საზოგადოება

როგორ იბრძოდა მთელი ცხოვრება სამშობლოსთვის რევაზ გაბაშვილი და რატომ ვერ ნახულობდა ის შვილებს თითქმის ნახევარი საუკუნე

№35

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 06.09

რევაზ გაბაშვილი
დაკოპირებულია

„საზღვარგარეთ ვიყავი „ხალიჩების მბერტყავი“, დურგალი (2 წ.). შოფერი და „კომენდანტი“ (2 წ.) – სტამბოლში. მერე პარიზში – 1 წ. დურგალი, 15 წ. შოფერი, რედაქტორი და სხ. და ომებში და რევოლუციებში გადავარდნილი სამ-სამჯერ. ალბათ, არ დაიჯერებ, რომ არას დროს ჩემთვის არაფერი მიძებნია: არც სახელი, არც მდგომარეობა, არც ქონება. სრულიად უბრალოდ, ბუნებრივად ჩემს სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნდა მუდამ სამსახური სხვებისა და იდეალისათვის, სამშობლოსათვის“, – წერს რევაზ გაბაშვილი ამერიკაში მცხოვრებ მეგობარს, პეტრე ხვედელიძეს 1967 წელს...

რევაზ გაბაშვილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის უფროსი შვილია. ეკატერინეს ქალიშვილობის გვარი თარხნიშვილია. მისი დედა, სოფიო ვახტანგის ასული, ბაგრატიონ–დავითაშვილების შტოს ეკუთვნოდა. ეკატერინე ცოლად გაჰყვა ცნობილ იურისტს – ალექსანდრე გაბაშვილს. მათ ათი შვილი ეყოლათ, მაგრამ ხუთი ჩვილობაში დაეღუპათ.

გაბაშვილები მეფის კართან დაახლოებული არისტოკრატები იყვნენ. რევაზ გაბაშვილს წერა-კითხვა დედამ ასწავლა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად ბელგიაში გაემგზავრა, მაგრამ 1905 წელს, რევოლუციის პერიოდში, ინსტიტუტი მიატოვა და თბილისში დაბრუნდა.

სამშობლოში დაბრუნებული რევაზი აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. ამ პერიოდს გაბაშვილი ასე იხსენებს: „ერთი ყიფიანი იყო ბრიუსელში. ის გვასწავლიდა თოფის სროლას... ვემზადებოდით, ასე ვთქვათ, რევოლუციისა და საქართველოს გათავისუფლებისთვის... და ზაფხულში, როცა მე შევისწავლე ბომბებისა და ასაფეთქებელი მასალების დამზადება, დავბრუნდი საქართველოში. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ჩავწერილვარ წევრად, მაგრამ რადგან ორი პარტია იყო – ერთი დემოკრატიული, რომელიც ემსახურებოდა მარტო რუსეთის დემოკრატიას, მეორე – ფედერალისტები, რომლებიც აყენებდნენ, ასე თუ ისე ეროვნულ საკითხს, მე იმათ მივეკედლე... ეს იყო ჩემი პირველი პოლიტიკური გამოსვლა. აქტიური გამოსვლა, თორემ პოლიტიკურ საკითხებში, პოლიტიკურ ასპარეზზე მე უკვე 15-16 წლიდან გამოვედი”.

1906 წლის რეაქციას რევაზ გაბაშვილი საფრანგეთში გაერიდა, ოღონდ ამჯერად არალეგალურად, სხვისი პასპორტით. ამ დროისთვის პარიზში იმყოფებოდა სოციალ-ფედერალისტთა ლიდერი, ანარქისტი გიორგი დეკანოზიშვილი, რომლისგანაც ინსტრუქციები მიიღო და 1907 წელს ისევ საქართველოში დაბრუნდა.

თბილისში ცხოვრება არ შეეძლო, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. გადავიდა ბაქოში და რადგან საინჟინრო საქმეები აინტერესებდა ნავთის ქარხანაში დაიწყო მუშაობა მენავთობე მუხთაროვთან. დაქორწინდა და მეუღლესთან, მარიამ ცისკარიშვილთან, ერთად სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა.

1907 წლის სექტემბერში რევაზ გაბაშვილი მიიღეს პეტერბურგის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე. ბელგიაში სწავლის პერიოდი ჩაუთვალეს და მეორე კურსზე დასვეს, მეუღლე კი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ცოლ-ქმარი კარგად სწავლობდა, შვილიც შეეძინათ და რომ არა შემთხვევითობა, რევაზ გაბაშვილი, ალბათ, პოლიტიკას აღარ დაუბრუნდებოდა.

1910 წელს პეტერბურგში ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტუდენტთა გამოსვლები დაიწყო. უნივერსიტეტში თავის საქმეზე მისული რევაზ გაბაშვილი პოლიციის ალყაში მოჰყვა. მის ახსნა-განმარტებებს ყური არავინ ათხოვა, დააპატიმრეს, სამი თვით ციხეში ჩასვეს და უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალეს.

1911 წელს საქართველოში დაბრუნებული რევაზ გაბაშვილი აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში („წერა–კითხვის საზოგადოება”, თავად-აზნაურთა საკრებულო და მისი „მიწათმოქმედების კომისია“, „სათავადაზნაურო ბანკი“). სხვადასხვა დაწესებულებებიდან შეიძინა და ქართველ გლეხებს უსასყიდლოდ გადასცა 52 ათასი დესეტინა მიწა. შექმნა რამდენიმე კოოპერაციული გაერთიანება.

ამ პერიოდის საქართველოში ორი მთავარი პარტია ებრძოდა ერთმანეთს – სოციალ-დემოკრატიის და სოციალისტ-ფედერალისტების. რევაზ გაბაშვილი გაემიჯნა ორივე პარტიას და 1911 წელს შალვა ამირეჯიბთან და დათა ვაჩნაძესთან ერთად შექმნა საქართველოს ეროვნული პარტია, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ გადაკეთდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიად.

ახალი მიმართულების იდეოლოგიისა და მიზნების პროპაგანდისთვის რევაზ გაბაშვილმა თანამოაზრეებთან ერთად დააარსა და ხელმძღვანელობდა ყოველკვირეულ ჟურნალ „კლდეს“ და ყოველდღიურ გაზეთ „საქართველოს“. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რევაზ გაბაშვილი გახდა პარლამენტის წევრი ეროვნულ–დემოკრატიული პარტიიდან.

1921 წელს რევაზ გაბაშვილი ემიგრაციაში წავიდა, მეუღლე და სამი შვილი სამშობლოში დატოვა. ოთხი წელი სტამბოლში ცხოვრობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. იცოდა ათამდე ენა – თურქული, სპარსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური... სტამბოლიდან საფრანგეთში ჩავიდა და პარიზში დასახლდა. შვილებმა მხოლოდ 1968 წელს შეძლეს თითქმის ნახევარი საუკუნის უნახავ მამასთან სტუმრად ჩასვლა.

რევაზ გაბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა მიუნხენში რუსულ და ინგლისურ ენებზე გამომავალ ჟურნალებსა და ამერიკელ ქართველთა გაზეთ „ქართულ აზრში“. 1967 წელს პარიზში ფრანგულად გამოსცა „კავაკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში“. მუშაობდა ლიტერატურათმცოდნეობაში. 1959 წელს მიუნხენში გამოქვეყნდა მისი გახმაურებული მემუარები – „რაც მახსოვს“.

რევაზ გაბაშვილი 1969 წლის 14 მარტს გარდაიცვალა. დაკრძალულია პარიზში, ბანიოს სასაფლაოზე.

გამოყენებული მასალების წყარო: ჯერვალიძე, ციცინო. პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით. წ. 2; გაბაშვილი რევაზ // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; კობახიძე, რუსუდან. რევაზ გაბაშვილის „ამბოხი სული და მკბენარე კალამი” // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი; diaspora.gov.ge; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...