საზოგადოება

როგორ განიცდიდა სამშობლოს ბედს გივი გაბლიანი და რით იყო მისი ცხოვრება გამორჩეული

№43

ავტორი: ქეთი მოდებაძე 21:00

გივი გაბლიანი
დაკოპირებულია

სამხედრო მოღვაწის, ექიმისა და მემუარისტის, გივი გაბლიანის მამა, ეგნატე გაბლიანი ეთნოგრაფი და პუბლიცისტი, სვანეთის ისტორიის მკვლევარი გახლდათ. პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრებისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, იკვლევდა სვანურ ფოლკლორსა და სვანთა ყოფას, პრესაში აშუქებდა სვანეთის პრობლემებს. გამოსცა სამი წიგნი: „ძველი და ახალი სვანეთი“, „თავისუფალი სვანეთი“, „ჯიხვი სვანეთის მთებში“. ეგნატე აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში.

ეგნატე გაბლიანი, 1921-1924 წლებში სვანეთში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გაშლილი პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური, არაერთგზის იყო დაპატიმრებული. ის 1937 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი მეუღლე, პედაგოგი ვერა თევზაძე დაპატიმრებას გადაურჩა, მაგრამ დედის დაჭერის შიში, „მტრის შვილის“ იარლიყი და მატერიალური გაჭირვება მუდმივად თან სდევდა ახალგაზრდა გივი გაბლიანს.

გივი გაბლიანი 1939 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ასპირანტად დატოვეს ქირურგია-ენდოკრინოლოგიის განხრით. ამავე წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, როგორც ექიმი.

1940 წელს გივი გაბლიანს ლიტვის ოკუპაციაში მოუხდა მონაწილეობის მიღება. პატარა, მშვიდობიანმა, აყვავებულმა ლიტვამ გივი გაბლიანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხალხი, ოკუპირებულიც კი უფრო თავისუფალი და ბედნიერი ჩანდა, ვიდრე „თავისუფალი“ საბჭოთა მოქალაქეები. სპეცდანიშნულების რაზმების შესვლას პოლიტიკურად „საშიში“ ხალხისგან ქვეყნის გაწმენდა, სატვირთო ეშელონებით ციმბირისკენ, შრომით ბანაკებსა და გულაგებში მათი გაგზავნა მოჰყვა. ლიტვის ბედი ეწვია ლატვიასა და ესტონეთსაც. ამ ქვეყნების ტრაგედიამ შეძრა ახალგაზრდა ექიმი – მის ქვეყანასა და ოჯახს ეს ხომ უკვე გადატანილი ჰქონდა.

1941 წლის 22 ივნისს გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს და გივი, პრაქტიკულად, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდა. ომის პირველივე თვეებში მრავალი საბჭოთა მეომარი ჩავარდა ტყვედ. მათ შორის იყო გაბლიანიც. საბჭოთა ხელისუფლებამ ხელი არ მოაწერა ტყვეთა დაცვის კონვენციას. სტალინის ბრძანების მიხედვით, ყველა ტყვე სამშობლოს მოღალატედ ცხადდებოდა. ამით საბჭოთა კავშირმა, ფაქტობრივად, უარი თქვა თავის მოქალაქეებზე.

ქართული ემიგრაცია ომის დაწყებისთანავე დაირაზმა ტყვეთა გადასარჩენად. ბანაკებიდან ქართველი, კავკასიელი და ებრაელი ტყვეები გამოიყვანეს. ტყვეობიდან გაათავისუფლეს გივი გაბლიანიც. ის „ქართული საკავშირო შტაბის“ სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა. განყოფილებას ევალებოდა, აღენუსხა ტყვეთა ბანაკებში გაფანტული ქართველები, გაეთავისუფლებინა და განესაზღვრა მათი იურიდიულ-ლეგალური მდგომარეობა. გერმანული სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ გივი გაბლიანმა ობერლეიტენანტის წოდება მიიღო და 1943 წელს დაინიშნა აბვერის ქართულ ბატალიონ „თამარა II-ის“ მეთაურად. მისი მეცადინეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც შემდეგ ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. ეს დანაყოფები გერმანულ ჯარებს უნდა შეჰყოლოდნენ საქართველოში და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაეცვათ ქვეყანა. ქართველები კარგად ხედავდნენ ნაციზმის ნამდვილ სახეს, მაგრამ ჰიტლერის წინააღმდეგ განწყობილი გერმანელების მსგავსად, ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერი არ იქნებოდა გერმანიის მუდმივი მმართველი და მის შემდეგ გერმანიის პოლიტიკა დაპყრობილ ტერიტორიებზე შეიცვლებოდა.

გერმანიის დამარცხებამ ქართველთა გეგმები ჩაშალა. ომის შემდეგ, გერმანიის მხარეზე მებრძოლ სხვა ქართველთა მსგავსად, გივი გაბლიანი საბჭოთა მხარეს რომ არ ჩავარდნოდა ხელში, ამერიკაში გადასახლდა. დასახლდა ნიუ-ჯერსიში, სადაც ექიმად მუშაობდა. ასევე, სტატიებს წერდა ქართულ ემიგრანტულ პრესაში.

პენსიაზე გასვლის შემდეგ გივი გაბლიანი თავისი ჩანაწერების მოწესრიგებასა და წიგნის წერას შეუდგა. ინგლისურ ენაზე დაწერილი მემუარები – „ჩემი მოგონებანი (მეორე მსოფლიო ომი)” – ქართულად ითარგმნა და ორ ტომად გამოიცა ქუთაისში. გივი გაბლიანი წიგნში ყურადღებას საგანგებოდ ამახვილებს გერმანიის ღვაწლზე პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წინაშე და გაბლიანთა ოჯახის თავგადასავალზე. მის წინაშეც დგება ორ დამპყრობელს შორის მოხვედრილი ქართველის მრავალსაუკუნოვანი პრობლემა – როგორ უნდა მოიქცეს, რომელი დამპყრობლის მხარეს დადგეს, რომ გადარჩენის ნაცვლად ქვეყანა არ განადგურდეს?... რომელია ნაკლები ბოროტება?... „ჩვენთვის ისევე მიუღებელი იყო ფაშიზმი, როგორც ბოლშევიზმი, მაგრამ თავად გერმანიის რაიხის პოლიტიკურ წრეებში იმდენად დიდი იყო ნაკადი ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობებისა, ვიმედოვნებდით, რომ დროთა განმავლობაში ეს ექსტრემიზმი განადგურებული იქნებოდა“, – წერს თავის მოგონებებში გივი გაბლიანი.

გივი გაბლიანს ცოლად ჰყავდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, ემიგრანტ გრიგოლ ალშიბაიას ქალიშვილი, რუსუდანი. მათი შვილები: გრიგოლი, ვერა და ეთერი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

გამოყენებული მასალების წყარო: ნიჟარაძე ენვერ. გაქცევა შვეიცარიაში; დვალი, ირაკლი. სვანეთის გამოჩენილი ადამიანები; გაბლიანი გივი // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; დაუშვილი რუსუდან. ქართველი სამხედრო მოღვაწეები ევროპისა ქვეყნებისა და ამერიკის არმიებში / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი // საქართველო-დასავლეთი : ნარკვევები სამხედრო ურთიერთობათა ისტორიიდან / რ. დაუშვილი, შ. უტიაშვილი; დაუშვილი რუსუდან. ცნობილი ქართველები ამერიკაში : ამერიკის შეერთებული შტატები : გივი გაბლიანი // ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი; nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა