საზოგადოება

როგორ გამოიჩინა თავი არჩილ გელოვანმა 26 წლის ასაკში ფაშისტების წინააღმდეგ ბრძოლაში და როგორ გახდა ის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი სამხედრო მოვლენების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა

№29

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 27.07, 2022 წელი

არჩილ გელოვანი
დაკოპირებულია

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სამხედრო ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სამ დიდ ქართველ მოღვაწეს. მათგან საბრძოლო რაკეტებსა და საფრენ აპარატებს იგონებდა და აგებდა ალექსანდრე ნადირაძე, მათ ცდიდა გალაქტიონ ალფაიძე, ხოლო უნიკალურ სარაკეტო საშახტო გამშვებ დანადგარებს აპროექტებდა და აშენებდა არჩილ გელოვანი. სამივე მათგანის საქმიანობა დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ზეგასაიდუმლოებულად, მაგრამ გავიდა დრო, წლების შემდეგ, მათი დამსახურების შესახებ ყველამ გაიგო და მათი ღვაწლი სათანადოდ დაფასდა.

არჩილ გელოვანი 1915 წლის 14 ნოემბერს ცაგერის რაიონის სოფელ სპათაგორაში დაიბადა. მისი მამა – ვიქტორ გელოვანი ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ცნობილი ინჟინერ-მექანიკოსი გახლდათ. არჩილის დედა – ანა შენგელია, აზნაურის ოჯახიდან იყო.

მშობლები აღმერთებდნენ პატარა არჩილს, შესაძლოა, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ მის დაბადებამდე ორი თვით ადრე მათი ორი წლის შვილი, გიგა გარდაიცვალა. არჩილი ექვსი წლისაც არ იყო, როდესაც მისი მამა მუცლის ტიფმა იმსხვერპლა. ანამ ქმარი ქუთაისში დაკრძალა და შვილთან ერთად თბილისში გადასახლდა, სადაც მისი ორი და ცხოვრობდა. ეს იყო საქართველოსთვის მეტად მძიმე წლები – სამოქალაქო ომი, ქვეყნის ოკუპაცია წითელი არმიის მიერ, დევნა, სიღარიბე, ნგრევა და შიმშილი. ანა იძულებული იყო, ბილეთის გამყიდველად ემუშავა ხან თეატრში, ხან კლუბში და შვილს ღირსეულად ზრდიდა.

არჩილი ექვსი წლის არ იყო, სკოლაში რომ მიიყვანეს. სკოლის დირექტორი მიხეილ ზანდუკელი სკეპტიკურად შეხვდა პატარას, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ აღტაცებას ვერ მალავდა. ექვსი წლის არჩილი შესანიშნავად კითხულობდა ლექსებს, ჰყვებოდა წაკითხულის შინაარსს, შეეძლო ანგარიში ათასის ფარგლებში. მოხიბლულმა სკოლის დირექტორმა ბიჭი პირდაპირ მესამე კლასში მიიღო.

1936 წელს არჩილმა დაამთავრა ამიერკავკასიის კიროვის სახელობის ინდუსტრიული ინსტიტუტი. სწავლობდა სამხატვრო სტუდიაში, რადგან ძალიან იტაცებდა ხატვა. მისდევდა სპორტსაც და იყო გამორჩეული კალათბურთელი და ფრენბურთელი.

1939 წელს გადაწყვიტა, სამხედრო-საზღვაო ფლოტში წასულიყო და ამისთვის ლენინგრადის ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა. ამავე პერიოდიდან მსახურობდა არმიაში.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ახალგაზრდა ოფიცერი შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში იყო და ზღვის სანაპიროზე თავდაცვითი ობიექტებისა და აეროდრომების მშენებლობას ხელმძღვანელობდა. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სევასტოპოლის დაცვის ბრძოლებში, სადაც მისი ხელმძღვანელობით, მტრის გამალებული საარტილერიო და საჰაერო ცეცხლის ქვეშ, რვა საცეცხლე ბატარეია აშენდა, რამაც შეაჩერა მტრის წინსვლა ყირიმის მიმართულებით. ფაშისტები რომ უმალვე ვერ შეიჭრნენ სევასტოპოლში, ქართველი ინჟინრის დიდი დამსახურებაც არის, რომელსაც მაშინ 26 წელი შეუსრულდა.

1945 წლიდან არჩილ გელოვანი ხელმძღვანელობდა ოდესის სამხედრო-საზღვაო ბაზის აღდგენის მშენებლობას. მალე იგი მოსკოვში გადაიყვანეს. მსახურობდა შავი ზღვის ფლოტის საინჟინრო სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.

1953 წლიდან არჩილი თითქმის 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა შავი ზღვის ფლოტის ბაზისა და სევასტოპოლის აღდგენით სამუშაოებს. ომის შედეგად თითქმის მიწასთან გასწორებული შავიზღვისპირა ქალაქების აღდგენაზე გაწეული უდიდესი შრომა მისთვის გენერლის წოდების, მთავრობის ჯილდოებისა და „ქალაქ სევასტოპოლის საპატიო მოქალაქეობის“ მინიჭებით დაფასდა.

1960 წლის იანვარში საბჭოთა კავშირში შეიქმნა შეიარაღებული ძალების ახალი სახეობა – სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები, რომლის ცენტრალურ აპარატში მალე გადაიყვანეს გენერალი გელოვანი, როგორც ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ინჟინერ-მშენებელი.

მას საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა საბჭოთა კავშირის სარაკეტო ჯარებში და თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში. იყო სარაკეტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე მშენებლობის დარგში და სამხედრო საბჭოს წევრი, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ექსპერტიზის უფროსი, საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მშენებლობისა და ჯარების განლაგების დარგში.

საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში არჩილ გელოვანი იყო საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი კაპიტალურ მშენებლობაში, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ინჟინერი. 1968 წელს მას მიენიჭა ლენინური პრემია – საბჭოთა კავშირის საჰაერო თავდაცვის შექმნისათვის. 1977 წელს კი გახდა სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და პირადი მონაწილეობით აიგო ასობით სპეციალური ობიექტი, სარაკეტო-გამშვები შახტები, სამხედრო-საზღვაო ბაზები, მიწისქვეშა აეროდრომები და თავდაცვითი მნიშვნელობის სხვა ნაგებობანი, რომელთა უმრავლესობა დღესაც ემსახურება რუსეთის თავდაცვას.

არჩილ გელოვანს ყველაზე ინტელიგენტურ მარშალს უწოდებდნენ. ის იყო ძალიან განათლებული, ხატავდა არაჩვეულებრივად, უკრავდა ფორტეპიანოზე, თავისუფლად ფლობდა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ ენებს. ზეპირად კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს“. უყვარდა ლიტერატურა, თეატრი, კინო, იყო არაჩვეულებრივი მთხრობელი. იგი სულით და ხორცამდე ქართველი გახლდათ.

მარშლის მეუღლე ქეთევან ვლადიმერის ასული ალხაზიშვილი იყო ცნობილი ქირურგი. ოჯახის ტრადიციას აგრძელებენ მარშლის შვილი, ვიქტორ არჩილის ძე – მათემატიკოსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და შვილიშვილი, მისი სეხნია, არჩილ ვიქტორის ძე –კინოპროდიუსერი.

დღეს მარშალ გელოვანის სახელს ატარებს საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური, აღმაშენებლის ხეივნისაკენ მიმავალი გამზირი.

გამოყენებული მასალების წყარო: diaspora.ge; opentext.ge; ვიკიპედია; საქართველო: ენციკლოპედია; ტატიშვილი, ილია. მარშალი არჩილ გელოვანი. გელოვანი არჩილ//ქართველები უცხოეთში: წ.1/რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა