საზოგადოება

როგორ განსაზღვრა სოლომონ რაზმაძის ბედი ერეკლე მეორის შთამომავლობამ და რატომ დასჭირდა მას საკუთარი ლექსების განადგურება

№8

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 28.02

სოლომონ რაზმაძე
დაკოპირებულია

რომანტიკული სკოლის წარმომადგენელი, პოეტი სოლომონ რაზმაძე დაიბადა 1797 წელს. მისი მამა, ივანე, ერეკლე მეორეს ჯერ კიდევ მცირეწლოვანი მოუყვანია ყაბარდოდან, აღუზრდია და ბრძოლებში გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის აზნაურობა უბოძებია. სოლომონის ბედი განსაზღვრა იმ ახლო ოჯახურმა ურთიერთობამ, რომელიც მის მშობლებს ერეკლე მეორის შთამომავლობასთან ჰქონდა, კერძოდ, გიორგი მეთორმეტესთან და მის მემკვიდრეებთან – დავით და თეიმურაზ ბატონიშვილებთან. ივანეს გარდაცვალების შემდეგ მისი ცოლ-შვილი მფარველობის ქვეშ აიყვანეს თეიმურაზ ბატონიშვილმა და მისმა მეუღლემ – ელენემ. 1810 წლის ბოლოს თეიმურაზი ოჯახთან ერთად პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. მას თან გაჰყვნენ სოლომონი და დედამისი – თამარი.

სოლომონ რაზმაძე თეიმურაზ ბატონიშვილის მზრუნველობითა და მეთვალყურეობით იღებდა განათლებას. პოეტს კარგად შეუსწავლია რუსული და ფრანგული ენები. ლიტერატურულ საქმიანობაში ეხმარებოდა თეიმურაზ ბატონიშვილს და ასრულებდა მისი მდივნის მოვალეობას. სოლომონს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთში მყოფ ქართველ ბატონიშვილებთან და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან. იცნობდა გრიგოლ ორბელიანს, სოლომონ დოდაშვილს, მწიგნობარ იონა ხელაშვილს და სხვებს. 1826 წლისთვის პეტერბურგში უკვე არსებობდა 1832 წლის შეთქმულების უჯრედი. სოლომონ რაზმაძე ამ უჯრედის წევრი გახდა და მუდმივად ესწრებოდა შეთქმულთა შეკრებებს.

მთარგმნელობითი მოღვაწეობა სოლომონ რაზმაძეს ადრევე დაუწყია. ის გატაცებული ყოფილა რუსული პოეზიითა და განსაკუთრებით პუშკინის შემოქმედებით. თეიმურაზის ხელნაწერებში შემონახულია ლამაზად გადაწერილი პუშკინის რამდენიმე ლექსი, რომლის თარგმანი სოლომონს ეკუთვნის.

1831 წლის ბოლოს სპარსეთში რუსეთის ელჩად დაინიშნა გენერალ-მაიორი ივანე სიმონიჩი – თეიმურაზ ბატონიშვილის ქვისლი. თეიმურაზის შუამდგომლობით, მან რაზმაძე წაიყვანა მთარგმნელად. 1832 წლის თებერვალში პეტერბურგიდან გამოსული რაზმაძე, მოსკოვისა და თბილისის გავლით, სპარსეთში გაემგზავრა.

თბილისში ჩამოსვლისთანავე რაზმაძე შეხვდა სოლომონ დოდაშვილს, ელიზბარ ერისთავს და სხვებს. დაუახლოვდა შეთქმულებს, გაეცნო ფილადელფოს კიკნაძის მიერ შედგენილ „აქტი გონიურს“ და თბილისში ყოფნის სულ რაღაც ოთხიოდე თვეში თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების აქტიური წევრი გახდა. შეთქმულთაგან მას დაევალა კავშირი დაემყარებინა სპარსეთში გადახვეწილ ალექსანდრე ბატონიშვილთან და ხელი მოემართა განზრახულებისთვის. სოლომონ რაზმაძის პოლიტიკური ხასიათის არაკი „დათვი და ცხვარი“ ძალიან გავრცელებული და პოპულარული იყო შეთქმულთა შორის. ამ არაკმა საგამომძიებლო კომისიის ყურადღებაც მიიქცია, რამდენადაც ის ალეგორიულად გამოხატავდა შეთქმულთა წრის პოლიტიკურ შეხედულებებს.

სპარსეთში გამგზავრების წინ, 1832 წლის მაისის ბოლო რიცხვებში, ელიზბარ ერისთავმა სოლომონ რაზმაძის პატივსაცემად გამართა გამოსათხოვარი სადილი, რომელზეც მოპატიჟებული იყვნენ სოლომონ დოდაშვილი, ალექსანდრე და ვახტანგ ორბელიანები, გიორგი ერისთავი, დიმიტრი ყიფიანი და სხვები.

თავრიზში სოლომონი მხოლოდ წლის ბოლომდე იმყოფებოდა. 1832 წლის 9 დეკემბერს შეთქმულება გასცეს და დაიწყო ფარული ორგანიზაციის წევრთა დაპატიმრება. შეთქმულების ჩაშლა რაზმაძემ დაპატიმრებამდე ორი კვირით ადრე გაიგო და სავარაუდოა, რომ მან წინასწარ ზომები მიიღო საეჭვო წერილებისა თუ სხვა რამ მამხილებელი მასალების გასანადგურებლად. მას გაჩხრეკისას საეჭვო ბევრი ვერაფერი უპოვეს. თუმცა, მაინც დააპატიმრეს და თავრიზიდან თბილისში გამოგზავნეს. სასამართლოს განაჩენით, სოლომონ რაზმაძეს მიესაჯა რუსეთის იმპერიის რომელსამე შიდა გუბერნიაში სამუდამოდ გადასახლება და იქ სამოქალაქო სამსახურის დაბალ მოხელედ განწესება. სასამართლოს განაჩენი იმპერატორმა 1834 წლის 20 აპრილს დაამტკიცა, ხოლო საქართველოს მთავარმართებელმა, ბარონმა როზენმა გადასახლების ადგილად ქალაქი პენზა დაუნიშნა.

განაჩენის თანახმად, სოლომონს შესაძლებლობა ეძლეოდა, სამსახური დაეწყო გუბერნიის სამოქალაქო უწყებაში დაბალ მოხელედ, საერთო უფლებებით. პოლიციას კი დაევალა მასზე ფხიზელი მეთვალყურეობა. დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ რაზმაძე განაწესეს პენზის გუბერნიის მმართველობაში სამოქალაქო გუბერნატორის კანცელარიის საქმეთა გადამწერად. გონიერებით მან მალე მიიპყრო უფროსის ყურადღება, რის გამოც ჯერ „პოდკანცელარისტობა“, ხოლო შემდეგ „კანცელარისტობა“ ებოძა. 1837 წლის მაისში სოლომონ რაზმაძე უკვე „გუბერნსკი რეგისტრატორია“, მაგრამ მძიმე ავადმყოფობის გამო იძულებული ხდება, თავი დაანებოს სამსახურს.

ამავე პერიოდში სოლომონი დაქორწინდა ელისაბედ მეშკოვაზე, პენზის მაზრის სოფლების პურის სამარქაფო მაღაზიათა მზრუნველის ქალიშვილზე. წყვილს შეეძინა ვაჟი – ალექსანდრე, შემდეგში ცნობილი მუსიკოსი, მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორი, კომპოზიტორი, ლიტერატორი და მთარგმნელი.

1842 წლის ბოლოს სოლომონმა საგუბერნიო მმართველობისგან მიიღო პასპორტი, რაც მას საშუალებას აძლევდა, რუსეთის იმპერიის მასშტაბით, სადაც სურდა იქ ეცხოვრა, გარდა საქართველოსა და რუსეთის ორივე დედაქალაქისა, მაგრამ წასასვლელი არსად ჰქონდა და პენზაშივე დარჩა.

გადასახლების შემდეგ სოლომონ რაზმაძის პოეზიას რომანტიკული მოტივები მიეძალა – სევდა, უიმედობა, წუხილი სამშობლოს ბედის გამო, სოფლის სამდურავი. მან მწარედ განიცადა ბედის უკუღმართობა. თუმცა ამავე პერიოდში მის შემოქმედებაში სიყვარულის თემაზე დაწერილი ლირიკული ლექსებიც გვხვდება.

სოლომონ რაზმაძის ლიტერატურული მემკვიდრეობის უმეტესი ნაწილი დაკარგულია. პირველი პერიოდის ლექსები, სავარაუდოდ, სიფრთხილის გამო თვითონვე მოსპო, გადასახლებაში დაწერილი ლექსები და პოეტის სხვა ლიტერატურული მასალა კი დაიკარგა მისი შვილის, ალექსანდრე რაზმაძის არქივთან ერთად.

სოლომონ რაზმაძე გარდაიცვალა 1860 წელს. დაკრძალულია პენზაში.

გამოყენებული მასალების წყარო: ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. ქართული ემიგრანტული მწერლობა. ქუთაისი, 2006. გვ. 272-295; ალანია ნოდარ. სოლომონ რაზმაძე : [ცხოვრება და მოღვაწეობა]; ვახანია, ნანა. სოლომონ რაზმაძე // ჩვენი XIX საუკუნე: ლექციები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან / ნ. ვახვნია; burusi.wordpress.com; nplg.gov.ge;

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული