როგორ გამოხატავდნენ ჩარკვიანების ოჯახში სიყვარულს
ავტორი: ეკატერინე პატარაია 15:00 12.09

გელა ჩარკვიანი თავად იყო ყველაზე საინტერესო გადაშლილი წიგნი. ასეთი საუბრებით, გადმოცემის უნარით, ჩანაწერებითა თუ წიგნებით, უცხო ენით, მუსიკალური ნიჭით, ასეთი რანგის დიპლომატი არავინ მახსენდება. ჩემთვის პირადად და ბევრისთვის იგი იყო უნიკალური პიროვნება, რომელიც ნამდვილად ძალიან დააკლდა ჩევნს ქვეყანას.
ქვაბით ხელში რუსთაველზე
„ჩემი ერთ-ერთი თვისება, რომლითაც მოიხიბლა ნანა, უბრალოება იყო. ჯერ იყო და გაცნობისთანავე არ ვიუარე, როცა შემომთავაზა, რახან ფული არ გაქვთ, კონცერტის ბილეთს მე გიყიდითო. შემდეგ, როცა უკვე ყოველდღე, დილიდან, პოლიტექნიკური ინსტიტუტის აუდიტორიის ნაცვლად, მის ბინაში ვიჯექი (გაცვეთილ დივანზე), აზრი ჩემი განსხვავებულობის შესახებ კიდევ უფრო გაუმყარდა. ერთხელ გამიმხილა, რომ ძალიან უყვარდა ხინკალი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სიამოვნებას მოკლებული იყო, რადგან თბილისში (იმ დროს) ქართველი გოგოს სახინკლეში შესვლა მიუღებელი იყო. დიდხანს არ მიფიქრია, წავალ და მოგიტან-მეთქი, ვუთხარი. როგორ მოიტანო, გაიკვირვა. „ქვაბი გამატანე და სახინკლიდან წამოვიღებ“. – ვუპასუხე. „მოიცა, ვერ გავიგე. ქვაბით ხელში ივლი რუსთაველზე?“ – გაოცებისაგან დიდი თვალები აუჟუჟუნდა. „ვითომ რა ასეთი დიდი ამბავია ქუჩაში ქვაბით სიარული? მომეცი და წავალ“. „აკრძალული კი არ არის, მაგრამ ხომ იცი ჩვენი ხალხი...“ „მომე, მომე და დღეს სწორედ ფულიც მაქვს, შენ არ გამოგართმევ“. წინა საღამოს ტრიკოტაჟის ქარხანაში ცეკვებზე დავუკარი. იქ რუსი ქალები მუშაობდნენ და საღამოობით ზოგჯერ ცეკვები იმართებოდა. სამნი ვუკრავდით: მე – პიანო, ნუგზარა (გვარი არ მახსოვს) – ბასს და მიშა ბაიდენკო – დრამს. 75 მანეთს გვაძლევდნენ და ვიყოფდით. ყველაზე კარგ ხინკალს მაშინ ველიამინოვის ქუჩის სახინკლეში ამზადებდნენ და იქ წავედი. უკანა გზაზე სავსე ქვაბი ორი ხელით მეკავა და ხალხი მართლა მიყურებდა. ვიღაც გოგოებმა გვერდზე რომ გამიარეს, ჩაიკისკისეს. სამაგიეროდ, ნანა საოცრად კმაყოფილი დარჩა და მას შემდეგ რუსთაველზე ხინკლით სავსე ქვაბით სიარული, გამვლელთა ყურადღება და დროდადრო გოგოების კისკისი ჩემთვის ჩვეულ ამბად იქცა. დღემდე ვერ ვამბობ დაზუსტებით, ეს მოსკოვში გატარებული წლებიდან გამოყოლილი უბრალოება იყო თუ ექსცენტრიული ქცევით უწყინარი, მიკროამბოხის დემონსტრირების სურვილი. თუ ორივე“.
ბოროტი ტყუილი
„პირველ „ნაგერალაში“ ვთქვი, ძალიან ცუდი ადამიანი იშვიათობაა და მე ამგვარი არც შემხვედრია-მეთქი. წიგნი გამოსული იყო, როცა გამახსენდა ერთი ასეთი არსება. მას შემდეგ, რაც მე და ნანამ გადავწყვიტეთ ხელი მოგვეწერა, მასთან მივიდა ერთი ჩვენი საერთო ნაცნობი ქალი და, როგორც კეთილმოსურნემ, ასე ვთქვათ, ურჩია, რომ ცოლად არ გამომყოლოდა, რადგან მას ჰქონდა ინფორმაცია ჩემი რაღაც უკურნებელი სენის შესახებ და მე, საუკეთესო შემთხვევაში, სულ რამდენიმე წელიწადს ვიცოცხლებდი. ნანამ, ბუნებრივია, ამ ვიზიტის შესახებ მაშინ არაფერი მითხრა. გავიდა რამდენიმე ათწლეული და ის ჩვენი საერთო ნაცნობი გარდაიცვალა. ეს ამბავი საზღვარგარეთ ყოფნისას გავიგეთ და რესტორანში ვახშმობისას ჭიქა ავწიე გარდაცვლილი ქალის მოსახსენიებლად. გამიკვირდა, რომ ნანა არ ამყვა. ის თითქოს კედელზე ერთ წერტილს მიშტერებოდა და რაღაცაზე დაძაბულად ფიქრობდა. ბოლოს გადაწყვიტა და ნახევარი საუკუნის წინ მის ბინაში გამართული საუბრის შესახებ მიამბო. გავოცდი. რაც მას კეთილისმყოფელმა ქალბატონმა უთხრა, მისივე მოგონილი ბოროტი ტყუილი იყო – მე არავითარი სენი არ მჭირდა.”
სიყვარულის გამოხატვის მთავარი ფორმა
„ჩვენს ოჯახში სიყვარულის გამოხატვის მთავარი ფორმა ცხოველებთან შედარებაა. ნანას ღორს ვეძახით (მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ღორი!). ირაკლის ათი წლის ასაკში დაწერილი პირველი როკ-ენ-როლი ასე ჟღერდა: „ერთი ორი, ერთი ორი, ნანა ღორი, ნანა ღორი“. თეონა კურდღელია. პატარა ნანა კურდღელია, თუმცა, მე მას მივმართავ, როგორც ძაღლის ასულს ან ვირის შვილიშვილს, რადგან ზოგჯერ მიბედავს და ვირს მეძახის. ჩაფიქრებულ ოჯახის წევრს რომ დავინახავთ, ასე დავაბრუნებთ ხოლმე რეალობაში: „ნეტაი, რას ფიქრობს შენი ინდაური თავი“.
გამორჩეული ქართველები
„1970 წელს ერთი სემესტრი აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გავატარე თოთხმეტ სხვა საბჭოთა უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგთან ერთად. მათ უმეტესობას რუსები შეადგენდნენ, თუმცა იყო რამდენიმე ბალტიისპირელი და შუა აზიელიც. ქალბატონი მიჩურინა სხვებისაგან გამოირჩეოდა, მოსკოვის მორის ტორეზის ინსტიტუტში ასწავლიდა, ინგლისური სხვებზე კარგად იცოდა, ქმარი დიპლომატი ჰყავდა და, ბუნებრივია, ამ ყველაფრით თავი მოჰქონდა. მისი ჩემდამი დამოკიდებულება ამბივალენტური, გაორებული იყო. ერთი მხრივ, სულ უნდოდა ჩემს სიახლოვეს ყოფილიყო, მეორე მხრივ კი, როგორც კი მოეცემოდა საშუალება, წამკბენდა ხოლმე. კბენა უმეტესწილად ჩემს ქართველობას უკავშირდებოდა. ჩვენი ამერიკელი მასპინძლები ყურადღებას არ გვაკლებდნენ, გვპატიჟებდნენ ოჯახურ სადილებზე, თავიანთი მანქანებით დავყავდით სუპერმარკეტებსა და სავაჭრო ცენტრებში. ერთხელ, როცა მარვინ კირსტედს და მის მეუღლეს, შერონს, მიჩურინა და მე მანქანით საყიდლებზე მივყავდით, გზა ყვავილებიანმა ჰიპებმა გადაგვიღობეს, იყიდეთო, შემოგვთავაზეს. მარვინმა ფანჯრის შუშა ჩამოსწია, რამდენიმე ტიტა იყიდა და მიჩურინას მიართვა. „ეს გელას ნათესავები არიან“, – თქვა მიჩურინამ დამაინტრიგებელი ღიმილის თანხლებით, ისე, რომ მარვინისთვის მადლობის თქმაც კი დაავიწყდა. „გელა, თქვენ ამერიკაში ნათესავები გყავთ?“ – შემეკითხა შერონი. „არა, – დამასწრო პასუხი მიჩურინამ, – თქვენ ვერ გამიგეთ, ქართველები იმით არიან ცნობილი, რომ მოსკოვში ყვავილებსა და დაფნის ფოთოლს ყიდიან“. მარვინმა მანქანა დაძრა. ცოტა ხნის შემდეგ შერონი მოგვიტრიალდა და მითხრა: „გელა, ეტყობა, თქვენი ხალხი მართლაც გამორჩეულია. ყვავილებს ხომ კეთილი ადამიანები ყიდიან“. მიჩურინას მოლოდინი არ გამართლდა. ამჯერად კულტურათა მკვეთრი სხვაობის გამო კბენა ვერ შედგა. საბჭოთა რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკაში ყვავილების გაყიდვა სამარცხვინო საქმე არ იყო”.
შენი იარაღი მხოლოდ ენაა
„სანამ შენი რეპუტაცია საბოლოოდ ჩამოყალიბდება, გრძელი გზა გაქვს გასავლელი. ხალხს არ უნდა დაიჯეროს, აღიაროს, რომ რაღაც საქმეში ნიჭიერი ხარ და მაგარი. ახლობლების დარწმუნებაც კი დიდი ამბავია. მგონი, სხვების დარწმუნებაზე უფრო დიდიც. როცა ჩემს ინგლისურზე გარკვეული ადამიანები ძალიან დადებითად ალაპარაკდნენ, მეორენი მათ ბოლომდე ვერ/არ ეთანხმებოდნენ და მიზეზებს ეძებდნენ, რომ დაეკნინებინათ ჩემი, ასე ვთქვათ, „მიღწევები“. „კი ბატონო, იცის, მაგრამ მაინც ეს უფრო ხმის ამბავია. ტემბრი აქვს კარგი“, – მუდამ იმეორებდა ერთი სერიოზული კაცი, როცა ჩემს გამოსვლას ან ზეპირ თარგმანს ძალაუნებურად მოისმენდა. მეორე არანაკლებ სერიოზული არსება აქცენტს ჩემს მსახიობურ ნიჭზე აკეთებდა – „მაგარი არტისტია და ამით ქმნის კარგი ინგლისურის ილუზიას“. მე რომ მომღერლობაზე ან მსახიობობაზე მქონოდა პრეტენზია, ეს ორი სუბიექტი ნამდვილად სულ სხვა მიზეზებს მოიყვანდნენ ჩემი ვოკალური შესაძლებლობებისა და სასცენო უნარების გასაბიაბრუებლად. ბოლოს დადგა დრო, როცა მე ინგლისურად სპიჩების წერა დავიწყე და მათ ქება დაიმსახურეს. ნაწერში ვერც ხმის ტემბრს ჩადებ და ვერც მსახიობურ ნიჭს გამოიყენებ. შენი იარაღი მხოლოდ ენაა. ერთი გაჩუმდა, მეორემ თქვა, სხვა უწერსო, თუმცა არ უცდია გაერკვია, ვინ იყო ის ქველი ანონიმი, თავის ნაწვალებზე ხელს რომ მაწერინებდა და ჩემს წარმატებაზე ასე უანგაროდ ზრუნავდა“.
დომენიკი
„ერთხელ, ქვეყნის მშენებლობის პირველ წლებში, შევარდნაძემ თავისთან გამომიძახა. ერთი ამბავი უნდა მოგიყვეო, – მითხრა ღიმილით. „ახლა ჩემთან კოლეგა იყო მოსული, ერთ დროს ძალიან ახლო ვიყავით, მას შენც იცნობ. ასე მითხრა, შენ ხომ ამქვეყნად ყველაფერი იცი, ყველა დონეზე ხარ გასული, მსოფლიო ლიდერებთან კარგი ნაცნობობა გაქვს და ისიც დაამატა, ჩვენც ხომ მეგობრები ვართო. კი-მეთქი, ვუპასუხე. ისე აეწყო ჩემი ცხოვრება, რომ მართლაც ბევრი რამ გავიგე. ხოდა, ერთი თხოვნა მაქვს შენთანო, მითხრა, გაფიცებ, უარი არ მითხრაო. რა არის ამისთანა-მეთქი, შევეკითხე. გეფიცები, არავის არ ვეტყვი, ოღონდ მართალი მითხარი, ვინ მართავს ამ მსოფლიოსო. მთელ მსოფლიოს ვერავინ მართავს-მეთქი, ვუპასუხე და მერე ავუწერე, როგორ იკრიბებიან დიდი შვიდეულის ლიდერები, საუბრობენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და რაღაც გადაწყვეტილებებსაც იღებენ. სანამ ამას ვყვებოდი, შევამჩნიე, რომ სახე მოეღუშა. ნაწყენი კაცის ხმით მისაყვედურა: მე მეგონა, მართლა მეგობრად მიგაჩნდი, შენ კი ზღაპრებს მიყვებიო. ეს უკვე მე აღარ მესიამოვნა და ტონი ოდნავ გავუმკაცრე. რას ნიშნავს ზღაპრებს გიყვები? მე მოვიგონე დიდი შვიდეული? ბოდიში, თუ გაწყენინეო, მითხრა, მაგრამ შენ ხომ ყველაზე კარგად იცი, რომ სანამ ეს შვიდეული შეიკრიბება, მათ ის დაიბარებს და ყველას ეტყვის, რა უნდა ილაპარაკონ. ის ვინ არის-მეთქი. ვკითხე გაოცებულმა. კარგი ერთი, მე ვიცი და შენ არ იცი ის ვინ არისო? ნამდვილად არ ვიცი და შენ უნდა მითხრა-მეთქი... ცოტა ხანს უნდობლად მიყურა, ორჭოფობდა და ბოლოს, დაბალ ხმაზე დამარცვლა – დო-მე-ნი-კი, არ გაგიგია?“ „შევიმ“ შემამჩნია, რომ სიცილს ძლივს ვიკავებდი და ვითომ გამიწყრა, – რა იყო, რა გეცინება. მე იმისთვის გამოგიძახე, რომ შენ მითხრა, ვინ არის დომენიკი, შენ კი მსოფლიოს მბრძანებელს მასხრად იგდებო. თემასთან დაკავშირებით მოვუყევი, როგორ მიმტკიცებდა ჩემი თანამშრომელი უცხოეთთან მეგობრობის საზოგადოებაში, რომ ამერიკაში არჩევნები ფიქციაა. „ნუთუ შენ ეს არ იცი? – მარწმუნებდა კაცი, რომელიც თავის დროზე საბჭოთა დაზვერვაში მუშაობდა და უცხოეთში ხშირად იყო ნამყოფი, – არჩევნებამდე იმ პარტიების ხელმძღვანელებს დაიბარებენ და ეტყვიან, ახლა თქვენი ჯერია, მერე ისინი იქნებიან“. შევისთან იმაზეც ვილაპარაკეთ, რომ ადამიანებს უჭირთ დემოკრატიის გააზრება იმის გამო, რომ შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი ერთდროულად რამდენიმე ძალის – ხელისუფლების განშტოებების, თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების – მოქმედებას გულისხმობს. გაცილებით უფრო ადვილი წარმოსადგენი და გასაგებია სიტუაცია, სადაც მთელი ძალაუფლება ერთი ცენტრიდან მომდინარეობს, ვთქვათ, დომენიკისგან. ამას ერთვის ფართოდ გავრცელებული მითოლოგია, რომელიც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს – მასონებს, რაღაც ზებუნებრივ ძალასა და შესაძლებლობებს მიაწერს. აქედან იქმნება ყოველგვარი შეთქმულებათა თეორიები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობის ნაკლებად განათლებულ შრეებში...“
21-ე საუკუნე
„ათასწლეული მთავრდებოდა და დრო იყო, მეზრუნა საცივსა და ხალადეცზე. ირაკლის გოჭის ხორცი უყვარდა და ნანამ, აუცილებლად იყიდეო, მომაძახა, კიბეზე რომ ჩავდიოდი. ინდაური ბაზარში 22 ლარი დამიჯდა, გოჭი – 20 ლარი, ბურვაკის თავ-ფეხი – კილო 4 ლარი და ერთი პატარა ქილა წითელი ხიზილალაც – ამდენივე. პირველ იანვარს ოჯახი ტრადიციულად ჩვენთან იკრიბებოდა. მათ გარდა, ვპატიჟებდით ნანდას, მეუღლესთან, ოთარ სულაბერიძესთან ერთად და ნუნუ ესებუას. როგორც კი ათასწლეული ვახსენე, ოთარმა შემომიტია – ათასწლეული 2001-ის 31 დეკემბერს დამთავრდებაო. არ შევეპასუხე. გამახსენდა, რომ კანცელარიის წლის ბოლო თათბირზე ჩვენმა სოციოლოგმა დოდო ყარაულაშვილმა გაგვაცნო გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვით ირკვევოდა, რომ მოსახლეობას სურს მოისმინოს ქვეყნის ხელმძღვანელობის აზრი იმის თაობაზე, თუ როდის იწყება 21-ე საუკუნე. მართალია, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახალი საუკუნის დაწყებას კიდევ ერთი წელი უნდა ველოდოთ, მაგრამ მაინც ამჯობინებენ ეს მთავრობისაგან გაიგონონ, რადგან ცოტათი დაბნეულები არიან. აქვე გავიგე, რომ თურმე, კოლეგები დაწესებულებებში და თანამესუფრეები ქეიფში ამ თემაზე ისე ცხარედ კამათობენ, რომ ზოგჯერ მზად არიან ერთმანეთს დასცხონ კიდევაც. თათბირზე ზეიმის ერთი წლით გადადების ყველაზე თავგამოდებული მომხრე ლადო ალფენიძე, გაცხარებით გვიმტკიცებდა, რომ ტყუილად გვიხარია, ახალ ათასწლეულამდე ჯერ კიდევ ერთი წელი და თერთმეტი დღეა. პოლიტიკოსისთვის ამ საკითხზე აზრის საჯაროდ გამოთქმა სარისკო იყო და ვერ ვიხსენებ, ვინმემ თუ განაცხადა რამე. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ადამიანები ყოველგვარი იდეის გარშემო შეიძლება გაერთიანდნენ ან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გაითიშონ, დაუპირისპირდნენ და დაერიონ ერთმანეთს, იქნება ეს მარქსიზმი, ლიბერალური დემოკრატია, რელიგიური დოქტრინა, ქალაქის ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნების დაცვა, ძაღლების უფლებები, პოლიტიკური ფიგურა თუ ფეხბურთის გუნდი“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან