საზოგადოება

როგორ გამოისყიდა პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად წაყვანილი გურული ყმაწვილები და როგორ ამყარებდა ის ქართული ქრისტიანული ეკლესიის პოზიციებს სხვადასხვა ქვეყანაში

№46

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 24.11

პეტრე ხარისჭირაშვილი
დაკოპირებულია

პეტრე ხარისჭირაშვილის დაბადების თარიღის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ის დაიბადა 1804, 1805 ან 1818 წელს. მისი წინაპრები ჯავახეთის სოფელ ბარალეთიდან ახალციხეში გადასახლებულან. პეტრემ დაწყებითი განათლება სტეფანე აბინაშვილის საშინაო სკოლაში მიიღო, რის შემდეგაც სწავლა ახალციხის წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისა და ალექსანდრეპოლის სასულიერო სკოლებში განაგრძო. მან ასევე დაამთავრა რომის უმაღლესი სასულიერო სასწავლებელი „საღმრთო-სამეტყველო“ განხრით. მან სრულყოფილად შეისწავლა ფრანგული, იტალიური, გერმანული, ბერძნული, პოლონური და თურქული ენები.

1842 წელს პეტრე ხარისჭირაშვილი ახალციხეში დაბრუნდა და გასომხებული ქართველის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის თანაშემწედ დაინიშნა.

სამშობლოში დაბრუნებულ პეტრე ხარისჭირაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა, სასტიკი ბრძოლა გამოეცხადებინა ქართველ კათოლიკეთა გასომხებისთვის და პირველ რიგში, სურდა ქართული სასულიერო სემინარია გაეხსნა.

პეტრე ქადაგების განსაკუთრებულ ნიჭს ფლობდა და მალევე აიყოლია მთელი მესხეთის ქართველობა. ის კანონს ემორჩილებოდა და ვინაიდან კათოლიკურ ეკლესიებში ქართულად ღვთისმსახურება კანონით დაშვებული არ იყო, სომხურად წირავდა, თუმცა ქართულად ქადაგებდა.

მისმა მოღვაწეობამ ძალიან კარგი შედეგი გამოიღო – მრევლში ზნეობა აამაღლა, წესად დანერგა ღარიბი ქალების უმზითვოდ გათხოვება, საკუთარ მრევლს ასწავლიდა წერა-კითხვას. მისი ავტორიტეტი ქართველ კათოლიკეთა შორის დღითიდღე იზრდებოდა, რამაც სომეხ კათოლიკეთა რისხვა გამოიწვია. სომეხ კათოლიკეთა კრებამ დაადგინა ახალციხეში სომხური სემინარია გახსნილიყო. ამ ნიადაგზე პეტრე ხარისჭირაშვილსა და პავლე შაჰყულიანს შორის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ პეტრე ახალციხეში ჩამოსვლიდან სულ რაღაც ერთ წელში ხიზაბავრაში გააძევეს, საიდანაც ვალეში გადავიდა. ის ხიზაბავრაშიც და ვალეშიც გლეხკაცობას ნამდვილ მფარველად მოევლინა. შემდეგ გარკვეული პერიოდით ქუთაისის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაშიც მოღვაწეობდა.

1856 წელს პეტრე ხარისჭირაშვილი საზღვარგარეთ წავიდა და ვენეციაში წმიდა ლაზარეს კუნძულზე სომეხ მხითარისტთა ძმობაში ცხოვრობდა. აქ მან ქართული სტამბა დააარსა და ივანე მამულაშვილთან ერთად მის მიერ თარგმნილი წიგნი გამოაქვეყნა. წიგნში ორი ნაშრომი სომხურიდან იყო თარგმნილი, ორივეს ავტორი გასომხებული ქართველები იყვნენ. ამან პეტრეს სომხების კეთილგანწყობა მოაპოვებინა და მას საგამომცემლო საქმიანობის გაფართოების საშუალება მისცეს.

დაუღალავი შრომით პეტრე ხარისჭირაშვილმა ვატიკანის კარდინალთა ყურადღება და კეთილგანწყობაც დაიმსახურა. მას ნება დართეს, კონსტანტინოპოლში ქართველ კათოლიკეთა კონგერაცია დაეარსებინა ქართული ენითა და ტიპიკონით. ნებართვებითა და ფირმანებით აღჭურვილი პეტრე სტამბოლში ჩავიდა და 1861 წელს ქველმოქმედ იაკობ ზუბალაშვილის დახმარებით ფერიქოიში დააარსა ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის სავანე, რომელიც სულ მალე იქცა მძლავრ სულიერ და კულტურულ-საგანმანათლებლო კერად. აშენდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, დაფუძნდა დედათა და მამათა მონასტრები. 1870 წელს დაარსდა სტამბა, სადაც წიგნები ქართულ, მოგვიანებით კი ფრანგულ ენებზე იბეჭდებოდა. ფერიქოის ეკლესია–მონასტერთან გაიხსნა ქართულ-ფრანგული და ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებელები, ასევე დაარსდა ბიბლიოთეკა.

ცნობილია ისიც, რომ პეტრე ხარისჭირაშვილმა სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად ჩაყვანილი გურული ყმაწვილები გამოისყიდა და მათ მის მიერვე დაარსებულ სასწავლებელში მისცა განათლების მიღების საშუალება.

მამა პეტრეს მიერ ჩამოყალიბებულმა საზოგადოებამ ეკლესია-მონასტერი დააარსა აგრეთვე სტამბოლის მეორე უბანში – უსქუდარში. საზოგადოებას ჰყავდა ხუთი სოფლის მრევლი, ჰქონდა შემოსავლიანი სახლები. 1881 წელს გახსნეს ქართულ-ბერძნული სკოლა. ქართველ მღვდლებს სკოლა და ეკლესია ჰქონდათ ჰერას უბანში, პაპასკვერებში.

პეტრე ხარიჭირაშვილის მიერ სტამბოლში გამოცემული წიგნებიდან აღსანიშნავია: „გეოგრაფია“, „გზა ცხოვრებისა“, „გვირგვინწამებულთა“, „ყვავილის კონა ყრმათა“, „წინამძღვართ ზეცისა“, „მოკლე რიტორიკა“, „მოკლე ფილოსოფია“, „სიბრძნე კაცობრივი“, „მოკლე ქართული ღრამატიკა“, „საქრისტიანო მოძღვრება“ და სხვა. მამა პეტრე ცდილობდა, წიგნები კარგი ქართულით დაებეჭდა. წიგნების ნაწილს მოსახლეობაში უფასოდ ავრცელებდა.

პეტრე ხარისჭირაშვილი ბევრს ზრუნავდა ქართველი მაჰმადიანების ქრისტიანულ რჯულზე მოქცევისათვის. შედეგი ის იყო, რომ მის სკოლას ბევრმა მაჰმადიანმა ქართველმა მიაშურა და ბევრი იმდენად დაუახლოვდა ძმობას, რომ ქრისტიანულ ქადაგებებზეც დაიწყო სიარული.

ქართველ კათოლიკეთა ძმობის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, პეტრე ხარისჭირაშვილმა დააარსა სავაჭრო ამხანაგობა – ქარვასლა, რომლის შემოსავალიც ძმობის საერთო ფონდში შედიოდა. 1900 წლისთვის ძმობის მფლობელობაში 5 დუქანი, რამდენიმე სავაჭრო ობიექტი, სათესი მიწა და ძროხების ფერმა იყო. კომერციული საქმიანობიდან შემოსული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების განათლებას, საგამომცემლო საქმიანობასა და ქველმოქმედებას ხმარდებოდა.

პეტრეს მიერ სტამბოლში დაარსებულ ქართველ კათოლიკეთა ძმობა ისე გაძლიერდა, რომ 1874 წელს მან საფრანგეთში მონტობანშიც დააფუძნა ასეთივე ძმობა. მონტობანში ქართველ კათოლიკეთა ძირითადი საქმიანობა წიგნების ბეჭდვა გახლდათ. სავანე, ასევე, განკუთვნილი იყო იმ ქართველი ყმაწვილებისთვის, რომლებიც საფრანგეთში ჩადიოდნენ სასულიერო განათლების გასაღრმავებლად. 1880 წელს მონტობანის ქართული სავანე სამინისტრო ბრძანებით დაიხურა, თუმცა როგორც ჩანს, 1896 წელს კვლავ გახსნა და 1901 წლამდე იარსება.

სიცოცხლის ბოლო პერიოდში მამა პეტრე მონასტერში განმარტოვდა. იგი 1892 წელს სტამბოლში გარდაიცვალა.

გამოყენებული მასალების წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...