩემს ცხოვრებაში უამრავ ადამიანს უცია პატივი ჩემთვის, მაგრამ ამ ქალისნაირი გულწრფელი და ალალი დამოკიდებულება არც მიმიღია და არც გამიგია. თუ ადამიანი ასე იცხოვრებს, მაშინ ბედნიერად გაივლის თავის გზას და ძალიან ბევრ ადამიანს დასწყვეტს გულს, როცა ამ ქვეყანაზე აღარ იქნება.“ – ჰყვებოდა ბატონი ტრისტანი ჩვენთან ინტერვიუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

17-23 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი