საზოგადოება

როგორ გამოიჩინა გიორგი გოთუამ თავი საფრანგეთში და რის გამო უწოდეს მას ლეგენდარული პოლკოვნიკი

№28

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 20.07, 2022 წელი

გიორგი გოთუა
დაკოპირებულია

გენერალი გიორგი გოთუა რუსეთის არმიაში ძალიან თვალსაჩინო ფიგურა გახლდათ. ამას ადასტურებს მისი უმაღლესი სამხედრო ჯილდოები, მათ შორის – საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი და ფრანგული სამხედრო ჯვარი, რუსეთის იმპერიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი.

გიორგი გოთუა 1871 წელს გურიის სოფელ ძიმითში, აზნაურ სიმონ გოთუას ოჯახში დაიბადა. მისი დედა – ელისაბედ, ლისა თაყაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილის და გახლდათ.

გიორგიმ ქუთაისის პროგიმნაზია და ტფილისის იუნკრების ქვეითთა სასწავლებელი დაამთავრა. 1902 წლიდან მსახურობდა 256-ე, ღუნიბისა და მე-8, კრასნოვოდსკის სარეზერვო ბატალიონებში. 1904-1905 წლებში იბრძოდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1909 წელს მიიღო ქვეითთა სარეზერვო ბრიგადის შტაბს–კაპიტნის წოდება.

გიორგი გოთუა მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. კაპიტნის ჩინით მსახურობდა თურქესტანის მერვე მსროლელთა პოლკში და დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ოქროს იარაღით. ამავე წელს დაიმსახურა წმიდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი. 1916 წელს კი კიდევ ორი ორდენი მიიღო მახვილებით: წმიდა სტანისლავის მეორე ხარისხისა და წმიდა ანას მეორე ხარისხის.

გოთუა თავდაპირველად მეთაურობდა ბატალიონს, შემდეგ კი რუსეთის საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში მყოფ „ღირსების საგანგებო ლეგიონს“ საფრანგეთში. ამ ლეგიონის შექმნის ისტორია მეტად საინტერესოა: 1915 წელს ფრანგებმა შესთავაზეს რუსებს, დასავლეთის ფრონტზე, საფრანგეთში გაეგზავნათ 300 ათასი რუსი ჯარისკაცი. სანაცვლოდ საფრანგეთის მთავრობა რუსეთს მისცემდა იარაღს. 100 000-მდე ჯარისკაცი გაიგზავნა საფრანგეთში, მათ შორის იყო პოდპოლკოვნიკი გიორგი გოთუაც. იგი ჯერ პირველი ბრიგადის მეორე განსაკუთრებული პოლკის ბატალიონს მეთაურობდა, შემდეგ კი, პოლკოვნიკის ჩინით – განსაკუთრებულ ბრიგადას. ფრანგი ხალხი აღტაცებით და დიდი პატივით შეხვდა რუსეთის ჯარებს, რომლებმაც 1916-17 წლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გერმანიის წინააღმდეგ ომში.

მაგრამ 1917 წელს, რუსეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, საფრანგეთში მყოფ რუსულ ჯარში დაიწყო ქაოსი, არეულობა, ლოთობა და მოროდიორობა. შედეგად, საფრანგეთის ზურგში აღმოჩნდა არაპროგნოზირებადი და უმართავი, ანარქიულად მოაზროვნე უცხოეთის ჯარისკაცთა უზარმაზარი მასა. საფრანგეთის მთავრობამ არ იცოდა, რა გაეკეთებინა. ჯარი უნდა დაებრუნებინა უკან, სამშობლოში, მაგრამ ამას სჭირდებოდა ტრანსპორტი, უზარმაზარი ხარჯი, რისი შესაძლებლობაც არ იყო. საფრანგეთმა ჯარის ნაწილებად დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. შეიქმნა შრომითი ბატალიონები, ნაწილი საკუთარი სახსრებით დაბრუნდა სამშობლოში, ნაწილი კი ალჟირში – მაშინდელ ფრანგულ კოლონიაში გაუშვეს.

სიტუაციის გამოსწორების მიზნით, გიორგი გოთუამ რუსეთის ჯარის რეპუტაციის აღსადგენად ახალი ჯარის შეკოწიწება დაიწყო. მან მუშათა ბანაკებიდან, ჰოსპიტლებიდან 350 ადამიანი შეაგროვა და საფრანგეთის მთავრობისგან ბრძოლის გაგრძელების ნებართვა ითხოვა. თავდაპირველად, გოთუას შეგროვებულ ჯარის ნაწილს „რუსული ლეგიონი“ დაერქვა, თუმცა, ამ ლეგიონმა ბრძოლებში ისე გამოიჩინა თავი, რომ თავად ფრანგებმა „ღირსების ლეგიონი“ უწოდეს.

1918 წელს, როდესაც გერმანელებმა პარიზის ასაღებად უკანასკნელი ბრძოლა გამართეს, სწორედ „ღირსების ლეგიონმა“ დაიცვა ქალაქი. ლეგიონმა მოკავშირე არმიებს შორის პირველმა გაარღვია სახელგანთქმული „ჰინდენბურგის ხაზი“, რისთვისაც გიორგი გოთუამ „საპატიო ლეგიონის“ ორდენი მიიღო.

ომის დამთავრების შემდეგ „ღირსების ლეგიონის“ დემობილიზაცია გამოცხადდა. გიორგი გოთუა თეთრ მოძრაობას შეუერთდა. ის სამხრეთ რუსეთის სამხედრო ძალების მოხალისეთა არმიაში ირიცხებოდა, 1919 წლის დასაწყისიდან – მეორე არმიის სარეზერვო ბატალიონში, 1919 წლის 3 ნოემბრიდან კი, უკვე გენერალ-მაიორის ჩინით, მეშვიდე სარეზერვო ბატალიონს მეთაურობდა.

გიორგი გოთუა 5 შვილის მამა გახლდათ. მას მეუღლე ელენა მისენკო და 4 შვილი ტაგანროგში ჰყავდა, რადგან მისი პოლკი სწორედ იქ იდგა. მისი ერთი შვილი კადეტთა კორპუსში, ყირიმში სწავლობდა. 1920 წელს, როდესაც ყირიმში წითელი არმია შევიდა, გიორგი გოთუამ მეუღლე და ოთხივე შვილი ტივით გაიყვანა შავ ზღვამდე და საქართველოში გახიზნა, თავად კი შვილის სანახავად გაიქცა. კადეტთა კორპუსი გემებზე აყვანილი დახვდა – მათ საზღვარგარეთ გზავნიდნენ. გოთუაც გაჰყვა, რადგან ტაგანროგში ვეღარ დაბრუნდებოდა – იქ უკვე ბოლშევიკები იყვნენ. ყირიმიდან ისინი სტამბოლში ჩავიდნენ, სადაც, ზღვაში, ემიგრანტების 100-მდე გემი იდგა. თურქეთის მთავრობა მათ საკუთარ ტერიტორიაზე არ უშვებდა. ყირიმის კადეტთა კორპუსი სამ ნაწილად დაიყო და იუგოსლავიაში გაიგზავნა. გოთუა, შვილთან ერთად, ქალაქ ბილეჩაში მოხვდა. მას გენერლის ფრანგული პენსია დაენიშნა. მსახურობდა დონის კადეტთა კორპუსის სასწავლებელში და იქვე ცხოვრობდა.

გიორგი გოთუა 1936 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ბელგრადის ახალ სასაფლაოზე.

გიორგი გოთუას, როგორც სამხედრო პირის, პოპულარობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ომის დასასრულისთვის საფრანგეთში გამოდიოდა სხვადასხვა ატრიბუტიკა, მაგალითად, ასანთი და სხვა ნივთები, პოლკოვნიკ გიორგი გოთუას გამოსახულებით და წარწერით – „ლეგენდარული პოლკოვნიკი“.

გიორგი გოთუას ცოლ–შვილი ტაგანროგიდან საქართველოში მშვიდობით ჩამოვიდა. ელენე ადრე გარდაიცვალა და გენერლის შვილები მარტო დარჩნენ. თუმცა, ობლობის მიუხედავად, წარმატებული ადამიანები გაიზარდნენ. ბილეჩაში დარჩენილმა უფროსმა ვაჟმა კი კადეტთა კორპუსი დაამთავრა და შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით საფრანგეთში მოხვდა. ის 1971 წელს იუგოსლავიაში გარდაიცვალა და მამის გვერდით დაკრძალეს.

გამოყენებული მასალების წყარო: ვიკიპედია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; გენერალ-მაიორი გიორგი გოთუა/ოთარ ურუშაძე, გიორგი გოთუა; ბეჟიტაშვილი, გიორგი. გიორგი სიმონის ძე გოთუა // ქართული ემგრაცია ევროპაში (1921-1953) / გ. ბეჟიტაშვილი; gurianius.com&

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა