საზოგადოება

როგორ გეგმავდა 1924 წლის აჯანყებას სოლომონ ზალდასტანიშვილი

№16

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 26.04, 2022 წელი

სოლომონ ზალდასტანიშვილი
დაკოპირებულია

მარადიული ხსოვნა საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს და სწორედ მათ დღიურებს გადაგიშლით დროდადრო, ვინაიდან საქართველოში კვლავ მძიმე პოლიტიკური ფონია, ვინაიდან საქართველოს მეზობელ ქვეყანას, უკრაინას უმძიმესი საომარი სიტუაცია აქვს, სადაც ჩვენი ბიჭებიც იბრძვიან და თავს სწირავენ. ამჯერად საქართველოს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკზე, „შეფიცულზე“, 1924 წლის ამბოხების ერთ-ერთ მოთავეზე, გამორჩეულ სამხედრო პიროვნებაზე, სოლომონ ზალდასტანიშვილზე გიამბობთ. იგი საქართველოს თავისუფლების აღდგენისთვის ბრძოლის უმთავრეს იდეურ იარაღად ქართველი ხალხის ეროვნულ-პოლიტიკურ მტკიცე ერთობასა და ეროვნული იდეალის გარშემო გაერთიანებას მიიჩნევდა...

სოლომონ ზალდასტანიშვილმა დაამთავრა წმიდა ვლადიმირის სახელობის სამხედრო სასწავლებელი რუსეთში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და ორჯერ მძიმედ დაიჭრა. 1917 წელს, რუსეთის რევოლუციის შემდეგ, სოლომონ ზალდასტანიშვილი პოდპოლკოვნიკის ჩინით სამშობლოში დაბრუნდა. ის საქართველოს ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი მეთაური ხდება და იბრძვის სხვადასხვა ფრონტზე, ხოლო 1921 წლის თებერვალში – წითელი არმიის წინააღმდეგ. იმავე წელს, სხვა მეომრებთან ერთად, სამშობლო დატოვა და ემიგრაციაში აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. 1922 წელს კი, კოტე აფხაზთან ერთად, სტამბოლიდან საქართველოში დაბრუნდა.

1923 წლის თებერვალში „ჩეკამ“ დააპატიმრა „სამხედრო ცენტრის“ შემადგენლობა, რომლის წევრი ზალდასტანიშვილიც იყო. აწამეს და სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად დახვრიტეს კოტე აფხაზი (დახვრეტილთა შორის იყო ვაჟა–ფშაველას ვაჟი – ლევან რაზიკაშვილიც). სადამსჯელო რაზმებმა ააოხრეს მთელი საქართველო. „სამხედრო ცენტრის“ პირველი შემადგენლობის განადგურების შემდეგ ახალ მეთაურად დაინიშნა გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, თანაშემწედ – ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სამხედრო კომისიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი სოლომონ ზალდასტანიშვილი. როგორ შედგა 1924 წლის აჯანყების გეგმა, რასაც ზალდასტანიშვილმა მოგვიანებით წიგნი მიუძღვნა – როგორ გადაურჩა თბილისი აღებას? ესაა სოლომონ ზალდასტანიშვილის ამ დღიურების ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ნაწილი. მაშ ასე...

1923 წლის აპრილში, სოლომონის ინიციატივით, თბილისში საიდუმლო სამხედრო ყრილობა გაიმართა, რომლის დამსწრეებმაც სრულიად გაიზიარეს აჯანყების გეგმა. ამავე ყრილობაზე მიღებული ფიცის ტექსტი სოლომონმა მეორე დღესვე გაუგზავნა მთიანეთში მყოფ ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმს, რისი მიღების შემდეგაც, მათ „შეფიცულები“ ეწოდათ. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ სოლომონ ზალდასტანიშვილმა შალვა ამირეჯიბთან ერთად დატოვა საქართველო და საფრანგეთში ჩავიდა. მას მალე ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. პარიზში მის ოჯახს ხშირად სტუმრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ბოლოს ისინი დანათესავდნენ – იგი სოლომონის შვილის ნათლია გახდა. სოლომონ ზალდასტანიშვილი ემიგრაციაშიც განაგრძობდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას. ამას გარდა იგი 1929-1933 წლებში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, ეხმარებოდა ქართულ საქველმოქმედო ორგანიზაციებს: „ტუბერკულოზით ავადმყოფ ქართველთა დამხმარე კომიტეტს“, „ახალგაზრდულ სექციას“. მონაწილეობდა „კავკასიის შემსწავლელი საზოგადოების“, „ქართული სამეცნიერო წრისა“ და სხვა საგანმანათლებლო ქართული ორგანიზაციების მუშაობაში. 1941 წელს, გერმანია-საბჭოთა კავშირს შორის ომის დაწყებისთანავე, სოლომონ ზალდასტანიშვილი უამრავ სხვა ემიგრანტთან ერთად ჩაება საქართველოს გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. იმედი ჰქონდა, რომ გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ზალდასტანიშვილი ჩაეწერა მოხალისეთა რაზმში – „თამარ მეორე“ და მისი მეთაური გახდა. სამხედრო და პოლიტიკური საკითხების გარდა სოლომონ ზალდასტანიშვილი დაინტერესებული იყო ქართველ ტყვეთა ბედითაც. რუმინეთში ყოფნისას ქართველმა ემიგრანტებმა შეიტყვეს, რომ საბჭოთა ტყვეთა ბანაკში 500-მდე ქართველი სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა. სოლომონმა გერმანელებისაგან ითხოვა ტყვე ქართველების ბანაკიდან თავისუფალ სამუშაოზე გადაყვანა. ბანაკის ხელმძღვანელობა მხოლოდ 90 კაცის გადაყვანას დათანხმდა, რაზედაც სოლომონმა სასტიკი პროტესტი გამოთქვა, ოთხასი ქართველის წამებისა და სიკვდილისათვის დატოვებას მე ვერ მოვითმენ და თუ სხვა გზა არ იქნება, მეც მათ გვერდით დავრჩებიო... სოლომონ ზალდასტანიშვილი ბოლომდე დარჩა ბანაკში, რომლის კარიც მისთვის მუდამ ღია იყო... მისი ძალისხმევით, ხუთასივე ტყვე გათავისუფლდა (ქართველებთან ერთად ქართველი ებრაელებიც), მაგრამ თვითონ ავად გახდა. გარდაიცვალა 1941 წლის 5 დეკემბერს ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით. გერმანელებმა სოლომონი პოლკოვნიკის პატივით დაკრძალეს, იქ, სადაც მისმა თანმხლებლმა ქართველებმა ითხოვეს ქალაქ კრონშტანდტში, ბრასოფის სასაფლაოზე.

1947 წელს სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლე და ვაჟი – გივი ამერიკაში გადასახლდნენ, სადაც უკვე ცხოვრობდა ოთარი.

1956 წელს მიუნხენში გამოიცა სოლომონ ზალდასტანიშვილის წიგნი – „საქართველოს 1924 წლის ამბოხება“.

თბილისის „დამკომს“ ექვსი ამოცანა ჰქონდა: ფოსტა-ტელეგრაფის, ჯავშნოსანი ავტომობილების, ჩეკას, კურსანტების, ჯავშნოსანი მატარებლისა და საავიაციო გუნდის დაკავება. რაზმები მზად იყვნენ და განკარგულებას ელოდებოდნენ. სოლომონ ზალდასტანიშვილის მოგონებების მიხედვით, აჯანყებამდე ერთი დღით ადრე, 28 აგვისტოს, ხალხი მოურიდებლად ლაპარაკობდა მოსალოდნელ წარმატებაზე, ყველას სიხარულისგან სახეზე ღიმილი ემჩნეოდა. „მე პირადად ალაგს ვეღარ ვპოულობდი და სანატრელ წუთებს – ღამის ორ საათს, მოუთმენლად ველოდებოდი. ნასადილევს გახარებულმა ბავშვმა გაზეთი შემომიტანა – ძია, წაიკითხე, რა კარგი ამბები წერიაო. გავშალე გაზეთი და ჩემ თვალებს არ დავუჯერე: ჭიათურა 28 აგვისტოს დილით 2 საათზე გამოსულიყო და აჯანყებულ ხალხს ქალაქი დაეკავა. ე.ი. ჭიათურა გამოვიდა 24 საათით ადრე, ვიდრე საჭირო იყო. თავბრუ დამეხვია, კანკალმა ამიტანა, მწუხარებით შეპყრობილმა არ ვიცოდი, რა მექნა! რითი მეშველა?! ამის წამკითხველი მეტყვის – კიდევ იყო გამოსავალი. დიაღ, მეც ვიგრძენი, რომ იყო... მხოლოდ ამისათვის საჭირო იყო ელვის სისწრაფით გვემოქმედა და იმ წუთშივე ყველგან, და განასაკუთრებით თბილისში, აჯანყება დაგვეწყო. მაგრამ როგორ მოგვეწყო ანდა ვინ იკისრებდა ამდენი შეცდომის გამოსწორებას. მთავარსარდალი და ხელმძღვანელი ორგანო 20 კილომეტრით იყო თბილისიდან დაშორებული და ტექნიკურად მოწყვეტილი ჩვენგან“, – ვკითხულობთ სოლომონ ზალდასტანიშვილის მოგონებებში. ჭიათურაში აჯანყების 24 საათით ადრე დაწყების შედეგად, თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში ინიციატივა ჩეკასა და ბოლშევიკების ხელში გადავიდა. 28 აგვისტოსვე გამოაცხადეს სამხედრო წესები, დაიკავეს ჯავშნოსანი ავტომობილები, ფოსტა-ტელეგრაფი. ჯავშნოსანი მატარებელი ჭიათურაში გაგზავნეს, საეჭვო ოფიცრები დროებით ადგილებიდან გადააყენეს, პარტიული რაზმები ქუჩაში გამოიყვანეს და ბევრი სხვა ზომა მიიღეს (წყარო – „რადიო თავისუფლება“). 29 აგვისტოს ღამით დააპატიმრეს და დახვრიტეს კახეთის ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი. აჯანყების გადარჩენის ერთადერთ იმედად რჩებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და პოლკოვნიკ ირაკლი ცაგურიას რაზმები, თუკი იჩქარებდნენ და თბილისს მიადგებოდნენ მანგლისიდან და ვაზიანიდან, მაგრამ ისე გავიდა 29-30 აგვისტო, რომ თბილისზე იერიში არ დაწყებულა. მანგლისიც და ვაზიანიც დუმდა. რატომ? ირაკლი ცაგურიამ თავისი 300-კაციანი რაზმით („300 ყოჩაღი და ამაყი გლეხი“) ვერ შეძლო ვაზიანის დაკავება და თბილისზე გალაშქრება. როგორც ირაკლი ცაგურია იხსენებს თავის მოგონებებში, მისმა რაზმმა სამხედრო ოპერაციის პირველი ნაწილი წარმატებით შეასრულა: აჯანყებულების მხარეს გადავიდა 12 სოფელი, მაგრამ ვერ შეძლო ვაზიანის საარტილერიო ბაზის დაკავება და იქიდან თბილისზე იერიშის მიტანა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა