საზოგადოება

როგორ გაუხეთქა გული აკაკი ხორავამ კახა კახაბრიშვილს და რის გამო შეარცხვინა ვასო გოძიაშვილმა ის

№27

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 11.07, 2023 წელი

კახა კახაბრიშვილი
დაკოპირებულია

„…ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სერგო ზაქარიაძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, ვასო გოძიაშვილი, მიხეილ თუმანიშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ოტია იოსელიანი, გურამ დოჩანაშვილი გამარჯობას მეტყოდნენ… აღმოჩნდა, რომ მე მათ გვერდით ზოგის მოწაფე ვიყავი, ზოგის – ასისტენტი და შემდეგ კოლეგა. ბატონი ვასო მეკითხებოდა, გოძიაშვილი, ახალგაზრდა ბიჭს, დამწყებ რეჟისორს: ბატონო კახა, ასე შეიძლება, გავაკეთოო? – როგორ არ შეიძლება, რაც ნიჭიერებასთან არის დაკავშირებული, ყველაფერი შეიძლება…“

ადამიანი, რომელსაც ცხოვრება მართლაც გენიოსების გვერდით მოუწია, გიორგი, (იგივე კახა) კახაბრიშვილია. კახა კახაბრიშვილს ქართული ტელესპექტაკლების პატრიარქი უწოდეს და სრულიად დამსახურებულადაც. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საქართველოს ტელევიზიას ჰქონდა ისეთი ტელესპექტაკლები, როგორებიცაა „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“... მისი დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, დღიურებში მოყოლილი, ასე დაიწყო…

გული კინაღამ გამისკდა

ვოცნებობდი რეჟისორი ვყოფილიყავი. კინოსარეჟისორო ფაკულტეტი საქართველოში მაშინ არ იყო, მარტო ერთადერთი მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი „ვგიკი“ არსებობდა. სამწუხაროდ, მშობლებს იმის საშუალება არ ჰქონდათ, რომ მე სხვა ქალაქში მესწავლა. სხვათა შორის, ახლანდელ დროში ისევ აბიტურიენტი რომ ვყოფილიყავი, ჩემები ვერც ახლა მოახერხებდნენ სწავლის საფასურის გადახდას. რასაც ჩვენ სწავლაში ვიხდით ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის, მგონია, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყნისათვის დამღუპველია და ბოროტებაც არის. სწავლა უფასო უნდა იყოს. ცხოვრება ხომ ისეთი გენიოსია, თვითონ ალაგებს ყველას თავ-თავის ადგილზე. სხვათა შორის, არც რამაზ ჩხიკვაძე იყო ფრიადოსანი თეატრალურ ინსტიტუტში და არც ეროსი მანჯგალაძე. სამაგიეროდ, ვიცი ფრიადოსნები, წითელი დიპლომები რომ ჰქონდათ, დღესაც სახლში სხედან და მათ შესახებ არავინ იცის... მამაჩემი სტალინგრადის ფრონტიდან კონტუზიით დაბრუნდა. ოცნებობდა, რომ ექიმი გავხდებოდი და მოვარჩენდი. წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილი იყო ჩემთვის, როცა მამის ნატვრას არ ვასრულებდი და სულ სხვა გზით გადავწყვიტე სიარული. როცა მე ვაბარებდი, იმ წელს თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე მიღება არ ჰქონდათ, შემომთავაზეს, სამსახიობოზე დარჩიო. მკაცრად ვიუარე და უცებ ჩემს უკან ბატონმა აკაკი ხორავამ გადაიხარხარა: „რა დაგიშავეთ, შვილო, მსახიობებმაო“, არ ვიცოდი, თუ იქ იყო, გული კინაღამ გამისკდა. დავიბენი, ამხელა ბუმბერაზი კაცის სიტყვებზე, მოვუბოდიშე და ვუთხარი, უბრალოდ, მსახიობობაზე არ მიფიქრია და არც საამისო მონაცემები მაქვს-მეთქი. იქნებ სცადოო, – მითხრა. არ ვიყავი მზად, მაგრამ ლექსი მაინც წავიკითხე. ახლა აკაკი ხორავას ვბაძავდი: „ჰეი, თქვენ არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა!“ დაიხოცნენ სიცილით ჩემს გულუბრყვილობასა და უნიჭობაზე... გამოცდებამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, პარაშუტიდან ერთ-ერთი გადმოხტომისას ქარმა უსწორმასწორი ადგილისკენ წამიღო, ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი, მიწაზე კარგად ვერ დავეშვი და მარჯვენა ფეხის კოჭი ვიღრძე. თუ დიდხანს მიწევდა ფეხზე დგომა, ვიღლებოდი, მტკიოდა და ცოტას ვკოჭლობდი. დიდმა დოდო ალექსიძემ ეს რომ დაინახა, წამოიძახა, ახლა კოჭლებიღა გვაკლდა თეატრალურ ინსტიტუტშიო. მეწყინა, როგორ გეკადრებათ, კოჭლი კი არა, პარაშუტისტი ვარ-მეთქი. მითხრეს, აბა, მაშინ ეტიუდი გაგვიკეთე, ვითომ თვითმფრინავიდან ხტებიო. რა მექნა, გავაკეთე და იატაკზე ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადავხტი, კიდევ უფრო მეტი იცინეს. მოკლედ, მაინც მიმიღეს და მერე იმ დიდებულ ადამიანებს მიზეზი რომ ვკითხე, მითხრეს, თეატრს მარტო ნიჭიერი მსახიობები და რეჟისორები არ სჭირდება, არამედ მისი მოყვარული ადამიანები, რომლებიც სამეურვეო საქმიანობას განაგებენ. შენი ქცევა, საუბრის მანერა მოგვეწონა, ნიშნებს ჩავხედეთ და ჩავთვალეთ, რომ თუ კარგი მსახიობი არა, თეატრის კარგი თანამშრომელი მაინც გახდებოდიო... ასე აღმოვჩნდი თეატრალურში. სწორედ აქ ვითამაშე ჩემი ერთადერთი ეპიზოდური როლი „ფიგაროს ქორწინებაში“. მესამე კურსიდან ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში გადავედი სარეჟისორო ფაკულტეტზე…

ძვირფასი ქურქი და ნანატრი კინოკამერა

მე დავიბადე ანჩისხატის ეკლესიის ეზოში. ჩემს ბავშვობაში, ამ ეკლესიაში ხალხური შემოქმედების მუზეუმი იყო, სადაც დედა დამლაგებლად მუშაობდა. ხშირად მივყავდი ხოლმე თან და რომ დავითვალოთ, რამდენიმე წელი მაქვს ანჩისხატის ეკლესიაში გატარებული. დედას ოცნება იყო, ქურქი ჰქონოდა, განვადებით შეიძინა და ორი თუ სამი წელი იხდიდა. ედო, არ ჩაუცვამს… ერთ დღეს გამოვაცხადე, რომ რეჟისორობა მინდოდა და კინოკამერა მჭირდებოდა, რომელიც მაშინ დიდი თანხა – 450 მანეთი ღირდა. არც დაფიქრებულა, ისე გაყიდა ქურქი და სახლში რომ მივედი, კინოკამერა დამახვედრა.

„ფერად გადაცემათა“ რედაქცია და „ტუ 104“

1972–1973 წლებში მიხეილ თუმანიშვილი რუსთაველის თეატრიდან წამოვიდა. ტელევიზიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, კარლო გარდაფხაძემ სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა, მაგრამ ბატონმა მიშამ უარი თქვა. მე ჩემს სტუდენტთან, კახა კახაბრიშვილთან ერთად, „ფერად გადაცემათა“ რედაქციაში ვიქნებიო… და დაიწყო სატელევიზიო სპექტაკლების ახალი ტალღა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ტელედადგმა დაკარგულია, რადგან მაშინ ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. კინოფირზე მხოლოდ ფრაგმენტებს იღებდნენ, რაც ისტორიას რჩებოდა. ერთხელ რეჟისორმა შოთა ქარუხნიშვილმა „კაკო ყაჩაღი“ დადგა. მაშინ ტელესტუდია ფუნიკულიორზე იყო, ის მომენტია „წამოხტა კაკო ლომივით ზეზე, თოფი მოზიდა და შეაყენა“ – და ამ დროს „ტუ 104-მა“ გადაიფრინა, მე–19 საუკუნეში. მოტორების გუგუნმა მიკროფონები ჩაახშო, გაჩერდნენ, რა უნდა ექნათ, გადაიფრინა და შემდეგ გააგრძელეს… მიხეილ თუმანიშვილის დადგმებში შეხვდებით ტიტრებს, სადაც წერია – დადგმა მიხეილ თუმანიშვილის, რეჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ დამდგმელი რეჟისორი ბატონი მიშაა და ტელევიზიაში ჩემი გადაღებულია. ასეთი ტანდემივით იყო და ძალიან პოპულარული.

ერთხელ, ოტია იოსელიანმა, ჩემმა უფროსმა მეგობარმა, მითხრა, როდესაც კარგ ნაწარმოებს კითხულობ, შენ ამ დროს ურთიერთობა გენიოსთან გაქვსო. ასეა, როცა რეჟისორი ილია ჭავჭავაძეს, დავით კლდიაშვილს ან შექსპირს დგამს, მასაც გენიოსთან აქვს ურთიერთობა და მისი მეშვეობით მაყურებელს გენიოსის ნააზრევს და ნაფიქრალს აცნობს. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ტელესპექტაკლები აუცილებელია.

დამაბრმავებელი პროჟექტორები – მხოლოდ პირადი

მოხდა ისე, რომ მე და თამრიკო გვერდწითელს ერთმანეთი შეგვიყვარდა. მასზე 15 წლით უფროსი ვიყავი. დიდი ხანი ვიცნობდი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მოგვევლინა 22 წლის ახალგაზრდა ასული. ყავაზე დავპატიჟე, წამოვიდა… და მერე ყავა ისეთი ტკბილი აღმოჩნდა, დავქორწინდით და ალექსანდრე გვეყოლა. სამწუხაროდ, ერთი შვილი გვყავს, საბედნიეროდ, კარგი შვილი გვყავს. სანდრო სამხედრო პოლიგლოტია, მომავალი წლის დასაწყისში ლონდონში სადოქტორო დისერტაციას დაიცავს. 12 წელი ვიყავით ერთად, დღემდე ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. შვილი გვყავს საერთო. სანდროს გარდა, არც მას ჰყავს სხვა შვილი და არც მე…როცა ერთმანეთს დავშორდით, მე 50 წლის ვიყავი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შვილიშვილის ტოლი შვილი უნდა მყოლოდა. თან მე დავინახე, რომ ჩემს შვილს მაინცდამაინც არ გაუხარდებოდა, ჩვენს შორის ვინმე გაჩენილიყო, თუნდაც მეუღლის სახით. ამიტომ ჩემს პირად ცხოვრებაზე უარი ვთქვი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით მე რამე დამაკლდა. უარი ჩემი შვილის გამო ვთქვი. ცხოვრებაში არის მომენტი, როცა რაღაც გზა იხსნება და მიდიხარ. მარტო თამრიკოს არ დაემართა ასე, ბევრს მოსვლია. როცა ჩვენ შევუღლდით, ასეთი პირობა გვქონდა – მინიმუმ ორი შვილი გვეყოლებოდა. თვითონაც ასე ფიქრობდა მაშინ, მაგრამ სცენის პროჟექტორებმა დაბრმავება იცის, ძალიან ბრჭყვიალაა, როცა ანათებს. ეს არავითარი ირონია არ არის, ჩემი გულის ტკენაა. მე მინდოდა, უფრო მეტი შვილი მყოლოდა და, ვფიქრობ, ისიც ასე ფიქრობდა…

დიდი სიამოვნება

ახალბედა რეჟისორი ვიყავი, როცა „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ დადგმა გადავწყვიტე. მთავარ როლში ვასო გოძიაშვილის მიწვევა მსურდა. ბატონმა მიშა თუმანიშვილმა მითხრა, არ დაგთანხმდებაო. გადავწყვიტე, მეცადა და როდესაც ბატონ ვასოსთან მივედი, აქეთ შემარცხვინა, არ გრცხვენიათ ახალგაზრდა რეჟისორებს, გგონიათ, რომ დავბერდი და თამაში აღარ შემიძლიაო და დიდი სიამოვნებით დამთანხმდა სპექტაკლში მონაწილეობაზე... მერე საოცარი მსახიობების თაიგული შეიკრიბა... სპექტაკლისთვის მუსიკა გიორგი ცაბაძემ დაწერა, სიმღერის ტექსტები – პეტრე გრუზინსკიმ. როდესაც სპექტაკლი საქართველოს ტელევიზიით გავიდა, პირველი, ვინც დამირეკა, სესილია თაყაიშვილი იყო, უკვე მიყვარხარ, ასეთი კარგი საქმე რომ გააკეთეო (ის და ვასო გოძიაშვილი იმ დროისთვის დაცილებულები იყვნენ). ბატონი ვასო ჩემთვის უდიდესი პროფესიონალიზმის გაკვეთილი იყო. ყოველ რეპეტიციაზე მოსვლის წინ საკუთარ იდეებს მითანხმებდა.

კახუნა, მეორედ მანდ აღარ დაჯდე, რა

ერთხელაც, ეროსი მანჯგალაძემ მითხრა, თუ სპექტაკლი და რეპეტიციები არ მაქვს, ჩემი მეგობრებისთვის სულ სახლში ვარო, ანუ ამით მეგობრობის ხელი გამომიწოდა. თან, დაამატა, პაროლი - ორი მოკლე და ერთი გრძელი ზარი დარეკეო. ასე თუ არ დარეკავდი, კარს არ გააღებდა. ტელეფონზე დარეკვის დროსაც იყო პაროლი: ჯერ ორჯერ, თითო-თითო ზარი უნდა გაგეშვა, გაგეთიშა და მერე თავიდან დაგერეკა. ორი ბოთლი შამპანური, „ბანბანერკა“ ვიყიდე და ბატონ ეროსისთან მივედი. იქ მისი ბავშვობის მეგობრები, რეზო ტაბიძე და ვიქტორ ნინიძე დამხვდნენ. მასპინძელმა თქვა, სტუმარი გვყავს და პატივი უნდა ვცეთო. სამივე სამზარეულოში გავიდნენ და სადილის მომზადება დაიწყეს. დახმარება შევთავაზე, მაგრამ იუარეს. სამზარეულოდან ჯერ ვიქტორი გამოვიდა და ტელევიზორის წინ, სკამზე მჯდომი რომ დამინახა, თვალები შუბლზე აუვიდა. ჩუმად მანიშნა, ადექიო. მეც დავემორჩილე და წამოვდექი. ამ დროს ეროსი შემოვიდა, რას დგახარ, დაჯექიო. ორივე სამზარეულოში რომ დაბრუნდა, რეზოც გამოვიდა. რომ დამინახა, იმანაც მითხრა, მანდედან ადექიო. სამჯერ თუ ოთხჯერ წამოვდექი დაბნეული და ვერ გამეგო, რაში იყო საქმე. ვიფიქრე, დამცინიან-მეთქი. იმ საღამოს საუკეთესო სასმელი დავლიეთ. ვიქეიფეთ: ტარანზე, სალათზე, ყველზე, ღომ-მჭადზე, რომელიც ეროსის ძალიან უყვარდა და თავად აცხობდა და ასე შემდეგ. საღამო რომ დასრულდა, ბატონმა ეროსიმ მითხრა, კახუნა, მეორედ მანდ აღარ დაჯდე, რა. თურმე, მის ადგილას ვიჯექი და მისი მეგობრები ამას მანიშნებდნენ. მერე ბატონმა ვიქტორმა მითხრა, – ეტყობა, შენ ძალიან უყვარხარ, თორემ ფანჯრიდან გისროდაო...”

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი