საზოგადოება

როგორ იბრძოდა ლეო კერესელიძე რუსეთის წინააღმდეგ და რა შეთანხმებები ჰქონდა მას გერმანიასა და ოსმალეთთან

№15

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 17.04

ლეო კერესელიძე
დაკოპირებულია

1904 წელს ლეო კერესელიძე ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. იმავე წელს დაუკავშირდა პარიზში მოქმედ ქართველ მებრძოლ ნაციონალისტთა ჯგუფს, რომლის მეთაურიც გიორგი დეკანოზიშვილი იყო. რევოლუციის დროს კი, როგორც სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი, იარაღით ხელში იბრძოდა: იმყოფებოდა ვარლამ ჩერქეზიშვილისა და გიორგი დეკანოზიშვილის მიერ ჰოლანდიაში დაქირავებულ გემ „სირიუსზე“, რომლითაც ფოთში სოციალ-ფედერალისტების მიერ შეძენილი იარაღი შემოიტანეს, მონაწილეობდა, ეგრეთ წოდებულ, „დუშეთის საქმეში“ – სახელმწიფო ხაზინის გატაცებაში.

ცარიზმისგან დევნილი ლეო კერესელიძე შვეიცარიაში გაიქცა. მალე ჟენევაში ძმაც შეუერთდა ცოლ-შვილთან და ნათესავთან, ნესტორ მაღალაშვილთან ერთად. 1905-1907 წლებში, რევოლუციის დამარცხების შემდეგ, რუსეთის მთავრობამ მათი გადაცემა მოითხოვა. ისინი დააპატიმრეს და სასამართლოს გადასცეს. დაპატიმრებულების დასაცავად სიტყვა წარმოთქვა ბელგიელმა საერთაშორისო სამართლის ავტორიტეტმა ერნესტ ნისმა. მან განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში 1783 წელს ხელშეკრულების დარღვევით გაბატონდა, ამიტომ ქართველთა ყველა ქმედება რუსების უკანონო ბატონობის წინააღმდეგ თავის გათავისუფლება და პოლიტიკური აქციაა. სასამართლომ ლეო და მისი თანამებრძოლები გაამართლა.

ლეო კერესელიძე შვეიცარიაში დარჩა საცხოვრებლად, დაამთავრა უნივერსიტეტი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიიღო სამეცნიერო ხარისხი იურისპრუდენციაში. გახდა ჟენევის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, სადაც ამავე დროს ქიმიას სწვალობდა მისი ძმა გიორგი. ლეო კერესელიძე ცოდნას იღრმავებდა ბერლინსა და სობრონაშიც. ევროპის წიგნთსაცავებსა და მუზეუმებში იკვლევდა დიპლომატიურ ურთიერთობებს, წერდა მოთხრობებს.

ჟენევაში ცნობილმა ეროვნულ–პოლიტიკურმა მოღვაწემ, პეტრე სურგულაძემ დააარსა „სეპარატისთა ჯგუფი“, რომლის წევრებიც იყვნენ ძმები კერესელიძეები, ნესტორ მაღალაშვილი, ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხაკო წერეთელი, გიორგი მაჩაბელი და სხვები. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯგუფმა ბერლინში გადაინაცვლა გერმანიის პოლიტიკურ წრეებთან კავშირის დასამყარებლად. ამავე დროს სახელი შეიცვალა და ეწოდა „დამოუკიდებლობის კომიტეტი“.

ბერლინში ლეო კერესელიძე თანამშრომლობდა „ქართულ გაზეთში“, აწარმოებდა მოლაპარაკებებს გერმანელებთან და თურქებთან. მოლაპარაკების შედეგად დადებული ხელშეკრულების მიხედვით, თუ გერმანია ომში გაიმარჯვებდა და საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, გერმანია არათუ მხარს დაუჭერდა საქართველოს, არამედ დაიცავდა და გარანტად დაუდგებოდა. ოსმალეთთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელს ლეო კერესელიძე აწერდა, ოსმალეთი აღიარებდა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობას მის ისტორიულ საზღვრებში.

პრაქტიკულ საქმიანობას კომიტეტი მალევე შეუდგა. შეიქმნა „ქართული ლეგიონი“, რომელიც 1 800 კაცით განისაზღვრა. ლეო კერესელიძის მიერ მოკლე დროში ჩამოყალიბებული 70-კაციანი გაწვრთნილი რაზმი ლეგიონის ბირთვი გახდა. 1915-1916 წლებში ლეგიონი განლაგებული იყო ტრაპიზონში, შემდეგ სამსუნსა და კერასუნტში. ჰქონდა თავისი ფორმა, დროშა, საკუთარი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. „ქართული ლეგიონი“ მოქმედებდა, როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიისა და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ.

ლეო კერესელიძემ შენაერთი ლაზებითა და მაჰმადიანი ქართველებით შეავსო, განახორციელა რამდენიმე რეიდი აჭარაში, რითაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა რუსულ კომუნიკაციებს ბათუმის მისადგომებთან.

1916 წელს თურქეთმა გერმანიის მთავრობას ლეგიონის დაშლა მოსთხოვა, რადგანაც ეჭვით უყურებდნენ გერმანია-საქართველოს ურთიერთობას და მაჰმადიანი ქართველების აქტიურობას. გერმანია იძულებული გახდა, მოკავშირეთათვის ანგარიში გაეწია და „ქართული ლეგიონი“ დაიშალა, შენარჩუნდა მხოლოდ 120-კაციანი რაზმი.

მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, ლეო კერესელიძე ისევ განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ბერლინში მყოფი ლეო კერესელიძე სამშობლოში დაბრუნდა, მონაწილეობდა ეროვნული არმიის ჩამოყალიბებაში, იარაღით ხელში ებრძოდა საქართველოს მტრებს, მიანიჭეს გენერლის წოდება. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა, ცხოვრობდა თურქეთში, შემდეგ პარიზში.

1925 წელს შალვა ბერიძესთან, მიხაკო წერეთელთან და სხვებთან ერთად დააარსა მემარჯვენე ნაციონალური ორგანიზაცია „თეთრი გიორგი“, რომლის მთავარი მდივანი თვითონვე იყო. ორგანიზაციას ჰქონდა გერბი, ჰიმნი, დროშა, მიზანი იყო ქართველი ერის გათავისუფლება რუსეთის მონობისგან. 1926-1939 წლებში ორგანიზაცია გამოსცემდა გაზეთს, სახელწოდებით „თეთრი გიორგი“, რომელშიც გამოქვეყნდა ლეო კერესელიძის 50-ზე მეტი სტატია.

1943 წელს 23 ნოემბერს მოკავშირეთა მიერ ბერლინის ერთ–ერთი პირველი დაბომბვისას იმ სახლს, რომელშიც ლეო კერესელიძე ცხოვრობდა ამერიკული ყუმბარა მოხვდა და ნანგრევებში ჩაიტანა მისი 100-მდე მცხოვრები. ლეო კერესელიძესთან ერთად დაიღუპა მისი უნიკალური ბიბლიოთეკა და პირადი არქივი.

ლეო კერესელიძემ ჟენევაში გაიცნო მომავალი მეუღლე მართა ლეკულტრი, შვეიცარიული საათების განთქმული ფირმის დამაარსებლისა და მფლობელის ქალიშვილი. ჟენევაში დაიბადა მათი ერთადერთი ასული – მარიამი, რომელიც ვერმახტის ქართული ლეგიონის ერთ-ერთი მეთაური იყო.

გამოყენებული მასალების წყარო: კერესელიძე ლეო // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; დაუშვილი, რუსუდან. ლეო კერესელიძე // მიეძღვნა ალექსანდრე ორბელიანის ხსოვნას; გოგიტიძე, მამუკა. საზღვარგარეთის ქვეყნების არმიების ქართველი გენერლები; ლეო კერესელიძე... / გიორგი კალანდია // ქართველები პირველ მსოფლიო ომში; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი