საზოგადოება

როგორ იბრძოდა კოტე კუბლაშვილი ორჯერ სიმსივნის წინააღმდეგ და რას იხსენებს მისი მეუღლე ბოლო პერიოდის შესახებ

№36

ავტორი: ქეთი კაპანაძე 23:00 11.09

მარი მესხი
დაკოპირებულია

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი 15 აგვისტოს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა.

მარი მესხი (მეუღლე): კოტეს დაახლოებით 20-22 წლის წინ ლეიკემია ჰქონდა და ძვლის ტვინის გადანერგვა დასჭირდა. თუმცა მისი გარდაცვალება ამ დაავადებას არ უკავშირდება. მას 2021 წლის დეკემბერში დაუსვეს მელანომის, ანუ, უკვე სხვა ტიპის სიმსივნის დიაგნოზი. მაშინვე დავიწყეთ მკურნალობა. ქიმიოთერაპიულ კურსს გერმანიაში გავდიოდით. ამჯერადაც იმავე კლინიკასა და პროფესორთან მკურნალობდა, ვისთანაც 2001 წელს ლეიკემიასთან ბრძოლის დროს, რადგან იქ კოტეს მთელი ისტორია იცოდნენ.

2021 წელს საქართველოში გაუკეთდა ოპერაცია, რომელიც ძალიან კარგად იყო შესრულებული. ამის შემდეგ წავედით გერმანიაში მელანომის დიაგნოზით. მოგეხსენებათ, მელანომა საკმაოდ ვერაგი დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ ოპერაცია კარგად იყო შესრულებული, ეს ისეთი ტიპის დიაგნოზია, რომ არავინ იცის, სად შეიძლება, გაჩნდეს ახალი მეტასტაზი. შემდეგ მეორე ოპერაცია გახდა საჭირო. ის შარშან ზაფხულს, უკვე გერმანიაში გაკეთდა. ამის შემდეგ ვაგრძელებდით ქიმიოთერაპიულ კურსს და კოტე საკმაოდ კარგად გრძნობდა თავს. თვეში ან ექვს კვირაში ერთხელ ჩავდიოდით გერმანიაში, კურსს იტარებდა და სრულიად ჩვეულებრივად აგრძელებდა ცხოვრებას. მინდა, გითხრათ, რომ აპრილის ბოლომდე ლექციებს ატარებდა, ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენდა საიდუმლოს. მე არ ვფიქრობ, რომ აქ რამე დასამალი იყო და გარკვეულმა წრემ იცოდა კიდეც ამის შესახებ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მას ჰყავს ასაკოვანი მშობლები, ჩვენი შვილი კი უცხოეთში სწავლობდა, ეს ამბავი მთლად გასაჯაროებულიც არ ყოფილა. არ დაგვიმალავს, დიაგნოზი მეტ-ნაკლებად მშობლებმაც იცოდნენ და შვილმაც, მაგრამ როგორც შეგვეძლო, ვუფრთხილდებოდით, განსაკუთრებით მშობლებს.

– როდის დამძიმდა მდგომარეობა?

– ამ ზაფხულს აქ დასჭირდა სხივური თერაპიის გაკეთება და ერთ-ერთი თერაპიის შემდეგ, სახლში მომავლები, პირდაპირ რეანიმაციაში აღმოვჩნდით. ექიმები დღეებისთვის კი არა, საათებისა და წუთებისთვის იბრძოდნენ, შესაძლებლის მაქსიმუმი გააკეთეს და პირველ აგვისტოს, კოტე სახლში გამოვიყვანეთ. ამ გართულებამ შემდეგი ქიმიოთერაპიის კურსი გადაავადა, რის შემდეგაც, დაავადება ძალიან სწრაფად პროგრესირდა, რამაც გამოიწვია კიდეც ეს შედეგი. ნელ-ნელა მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ხდებოდა.

– თუმცა, აგვისტოს დასაწყისში კლინიკიდან რომ გამოხვედით, კარგად იყოო, თქვით.

– ახლა დეტალებზე ვსაუბრობ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ კოტე ბოლო პერიოდში აქტიურ საჯარო ცხოვრებას აღარ ეწეოდა, უამრავი ადამიანი დაინტერესდა მისი მდგომარეობით. იმხელა და ისეთი გულწრფელი თანაგრძნობა გამოხატეს მომხდარის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბარი მიჭირს, მიმაჩნია, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ ჩემში ეს განცდები დავთრგუნო და ამ ყველაფერზე ვისაუბრო.

პირველ აგვისტოს სახლში რომ გამოვიყვანეთ, პრაქტიკულად, სახლშიც რეანიმაციული განყოფილება გვქონდა მოწყობილი. კოტე 24 საათი ყურადღების ქვეშ იყო. ვგეგმავდით, რომ თუ შემდეგ ქიმიოთერაპიამდე მივიდოდით, ტრანსპორტირება და გერმანიაში წასვლა უკვე შეუძლებელი იქნებოდა და კურსს აქ განვაგრძობდით.

ბოლო დღეებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მეტასტაზები უკვე ბევრგან იყო წასული, თუმცა, ბოლომდე საღ გონებაზე იყო, მათ შორის გარდაცვალების დღესაც – მომავალზე ვსაუბრობდით და მკურნალობის სტრატეგიებს განვიხილავდით. ადამიანს იმედი ყველაზე ბოლოს გტოვებს. ყოველთვის გჯერა, რომ რაღაცის შეცვლა შეგიძლია. ბოლომდე ვიბრძოდით, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მდგომარეობის სირთულეს ვერ ვაცნობიერებდით. მე კი არა, თვითონაც ძალიან ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

– იცოდა მდგომარეობის სირთულე?

– აბსოლუტურად. ორივე იურისტები ვართ და ამ თემებზე არაერთხელ გვისაუბრია. ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ ერთ-ერთ პირველ სახელმძღვანელოდ კოტეს წიგნია მითითებული. ზოგადად, მეც და მასაც მიგვაჩნდა, რომ პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, მისი ინტელექტუალური მდგომარეობა იძლევა ამის შესაძლებლობას.

კოტემ ყველაფერი კარგად იცოდა. ის არ გახლდათ პესიმისტი, დიაგნოზის ცოდნას რომ რამე შეეცვალა და ხელი ჩაექნია. პირიქით, ბოლო დღემდე და ბოლო წუთამდე იბრძოდა, ერთად ვიბრძოდით, რომ ასეთი შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ სიკვდილს ყოველთვის ვერ ამარცხებს ადამიანი.

ჩვენ 1999 წელს დავქორწინდით. 2001 წელს კოტეს რომ ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, ის მხოლოდ 27 წლის იყო. ექიმმა უთხრა, თუ ტრანსპლანტაცია არ მოხდება, ერთი წლის შემდეგ 5 პროცენტიც არ გაქვს შანსი, რომ ცოცხალი დარჩეო. მაშინ ვეუბნებოდი, ასი წელი რომ მეცხოვრა შენთან, შეიძლება, ისე ვერ გამეცანი, როგორც ამ პერიოდში გაგიცანი-მეთქი. მისი შეუპოვარი და სიცოცხლისთვის მებრძოლი ხასიათი დაგვეხმარა ყველაფრის გადალახვაში. 27 წლის ასაკში რომ სასიკვდილო დიაგნოზს გისვამენ, ყველაფერს სხვანაირად უყურებ.

როდესაც მეორედ დაუსვეს არანაკლები სირთულის სიმსივნის დიაგნოზი, ვამბობდით, ყველაფერი კარგი ჩვენს ცხოვრებაში, პროფესიული თუ ოჯახური თვალსაზრისით, ლეიკემიის დამარცხების შემდეგ მოხდა – მერე დაიბადა ჩვენი შვილი, მერე იყო კარიერის წარმატებული საფეხურებიც და გვჯეროდა, რომ ახლაც ასე იქნებოდა. მომავლის რწმენა არცერთ სიტუაციაში არ დაგვიკარგავს და მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია. ეს ბრძოლაში გვეხმარება.

– ორი ძალიან მძიმე დიაგნოზი, ასე, ალბათ, ხშირად არ ხდება...

– გარდა ამისა, 2022 წლის გაზაფხულზე, როდესაც იმუნოთერაპია დავიწყეთ, დაგვემატა გვერდითი მოვლენა დიაბეტის სახით. მსუბუქ ფორმაში, მაგრამ მაინც დიაბეტი იყო. ორი სიმსივნე, დიაბეტი და კიდევ ბევრი პრობლემა, მაგრამ კოტე ყველაფერს იუმორში ატარებდა. 25 წელია, ვანელ ცოლს ვუძლებ და წარმოგიდგენიათ, სიმსივნეს რას ვუზამო? – ხუმრობდა. იმიტომ კი არა, რომ მდგომარეობის სიმძიმის გაცნობიერება უჭირდა, უბრალოდ, არ დაძაბუნებულა ამის გამო და თვითგვემაში არ ჩავარდნილა.

– როგორი მამა და მეუღლე იყო?

– მე ჩემი ცხოვრების ნახევარი გავატარე ამ ძალიან ღირსეულ ადამიანთან და ამაზე მშვიდად საუბარი მარტივი არ არის, მაგრამ ის ისე ღირსეულად წავიდა, რომ მე ერთი წუთით მაინც ვერ მივცემ თავს უფლებას, თავი უბედურ ადამიანად ჩავთვალო.

ბევრი ამბობს, რომ კოტე სხვა მასშტაბის ადამიანი იყო. ის იყო სიმშვიდის და წესიერების განსახიერება გარეთაც და შინაც. მასში ნამდვილად იყო განსაკუთრებული სულიერი ბალანსი. ხანდახან იტყოდა ხოლმე, ჩვენ ერთად ყველაფერს მოვერევითო. შეიძლება, სიკვდილს ვერა, მაგრამ სინამდვილეში ერთად მართლა ბევრ რამეს მოვერიეთ.

ჩვენი ქალიშვილი 21 წლის ხდება. მათი ურთიერთობა საერთოდ სხვა განზომილება იყო. კოტე იყო ჩემთვის და ჩემი შვილისთვის საყრდენი კედელი და აზრობრივ დონეზე ახლაც ასეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...