როგორ გამოსცა 15 წლის მარიამ გოჯიაშვილმა წიგნი და ვინ შეადარა ის ფიროსმანს
ავტორი: ქეთი მოდებაძე 19:20 10.07

15 წლის მარიამ გოჯიაშვილი მხატვარი და მწერალი გახლავთ, რომელმაც უკვე საკუთარი კრებული გამოსცა. ეს საოცარი გოგონა თიანეთიდანაა. ის საკუთარ თუ გარშემო მყოფების ცხოვრებას ალამაზებს და ბევრისთვისაა სტიმულის მიმცემი.
მარიამ გოჯიაშვილი: ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ერთი შეხედვით, მშვიდი ბავშვი გეგონებოდით, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან ცელქი ვიყავი. ახლაც ასეთი ვარ. ხატვა რომ დავიწყე, 3-4 წლის ვიყავი. პირველად პეპი დავხარტე. ეს ბაღში მოხდა, თუმცა, რაღაცებს მანამდეც ვჯღაბნიდი (იცინის).
აგვისტოში მაქვს დაბადების დღე და ამ დღეს, ფაქტობრივად, მთელი თიანეთი იკრიბებოდა ჩვენთან. დღემდე ყველას ახსოვს ის დღეები. განსაკუთრებულად აღვნიშნავდი დაბადების დღეს, ფრანებს ვუშვებდი, ეზოში ხინკალს ვხარშავდით, მწვადებს ვწვავდით, მამა ბავშვებს გვართობდა და დიდი მხიარულება იყო.
იმერეთში, ჩემს დედულეთშიც ძალიან კარგი მოგონებები მაქვს. იქ ჩასვლა ყველაზე მეტად მიყვარს, როგორც კი სწავლა დასრულდება, მაშინვე იქით მივიჩქარი.
– რაც შეეხება ხატვას, ეს ნიჭი გენეტიკურია?
– დედასგან გამიგია, რომ ბავშვობაში ისიც ხშირად ხატავდა და საკუთარ მასწავლებელს კონკურსებზეც დაჰყავდა. პირადად მე, ხატვა თავდაპირველად ჩემით ვისწავლე, თვითნასწავლი ვარ. შემდეგ 2-3 თვე მასწავლებელთანაც დავდიოდი. შეიძლება, გენეტიკურიც იყო. ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ნიჭიერები და სწავლულები არიან და ვფიქრობ, გარკვეულ როლს მათი ფაქტორიც თამაშობს.
– როგორ სწავლობდი ხატვას?
– რასაც დავინახავდი, იმას ვხატავდი, მაგრამ სულ ნატურას არ ვუყურებდი, მისგან რაც დამამახსოვრდებოდა, იმას ვხატავდი. პირველად პეპი რომ დავხატე, მაშინაც ასე მოვიქეცი: როგორიც დამამახსოვრდა, ისეთი დავხატე. მაშინ დღევანდელივით აქტიური არ იყო „იუთუბ“ გაკვეთილები, რომ ხატვა მათი მეშვეობით მესწავლა, ამიტომ, რაც ჩემს გონებაში რჩებოდა, ის გადმომქონდა ნახატზე. მით უმეტეს, რომ პეპი ძალიან მიყვარდა, მეც მასავით ვიცვამდი და თმასაც მასავით ვიკეთებდი (იცინის).
– პირველი შეფასებები თუ გახსოვს, მაშინვე მიიქცია ყურადღება შენმა ნახატებმა?
– როგორც მახსოვს, პირველივე ნახატი მოეწონათ. პეპის შემდეგ დედის პორტრეტი დავხატე. ჩემი ხატვის მასწავლებელი ბესიკ ხარანაულია, უფროსი ბესიკ ხარანაულის შვილიშვილი და მას რომ ვაჩვენე, გაოცდა. 15-20 წუთში დავხატე და ყველანაირად ვეცადე, დამემსგავსებინა, თან ამ ნახატში დედაჩემის ხასიათთან ერთად, ჩემი ხასიათიც ჩავაქსოვე. მოსწონდათ, როგორ ვარჩევდი ფერებს. ფერები ჩემი ნახატის მთავარი ხიბლია.
– ხატვასთან ერთად, ლექსების წერა როდის დაიწყე?
– ბაღში და სკოლაში ყოველთვის მამას დავყავდი. გზაში სულ რაღაცებს ვრითმავდით ჩემს კლასელებსა თუ მის მეგობრებზე. ჩემი პირველი ლექსი იყო ჭინჭარზე. მაშინ ექვსი წლის ვიქნებოდი. მერე გარკვეული პერიოდი არაფერი დამიწერია. კოვიდის დროს, როდესაც სახლებში ვიყავით ჩაკეტილი, აქტიურად დავიწყე წერა. ლექსებით ჩემს ემოციებს გამოვხატავდი.
– ეს ემოციები, ალბათ, ძირითადად, მამას უკავშირდება, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაკარგე...
– დიახ. ძალიან რთული პერიოდი იყო. დასაწყისშივე მოვყევი, როგორი დღესასწაულები გვქონდა ჩემს დაბადების დღეზე და მამა ჩემი ერთ-ერთი დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. შემაძულა ჩემი დაბადების დღე. სულ მის ფოტოს ველაპარაკებოდი ხოლმე. მეგონა, საზღვარგარეთ იყო, სადაც არც ინტერნეტი ჰქონდა, არც ტელეფონი. მინდოდა, დამეჯერებინა, რომ სადღაც არსებობდა. ძალიან რთული იყო. მამა კეპს ატარებდა და ერთხელ, კეპიანი კაცი დავინახე ხელში ჯოხით, როგორც მამა დადიოდა ხოლმე და ის მეგონა. წავედი მისკენ, სად იყავი, მამა, ამდენი ხანი-მეთქი, მაგრამ სხვა აღმოჩნდა და ძალიან დამწყდა გული. ამის გახსენება მტკივნეულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი წარმატება უხარია იქ, სადაც არის.
– მომხდარის შემდეგ შენ და დედა როგორ დაუდექით ერთმანეთს გვერდში?
– როდესაც ობლდები და მხოლოდ დედა გყავს ისეთ ადგილას, სადაც არც დედა არ იცნობს ბევრს, რადგან ახალია ამ რაიონში და არც შენ, რადგან ჯერ პატარა ხარ, რთულია, მაგრამ ერთმანეთი გვყავდა და ჩვენი გადარჩენის მთავარი მიზეზი ეს არის. დედა სულ მეუბნება ხოლმე, შენ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდაო. მეც იმავეს ვფიქრობ მასზე. ის არის იმ ყველაფრის საბაბი, რასაც მე ვქმნი. ყველაფერში მიწყობს ხელს.
– დედა რა პროფესიისაა და როგორი შემფასებელია?
– დედაჩემზე დიდი კრიტიკოსი ჯერ არ გამოჩენილა (იცინის). ნახატს რომ დავხატავ, თუ არ მოეწონება, იმდენი ხანი უყურებს, სანამ არ შეუყვარდება და რომელზეც მეტყვის კარგიაო, იმდენი ხანი უყურებს, სანამ არ შესძულდება (იცინის). დედა ძალიან განათლებული ადამიანია. პროფესიით იურისტია, ახლა კოლეჯსა და ბაღში მუშაობს მასწავლებლად. ბევრს მუშაობს, რომ მე ხელი შემიწყოს, რასაც ძალიან ვაფასებ. დედა არა მხოლოდ ხატავდა, წერდა კიდეც. მეუბნება ხოლმე, ჟურნალში იბეჭდებოდა ჩემი ლექსებიო. ამაზე საუბარი არ უყვარს, ძალიან მორიდებულია, მაგრამ ლექსის წერის ნიჭი ნამდვილად მისგან მერგო გენეტიკურად. ის ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ყველაზე დიდი გულშემატკივარია. რომ არა მისი დახმარება, მე ასეთი ვერ ვიქნებოდი.
– 15 წლის ასაკში წიგნი გამოეცი, რომელიც შენს შემოქმედებას აერთიანებს. როგორ შეიქმნა ეს წიგნი?
– უთვალავი ნახატი და ძალიან ბევრი ლექსი დამიგროვდა. რომ დავხატავდი, ლექსს ვწერდი, ლექსს რომ დავწერდი, ვხატავდი. ამგვარად, ძალიან ბევრი წყვილი ლექსი და ნახატი მოგროვდა.
მე ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემი წიგნი გამომეცა. საბედნიეროდ, გამოჩნდა სიკეთის ადამიანი – ბატონი სოსო დავითაშვილი. პირველად რომ მითხრა, წიგნი უნდა გამოვცეთო, მეგონა, მეხუმრებოდა. ბევრჯერ რომ გამიმეორა, 50 ლექსი და ნახატი შეარჩიე, სტამბაში უნდა გადავაგზავნო და წიგნი გამოვცეთო, ცოტა დრო დამჭირდა, რომ გამეანალიზებინა, ნუთუ, ეს მართლა ხდება-მეთქი. საბოლოოდ, გამოვიდა ჩემი პირველი წიგნი „ნერგი“ და ძალიან მიხარია, რომ ეს მოხდა.
– როგორ გამოხმარებასა და შეფასებებს იმსახურებს ეს წიგნი, თუ ცალკეული ლექსები და ნახატები შენი შემოქმედებიდან?
– ნახატებით დავიწყებ: ერთმა ადამიანმა მითხრა, შენ პატარა ფიროსმანი ხარ, ვითომ პრიმიტიულად და მარტივად ხატავ, მაგრამ რა გრძნობაც ფიროსმანის ნახატებში დევს, იგივე იგრძნობა შენს ნამუშევრებშიცო. რა თქმა უნდა, ფიროსმანს ვერ შევედრები, მაგრამ ამაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის არავის უთქვამს. ერთმა ადამიანმა მითხრა, მომავალი ანა კალანდაძე ხარო, ესეც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლიმენტია ჩემთვის. მე ძალიან მიყვარს ანა კალანდაძე და ვაფასებ მის შემოქმედებას.
რაც შეეხება წიგნს, არ მინდა, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ ვინც ნახა, ყველას მოეწონა და როგორც მითხრეს, დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. ამას წინათ მეგობარმა მითხრა, შენს წიგნს რომ ვშლი, რაც არ უნდა გაბრაზებული ვიყო, მაშინვე მეღიმება და შემდეგ ისეთ სამყაროში შევდივარ, საიდან გამოსვლაც აღარ მინდაო. ერთმა ძალიან საყვარელმა ადამიანმა კი მითხრა, ძილის წინ ვკითხულობ შენს ლექსებს, ძალიან მიყვარს და ვსწავლობ კიდეცო. ადამიანები რომ ასეთ სითბოს გამოხატავენ, ამაზე მეტად მნიშვნელოვანი არაფერია და ამისთვის ღირდა შრომა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან