როგორ გაუფუჭა მომავალი გოვენ ჭეიშვილს მამამ და რა გააკეთა მან გაბრაზებულ გულზე
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 21.03, 2023 წელი

საბჭოთა მასშტაბით ყველაზე გახმაურებული რეკორდის დამყარებიდან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა. მიუხედავად ამისა, 34 წლის ასაკში შესრულებული „ხუტა უფროსის“ როლი, გოვენ ჭეიშვილისთვისაც და მაყურებლისთვისაც დაუვიწყარი აღმოჩნდა... ალბათ, არც ის იყო შემთხვევითი, რომ ფილმში სხვა როლზე მიწვეულს, მილიციელის ფორმა ჩააცვეს და მსახიობმა შეძლო, მაყურებელს მილიციელისადმი შიში და უსიამოვნო განცდა გაჰქრობოდა და მათ მეხსიერებაში დღემდე „ხუტა უფროსი“ კეთილ მილიციელად რჩება. თეატრს, როგორც მსახიობი, რამდენიმე წლის წინ დაემშვიდობა, მიუხედავად ამისა, ხშირად დადიოდა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ესწრებოდა სპექტაკლებს და თვალს ადევნებდა ახალგაზრდა კოლეგებს. ბოლო პროფესიული შეხება თეატრთან 2015 წელს ჰქონდა, როდესაც მესხიშვილის თეატრში მისი 75 წლის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. მას შემდეგ გოვენ ჭეიშვილს მშობლიურ ქალაქთან დამშვიდობებაც მოუხდა – ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქუთაისიდან ბორჯომში, შვილთან საცხოვრებლად გადავიდა.
დაიბადა ქუთაისში 1940 წელს. სკოლაც აქვე დაასრულა. სწავლობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მუსიკალურ სასწავლებელში. ამბობს, რომ ხატვითაც იყო გატაცებული. როგორც იხსენებს, მამაზე განაწყენებულმა ერთხელ ყველა საკუთარი ნახატი დაწვა. „სწავლის პარალელურად, ვხატავდი და ვქმნიდი ილუსტრაციებს, ყველა ნაშრომს ვინახავდი. იმავდროულად, თბილისში, მფრინავთა სკოლაში მიღება გამოცხადდა. საბუთები მოვამზადე და მამას ვთხოვე, გაეგზავნა. რაღაც პერიოდის შემდეგ ყველას რომ მოუვიდა პასუხი და მე – არა, ხელი ჩავიქნიე, ვიფიქრე, არ მოვეწონე და აღარც გამხსენებია, მაგრამ წლების მერე სახლში შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემ მიერ მომზადებული საბუთები. მამას ვკითხე, რატომ იყო საბუთები სახლში, რა მოხდა-მეთქი და მიპასუხა: სად გაგიშვებდი, „პაგონებიანი“ შვილი მინდოდა სახლშიო. ძალიან გავბრაზდი და თუ რამე ტილო მქონდა, გამოვიტანე და დავწვი“, – იხსენებს მსახიობი. მაშინ ვერც კი იფიქრებდნენ, რომ მოგვიანებით მისი „პაგონებით“ ყველაზე საყვარელი მილიციელი გახდებოდა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მუშაობდა, ასევე, იყო ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური თეატრის მსახიობი, ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრთან თანამშრომლობა კი 1996 წლიდან დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ კინოსტუდიებთან არ თანაშრომლობდა, რეჟისორებისთვის შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა. რეჟისორმა გურამ პატარაიამ თავის ახალ ფილმში გადასაღებად მიიწვია. როგორც უთხრეს, რეკორდში ღინტუს როლი უნდა ეთამაშა. როლისთვის განსაკუთრებულად მოემზადა, ცდილობდა სახასიათო და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, თუმცა ცვლილების გამო მილიციელის ფორმა მოარგეს „საერთოდ არ მქონდა კინოსთან შეხება. „რეკორდში“ სათამაშოდ რომ მიმიწვიეს, თავისთავად მოვითხოვე რეპეტიციების გავლა და ასე ნელ-ნელა „ღინტუდ“ გადავიქეცი. „ხუტა უფროსს“ ეროსი მანჯგალაძე თამაშობდა, მოგვიანებით, როლზე უარი განაცხადა და კახი კავსაძე დაამტკიცეს, თუმცა მოხდა ისე, რომ კახიმაც უარი თქვა. ამ დროს კი ვიგებ, რომ „ღინტუს“ როლზე სხვა აირჩიეს. ვიფიქრე, არ მოვეწონეთ-მეთქი, მაგრამ მოულოდნელად რეჟისორმა გამომიცხადა, რომ ხუტა უნდა ვყოფილიყავი. გავგიჟდი, უარი ვთქვი, მაგრამ მან დაჟინებით მოითხოვა და ასე შეიქმნა „ღინტუს“ ნაცვლად გოვენ ჭეიშვილის „ხუტა უფროსი“. მსახიობი იხსენებს რომ, ერთი შეხედვით მხიარული ამბავი სამეგრელოდან, სულაც არ აღმოჩნდა უწყინარი იმჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის: „იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიწუნა. იუკადრისა, როგორ შეიძლება საბჭოთა „მილიციელი“ ასეთი უვიცი იყოსო და შეიქმნა საფრთხე, რომ ფილმი თაროზე შემოიდებოდა. მისი მოსაზრება არ გაითვალისწინეს ზემდგომებმა. თავად მას ჰკითხეს: თქვენ თუ იცით, რამდენია რეკორდი ბადროს ტყორცნაშიო. რომ ვერ უპასუხა, უთხრეს, თუ მინისტრმა არ იცის რამდენია რეკორდი, რა გასაკვირია, რომ რაიონის მილიციის უფროსმა არ იცოდესო. ასე გადარჩა ფილმი”, – აცხადებს გოვენ ჭეიშვილი. „ხუტა უფროსის“ შემდეგ კინოსთან გოვენ ჭეიშვილის თანამშრომლობა გაგრძელდა. იყო დასამახსოვრებელი როლები ფილმებში: „კუჩხი ბედინერი“, „ნეილონის ნაძვის ხე“, „სამოთხის გვრიტები“... 2017 წელს გამოჩნდა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მიერ გადაღებულ დრამაში: „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. მიუხედავად კინოში მიღწეული წარმატებისა, მსახიობისთვის მთავარი მაინც თეატრი იყო და მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა. ამბობს, რომ თეატრს სხვა ხიბლი აქვს, აქ შესაძლებელია როლის შეცვლაზე, გაუმჯობესებაზე მუშაობა, რასაც კინოში ვერ შეძლებ. მსახიობობასთან ერთად პოეზიითაც იყო გატაცებული – გოვენ ჭეიშვილის შემოქმდება ლექსების კრებულშია თავმოყრილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა...
ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელი, ბატონი კობა ღვინიაშვილი: „გურამმა ბათუმში აღმომაჩინა, სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ ფილმში. მივლინებაში ვიყავი და ერთ-ერთ გადაცემაზე ვმუშაობდით. კარგად ვიცნობდი გურამს და ფილმში გადაღება შემომთავაზა. გოვენი პროფესიონალი მსახიობი იყო, მე – „შემთხვევითი მგზავრი“. ამ ფილმის შემდეგ, შეხება აღარ მქონია კინოსთან. ამიტომ გოვენსაც იშვიათად ვხვდებოდი. ბატონ გოვენს გავიხსენებდი, მაგრამ იმიტომ არა, რომ ასეთი წესია, ყველა მხრივ, მართლაც დადებითი პიროვნება იყო, საოცარი იუმორით.
ფილმის გადაღებების დროს, ძალიან ვნერვიულობდი. რატომღაც „დაჩაგრულად“ ვგრძნობდი თავს, გურამს ვეუბნებოდი, ბავშვობაში ლექსიც არ მითქვამს სცენაზე და რა დროს ჩემი როლებია-მეთქი. მითხრა, განიტვირთე, გათავისუფლდი კომპლექსებიდან და ყველაფერი ადვილად გამოგივაო.
ერთ კურიოზს გავიხსენებდი. გოვენი, „რეკორდში“, მილიციელ ხუტა უფროსს ასახიერებდა და როლში იყო შეჭრილი. მოტოციკლის მართვა იყო საჭირო, არ იცოდა და ბატონ ჯუმბერ (ღინტუ) ჟვანიასთან ერთად სწავლობდა. გადაღებები მარტვილის რაიონში მიმდინარეობდა. ერთ-ერთი სწავლების დროს, თურმე, საწვავი გაუთავდათ და გზაზე მომავალი, ხე-ტყით დატვირთული სატვირთო მანქანა გააჩერეს. მანქანის მძღოლი დაიბნა, თურმე, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე გადაჰქონდა. მძღოლმა, საწვავი კი ჩაუსხა მოტოციკლში, მაგრამ თან ჯიბეში ფული „ჩაუტენა“. რომ წავიდა, მერე ნახეს, რომ ჯიბეში ფული ჩაუდეს და უკან დაედევნენ. საწყალმა მძღოლმა შეშინებულმა გააჩერა, იფიქრა, თანხა ეცოტავათ და ჩემი დაჭერა გადაწყვიტესო. მძღოლიც და მსახიობებიც კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. როცა მძღოლს სიტუაცია აუხსნეს, გახარებულმა, მთელი ჯგუფი რესტორანში დაგვპატიჟა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან