როგორ ჰქონდათ ძველად ერთმანეთისგან გამიჯნული საქართველოში თვითმმართველობის ორგანოებსა და სამედიატორო სასამართლოებს სასამართლო იურისდიქცია
ავტორი: „თბილისელები“ 21:00 08.11
გაინტერესებთ ძველი ხალხური სამართალი, როგორც კულტუროლოგიური მოვლენა და მისი უპირატესობები, როგორი იყო სახალხო სასამართლოების ანატომია, თემის ყრილობა სვანეთში, საეკლესიო ქონება, ჩვეულებითი სამართალი ბარში, სახალხო ყრილობები სექსუალური ხასიათის დანაშაულებებზე, ჩაქოლვა, გაძევება – სახალხო სამართლის სასჯელები, მითოსური რწმენების გავლენები ჩვეულებითი სამართლის ჩამოყალიბებისას, ჩვეულებითი სამართლის სისტემა საერო და საეკლესიო სამართლის პირობებში, ქართველი მეფეების სამართალი, მოსამართლეთა პასუხისმგებლობები და საზოგადოების მაღალი ნდობის მიზეზები, სამედიატორო სასამართლოების ანატომია, სისხლის აღების წესი – მთის სამართალი, მოციქულების ინსტიტუტი – ვინ იყვნენ სამედიატორო სასამართლოს შუამავლები, შეკრებილი მოსამართლეები და სასამართლო პროცესები, დაფიცების ცერემონია და მისი მნიშვნელობა, მეფეები – როგორც მოსამართლეები, როგორ განიხილავდნენ ჩვეულებრივ სამეზობლო, ყოფით დავებს? ამ ყველაფერს იაგო ხვიჩიას გადაცემიდან – „საქართველოს დაბადება“ – მომზადებული ამ სტატიით გაიგებთ, რომელსაც სამართლის პროფესორი, იურისტი გიორგი დავითაშვილი მოგვიყვება.
ქართული ჩვეულებითი სამართლის შესწავლაში უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი ქართველ ეთნოლოგებს – რუსუდან ხარაძეს, ვერა ბარდაველიძეს... მაგალითად, ბატონ ალექსი ოჩიაურს აქვს უნიკალური მასალები ხევსურეთთან და ფშავთან დაკავშირებით. ჩვეულებითი სამართლის შესწავლას აუცილებლად სჭირდებოდა საველე ეთნოგრაფიული საქმიანობა. ეთნოლოგები დაინტერესებული იყვნენ სოციალური საკითხებით, მათ შორის სამართლითაც, ვინაიდან, სამართალი – ეს კულტუროლოგიური მოვლენაა, სულიერი კულტურის ნაწილია. იურისტებს ამის შესწავლა საბჭოთა პერიოდში, ფაქტობრივად, ეკრძალებოდათ. ეკრძალებოდათ, შეიძლება ცოტა ხისტი სიტყვაა, მაგრამ იურისტები ამას მეთოდოლოგიურად არ სწავლობდნენ, იმიტომ რომ საბჭოთა პერიოდში მიიჩნეოდა, რომ სამართალი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც დადგენილია სახელმწიფო ხელისუფლების მიერ და რისი შესრულებაც უზრუნველყოფილია სახელმწიფოებრივი იძულებით. ამიტომ, ეს ჩვეულებითი სამართალი საბჭოთა მეთოდოლოგიაში არ ითვლებოდა სამართლად. რაც შეხება მათ საქმიანობას, თვითმმართველობის ორგანოებსა და სამედიატორო სასამართლოებს, ფაქტობრივად, გამიჯნული ჰქონდათ ერთმანეთისგან სასამართლო იურისდიქცია და თუნდაც, ისეთი საქმეები, როგორიც იყო: საზოგადოების, თემის ღალატი, მტრის მხარეზე გადასვლა, მტრისთვის გზის ჩვენება, თემის თავისუფლების ხელყოფა. აი, მაგალითად, სვანეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან, მძიმე დანაშაულად მიიჩნეოდა რომელიმე მოთემე, მცხოვრები სვანეთის ამა თუ იმ თემისა, რომელიც ეცდებოდა, თემი დაემორჩილებინა რომელიმე აზნაურისთვის. შემოიყვანდა აზნაურს და მერე გაზრდიდა იმისთვის, რომ ამ თემის ბატონ-პატრონი გამხდარიყო. ეს იყო უკვე თემის ღალატი. ამისთვის ძველად სვანეთში სასიკვდილო განაჩენიც კი გამოუტანია თემის ყრილობას. თემის ყრილობაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ყველას, 20 წლის ასაკიდან, ქალებსაც, როგორც ბესარიონ ნიჟარაძე წერს. მათ შეეძლოთ, მონაწილეობა მიეღოთ თვითმმართველობის ორგანოში, ისინი წყვეტდნენ ყველა საჭირბოროტო საკითხს, რაც თემს აინტერესებდა. ეს იყო დიდი ყრილობა. შეიძლება, ყველა არ იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ოჯახიდან ერთი მაინც უნდა მისულიყო. მაშინ დიდი ოჯახები იყო. თუ ოჯახში ქალს ჰქონდა უფრო მეტი ავტორიტეტი, ის ქალბატონი მიბრძანდებოდა ამ ყრილობაზე – ასეთი რაღაცაც ხდებოდა, თუმცა, ძირითადად, მაინც მამაკაცები იყვნენ. ისინი საყვირის ხმაზე იკრიბებოდნენ სპეციალურად შერჩეულ ადგილას. მათ შეეძლოთ კანონი შეეცვალათ, ახალი კანონი მიეღოთ, რაღაც ნიხრი დაედგინათ, მაგალითად, ესა თუ ის პირუტყვი რა უნდა ღირდეს, გადაეწყვიტათ, რომელ თემთან შეეკრათ კავშირი, საგარეო ურთიერთობებსც განაგებდნენ. მათ შორის, ჰქონდათ სასამართლო ფუნქციების განხორციელების უფლება. თემის ღალატის საქმეს სამედიატორო სასამართლო ვერ გაარჩევდა, ის არჩვედა მხოლოდ კერძო საქმეებს, როგორიც იყო ოჯახებს შორის ან გვარებს შორის დაპირისპირება... ვინც თემში საზოგადოების წინაშე დანაშაულს სჩადიოდა, ამ საქმეებს აუცილებლად განიხილავდა სწორედ თვითმმართველობის ორგანო, საზოგადოების ყრილობა და, როგორც უკვე აღვნიშნე, შეიძლებოდა, სასიკვდილო განაჩენიც კი გამოეტანათ. ბოლო პერიოდში ამისგან თავს იკავებდნენ. ასევე, ყრილობა განიხილავდა ეკლესიის გაძარცვის საკითხებს. სვანეთში ეს ძალიან დიდ დანაშაულად მიიჩნეოდა. სვანეთში, მოგეხსენებათ, ასზე მეტი ეკლესია იყო, სადაც ყოველთვის ინახებოდა ძვირფასი ხატები და საეკლესიო ძვირფასეულობა. რუსეთის მმართველობის პერიოდში ბევრი მოიპარეს, გაძარცვეს, სვანები, მაგრამ ამ ყველაფერს იცავდნენ. ეკლესიის გაძარცვა ითვლებოდა უმძიმეს ცოდვად და დანაშაულად, ეს დანაშაული თემის ღალატის დონეზე იყო აყვანილი. შედარებას მოვიყვან ფშავ-ხევსურეთზე, განსაკუთრებით ფშავზე. აქ თემისა და ხატის ღალატი იყო ერთიანი დანაშაული, ერთ დანაშაულში მოიაზრებოდა, თუ თემს უღალატებდი, სალოცავის ქონებას მოიპარავდი. ეკლესიის გაძარცვის გამო სვანეთში სიკვილითაც დაუსჯიათ. ასეთი შემთხვევაც არის ლიტერატურაში აღწერილი: იყო ერთი ბალყარეთის თავადი, რომელიც შემოიჭრა უშგულში და ეკლესია გაძარცვა. ის ბალყარელი თავად სვანებმა სიკვდილით დასაჯეს. მერე, ბალყარელებს დავა ჰქონდათ სვანებთან – თქვენ თავადიშვილი მოგვიკალითო. ამ მკვლელობისთვის დიდი ფული მოსთხოვეს მათ. გაიმართა სამედიატორო სასამართლო ბალყარელებსა და სვანებს შორის. თანაბარი რაოდენობის მოსამართლეები აირჩიეს. უშგულელებმა ჩაიდინეს ეს მკვლელობა და უშგულელებს დაავალეს ორასი ხარით გადახდა, თუმცა მერე ასი ხარი გამოაკლეს, იმიტომ რომ ამ თავადმა ხელყო მათი საეკლესიო ქონება. ასეთი, ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ჩვეულებითი სამართალი მოიცავდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს. უბრალოდ, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ბარის რეგიონებში ძალიან შეიზღუდა. ბარის რეგიონებში ჩვეულებითი სამართლის გამოყენება ხდებოდა შედარებით მსუბუქი სამოქალაქო დავების დროს, სადაც მთავრობას ნაკლები ინტერესები ჰქონდა. სამეზობლო დავა იყო მიჯნაზე თუ სხვა რამ – ამათზე ხელისუფლებას არ მიმართავდნენ. მიმართავდენენ ავტორიტეტულ მეზობელს ან მედიატორს. მაგალითად, ძმები იყრებიან, ქონებაზე ვერ შეთანხმდნენ, მოჰყავდათ მედიატორები. თვითოეული ძმა ირჩევდა თავის მედიატორს, ეს მედიატორი ირჩევდა თავის უფროსს და განიხილავდნენ სადავო საკითხს. ყოფდნენ ამ მიწას და ყოველგვარი დავა ამოიწურებოდა ხოლმე. არანაირი კონფლიქტი ამის მერე აღარ იქმნებოდა. მეოცე საუკუნეში ჩაწერილ მასალაშიც კი, ხალხს ახსოვს, რომ რაღაც საკითხზე ჩატარებულა სახალხო ყრილობა, მას მიუღია გადაწყვეტილება და დაუსჯია დამნაშავე, განსაკუთრებით სექსუალურ საკითხებზე, უკანონო სქესობრივი კავშირისთვის ნათესავებს შორის ან ნათელმირონობას თუ გატეხდა ვინმე ან უკანონო ქორწინებას თუ ექნებოდა ადგილი, უკანონო შვილს თუ ვინმე გააჩენდა... ყველაფერს ყველგან განიხილავდა საზოგადოების დიდი ყრილობა. ფშავ-ხევსურეთში ამას ეძახდნენ გაბიჭიანებას, ანუ შვილის უკანონოდ გაჩენას. ვაჟა-ფშაველაც წერს ამაზე, რომ ამისთვის შეიძლებოდა, ჩაექოლათ ადამიანი ან გაეძევებინათ სოფლიდან. გაძევება იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასჯელი. ქალიც და კაციც ორივე ერთნაირად ითვლებოდა დამნაშავედ. შეიძლებოდა, ადამიანი ჩაექოლათ გზის გაღმა-გამოღმა და ამაში მთელ საზოგადოებას მიეღო მონაწილეობა, ყველას თავისი ქვა ესროლა. უპირველეს ყოვლისა ეს ჩაქოლვა, ახლო ნათესავებს შორის სქესობრივ კავშირთან იყო დაკავშირებული. საქართველოში შვიდ თაობაში იკრძალებოდა ქორწინება. მარტო უკანონო ქორწინებისთვის შეიძლებოდა, გაეძევებინათ ადამიანი, არამც თუ უკანონო შვილის გაჩენისათვის. კიდევ ერთ შემთხვევას მოგიყვებით. ეს ფშავშია დაფიქსირებული. სოფელში იპოვეს ახალდაბადებული, გარდაცვლილი ბავშვი. აშკარაა, რომ ვიღაცამ უკანონო შვილი გააჩინა და მოიშორა. სოფლის თავკაცები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს ასეთი რაღაც გაეკეთბინათ: ჩამოუარეს ყველა ოჯახს და ახალგაზრდა ქალები შეამოწმეს, ვის ჰქონდა რძე და ასე დაადგინეს, ვინ იყო დამნაშავე. შემდეგ ის ქალი გააძევეს. არის სასჯელები, რომელიც გამოჰქონდათ თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეულ მოსამართლეებს. ალბათ, იცით, თუშეთში, დართლოში, არის ასეთი ადგილი – საფრინდაო, დღემდე შემორჩენილია ქვები. 12 მოსამართლე ჯდებოდა, ყველა თემიდან იყვნენ ეს მოსამართლები და ჩვეულებითი სამართლის საფუძველზე განიხილავდნენ ამგვარ საკითხებს. თემის ყრილობას, როგორც უკვე ვთქვი, შეეძლო, გამოეტანა დასჯის ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიც იყო ჩაქოლვა, გაძევება. სვანეთში მკვლელს აძევებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ის უნდა წასულიყო სოფლიდან, რათა შურისძიება აეცილებინა და არა მხოლოდ სოფლიდან, საერთოდ, მთელი სვანეთიდან, მოშორებოდა სვანეთს.
ჯვარისა და ხატის ყმობის ინსტიტუტი – ანუ როგორ ყალიბდებოდა ჩვეულებითი სამართალი მითოლოგიურ-რელიგიური შეხედულებების საფუძველზე
თითოეული ადამიანი მაშინ თავს მოიაზრებდა გვარის ნაწილად და ეს გვაროვნული სოლიდარობა იყო ძალიან ძლიერი. წარმოიდგინეთ, ეს სისხლის აღების პერიოდია და იქ შენ გვარი გიცავს. გვარით ხარ ძლიერი. იყო ხალხმრავალი გვარები, როგორც ხევსურები ამბობენ – კაციელი და უკაცური გვარები, ანუ ისეთი, სადაც ბევრი ხალხი და ნაკლები ხალხი იყო. ხშირად ეს ნაკლებ რაოდენობის გვარი უერთდებოდა ძლიერ გვარს, რათა მათგან რაღაც დახმარება და მფარველობა მიეღო. ეს შეერთება ხდებოდა სალოცავში საკლავის დაკვლით, ამ რიტუალს ხარ-ქვაბით შეყრა ერქვა და აუცილებლად საკლავი უნდა მიეტანათ დიდი გვარის სალოცავში. მოგეხსენებათ, თიანეთში იყო ჯვრისა და ხატის ყმობის ინსტიტუტი. ფაქტობრივად, მათთვის ჯვარი, ხატი, ეგრეთ წოდებული, ღვთის შვილი, იყო მათი ღვთაება, მათი ღმერთი, რომელიც უმაღლესი, მორიგე ღმერთის მიერ იყო გამოგზავნილი და დამკვიდრებული დედამიწაზე, სწორედ, ადამიანების გამოსახსნელად და თითოეული მთიელისათვის. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მათი ღვთიშვილი, ეს იქნებოდა იაღსარი, გუდანის ჯვარი, ლასარის ჯვარი, კარატის ჯვარი, არხოტის ჯვარი – ეს არის ღვთის შვილი, რომელსაც აქვს თავისი ადგილი, საბრძანისი, რომელიც შეიძლება, ადრე ხორციელი იყო, მაგრამ მერე გასულიერდა ამ მითოლოგიური, რელიგიური წარმოდგენების საფუძველზე.
ბჭეხევის ბერები, ხალხის გაერთიანება და ორგანიზება სოციუმში, როგორც საზოგადოება
ხალხის გაერთიანება და ორგანიზება სოციუმში, საზოგადოებად ჩამოყალიბება, შემდგომ, სწორედ, ამ სალოცავის ირგვლივ ხდება. ამ სალოცავის საბრძანისი ადგილი, თავისი მიწებით, შენობა-ნაგებობებით, საკულტო, დამხმარე, სამეურნეო ნაგებობებით, იყო საზოგადოების თეოკრატიული ხელისუფლების ცენტრი. აქ იკრიბებოდნენ მთელი ხევისბერები, ხუცესები, კულტის მსახურები. აქ იყო დარბაზი, სადაც ხდებოდა ჩვეულებითი სამართლის ნორმების ჩამოყალიბება ბერების მიერ. მართალია, ჩვეულებით სამართალს ხალხი ქმნიდა, მაგრამ იმავდროულად, ხალხი მიიჩნევდა, რომ უზენაესი შემოქმედი ამ სამართლისა არის მორიგე ღმერთი, რომელიც არის შემქმნელი მთელი სამყაროსი, ხილული თუ არახილული სამყაროსი. სიტყვა „მორიგე“, რატომ ჰქვია? იმიტომ, რომ ის არის ადამიანებისთვის რიგის წესის მიმცემი, ანუ სამართალშემოქმედი. სწორედ ეს ღმერთი აძლევს ადამიანებს სამართალს. ხალხის წარმოდგენით, ის არის უზენაესი მოსამართლეც; ამიტომ იყო, ძველად ხალხი ამ სალოცავში იკრიბებოდა. მაგალითად, ხევსურეთში გუდანის სალოცავში იკრიბებოდნენ. ეს ალექსი ოჩიაურის მასალებში ჩანს ძალიან კარგად. ეგრეთ წოდებული, ბჭეხევის ბერები – ასე ერქვათ მათ, ეს ყველაზე ავტორიტეტული, ყველაზე პატიოსანი ნაწილი საზოგადოებისა, იკრიბებოდა ამ სალოცავ დარბაზში და იქ ქმნიდნენ სამართალს. ვთქვათ, რაღაც საკითხია, რომელიც სამართლებრივი კუთხით გადაუჭრელია, რომლის მარეგულირებელი ნორმა არ არსებობს. ბჭეხევის ბერები იკრიბებოდნენ გუდანის სალოცავში და იქ იღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს ვრცელდებოდა სხვა სალოცავებზეც.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან