საზოგადოება

როგორ გაზარდა გოგლა ლეონიძემ უცნობი ქალის თორმეტიოდე წლის ქალიშვილი

№42

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 22.10

ლეონიძე
დაკოპირებულია

არის ამბები, რომლებიც ჩვენს სახელგანთქმულ პიროვნებებს უკავშირდება და მრავალფეროვნია, საკმაოდ გამორჩეული, საინტერესო, ისეთი, კითხვის ან თხრობის დროს გულს რომ აგიჩქარებს, დასასრულს კი სიხარულისა და სიამოვნების ცრემლებს ერთად მოგგვრის. უკვე მრავალი წელია, სიამოვნებით ვაგროვებ ამ მასალებს, მას დღიურის სახით ვკინძავ და გთავაზობთ. ამჯერად კი, მინდა, გოგლა ახლოს „წელთა სიშორიდან“ გაგაცნოთ. მაშ ასე, გოგლა ლეონიძის საოცარი ლექსების ამონარიდებით მოყოლილი ცხოვრება მისი შვილიშვილის, გიორგი ქავთარაძის მოგონებებში.

თევზს თვალი არ ეხუჭება

„ოცდაათ წელზე მეტი გავიდა პაპაჩემის, გოგლა ლეონიძის გარდაცვალებიდან. წელთა გადასახედიდან უფრო მკვეთრად, რელიეფურად ჩანს მისი ბუნება. ძალიან დიდი გული ჰქონდა. უყვარდა სიცოცხლე – მისი ყოველი გამოვლინება. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ყველა და ყველაფერი უყვარდა, აშკარა მტრებიც კი. წყენა, ბოღმის ხანგრძლივად გულში ჩადება არ შეეძლო. „ყოველ სიხარულს, გინდაც წამიერს, გულში ზეიმად დავიტრიალებ...“ უყვარდა სინათლე, კაშკაშა, მზიანი დღე. სახლში ყველა ნათურას აანთებდა ხოლმე – „ყველაფერი ჩახჩახებს სიყვარულის ხარჯითა!..“ უყვარდა დილა, „დილა, რომელსაც ნისკარტით ეზიდებიან ჩიტები...“ არ უყვარდა სიბნელე, თოვლჭყაპიანი, სევდიანი დღეები... მატარებლით მგზავრობისას აუცილებლად სანთელს წაიღებდა ხოლმე, - გვირაბში რომ გავივლით, ავანთებო. მთელი არსებით სძულდა სიკვდილი. ამიტომ ვერ იტანდა ნადირობას. ზარავდა ნანადირევის დანახვა. ერთხელ ვკითხე, თუ რით სჯობდა თევზაობა ნადირობას. მიპასუხა: თევზს თვალი არ ეხუჭებაო... თუმცა, მე არც მისი თევზაობა მინახავს. ერთი შემთხვევა მახსოვს. ხუთი წლისა ვიყავი, ზაფხულში, ქვიშხეთში ყოფნისას შინ დაბრუნდა, რამდენიმე თევზი დაეჭირა; ცოცხლად მოიყვანა წყლიანი კასრით, მეორე დღეს ისევ მტკვარში გაუშვა. იქვე, ქვიშხეთში ჩემთვის საჩუქრად მოყვანილი და ერთთავად ტახტის ქვეშ შეყუჟული კურდღელიც გამაშვებინა ტყეში. გოგლას ხშირად მოჰქონდა ჩემთან ჩიტებიანი გალიები (იმხანად ბაზრებში რომ იყიდებოდა), მაგრამ არ მაძლევდა მათთან თამაშის უფლებას; სასწრაფოდ გამაშვებინებდა ხოლმე, თან მეუბნებოდა: გული ნუ გწყდება, ჩიტები დაგლოცავენო. დამახასიათებელია, რომ გოგლას ძალზე იშვიათად დავყავდი ზოოპარკში – ვერ იტანდა გალიაში დამწყვდეული ცხოველების ცქერას; ხოლო ცირკში არასოდეს არ წავუყვანივარ – იქ ცხოველებს აწვალებენო. პატარაობისას დედამ და მამამ ცირკში წამიყვანეს. როდესაც ალმოდებულ რგოლზე ზებრა მათრახის ცემით გადაახტუნეს, გული ამიჩუყდა და ავტირდი. გოგლას ეს რომ უამბეს, გაიხარა: ნამდვილი ლეონიძეაო, – თქვა.

უფრო გვიან, ექვსი წლისა რომ ვიყავი, მიამბო: ინდოეთში ერთი კაცი ცხოვრობდა – ბუდა, რომელიც სიარულის დროს სულ ფეხქვეშ იყურებოდა, ჭიანჭველა არ გავჭყლიტოო. შენც უნდა ეცადო, ეგრე იცხოვროო. კიდევ უფრო გვიან, რვა წლისა ვიქნებოდი, წყნეთში აგარაკს რომ აშენებდა. ეზოში, ხრეშზე ლითონის დიდი ფირფიტა იდო, რომელზედაც ბავშვები დავხტუნაობდით. ფირფიტის ქვეშ კი ბაყაყები ბუდობდნენ. დაგვინახა და დაეჭვებით მკითხა: მანდ რას შვრებიო? ვუპასუხე: ბაყაყებს ვჭყლეტთ-მეთქი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ნამდვილად გამიბრაზდა, გაგულისებით შემომძახა: ახლავე ჩამოდი მანდედან, შე მურტალოო. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, არასოდეს არაფერი ამაზე მეტად ჩემგან არა სწყენია. სიცოცხლის კულტი მასში იმთავითვე იყო ჩასახული. გოგლას პირველივე პუბლიკაცია სიცოცხლეზე ზრუნვით იყო განპირობებული.

გოგლა ზოგჯერ თავის თვისებებს დაუმსახურებლად მომაწერდა ხოლმე, ზოგჯერ, ალბათ, მართალიც იყო.

ერთხელ, თურმე, ხელში აყვანილი ვყავდი კიროვისა და მაჩაბლის ქუჩების კუთხეში, ჩვენს სახლთან ალექსანდრე აბაშელი და მგონი, შალვა აფხაიძე შეგვხვედრია. გოგლას უთქვამს: ჩემმა შვილიშვილმა კარგი სიმღერები იცისო. ამის გაგონებისთანავე უთხოვნელად სიმღერა დამიწყია: „კალილების ქეკანა, ჩოტკით შემოვიალე...“ სიცილით დაიხოცნენ. ამის მეტად აღარასდროს მიმღერია. გოგლა კი იმეორებდა: ნამდვილი ლეონიძეა, ხათრი ვერ გაგვიტეხაო, თანაც „კალილების ქეკანას“ მეძახდა ხოლმე. ხუთი, ექვსი წლისა ვიქნებოდი. ნიკო მუსხელიშვილის იუბილეზე სიტყვის სათქმელად მიმავალ გოგლას ბებია ტანსაცმელს უწესრიგებდა, გოგლა კი, თვლემდა. მეც გადავწყვიტე, ჩემი ხარკი გამეღო მის გალამაზებაში, ავიღე სამელნე, კალმისტარი, შემდეგ ბამბაც და მისი ჭაღარა თმის შეღებვა დავიწყე. კარგა ხანი ვიმუშავე, სანამ ბებიაჩემის კივილმა კალამი ხელიდან არ გამაგდებინა. გოგლა სასწრაფოდ წაიყვანეს აბაზანისკენ დიდი წიოკობით. ის კი თავს იმართლებდა: ისეთი მოწადინებით მაახალგაზრდავებდა, რომ ხათრი ვეღარ გავუტეხეო.“

მოდი, მკითხე რამე, დამელაპარაკე

„...გოგლა, მართლაც, ძალიან ხათრიანი იყო, თხოვნაზე უარის თქმა უჭირდა. მეორე მსოფლიო ომის დამლევს, ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე, სრულიად უცნობ ქალს ჩვენთან სახლში მოუყვანია თავისი თორმეტიოდე წლის ქალიშვილი და ბებიასთვის და გოგლასთვის ჩაუბარებია. წვრილშვილიან ქალს ქმარი ომში დაკარგვოდა. ეს ქალიშვილი – გულო ჩიტიშვილი – თითქმის ათი წელი, გათხოვებამდე, ჩვენს ოჯახში იზრდებოდა. გოგლა მას როგორც შვილს, ისე ეპყრობოდა; წერა-კითხვა ასწავლა, წიგნებს აკითხებდა. გულოს, თავის მხრივ, ჩემს აღზრდაში მიუძღვის წვლილი. უზომო იყო გოგლას სიკეთე, შეიძლება ითქვას, ყოველგვარ ჩვეულ წარმოდგენას აღმატებული. მას ყოველდღიურად, ვიმეორებ, ყოველდღიურად, უნდა სცოდნოდა შვილებს, შვილიშვილებს, ძმისშვილებს, დისშვილებს რა ჰქონდათ სადილად, რა უჭირდათ, რა ულხინდათ. თუ ყოველდღე არა, დღეგამოშვებით მაინც უნდა მიეტანა მათთვის სურსათ-სანოვაგე. დღესაც ბევრია ამის მოწმე. ობლობაში გაზრდილს კარგად ახსოვდა დედის ძმების – გულისაშვილების დახმარების მადლი. ლუკმა პირში არ ჩაუვიდოდა, თუ იცოდა, რომ ვინმეს უჭირდა. არაერთხელ უთქვამს ჩემთვის: „მოდი, მკითხე რამე, დამელაპარაკე! თორემ დრო მოვა, აღარ ვიქნები და ვინ იცის, როგორ მოგინდეს ჩემთან დალაპარაკება, მეც ხშირად მომნატრებია, ნეტავი მამა-პაპა ცოცხალი მყავდეს-მეთქი, მათ რამდენ რამეს შევეკითხებოდი“. სიყვარული საოცარი იცოდა. ოთახში გვერდზე ისე არ ჩაგივლიდა, რომ არ მოგალერსებოდა, არ დაეჩქმიტე ან არ გაგხუმრებოდა. დედაჩემს, პოეტს – ფუსას, კურდღელს, წრუწოს, პანტას ეძახდა, მე - პანტურას, პრაკულას, ბიჭო გოგიას, ფიოძეს (დედაჩემის შინაური სახელიდან – ფისო). ერთხელ ჩემთვის, თურმე, აკვნის არტახები აეხსნა, ცოდოა ეგრე დაბმულიო და კინაღამ გადმოვვარდნილვარ. იმხანად, როდესაც მამის ოჯახში, ქავთარაძეების სახლში (ახლანდელი ლეო ქიაჩელის ქუჩაზე) ვცხოვრობდი, ყოველდღე უნდა მოსულიყო ჩემს სანახავად, აუცილებლად სათამაშოები (უფრო გვიან წიგნები) უნდა მოეტანა და სასეირნოდ წავეყვანე... ხელში აყვანილი, თევზივით შევფართხალდებოდი თურმე და მთელი ტანით წინ წავიწეოდი. ერთხელ, დედაჩემს ხელიდან გავსხლტომოდი და ძლივს დავუჭერივარ. ხუმრობით „უჰაეროვს“ მეძახდა, სულ სახლშია დამწყვდეულიო. თუ ავტომანქანით იყო მოსული, მდინარე დიღმურასთან მივყავდი ხოლმე, რკინის ხიდის ქვეშ. სასეირნოდ კი – ვერეს ბაღში. თუმცა არ უყვარდა იქ სიარული – წინათ აქ სასაფლაო იყოო, – იტყოდა და მოიწყენდა. პატარაობისას გამუდმებით საკუთარ თავითან თამაშით ვიყავი გართული და ვერაფრით ახერხებდნენ შუადღისას ჩემს დაძინებას. გაბეზრებულები მეტყოდნენ ხოლმე: ახლავე დაიძინე, თორემ გუდიანი კაცი მოვა ან არადა მილიციონერს დავუძახებთო. ამის გამგონე გოგლას უთქვამს: „მე რომ მითხრან, ახლავე დაიძინე, თორემ „ჩეკას“ გამოვუძახებთო, საერთოდ როდესმე დამეძინება?!“ სკოლაში რომ დავიწყე სიარული, უკვე „ჩვენს პოეტს“ ან „ჩვენს ისტორიკოსს“ მეძახდა... იმავე ხანებში, ერთ დილით, როდესაც ჩვეულებისამებრ, ბებიამ დიდის ვაი-ვაგლახით თამაშს მომწყვიტა და სასაუზმოდ რძე მომართვა, პირის დაკარებისთანავე მაგიდიდან წამოვხტი სიტყვებით: „ცხელია, ცხელია, წამო ჩემო მელია...“ და ისევ სათამაშოდ გავვარდი. იქვე, სასადილო მაგიდასთან ჩაის შემაქცევარი გოგლა იმწამსვე გამომეხმაურა „წამო მელია, მელიან, მოთმენა გამომელია!..“ ერთხელ, როდესაც თოთხმეტი წლისა ვიყავი მითხრა: მე შენს ასაკში ცნობილი პოეტი ვიყავი, შენ რაღა მოგივიდაო. გაგულისებულმა იქვე, საბეჭდ მანქანაზე ავაწყვე ლექსი „შამქორი“. ჩემი დაბადებისას კი, საფიქრებელია, სულ სხვა იმედები ექნებოდა. იმთავითვე მაჩუქა თავისი ყრმობის ლექსების რვეული, წარწერით: „ბიჭო გოგიას ვუძღვნი ამ რვეულს პაპა გიორგი ლეონიძე, 13 ივლისი 1945, ტფილისი“. იმავე ხანებს განეკუთნება გოგლას მიერ დახატული ღვინის ბოთლის ეტიკეტი წარწერით: „მშვენიერი და ტკბილი ღვინო! ბიჭო გოგია. საწყობი ეფემიასი, სოლოლაკში. სოლოლაკის ქ. N 6“.

სტუდენტ ჰაიდელბერგსკოგო უნივერსიტეტა“

„...გოგლა საკმაოდ კარგად ხატავდა და დედაჩემს ხატვის ნიჭი, ეტყობა, მისგან ჰქონდა გამოყოლილი. უფრო მოგვიანებით, ზედა კლასების მოსწავლეს, სტუდენტს მეძახდა, თან, დასძენდა ხოლმე „სტუდენტ ჰაიდელბერგსკოგო უნივერსიტეტა“.

აუხდა კიდეც. უკანასკნელ წლებში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ინსტიტუტებში მომიწია მუშაობა და მოხსენებების წაკითხვა. ხშირად არქეოლოგს მეძახდა, რაც მიკვირდა, რადგან მაშინ არქეოლოგია ნაკლებად მიზიდავდა, თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ ძველი ისტორიის სიყვარულმა არქეოლოგიასთან მიმიყვანა. როგორც ჩანს, ჩემზე უკეთ ხედავდა ჩემი ცხოვრების გზას. თვით ისტორიისადმი სიყვარულიც გოგლამ ჩამინერგა. ექვსი წლის ასაკში ხანგრძლივად ვიყავი ავად. საღამოხანს ჩემს საწოლთან ჩამოჯდა, წყალი ვთხოვე, დამალევინა და თან მიამბო: „წინათ, ჩვენ ქართველები, შორს სამხრეთით, კაპადოკიაში ვცხოვრობდით, ხეთები გვერქვა სახელად და ღერბად არწივი გვქონდა. ის ქვეყანა უწყლო გახდა და იქიდან წამოვედით. სწორედ ამიტომ არის, რომ წყალს ქართველები ჯერ პატარებს ვაწვდით და ვამბობთ, რომ „წყალი უმცროსისაა“. პატარები რომ მაინც გადარჩენილიყვნენ. სხვა ხალხებს ასეთი წესი არა აქვთ. ამითვე არის გამოწვეული ისიც, რომ მხოლოდ ჩვენს ენაზე ჰქვია „წყალობას“ – წყალობა, ანუ „წყლის მიწოდება“. მონუსხულივით ვუსმენდი.“

„მე შემოველ კახეთიდან, თან შემომყვა მისი შუქი“

„1996 წლის ივნისის დასაწყისში, ტაო-კლარჯეთში ყოფნისას ძლივს მივაკვლიე ართვინსა და ტბეთს შუა გოგლას წინაპართა სოფელს – ლეონიძეს, ამით დედაჩემის, ნესტან ლეონიძის, დანატოვარი თხოვნა შევასრულე. სოფლის სახელწოდებაა ნიოლიზე მაჰალესი (თურქულად „ნიოლიძეთა უბანი“). თუმცა, უკანასკნელ წლებში თურქულმა ადმინისტრაციამ მას ახალი სახელი არდიჩლი მაჰალესი (თურქულად „ღვიის უბანი“) შეურჩია. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ და რუსულ რუკებზე სოფელი აღნიშნულია, როგორც „ლეონიძე“. ერთი ციცქნა სოფელი (სულ რამდენიმე კომლია) მთაზეა გაშენებული და ნაძვებითა და ფიჭვებით არის გარემოცული. მენიშნა, გოგლამ თავისი ეზო წყნეთში სულ ნაძვებითა და ფიჭვებით გაავსო. სტუმრებს უკვირთ ხოლმე, გარეკახელ კაცს ფიჭვები ეგრე რამ შეაყვარაო... კახეთი გოგლას მაინც ყველასაგან გამორჩეულად უყვარდა: „მე შემოველ კახეთიდან, თან შემომყვა მისი შუქი, მე სავსე ვარ ივრის ჯანით, ალაზანის სიჭაბუკით!“ ოღონდ, კუთხურობას, ვერც კახურსა და ვერც ვერანაირს, ვერ იტანდა. როდესაც გადაჭარბებულად ხაზს უსვამდნენ მის კახელობას, იტყოდა ხოლმე: ვერ გაუგიათ, რომ მე მარტო პატარძეულის ან კახეთის პოეტი კი არა ვარ, არამედ სრულიად საქართველოსიო. საქართველო მისთვის ყველაფერი იყო, ყველაზე და ყველაფერზე აღმატებული, სულიერი რამ, თუ უფრო ღვთის დარი... თუკი რომელიმე სახე „ნატვრის ხეში“ ავტორისეული თვისებების მატარებელია – ეს ჩორეხია. ჩორეხი იგივე გოგლაა, ოღონდ სხვა დროსა და სხვა ვითარებაში: „ბავშვი ისე არ გაეტირება თავის დედას, როგორც ჩორეხი მისტიროდა საქართველოს წარსულ დიდებას...“

გაზაფხულობით, სამსახურის შემდეგ ძალზე ხშირად მიდიოდა ხოლმე საგურამოში, ილიას ეზოში. უკანგამობრუნებული, წიწამურთან აუცილებლად ავტომანქანას შეაჩერებინებდა და მთვარის შუქზე, ილიას მკვლელობის ადგილზე თან წამოღებულ ღვინოს მე, ხუთი-ექვსი წლის ბავშვს, წამაქცევინებდა ხოლმე, მისგან უფრო მიუვაო.

საოცარი, ნათელი სევდით იყო ხოლმე დამუხტული საგურამოსა და წიწამურში. თითქოს სულ უფრო უახლოვდებოდა ილიას მისტერიას.

ენით გამოუთქმელი სევდით მოცული გოგლა სხვაგანაც ხშირად მინახავს. ამ დროს, თვითონაც ჩაფერფლილი, თუთუნს ეწეოდა ან მარჯვენა ხელის ცერსა და საჩვენებელ თითს ხშირ-ხშირად ისრესდა... განსაკუთრებით მახსენდება წყნეთის აივანზე შორეთს გამცქერალი და გარინდული... ერთხელ ვერ მოვითმინე და ვკითხე: „რაზე ფიქრობ-მეთქი“, ხმა წართმეულმა მიპასუხა: „რომ გაიზრდები, თვითონ გაიგებო“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა