როგორ იბრძოდა გიორგი გვაზავა სამშობლოსთვის უცხო მიწიდანაც და რა როლი შეასრულა მან დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში
ავტორი: ქეთი მოდებაძე 12:57

პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, მწერალი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა დაიბადა 1869 წელს სენაკის მაზრის სოფელ სუჯუნაში, ვაჭრის ოჯახში. ადრე დაობლებული აღსაზრდელად დედის ძმამ წაიყვანა სოფელ ნოქალაქევში. სწავლობდა სასულიერო სემინარიაში და მეორე გიმნაზიაში, რომელიც ოქროს მედალზე დაამთავრა. ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. დასრულების შემდეგ პარიზში გაემგზავრა, სადაც ერთი წელი იყო სორბონის უნივერსიტეტის თავისუფალ მსმენელად. პარიზში დააარსა სტუდენტური გაერთიანება „თავისუფლების ლიგა“.
საქართველოში 1895 წელს დაბრუნდა. დასახლდა თბილისში და დაიწყო იურიდიული პრაქტიკა ნაფიცი ვექილის რანგში. ჩაება პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. აქვეყნებდა მხატვრულ ნაწარმოებებსა და სამეცნიერო-პოპულარულ ნაშრომებს „ვინმე გოგიას“, „ოდიშელიას“ და „შანტეკლერის“ ფსევდონიმებით. აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პოლიტიკური ჯგუფის ფორმირებაში.
1907 წელს ესწრებოდა ჰააგის მეორე კონფერენციას, რომელსაც ვარლამ ჩერქეზიშვილთან ერთად, წარუდგინა მემორანდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით.
1910 წელს პეტრე სურგულაძის რედაქტორობით გამომავალ გაზეთ „ერში“ გამოაქვეყნა ბროშურა „ჩეხეთი“, რის გამოც ორივეს პატიმრობა მიუსაჯეს. ავტორმა ერთი წელი მეტეხის ციხეში გაატარა, რედაქტორი კი ემიგრაციაში გაიქცა.
1911 წელს ქუთაისში გაჩნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფი, რომელმაც დაიწყო გაზეთ „იმერეთის“ გამოცემა. 1912 წელს ახალმა ჯგუფმა დააარსა ჟურნალი „კლდე“. გიორგი გვაზავა იყო „კლდის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ხოლო 1914 წელს – რედაქტორი.
1917 წელს დაფუძნდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ასევე, მთავარი კომიტეტის წევრი გიორგი გვაზავა გახლდათ.
1917 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერება დაასაბუთა.
მიუხედავად იმისა, რომ მიეკუთვნებოდა ოპოზიციურ ძალას, 1918-1921 წლებში ჩართული იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრი; 1918 წლის თებერვლიდან – ამიერკავკასიის სეიმის წევრი; ტრაპიზონის, ბათუმისა და სტამბოლის საზავო მოლაპარაკებების მონაწილე-დელეგატი.
გიორგი გვაზავა გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის პროექტის ერთ-ერთი ავტორი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს.
1919 წლის 12 მარტიდან აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით; დამფუძნებელ კრებაში ხელმძღვანელობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციას, შედიოდა კრების საკონსტიტუციო, სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიების შემადგენლობაში.
1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ, სამშობლოდან წავიდა და საფრანგეთში ცხოვრობდა. აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე, „კავკასიის გათავისუფლების კომიტეტის“, ეგრეთ წოდებული, „პრომეთეისტული“ ორგანიზაციის საქმიანობაში; იყო „პრომეთეს“ ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური მონაწილე.
პრომეთეიზმი წარმოადგენდა პოლიტიკურ და ინტელექტუარულ მოძრაობას მეოცე საუკუნის 20-30-იან წლების ევროპაში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა იმპერიის დასუსტებას საბჭოთა კავშირში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხების განმათავისუფლებელი ბრძოლის მხარდაჭერის გზით.
1928-1931 წლებში პარიზში ქართულ ენაზე გამოქვეყნდა გიორგი გვაზავას ხუთი წერილი საერთო სათაურით: „საქართველო და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“. ამ მოკლე ნარკვევის მეორე წერილში გადმოცემულია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორია, პარტიის წარმოშობიდან 1920-იანი წლების შუა ხანებამდე. ნაშრომს დამაჯერებლობას მატებს ის ფაქტი, რომ ავტორი მის მიერ გაშუქებული ბევრი მოვლენის არა მხოლოდ მოწმე, არამედ უშუალო მონაწილეც იყო.
ემიგრაციაში ცხოვრებისას გიორგი გვაზავა განაგრძობდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას; იყო ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე. პარიზში გამოქვეყნდა მის მიერ თარგმნილი ჟოლიო დე კრებიონის ტრაგედია „რადამისტი და ზენობია” სათაურით „ფარსმან მეფე ივერიისა”. ასევე თარგმნა რასინის „მითრიდატე”, ექსილეს „მიჯაჭვული პრომეთე” და სხვა. 1938 წელს პარიზში გამოიცა გიორგი გვაზავას მიერ ფრანგულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი” (პროზაული ვარიანტი).
გიორგი თბილისში დაქორწინდა ნინო ლევანის ასულ ჩერქეზიშვილზე. შეეძინათ ქალ-ვაჟი – მზია და ჯამლეთი.
გიორგი გვაზავა გარდაიცვალა 1941 წელს პარიზში.
გამოყენებული მასალების წყარო: გვაზავა გიორგი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; ჯანელიძე ოთარ. შტრიხები გიორგი გვაზავას პოლიტიკური პორტრეტისათვის; გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე // საქართველოში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული მოძრაობისა და სოციალისტური რევოლუციის გამარჯვების ისტორიოგრაფია; archive.ge; gfsis.org.ge; nplg.gov.ge.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან