საზოგადოება

როგორ გაუმკლავდა ვლადიმერ სულაქველიძე ბანდიტებს ქუთაისსა და თბილისში და რატომ მოუხდა მას სამშობლოს სამუდამოდ დატოვება

№35

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 07.09, 2022 წელი

ვლადიმერ სალუქვაძე
დაკოპირებულია

ვლადიმერ სულაქველიძე 1884 წელს ქალაქ ქუთაისში დაიბადა. მისი მამა – ამბაკო სულაქველიძე, სასულიერო სემინარიის მასწავლებელი იყო. ამბაკოს ცხრა შვილი ჰყავდა. მათგან ვალოდია, კონსტანტინე და ანეტა აქტიურად იყვნენ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმული. კონსტანტინე ცნობილი სოციალ-დემოკრატი და 1918 წლიდან ქუთაისის ერობის თავმჯდომარე იყო. ანეტა კი – აქტიური ბოლშევიკი. ის 1907 წელს თბილისში, ერევნის მოედანზე გახმაურებულ ბანკის ძარცვაშიც მონაწილეობდა. ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის დროს ამბაკოს ოჯახში იზრდებოდა მწერალი გრიგოლ რობაქიძე.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ვალოდია სულაქველიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნება გახლდათ. მან ადმინისტრაციაში სამსახური ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობაზე დაიწყო და მალე, სამაგალითო სამსახურისთვის, თბილისის მილიციის უფროსად გადაიყვანეს. თუმცა, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ურატაძე მის კანდიდატურას უნდობლად უყურებდა. მილიციისთვის შესაფერის კადრად არ მიაჩნდა. ვერ იჯერებდა, რომ ეს უწყინარი გარეგნობის ტიპური ინტელიგენტი გამხეცებული ყაჩაღების თარეშს რამე რეალურ მოქმედებებს დაუპირისპირებდა. ურატაძის შეკითხვაზე, – შეძლებდა თუ არა ქალაქში წესრიგის დამყარებას, სულაქველიძემ უპასუხა, – „შევძლებ, თუკი თქვენ ორ პირობას შეასრულებთ: ერთი – მეყოლება საჭირო რაოდენობის მილიციელი და მეორე – მექნება მოქმედების თავისუფლება“. თანხმობა ორივე პირობაზე მიიღო და მეორე დღეს ვლადიმერ სულაქველიძე უკვე მილიციის უფროსი იყო. ის ენერგიულად შეუდგა ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ბრძოლას და რამდენიმე კვირაში ქუთაისი სრულად გაწმინდა ყველა საეჭვო პირისგან და სამაგალითო წესრიგი დაამყარა.

ვლადიმერ სულაქველიძის ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სომხეთის რესპუბლიკამ საქართველოს ომი გამოუცხადა. სულაქველიძის ძალისხმევით, ქუთაისში ქალაქის სომხური მოსახლეობის დარბევისა და შურისძიების მცდელობაც კი არ ყოფილა, რაც მის მაღალ სამოქალაქო შეგნებაზე მეტყველებს. ამ პერიოდში თბილისის მილიცია სხვადასხვა მიზეზთა გამო წესრიგის დაცვას თავს ვერ ართმევდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა გადაწყვიტა, რომ თბილისის თვითმმართველობისთვის ქალაქის მილიციის უფროსად ვლადიმერ სულაქველიძის კანდიდატურა შეეთავაზებინა და 1919 წლის აპრილის დასაწყისში ის სპეციალური ბრძანებით თბილისში მიიწვია.

1919 წლის მაისიდან ვლადიმერ სულაქველიძე თბილისში იყო და ენერგიულად მუშაობდა ქალაქის მილიციის რეორგანიზებაზე. ორი კვირის განმავლობაში მან მთლიანად გადასინჯა შტატები და ის მილიციელები, ვინც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ ან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში იყვნენ შემჩნეული, დაითხოვა. პირადად ამოწმებდა სადარაჯოებზე მყოფ მილიციელებს და ასევე პირადად მონაწილეობდა ყველა მნიშვნელოვან ოპერაციაში, რიგითი დამნაშავეების დაკავება იქნებოდა თუ გენერალ ბარათოვზე თავდასხმის გახმაურებული შემთხვევა, რისთვისაც შინაგან საქმეთა მინისტრისგან მადლობა მიიღო. თბილისში ქუჩების განათება სუსტად იყო ორგანიზებული. სულაქველიძის მეცადინეობით, მცირე ხანში ქუჩის განათება სრულად აღადგა. ასევე; მან დაავალდებულა მოსახლეობა, ღამით სადარბაზოები და ეზოები დაეკეტათ. ამ ღონისძიებებმა საგრძნობლად შეამსუბუქა კრიმინალური მდგომარეობა, მილიციას კი დანაშაულთან ბრძოლა გაუადვილა. მისივე დავალებით აიკრძალა დანაშაულში ეჭვმიტანილთა სახლების ღამით ჩხრეკა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა და მილიციელებს სასტიკად აეკრძალათ სადარაჯოებზე მათრახით დგომა. ვლადიმერ სულაქველიძემ მთავრობის იმედი გაამართლა. ისევე, როგორც ქუთაისში, წესრიგის თვალსაზრისით, თბილისშიც მნიშვნელოვნად შეიცვალა მდგომარეობა, რისთვისაც სულაქველიძემ მთავრობისგან კიდევ უფრო მეტი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა.

1919 წლის ზაფხულში საქართველოს რკინიგზის სისტემა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბოროტმოქმედებმა თუ დუშეთის ბოლშევიკური აჯანყების ნაშთებმა სწორედ ის ამოიღეს მიზანში და დღე არ გავიდოდა, რომ არ გაეძარცვათ ან ლიანდაგი არ აეყარათ. სადგურ გრაკალთან სარკინიგზო შემადგენლობაზე თავდასხმამ მდგომარეობა საბოლოოდ დაამძიმა. მთავრობა არჩევნის წინაშე დადგა – ან სწრაფად უნდა მოეგვარებინა პრობლემა, ან ანარქიისთვის დაეხარა თავი. საჭირო იყო ადამიანი, რომელსაც კრიმინალთან ბრძოლის გამოცდილება ექნებოდა. მთავრობამ კვლავ სულაქველიძეს მიმართა და ისიც ჩვეული ენერგიულობით შეუდგა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. დაიწყო სარკინიგზო მილიციის რეორგანიზება და არსებულ შემადგენლობას 250 მილიციელი დაამატა. მცხეთის რაიონის სოფლებში, საიდანაც ძირითადად ხდებოდა თავდასხმები, ექსპედიციები ჩააყენა და ბოროტმოქმედთა თავშესაფრებს დიდი დარტყმა მიაყენა. რკინიგზაზე პატრულირება დაიწყო ჯავშნოსანმა მატარებელმა, გამკაცრდა ზედამხედველობა მგზავრთა ნაკადზე. სულაქველიძე არც ეჭვმიტანილთა დაპატიმრებასა და ბოროტმოქმედთა ლიკვიდაციას მორიდებია. მალე რკინიგზაზე წესრიგი დამყარდა და მიმოსვლა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მიღწეული წარმატებების გამო ვლადიმერ სულაქველიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და თბილისის სახალხო მილიციის უფროსის თანამდებობასთან ერთად, რესპუბლიკის ზურგის უფროსობაც ანდეს. ეს კი საომარ და საგანგებო მდგომარეობაში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ აქცევდა ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებას, რომელთა ამოცანა ზურგის უსაფრთხოება იყო. ასე იყო 1920 წლის მაისში და შემდეგ – უკვე საბედისწერო 1921 წლის თებერვალშიც, საბჭოთა რუსეთის თავდასხმების დროს.

1921 წლის რუსული საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმერ სულაქველიძე მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. ერთხანს სტამბოლში იყო, მოგვიანებით საფრანგეთში ჩავიდა და პატარა რესტორანი „ამაყი მამალი“ გახსნა, რომლითაც თავის ირჩენდა. რესტორნის შენობის ფასადს ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მამლის გამოსახულება ამშვენებდა. თუმცა მალე გაკოტრდა, რადგან ვლადიმერი, თურმე, ხშირად უფასოდ მასპინძლობდა სამშობლოდან გადახვეწილ მშიერ-მწყურვალ თანამემამულეებს, რასაც ბიზნესმა ვერ გაუძლო.

ვლადიმერს საქართველოში სამი შვილი დარჩა: უფროსი სილვია სულაქველიძე, ირაკლი სულაქველიძე – ცნობილი მოჭიდავე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში გაიწვიეს და დაიკარგა. მას მეტსახელად „ვაგონეტკას“ ეძახდნენ, რადგან მაღაროს ვაგონის სადგარს სწევდა, ხოლო უმცროსი, ვახტანგ სულაქველიძე, ცნობილი მსახიობი გახლდათ. ვლადიმერ სულაქველიძე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

გამოყენებული მასალების წყარო: „ვიკიპედია“; ხვადაგიანი დავით. ვალოდია სულაქველიძე – დამნაშავეობის მტერი N1 // ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა