საზოგადოება

როგორ გაუმკლავდა ნინო ზაუტაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას

№26

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 05.07, 2022 წელი

ნინო ზაუტაშვილი
დაკოპირებულია

ტელეწამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა რვაწლიანი მკურნალობის შედეგად ფარისებრი ჯირკვლის საკმაოდ სერიოზული პრობლემა დაამარცხა. პროცესი საკმაოდ მძიმედ დაიწყო და შემდეგშიც ბევრ სირთულეს მოიცავდა, რის შესახებაც საკუთარ გამოცდილებას ნინო ჩვენს მკითხველს უზიარებს.

ნინო ზაუტაშვილი: ვერ მივხვდი, რასთან მქონდა საქმე. ჩემთვის ძალიან უჩვეულო სიმპტომები დამეწყო, რაც მიუთითებდა, რომ ორგანიზმში რაღაც პრობლემა იყო. სხვადასხვა პროფილის სპეციალისტთან ვიყავი, ყველაფერზე ვფიქრობდი, გარდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემისა, რადგან არ ვიცოდი ამ დაავადების სიმპტომების შესახებ, მაგრამ ყველა სხვა დაავადება გამოირიცხა. მერე მეგობარმა, რომელსაც ეს გზა გავლილი ჰქონდა, მითხრა, ფარისებრი შეიმოწმეო და მის რჩევას დავუჯერე. ექოსკოპია გავიკეთე და აღმოჩნდა, რომ ფარისებრი ჯირკვლის საკმაოდ მძიმე პრობლემის წინაშე ვიდექი.

– რა გაწუხებდათ?

– სისუსტე, წონის კლება, ტრემორი, ოფლიანობა, საშინელი აგზნებადობა და ნერვიული გამოხატულებები – ტირილი, ყველაფერზე გაღიზიანება. წონაში ერთი კვირის განმავლობაში 17 კილოგრამი დავიკელი. ისეთი ტაქიკარდია მქონდა, ბალიშზე თავს ვერ ვდებდი, ყველაფერს სუნთქვის პრობლემებიც ერთვოდა, მაგრამ როგორც კი საჭირო პრეპარატების სწორი დოზით მიღება დავიწყე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერმა უკან დაიხია და მალე გამოჯანმრთელებისკენ წავედი. ძალიან უნდა მიენდო ექიმს და მკურნალობის პროცესში საკუთარ თავს ხელი არ უნდა შეუშალო.

– ბევრი გვერდითი მოვლენა ახლავს ამ პროცესს. როგორ გაიარეთ მკურნალობის პერიოდი?

– ამ დაავადებას მართლა ბევრი პრობლემა ახლავს, მაგრამ მკურნალობის მართვა ზუსტად ამ პრობლემების ნელ-ნელა ალაგებას გულისხმობს. არავინ იფიქროს, რომ ამ დაავადებას ერთ კვირაში მოერევა. მე რვა წელი ვიღებდი პრეპარატებს. ეს იყო სისტემური პრობლემა, რომელსაც სერიოზული მიდგომა სჭირდებოდა. ამიტომ, როცა კარგ ექიმს აირჩევთ, ბოლომდე უნდა მიჰყვეთ მას და მკურნალობის პროცესში დაეხმაროთ, რათა ყველა სიმპტომი დასძლიოთ. იქნება ეს წონის პრობლემა, ნევროლოგიური გამოვლინებები თუ ძვალსახსროვანის პრობლემები. იცით, მე როგორი სისუსტე მქონდა? გადაადგილება მიჭირდა. ამას ვერც აღვწერ, ძალიან მძიმე რამეა. თითქოს ჩემი ძვლები ბამბასავით იყო.

– როგორ გაუმკლავდით ამ ყველაფერს ემოციურად?

– ძალიან ემოციური ვარ, ეს არც მანამდე მაკლდა. მაგრამ ექიმს უნდა მიჰყვე და თავი ხელში აიყვანო. ვიცი, რომ ეს სათქმელად ადვილია და შესასრულებლად – რთული, მაგრამ თუ საჭიროა, რაღაც პერიოდით, დამამშვიდებელი საშუალებაც უნდა მიიღო, რომ მკურნალობა დინჯ რეჟიმში გააგრძელო. რაც უფრო მეტს ინერვიულებ, უფრო გვიან დადგება შედეგი. ამიტომ ნერვულ სისტემასაც ძალიან უნდა შევუწყოთ ხელი, რისთვისაც დღეს ბევრი საშუალება არსებობს.

– ემოციური ხართ, მაგრამ როგორც ჩანს, ნებისყოფა ძალიან კარგი გაქვთ.

– ნებისყოფა ძალიან მნიშვნელოვანია და მის ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი. ძალიან ვწუხვარ, რომ ბოლო დროს წონა გამექცა, თუმცა ამასაც მოვუვლი. ამჯერად ფარისებრთან არაფერ შუაშია. სტრესული გარემოებების გამო ტკბილეულის ჭამას მოვუხშირე (იცინის). მაგრამ ნებისყოფაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, არამხოლოდ მკურნალობის, მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში.

– თქვით, ბევრ სპეციალისტთან ვიყავი და ბოლოს მეგობარმა მითხრა, იქნებ, ენდოკრინოლოგისთვის მიგემართაო. ექიმებს არ გასჩენიათ ეჭვი, რომ ეს ენდოკრინოლოგის საქმე იყო?

– მოხდა ასეთი შემთხვევა ჩემთან დაკავშირებით. შეიძლება, უცებ ვერ შეამჩნიეს. არ მინდა, ექიმებისკენ ხელის გაშვერა. მედიცინაში, ისევე, როგორც ყველაფერში, შესაძლოა, შეცდომა მოხდეს. შეიძლება, ადამიანმა გამორიცხოს პრობლემა თავის მიმართულებით, მაგრამ ვერ დაუშვას, რომ ესა და ეს ჩივილები, კონკრეტულად ენდოკრინოლოგის საქმეა. რადგან შენ დაინტერესებული მხარე ხარ, არ ნებდები. მადლობა ღმერთს, გამოჩნდა ადამიანი, ვინც ამ პრობლემაზე მიმანიშნა და მართალიც აღმოჩნდა. ამის შემდეგ წავედი სწორი გზით, რისთვისაც ჩემი მეგობრის ძალიან მადლიერი ვარ.

– საერთოდ, როცა პრობლემა ჩნდება, მაშინვე მიმართავთ ხოლმე ექიმს თუ გადადება გირჩევნიათ?

– ყველას ვურჩევ, წელიწადში ერთხელ, ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებლად გადაიკონტროლოს. მით უმეტეს, როცა ასაკი გვემატება. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს ქვეყანაში პრევენციულ მედიცინას ვერ მოება თავი. ეს თუ გამოვა, გაცილებით ჯანმრთელებიც ვიქნებით და ხარჯიც ნაკლები გვექნება. ჯანმრთელობის მდგომარეობით ახალგაზრდობაში ნაკლებად ვიყავი დაინტერესებული. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ფანტასტიკური ჯანმრთელობა მაქვს, რაც ასაკი მემატება – მით უმეტეს. ახლა უკვე ძალიან კატეგორიულად ვიტარებ კვლევებს. მიუხედავად იმისა, რომ ენდოკრინოლოგიური პრობლემა მომეხსნა, ექვს თვეში ერთხელ ანალიზებს ვიკეთებ – ეს უკვე წესად მაქვს.

– თუმცა, პირველად როცა დაინტერესდით, არ იყო ადრეული ეტაპი, უკვე საკმაოდ ბევრი ჩივილი გქონდათ გამოხატული.

– კი, ზუსტად ასე იყო. მაშინ წონის ძალიან სწრაფი კლების გამო შემეშინდა. ძალიან დიდი შიში ვიგრძენი. ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ეს ონკოლოგიური დაავადება ყოფილიყო. ძალიან ცუდად ვიყავი და კარგი რა უნდა მეფიქრა?! აქედან გამომდინარე კი, ცოტა თავი ავარიდე ექიმებთან მისვლას. ვფიქრობდი, თუ ეს უბედურება მითხრეს, მორჩა ჩემი ცხოვრება-მეთქი. მაგრამ მაინც მივედი, გავარკვიე და მადლობა ღმერთს, დროული აღმოჩნდა. დაავადებამ სხვა გზა აღარც დამიტოვა. ეს რომ არ გამეკეთებინა, ძალიან ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. როცა გავიგე, რომ ფარისებრის პრობლემა იყო და არა ავთვისებიანი სიმსივნის, დავმშვიდდი. მივხვდი, რომ მისი განკურნება შეიძლებოდა.

– ასეთ მდგომარეობაში კიდევ ერთი შიში ჩნდება, არ დავკარგოთ შრომის უნარი. ახერხებდით მუშაობას?

– ბოლო მომენტამდე, გაუჩერებლად ვმუშაობდი. უფრო მეტიც – ყოველთვის ძალიან გადატვირთული, ფაქტობრივად, 24-საათიანი რეჟიმით. ერთხელაც, სამსახურში უნდა წავსულიყავი, ავდექი და მივხვდი, რომ ფეხს ვეღარ ვადგამ. ეს იყო ჩემთვის SOS სიგნალი. ჩემს თავს ვუთხარი: ნინო, ეს მართლა ძალიან ცუდი ამბავია და დღესვე უნდა წახვიდე ექიმთან-მეთქი! მაშინ ვიფიქრე, თუ ახლა არ წავედი ენდოკრინოლოგთან და ესეც არ გამოვრიცხე, მაშინ რჩება ერთადერთი გზა და არც თუ ისე სასიამოვნო. გავვარდი ენდოკრინოლოგთან, აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ პრობლემის წინაშე ვიყავი და დავიწყე მკურნალობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა