საზოგადოება

როგორ გალანძღა თავის გამოფენაზე თემო გოცაძემ ელენე ახველდიანი

№35

ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 05.09

თეო მოცაძე
დაკოპირებულია

მე და ვახტანგ ჭავჭანიძე ნოტების რვეულით ვართ, მაგრამ, მიშიკო შენგელია – „სკრიპკით“ ხელში. „სკრიპკას“ რომ დაინახავდნენ, ატყდებოდა წიოკი. მიშა დადებდა სკრიპკას და იწყებოდა ჩხუბი. სასწაულად ჩხუბობდა. თავი ჰქონდა უძლიერესი. თბილისის ჟოლოპები სულ მისი თავით იყო შეჭყლეტილი. ერთხელაც თუჯის მილი შეხვდა. 20 კაცი გვერტყა გარშემო, არავინ არ ერეოდა, ვიღაცას უნდა მოეგო, ვიღაცას უნდა წაეგო, ასე იყო წესი. გაულახივარ და გამილახია კიდეც. გავაგრძელებდით გზას, ჩავიდოდით მუსიკალურში, ამოვიდოდით მუსიკალურიდან, ისევ დაგვხვდებოდნენ, ისევ იგივე ვარიანტი უნდა გაგვევლო, მერე მოვდიოდით სახლში, მაგრამ ამასობაში იყო ნაცნობობა ამ ბიჭებთან, სადღაც 1-2-3 თვის შემდეგ, ჩხუბიც აღარ იყო, უკვე გამარჯობა გაგიმარჯოთი ვხვდებოდით ერთმანეთს, რაღაცებს ვეკითხებოდით ერთმანეთს და ნორმალური ურთიერთობა განვითარდა. მერე, რომ გავიზარდეთ, ასე თუ ისე, ყველა საქმის კაცი დადგა.“

ინციდენტი

„ეს ხდება მე-6 საშუალო სკოლაში. ფიზიკის მასწავლებელმა გამომიძახა დაფასთან, ენა მებმებოდა და დამება მაშინაც, ვერაფრით ვერ გადავაბიჯე „დ“-ს. ამან მიყურა, მიყურა და რა დდდ აგიტყდაო, დამცინა. გამიერთიანდა თვალები ერთ წერტილში. გავფრენილვარ და პირდაპირ თავი მიგლეჯია, გავიტანე კარი. ამ დროს კარის უკან მდგარა სკოლის დირექტორი იპოლიტე სურგულაძე. მოხდა ისე, რომ სკოლიდან უნდა წავსულიყავი. მომკიდეს ხელი და გადამიყვანეს პირველ საშუალო სკოლაში. ფაქტობრივად, აქ იწყება ძალიან საინტერესო რამ ჩემს ცხოვრებაში. ჯერ ერთი, იყო საოცარი კლასი, რომელშიც ძალიან საინტერესო ადამიანები სწავლობდნენ“.

ორმეტრიანის „დილიხორი“

„აკადემიაში რომ ვაპირებდი ჩაბარებას, უნდა მოვმზადებულიყავი, სხვა ვარიანტი არ არსებობდა. ათკლას დამთავრებული ვიყავი და რაც არ უნდა მეხატა ან როგორც არ უნდა მეხატა, პროფესიონალური სკოლა არ გამივლია. პროფესიონალური სახელოსნო მხოლოდ ბოლო წელს, მეათე კლასში გავიარე. ჩემს კურსზე კი სწავლობდნენ მხატვრები, რომლებსაც ტექნიკუმი ჰქონდათ დამთავრებული და უკვე ფაქტობრივად, მხატვრები იყვნენ. მე კი ლაწირაკი შევედი იქ, სადაც ოცდარვა, ოცდაათი წლის ხალხი სწავლობდა... ვემზადებოდი ხიტა ქუთათელაძესთან, აპოლონ ქუთათელაძის ვაჟთან. აპოლონი იყო აკადემიის ლექტორი. ხიტა კი ერთ-ერთი უძლიერესი თანამედროვე მხატვარი იყო. ჩემი პროფესიის ანბანი სწორედ ხიტასთან ვისწავლე. ის დაზგური ფერწერის მეტრი იყო. „სტანკავისტებისთვის“ ყოველი სანტიმეტრი ფერადოვანი ლაქებით უნდა ყოფილიყო დატვირთული. მე კი აკადემიაში ორმეტრიან ფიგურებს ვხატავდი და ამისთვის სულ შენიშვნას მაძლევდნენ, მაგრამ – არა, ორმეტრიანის დილიხორი მქონდა! სულ თავ-პირის მტვრევა იყო ამაზე, მაინც ვაკეთებდი! ჯგუფში ბევრნი ვიყავით, ხიტამ ყველა სხვადასხვა მიმდინარეობაზე გადაანაწილა. როგორც ყველაზე უმცროსს და მცირე პრაქტიკის მქონეს, კერამიკაზე ჩაბარება მირჩია. რა მნიშვნელობა აქვს, მოხვდები აქ და მერე გადახვალ ფერწერაზეო. ჩავაბარე კერამიკაზე და კიდევ კარგი, აქ ჩავაბარე. ასეთი სიკეთე ჩემთვის არავის გაუკეთებია. მოხდა ისე, რომ მე და ჩემი მეგობარი, გივი ვაშაკიძე ერთად ვაბარებდით, დაგვაკლდა ერთი ქულა. როდესაც სერგო ქობულაძემ კომპოზიცია ნახა, იკითხა, რა ნიშანია დაწერილი და აქ როგორ დაწერეთ სამიო? გოგი მესხიშვილს, მე და გივი ვაშაკიძეს სამები ხუთიანებად გადაგვიკეთეს. მერე, შეიცვალა სერგო და რექტორად დაინიშნა აპოლონ ქუთათელაძე. აპოლონმა დაგვიშვა თავისუფალ მსმენელებად და გვითხრა, თქვენ ივლით, ყველაფერს გააკეთებთ და წლის ბოლოს დიდი გამოფენა გადაწყვეტს, ჩაირიცხებით თუ არაო. ყველა მგულშემატკივრობდა. ამანაც ბევრი რამ გააკეთა. ერთ ფრაზას გვეტყოდნენ და ვხვდებოდი როგორ უნდა გამეკეთებინა. ასე გაიარა ამ ერთმა წელიწადმა. პირველ მაისს მამა გარდაიცვალა. 1959 წელია. მახსოვს, პანაშვიდზე მოვიდა აპოლონ ქუთათელაძე, მიუსამძიმრა დედას და უთხრა, თქვენი შვილი ჩარიცხულია აკადემიაშიო. ცრემლები მომერია. ასე მოვხვდი აკადემიაში.“

ოჯახი, ბოჰემური ცხოვრება და განადგურებული ნახატები

„აკადემიის დამთავრებიდან დაახლოებით ერთ თვეში დავოჯახდი. დაიბადა ჩემი პირველი ვაჟბატონი ბექარი. ასე თუ ისე, გავაგრძელე ოჯახური ცხოვრება, მაგრამ ეს ცხოვრება გაახარებს ვინმეს განაო. არ შეიძლება, ძალიან ახალგაზრდამ ოჯახი შექმნა. ეს ერთი. მეორე – არ შეიძლება, ისე იცხოვრო, რომ ახალგაზრდობა არ გაიარო. მაშინ, როცა უნდა მეცუღლუტა, გოგოებისთვის მედევნა, რაღაცები და ამბები... ვიჯექი ვხატავდი, ვჩხირკედელაობდი ჩემთვის და ვსვამდი ბიჭებთან ერთად. ოჯახი რომ დალაგდა, მერე უცებ გაჩნდა სხვა ადამიანიც. ღამე სახლში არ შევდიოდი. მოკლედ, ჩემი ბრალია. ამ სიტუაციამ დაშალა ოჯახური თანაცხოვრება და მე მიმიყვანა ძალიან ცუდ რაღაცამდე. თავის მოკვლის მცდელობაც მქონდა. როდესაც მეუღლეს დავშორდი აბსოლუტურად ყველა ნამუშვარი დავწვი. სოფელში მატარებლით მიმავალი დედა, რაღაც ძალამ გორიდან უკან მოაბრუნა და სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა. სახლში ვენებგადაჭრილი და თითქმის სისხლისგან დაცლილი დავხვდი. მარტოობის გრძნობა იყო... მოკლედ, ყველაფერი გავანადგურე, რაზეც მწყდება გული, იმიტომ რომ ბევრი რამე იყო იქ ისეთი, რომლის გაგრძელება მომავალში ძალიან საინტერესოდ შეიძლებოდა.

აკადემიაში ჩავაბარე თუ არა, დედაჩემმა ამიშენა დიდი სახელოსნო ეზოში. მე ვიყავი პირველი ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც თავისი ოცი კვადრატული მეტრი ჰქონდა. არ არსებობდა თბილისში ვინმე ახალგაზრდა შემოქმედი, რომელიც ამ სახელოსნოში არ იყო ნამყოფი. მთელი აკადემიის პერიოდში, დილით იყო მუშაობა, საღამოს – ჰარი ჰარალე. რამაზ გიორგობიანი, თემურ ბაბლუანი, ზურაბ ხავთასი, ჟანრი ლოლაშვილი... თუკი ვინმე იყო ხელოვნების სფეროში, ყველა იქ მოდიოდა. ამანაც ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემი ოჯახის ამბებში.“

მარინა

„მარი, ფაქტობრივად, იყო ჩემი გადარჩენა, იმიტომ რომ ძალიან აშლილი, არეული ვიყავი. ეს ის პერიოდია, როდესაც ნამუშევრები დავწვი, როცა დილიდან საღამომდე ვსვამდი, როცა გადაბმული ვიყავი ვიღაცებზე და რას არ ვაკეთებდი. მარის გამოჩენამ საზღვარი დაუდგა რაღაცებს. სულიერი საზღვრის მიღმა ვიყავი, იმიტომ რომ მაშინ ჩემთვის ყველაფერი ნებადართული იყო. უკვე არაფერი ფასეული არ იყო, რადგან იმ ნაბიჯს გადავაბიჯე, რასაც ვაკეთებდი ის გავანადგურე და მერე უკვე ყველაფერმა დაკარგა აზრი... მარინა პირველად მიშა თუმანიშვილის „ანტიგონეში“ აღმოვაჩინე, სადაც ის სერგო ზაქარიაძის მდივნის როლში გამოდიოდა. ეს ჩემთვის იყო დიდი მსახიობის აღმოჩენა. მე მაქვს ნათქვამი ფრაზა - მე რომ იმ დონის ერთი ნამუშევარი მაინც გამეკეთებინა, რა დონისაც მარინას შესრულებული მარტირიო იყო, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნებოდა ამ ქვეყანაზე-მეთქი“.

გალაკტიონი, ფარაჯანოვი და „ლურჯა ცხენები“

„მახსოვს ერთ ზაფხულს თბილისში ვარ... ძალიან ცხელოდა და სახელოსნოშიც დიდი სიცხე იდგა. ნაბახუსევზე სავარძელში ვზივარ და ძილბურანში მესიზმრა „ლურჯი ცხენები“, თუმცა, ამასაც თავისი ისტორია აქვს. გალაკტიონ ტაბიძის გასვენება და პანაშვიდები დეტალურად დავიმახსოვრე. იქაურობას არ მოვცილებივარ, შემდეგ კი დავხატე კუბოში დასვენებული მწერალი უკანა ფონზე ლურჯა ცხენებით, მაგრამ ეს ყველაფერი დავწვი. ცოტა ხნის შემდეგ ვნახე ფარაჯანოვის ფილმი, სადაც ერთი კაცი კლავს მეორეს, ნაჯახს არტყამს და ამ ნაჯახიდან გადმოსული სისხლით ეკრანზე რელატიურად გაიწელა წითელი ცხენები. ეტყობა, ეს კადრი ქვეცნობიერად ჩამრჩა... სიმართლე გითხრათ, ჯერ ლურჯა ცხენები დავხატე, შემდეგ ვნახე ის კადრი. უფრო სწორად, მერე მოვიდა ფარაჯანოვი გამოფენაზე და თავის სახლში წამიყვანა. მაშინ მაქვს ეს კადრი ნანახი მის კედელზე. რაც შეეხება ფარაჯანოვს, გამოფენიდან დამირეკეს, ფარაჯანოვი მოვიდა და მოდიო. რომ შევხვდი, მითხრა: პირველად ვხედავ ამ ქვეყანაში ასეთ მხატვარსო და სახლში წამიყვანა. კედელზე მაჩვენა ცხენების ეს ცნობილი კადრი და საიათნოვას სიკვდილი. მახსოვს, ერთხელ მე და ჩემი მეგობარი მივემგზავრებოდით რუმინეთში. გავიარეთ კიევი და ძმაკაცმა მითხრა: აქ ერთი ჩემი ნაცნობი ხელოვანია, ფარაჯანოვი და მინდა გავუარო, მარტო ნუ გამიშვებ, ერთად წავიდეთო. მაშინ პირველად ვნახე ფარაჯანოვი. ძალიან კარგად მიგვიღო. უკანა გზაზე კიევში ორ დღეს დავყოვნდით. სწორედ იმ დროს ბალანჩინის სპექტაკლი დაემთხვა. ფარაჯანოვმა დაგვპატიჟა. თავად მოვიდა რომაული ტოგით, ბრილიანტებში ასხმული, ლამაზი შავგვრემანი ბიჭის მხარზე ჰქონდა ხელი ჩამოდებული. წარმოიდგინეთ კიევის ბომონდი და ფარაჯანოვის ამ ფორმაში გამოჩენა.. იქ ამბავი ხდებოდა... მამალი სოციალიზმია, უფრო მძაფრი, ვიდრე მოსკოვში. მეორე დილა გათენდა და რეკავს, სად ხართო. ჩვენი რეაქცია აინტერესებდა. ვემზადებით, უნდა გავფრინდეთ-მეთქი. არა, შემოიარეთ, უჩემოდ არ წახვიდეთო. რომ მივედით, შევესწართ ასეთ მომნეტს: ვიღაცას ტელეფონით ესაუბრება – თქვენ ხომ ხალხი არ ხართ, ქართველებმა ის მაინც გააკეთეს, ჯამი და ხმალი დააჭერინეს ქართლის დედას, თქვენ მარტო ხმალი დააჭერინეთ, იმიტომ რომ არაფრის გაცემა არ გიყვართ, მე თავი დამანებეთ, მანდ არ ჩამოვალ და ფილმებს მხოლოდ საქართველოში გადავიღებო... ათი ცალი სამუზეუმო მოოქრული ჩარჩო მაჩუქა. რომ დავინახე, გული წამივიდა. სასწაული იყო. ეს – ჩემგან ფეშქეშიო, მითხრა. სწორედ ამის მერე მოვიდა ფარაჯანოვი ჩემს გამოფენაზე, იმიტომ რომ მიცნობდა.“

თავნება და გალანძღული ელენე ახვლედიანი

„თბილისში რომ მქონდა გამოფენა, „ლურჯა ცხენები“ – ამხელა მახინა მივაყუდე კედელზე და წამოვედი. მეორე დღეს მივედი. კედელზე აღარ იყო მიყუდებული, იატაკზე იდო და წავასწარი ასეთ სცენას, ელენე ახვლედიანმა წაჰკრა ფეხი და „უბრატ ატსუდაო“, – თქვა. დამიბნელდა თვალებში, დაპატიჟებული მყავდა მთელი რუსთაველის პროსპექტი და მთელი საძმაკაცო. მივედი და უხეშად მივმართე: ხომ არ გგონია, ქალბატონი ბრძანდები და ამიტომ მოვერიდები რამეს, ვინ მოგცა იმის უფლება, რასაც აკეთებ-მეთქი (ავტორი თ. ლეფსვერიძე). რა მოუვიდა, იცით? სახე გაებადრა, მშვენიერ ხასიათზე დადგა. აუ, შენ რა კარგი ვიღაცა ყოფილხარო, – მითხრა. – მაგარი კაცი ყოფილხარ! არა. ეს სურათი არ იქნება გამოფენაზე, მაგრამ შენ საღამოს გელოდები ჩემთან სახლშიო. ნამუშევარი მაინც არ გავიდა გამოფენაზე, თუმცა, აი, ასე დაიწყო ელენე ახვლედიანისა და ჩემი ურთიერთობა. მოვიდა მთელი თბილისი ჩემი ნამუშევრების სანახავად. ვერ ნახეს ვერსად. სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. მოგვიანებით, გაზაფხულზე გამოიფინა ჩემი ნამუშევრები და მერე მიჰყვა და მიჰყვა...

ელენესთან სახლში სტუმრად მივდიოდი ხოლმე, მხატვრებს რომ პატიჟებდა, მაგრამ მისი ჯგუფის წევრი არ გახლდით. მისი ჯგუფის წევრი კაცებიდან მხოლოდ გივი თოიძე იყო, დანარჩენი, ყველანი, ქალები იყვნენ. დიდი თავნება, მაგრამ უნიჭიერესი ქალბატონი იყო...

ჩემს ნამუშევრებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ისტორიას ირინა შელია შეესწრო. გამოფენილი მაქვს „ენრიკოს პორტრეტი“, „შენ ხარ ვენახი“ და „პეტრე იბერი“. ამ სამ სურათს მთელი კედელი უკავია. სანახავად ერთად მოსულან ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი და ქეთო მაღალაშვილი. კედლებზე კიდია „სემიჩკებივით“ პატარა ნამუშევრები. წინ არის ლადო და უკან ქალები მოჰყვებიან. ჩაიარა ლადომ, დაუხედავს ჩემი ნამუშევრებისთვის და უთქვამს „ბეზროდნი კოსმოპოლიტო“ და ჩაიარა. ქეთო მაღალაშვილი გაჩერებულა და ლადოსთვის დაუძახია მთელი ცხოვრება მიაქვს მწვანე და წითელი ფერების შეხამებას და აბა, ნახე როგორ არის აქ გადმოცემულიო (ენრიკოს პორტრეტზე), ეს არის ბეზროდნი კოსმოპოლიტი? რა გემართებაო... ასეთი სიტუაციებიც ხშირად იყო. არ მოსწონდათ არაფერი, მაგრამ ვერ აკეთებდნენ იმას, რომ არ მიეღოთ. იმდენად აცილებული იყო ეს ყველაფერი იმ იდეოლოგიას, იმდენად უცხო იყო, რომ საზოგადოება ვერ იღებდა და ვერ იგებდა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...