საზოგადოება

როგორ გამოიჩინა თავი სიმონ ფანჩულიძემ ნაპოლეონთან ბრძოლებში და რა წარმატებებს მიაღწია მან სამხედრო კარიერაში

№28

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:30 20.07

სიმონ ფანჩულიძე
დაკოპირებულია

გენერალ–მაიორი სიმონ დავითის ძე ფანჩულიძე ცნობილია ფანჩულიძე მეორის სახელით. ფანჩულიძე პირველს მის უფროს ძმას, ივანეს უწოდებდნენ. ორივე ძმა განსაკუთრებულ ფიგურას წარმოადგენდა 1812 წლის სამამულო ომში.

4 წლის ასაკში სიმონ ფანჩულიძე კადეტად ჩაწერეს აზნაურთა სახმელეთო კადეტთა კორპუსში, რომელიც 1785 წლის 14 თებერვალს დაამთავრა პორუჩიკის წოდებით და განწესებულ იქნა ჩერნიგოვის 29-ე ქვეითთა პოლკში. იმ დროიდან მოყოლებული, 1815 წლამდე, სიმონ დავითის ძე უწყვეტად იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში.

30 წლის განმავლობაში მოპოვებულმა მდიდარმა გამოცდილებამ, სუვოროვის, კუტუზოვისა და ბაგრატიონის მეთაურობით ჩატარებულ ბრძოლებში მიღებულმა წვრთნამ, ის შესანიშნავი სამხედრო თვისებების მქონე გენერლად ჩამოაყალიბა. მის საქმისადმი ერთგულებას, თავგამოდებასა და გულმოდგინებას უსვამდნენ ხაზს მისი თანამედროვეები. ამაზე მიუთითებს უმწიკვლო სამსახურისთვის მიღებული 12 ჯილდო.

1791 წელს სიმონ ფანჩულიძე, რუსეთ–თურქეთის ომის ფარგლებში, ანაპის ციხესიმაგრის შტურმში მონაწილეობდა. აქ მიიღო მან საბრძოლო ნათლობა. ის იყო 1794 წლის პოლონეთის კამპანიისა და 1799 წლის ალექსანდრე სუვოროვის შვეიცარიის ლაშქრობის მონაწილე და გენერალ რიმსკი-კორსაკოვის ჯარების შემადგენლობაში მან ბრძოლით გაიარა გალიცია, სილეზია, მორავია, ბოჰემია და შვაბია.

1799 წლის 29 ნოემბერს სიმონ ფანჩულიძეს პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს. 1803 წლის 9 იანვარს კი მას პავლოდარის მეორე ლეიბ-ჰუსართა პოლკის ხელმძღვანელობა მიანდვეს.

1805-1807 წლებში პოლკოვნიკი ფანჩულიძე მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომებში და ყველა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციაში თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. მათ შორის, ლამბახსა და ამშტეტენთან, კრემსსა და შენგრაბენთან, ვიშაუსა და გენერალურ ბრძოლაში აუსტერლიცთან, რისთვისაც წმიდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი დაიმსახურა.

განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1807 წლის 7-8 თებერვალს პრეისიშ-ვილაუსთან ბრძოლაში. სამი წლის განმავლობაში მან მთავრობის 5 ჯილდო მიიღო, ხოლო 1807 წლის 12 დეკემბერს კავალერიის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1812 წლის სამამულო ომში სიმონ ფანჩულიძე მონაწილეობდა პირველი დღიდან უკანასკნელ ბრძოლამდე. ინგერმანლანდის დრაგუნთა პოლკი, რომელსაც იგი მეთაურობდა, როგორც წესი, ყველაზე მძიმე უბნებზე მოქმედებდა. ბოროდინოს ველზე გენერალმაიორი ფანჩულიძე რუსების მარცხენა ფრთის კავალერიას ხელმძღვანელობდა. სმოლენსკის, ბოროდინოს, მალოიაროსლავეცისა და სხვა ბრძოლებში თავის გამოჩენისათვის მან წმიდა გიორგის მესამე ხარისხის ორდენი დაიმსახურა, ხოლო, ბოროდინოს ბრძოლისთვის ალმასებით მოჭედილი ოქროს ხმალი ებოძა.

1813-1814 წლებში სიმონ დავითის ძე ფანჩულიძე მონაწილეობდა რუსეთის არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობაში, კერძოდ, გერმანიისა და საფრანგეთის კამპანიებში, მათ შორის ბაუცენის, კაცბახის, დრეზდენის, ლეიპციგის, ლა როტიერისა და კრაონის ბრძოლებში.

ხანგრძლივმა სამსახურმა და სისხლისმღვრელ ბრძოლებში მიღებულმა ჭრილობებმა სიმონ ფანჩულიძეს ჯანმრთელობა შეურყია. 1814 წლისთვის მას უკვე აღარ შეეძლო მოქმედ არმიაში სამსახური.

1814 წლის 19 დეკემბერს იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მიიღო გენერალ-მაიორ ფანჩულიძის თხოვნა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რომლის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ: „თუმცა კი მაქვს უდიდესი სურვილი, ვიყო თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის სამსახურში და ვაპირებდი კიდევაც მის გაგრძელებას, მაგრამ თვალის ქრონიკული ანთებით გამოწვეული მხედველობის დაქვეითება და მარჯვენა ხელის მოტეხილობის გამო მისი მუდმივი ტკივილი სრულიად არ მაძლევენ ამის საშუალებას. დასახელებული სნეულებების დამამტკიცებელ საბუთად წარმოგიდგენთ მოწმობას, გაცემულს ექიმ გარანსკის მიერ და ვკადნიერდები, უმორჩილესად გთხოვოთ, თქვენი უმაღლესი საიმპერატორო ბრძანებულებით დააკმაყოფილოთ ჩემი თხოვნა, გაითვალისწინოთ ჩემი ხანგრძლივი სამსახური და გამათავისუფლოთ საველე და საგარნიზონო სამსახურიდან ჩინის მომატებით და დამსახურებული პენსიის დანიშვნით“.

სიმონ ფანჩულიძის ამ განცხადებაზე იმპერატორს თავისი ხელით დაუწერია: „... გენერალ-ლეიტენანტის წოდებას მე მხოლოდ სამსახურში მყოფთ ვაძლევ და არა მათ, ვინც მას თავს ანებებს. აქედან გამომდინარე გათავისუფლდეს“. საბუთზე ვიღაცას ფანქრით მიუწერია: „1815 წლის 1 ივნისის ბრძანებით გენერალ–მაიორი ფანჩულიძევი მეორე გათავისუფლებულია სამსახურიდან ავადმყოფობის გამო, მუნდირის შენარჩუნებით და 30 წელზე უფრო ხანგრძლივი სამსახურისათვის ნახევარი ჯამაგირის ოდენობის პენსიით“. ასე „დააფასა“ იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა იმ ადამიანის დამსახურება, რომელიც მას ერთგულად ემსახურა და ბევრი გააკეთა რუსული არმიის სადიდებლად.

სიმონ დავითის ძე ფანჩულიძე გარდაიცვალა 1817 წლის 17 დეკემბერს მოსკოვში. დაკრძალულია იქვე, სპასო-ანდრონოვის სასაფლაოზე.

1812 წლის სამამულო ომში გამოჩენილი გმირობისა და დამსახურებისთვის, ძმების, ივანე და სიმონ ფანჩულიძეების პორტრეტები გამოფენილი იყო პეტერბურგის ზამთრის სასახლეში.

გამოყენებული მასალების წყარო: nplg.gov.ge; სიმონ ფანჩულიძე ისტორიული მემკვიდრეობა : სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი; ფანჩულიძე სიმონ // ქართველები უცხოეთში - რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; ფანჩულიძე ჯუმბერ. გენერალ-მაიორი სიმონ დავითის ძე ფანჩულიძე // ფანჩულიძეთა გვარი / ჯ. ფანჩულიძე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა