საზოგადოება

როგორ გამოვიდა ნესტან სინჯიკაშვილი უმძიმესი მდგომარეობიდან და როგორ აჩუქეს მას მხედველობა ნოდიკო ტატიშვილმა და ლელა წურწუმიამ

№12

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 20:00 27.03, 2023 წელი

ნესტან სინჯიკაშვილი
დაკოპირებულია

ცნობილი რეჟისორის, ნესტან სინჯიკაშვილისთვის ბოლო პერიოდი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მიუხედავად განსაკუთრებული სიფრთხილისა, ის კოვიდით დაინფიცირდა, რამაც მისი ცხოვრება, როგორც ამბობს, ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცია და მას შემდეგ, ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდა იმისთვის, რომ გადარჩენილიყო და ჩვეულ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა.

ნესტან სინჯიკაშვილი: კოვიდის პანიკური შიში მქონდა, ალბათ, გული მიგრძნობდა, რომ წინ ასეთი რამ მელოდა. ფაქტობრივად, მთელი პანდემიის განმავლობაში იზოლირებულად ვცხოვრობდი. სახლში მარტო ვიყავი, ოჯახის წევრებსაც არ ვნახულობდი, არსად დავდიოდი, გარდა გადაღებისა და იქაც სამი პირბადე, ფარი, ხელთათმანი, თუ კი რამით შემეძლო, თავი დამეცვა, ყველაფერი მეკეთა. ძალიან მეშინოდა და თავს მაქსიმალურად ვუვლიდი. დიაბეტი მქონდა და სულ მესმოდა ექიმებისგან, რომ თავს განსაკუთრებულად უნდა გავფრთხილებოდი. არ ვიცი, ეს კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ პანიკურ შიშს თესავდნენ. კარგია, რა თქმა უნდა, სიფრთხილეს გამოიჩენ, მაგრამ როცა მსგავსი რამეები მესმოდა, ვფიქრობდი, დიაბეტი მაქვს, ანუ უნდა მოვკვდე თუ კოვიდი დამემართა-მეთქი. ჭარბი წონაც მქონდა, რაც ასევე, დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მეგობრებიც და ახლობლებიც, ყველა, განსაკუთრებულად ზრუნავდა იმაზე, რომ მე კოვიდი არ დამმართნოდა, მაგრამ ვერ გადავრჩი. ბოლო კუდის მოქმევა იყო დელტა შტამი, რომელიც მე დამემართა. ამდენხნიანი გაფრხილების შემდეგ, მაინცდამაინც, ყველაზე რთული შტამი შემხვდა, დიდი ალბათობით, ოჯახის წევრისგან – მეც და დედაჩემსაც. როგორც კი დედაჩემს სიცხემ აუწია, მაშინვე, ანუ დაფიქსირებიდან მესამე დღეს საავადმყოფოში გადავედით. ხუთი დღე ყველაფერი თითქოს ნორმალურად მიდიოდა. მაღალი სიცხეები მქონდა, მაგრამ სულ ეს იყო. საავადმყოფოში დაწოლიდან მეორე, მესამე დღეს ძალიან დავმძიმდი, დაიწყო გართულებები, სპაზმური ხველა, სატურაცია დაეცა და საბოლოოდ რეანიმაციაში გადამიყვანეს. იქიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა. რადგან სუნთქვის პრობლემა მქონდა, სიპაპი გამიკეთეს და ეს ისეთი კოშმარი იყო, არ ვიცი... სახე დეფორმირებული მქონდა, შუბლზე მაჭერდა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, სიპაპში ჟანგბადი იმდენად დიდი რაოდენობით მოდის, ფიზიკურად ვერ სუნთქავ და როგორღაც უნდა გააკონტროლო ჰაერის ნაკადი, რაც ძალიან რთულია, მაგრამ მაგის გარეშე მაშინვე მოვკვდებოდი. ძალიან ცუდი მაჩვენებლები მქონდა. მერე გავიგე, რომ სრული, 24 ქულიანი, დაზიანება მქონდა და ჟანგბადის გარეშე გამორიცხული იყო ჩემი სიცოცხლე. არ ვიცი, რა დავარქვა იმ მდგომარეობას, მართლა არ მიძინია მთელი ეს დრო, სიბნელეში გვირაბში ვიყავი. მანამდე რომ ამ გვირაბზე ლაპარაკობდნენ ხოლმე, ვერ ვხვდებოდი, რა იყო. მაშინ ყველაფერი მე თვითონ ვნახე. სრული სიბნელე იყო გარშემო და სინათლეს ვეძებდი. თან ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვგრძნობდი, ვცდილობდი, არ გავგუდულიყავი. ნახევრად მართლა „იქით“ ვიყავი, რაღაც ხმები ჩამესმოდა, რომელიც დაძინების საშუალებას არ მაძლევდა. ახლა რომ ვყვები, ჩემს თავზე მეცინება, ვინმეს გიჟი ვეგონები, მაგრამ თითქოს სირინოზის ხმა მესმოდა. არადა, ასეთი რამეების თვითონაც არასდროს მჯეროდა. ეს ხმა მარცხენა მხარეს გაუჩერებლად ჩამძახოდა: ნესტან, ნესტან... მერე მივხვდი, რომ ეს ხმა არ მანებებდა ჩაძინებას. ჩემი ჩაძინება ნიშნავდა სიკვდილს ან აპარატზე შეერთებას. ორი კვირა მქონდა საშინელი ბრძოლა.

– რას მოჰყვა მდგომარეობის გაუმჯობესება?

– ლევან რატიანის პროფესიონალიზმს და მის სასწაულ ექიმებს. ვერ აღგიწერთ, როგორ მივლიდნენ და როგორ მექცეოდნენ. რატიანმა გამიკეთა წამალი, რომლის სახელწოდებაც არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ძვირად ღირებული იყო. ყოველდღე მესმოდა ექიმების ლაპარაკი, გადავიყვანოთ დღეს აპარატზე? ამ დროს, ზუსტად ვიცოდი, თუ აპარატზე შემაერთებდნენ, მე იქიდან ცოცხალი ვეღარ გამოვიდოდი, ხომ ვხედავდი, რაც ხდებოდა. ყველაფერი მესმოდა და ვაცნობიერებდი. ხელით ვანიშნებდი, არ გადამიყვანოთ აპარატზე, მე თვითონ შევძლებ სუნთქვას-მეთქი. ვერ გეტყვით, ექთნიდან დაწყებული ექიმებით გაგრძელებული, როგორ მგულშემატკივრობდნენ. მერე ვისწავლე, როგორ უნდა მესუნთქა, ორი კვირის შემდეგ თვალებსაც ვახელდი. მაგრამ აი, ეს წამალი, რომელიც ვახსენე, იმიტომ გამიკეთეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავი. ესეც დიდი რისკი იყო. ჩემს ძმას უთხრეს, რომ ჩემი მდგომარეობა 50/50-ზე იყო – ან გადავრჩებოდი ან მოვკვდებოდი. ყველაფერი ჩემს ორგანიზმზე იყო დამოკიდებული.

ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე კი, იმედი დიდი არ იყო. თუმცა, გარისკეს, რადგან სხვა გზა არ იყო. სხვანაირად შანსი არ მქონდა. ყველაფერს დღესაც არ მიყვებიან, მაგრამ ჩემი ახლობლები დაიხოცნენ ნერვიულობით. ცალკე ექიმებიც დიდ სტრესში იყვნენ, ჩემი მეგობრები შოუბიზნესიდან, ახლობლები... მთელი თბილისი ურეკავდა გადაგვირჩინეთ, თორემ ჩვენც დავიხოცებითო. იყო მომენტები, როცა მდგომარეობა უმჯობესდებოდა და გამომწერდნენ, მაგრამ მერე ისევ ყველაფერი უარესდებოდა და ფილტვების ანთებით უკან მაბრუნებდნენ. ჟანგბადის აპარატზე ცხრა თვე ვიყავი დამოკიდებული.

სხვათა შორის, ამ პერიოდში კიდევ ერთი უცნაურობა მოხდა – რატომღაც მჯეროდა, რომ წმიდა ნინომ გადამარჩინა. თუმცა, არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს აზრი. მერე, პირველად რომ გავახილე თვალი და დალაპარაკება შევძელი, ექთანს რიცხვი ვკითხე და გავიგე, რომ 27 იანვარი იყო. ეს წმიდა ნინოს დღეა. არ მახსოვს, ვინ მომცა ტელეფონი ან როგორც შევძელი, მაგრამ „ფეისბუქზე“ სტატუსი დავწერე – ვსუნთქვავ, ვიცოცხლებ-მეთქი. არ ვიცი, რა მეფეისბუქებოდა, მაგრამ მინდოდა, ხალხისთვის მიმეწვდინა ხმა, ყველა დამემშვიდებინა და მეთქვა, რომ გადავრჩი. დედაჩემი ქვემოთ, ჩვეულებრივ პალატაში იწვა. მან არ იცოდა, რომ ასე მძიმედ ვიყავი.

რეანიმაციაში კარგა ხანი ვიწექი, ალბათ, სამ თვემდე, ზუსტად არც მახსოვს. ვხედავდი, როგორ გაჰყავდათ იქიდან მიცვალებულები. ცოტა აზრზე რომ მოვედი და გონება რაღაცებს ნაწილობრივ აღიქვამდა, გავაანალიზე, რომ იქ ჩემსავით კოვიდიანები იწვნენ, ვხედავდი, როგორ იბრძოდნენ მათ გადასარჩენად, ვხედავდი, რომ ვიღაცას არ შველოდა ეს ბრძოლა და ბოლოს ზეწარს გადააფარებდნენ და გაიყვანდნენ. ერთი წამით არ მიფიქრია, რომ მეც მოვკვდებოდი, სულ იმას ვფიქრობდი, რომ მე აუცილებლად გადავრჩებოდი. მიუხედავად იმისა, რომ იქიდან ჩემზე ახალგაზრდა და უკეთესი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონეებიც გარდაცვლილები გამოიყვანეს.

– კლინიკიდან გამოსვლის შემდეგაც ბევრი პრობლემა დარჩა, არა?

– ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიყავი, რომ მახსენდება, რა გავიარე, მგონია, რომ ეს არ იყო რეალობა. ჯოჯოხეთი მერე დაიწყო. სახლი – საავადმყოფო, სახლი – ისევ საავადმყოფო. ჩემით ვერ ვდგებოდი, ვერ ვჯდებოდი. საყრდენის დახმარებით ძლივს გადავაადგილდებოდი, ფაქტობრივად, ვერ ვმოძრაობდი. ფეხზე რომ ამაყენეს, დავეცი. ვარჯიშები და მასაჟები მიკეთდებოდა, ეგ კი არა, სუნთქვას მასწავლიდნენ. ხელის მოძრაობა და სიარულიც თავიდან ვისწავლე, მართლა თავიდან დავიბადე. საწოლიდან რომ ჩემით წამოვდექი, ეს ნამდვილი სასწაული იყო. ფეხზე რომ გავიარე, სიხარულით ტაშს მიკრავდნენ, მაგრამ სიხარულთან ერთად, ჯოჯოხეთური განცდებიც იყო. მხედველობის პრობლემა შემექმნა. ჩემთვის ყველაფერი ბუნდოვანი იყო. ვიფიქრე, რომ მკურნალობის შედეგად ვიყავი გაბრუებული. ვფიქრობდი, რომ ნელ-ნელა გამივლიდა. მერე თავის ტკივილები დამემატა და მხედველობა კიდევ უფრო გამიუარესდა. აღმოჩნდა, რომ თვალებზე სერიოზული პრობლემა მქონდა და საოპერაციო ვიყავი. ამის გარეშე ვეღარ დავინახავდი. თუმცა, ოპერაციის გაკეთებაც არ შეიძლებოდა. ჯერ უნდა დავლოდებოდი ფილტვების გამოჯანმრთელებას და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას. მთელი ეს დრო საოცრად მედგნენ გვერდში ჩემი მეგობრები.

– განსაკუთრებით, ალბათ, ლელა წურწუმია და ნოდიკო ტატიშვილი.

– ყველა ჩემი მეგობარი საოცრებებს აკეთებდა ჩემთვის, ყველამ ძალიან განიცადა ჩემი მდგომარეობა. ნოდიკო მოკვდა ჩემთვის, ძალიან ემოციურია და თან, განსაკუთრებული მეგობრობა გვაკავშირებს. ასე ძალიან თუ ვუყვარდი ჩემს მეგობრებს, მართლა არ მეგონა. ნოდიკოს განსაკუთრებულად გამოვყოფ, იმედია, ჩემი სხვა მეგობრები არ მიწყენენ, იმიტომ, რომ ის კოვიდამდეც და მას შემდეგაც, საოცრად მიდგას გვერდით. მას მივყავარ ექიმებთან ან სახლში მოჰყავს ექიმი, და კიდევ ათასი რამ. ასე შეიძლება ოჯახის წევრები ვერ დაგიდგენენ გვერდით. როგორც კი გავიგეთ, რომ თვალის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, ლელამ დამირეკა და მითხრა, არ მაინტერესებს არაფერი, ამ ოპერაციის თანხას მე ვიხდიო. მომერიდა, არც ისე პატარა თანხას ეხებოდა საქმე, მაგრამ არა, მე და მამულიჩა მივხედავთ ამ ამბავს და როცა დაინიშნება ოპერაცია, არ გამომაპარო, თორემ ძალიან მეწყინებაო. ამის მიუხედავად, ნოდიკო გავაფრთხილე, არ ეთქვა მათთვის ოპერაციის თარიღის შესახებ და თურმე, ნოდიკო აქეთ აპირებს თვითონ გადაიხადოს ეს თანხა. მოკლედ, გადახდის დრო რომ დადგა, ნახევარი ნოდიკომ გადაიხადა და ნახევარი ლელამ და მამულიჩამ. ჩემმა მეგობარმა ნინო ფირცხალავამაც თავისი წვლილი შეიტანა. ახლა ვხუმრობ ხოლმე, თვალები უკვე გაყიდული მაქვს მეგობრებზე და ახლა სხვა ორგანოებს უნდა მივადგე-მეთქი (იცინის). მართლა ძალიან გამიმართლა მეგობრებში. იმიტომ კი არა, რომ ოპერაციის თანხა გადამიხადეს, კარგად დავინახე, რამხელა სიყვარული ჰქონიათ ჩემ მიმართ.

– ახლა როგორ ხართ?

– ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გადავრჩი და კარგად ვარ. მხედველობაც დამიბრუნდა, სხვა, დარჩენილი პრობლემებიც ნელ-ნელა გვარდება და ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი