საზოგადოება

როგორ გახდა ვახტანგ ნადირაძე სამი ქვეყნის დამსახურებული არტისტი და რით გაითქვა მან სახელი

№39

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 02.10

ვახტანგ ნადირაძე
დაკოპირებულია

უკრაინაში მოღვაწე მოცეკვავე და ბალეტმაისტერი ვახტანგ ივანეს ძე ნადირაძე, რომლის ფსევდონიმიც გახლავთ ვრონსკი, 1905 წლის 28 აგვისტოს თბილისში დაიბადა.

ვახტანგ ნადირაძე 1919–1923 წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებული პერინის საბალეტო სკოლაში სწავლობდა.

1923-1925 წლებში იყო როსტოვის მუსიკალური კომედიის თეატრის მსახიობი, ამავე პერიოდში მოღვაწეობდა, აგრეთვე, ტაშკენტში.

1926-1932 და 1937-1940 წლებში ცეკვავდა ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში.

ვახტანგ ნადირაძის რეპერტუარში შედიოდა პრინცი (ჩაიკოვსკის „გედების ტბა“), ვაცლავი (ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), ივანუშკა (პუნი – „კუზიანი კვიცი“), ფრანცი (დელიბი, „კოპელია“), ლი შან-ფუ (გლიერი – „წითელი ყაყაჩო“) და სხვა.

1932 წელს ბაქოს ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა ვახტანგ ნადირაძის, როგორც ბალეტმაისტერის, დებიუტი: დადგა ცეკვები ოპერებისთვის – „კარმენი“ და „სამსონი და დალილა“; ქორეოგრაფის პირველი დამოუკიდებელი დადგმა იყო ადანის ბალეტი „კორსარი“.

1933-1937 წლებში ის იყო სარატოვის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერი. ამ თეატრში იმუშავა ალექსანდრე წუწუნავასთან ერთად ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისზე“; პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ სასწავლებელში.

1937 წელს ვახტანგ ნადირაძე კვლავ მიიწვიეს ბაქოს თეატრში აზერბაიჯანის ხელოვნების დეკადისთვის საბალეტო დადგმების მოსამზადებლად. დეკადის გახსნაზე მან წარმოადგინა გლიერის „შახსენემი“. ქორეოგრაფიული ნაწილის დადგმების წარმატებით განხორციელებისთვის ბალეტმაისტერი დაჯილდოვდა „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

1940-1954 წლებში ის მუშაობდა ოდესის თეატრში, ხოლო, 1941–1944 წლებში – დნეპროპეტროვსკისა და ოდესის გაერთიანებულ ოპერისა და ბალეტის თეატრში. მის მიერ განხორციელებულ საბალეტო სპექტაკლებს შორისაა: ბადალბეილის „ქალწულის კოშკი“, რუსინოვის „ოლესია“, პუნის „ესმერალდა“, ჩაიკოვსკის „გედების ტბა“ და „მაკნატუნა“, გლაზუნოვის „რაიმონდა“, მინკუსის „დონ კიხოტი“, ასაფიევის „გაზაფხულის ზღაპარი“ და „ბახჩისარაის შადრევანი“, ხაჩატურიანის „სპარტაკი“ და სხვა.

ვახტანგ ნადირაძე 1954 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა კიევში. 1954-1969 წლებში ის კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი იყო.

ამ სცენაზე მისი დებიუტი შედგა პროკოფიევის ბალეტით – „რომეო და ჯულიეტა“. აქვე დაიდგა იარულინის „შურალე“, ჟუკოვსკის „როსტისლავა“, დანკევიჩის „ლილეა“ და სხვა.

ქორეოგრაფ ვახტანგ ნადირაძის საქმიანობის სფერო მხოლოდ კლასიკური ბალეტით არ შემოიფარგლებოდა. ის ახალგაზრდობიდან იყო გატაცებული ხალხური ცეკვების შეგროვებით. ამ მიზნით სწავლობდა უკრაინულ საცეკვაო ფოლკლორს, აწყობდა ექსპედიციებს ოდესის, ვინიცის, პოლტავის ოლქების, უკრაინის კარპატების შორეულ რაიონებში.

1951–1954 წლებში მას, ძირითადი სამუშაოს პარალელურად, უკრაინის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაც ეკავა, ხოლო 1958 წლიდან ხელმძღვანელობდა უკრაინის სახელმწიფო ხალხური გუნდის ქორეოგრაფიულ დასს. მან განაახლა ანსამბლის საცეკვაო რეპერტუარი ბრიუსელის მსოფლიო გამოფენისთვის და დადგა ახალი ცეკვები.

ვახტანგ ნადირაძე აქტიურად მუშაობდა ქორეოგრაფიული ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის განვითარებაზე.

1961-1973 წლებში ის იყო უკრაინული სახელმწიფო ანსამბლის – „ბალეტი ყინულზე“ – სამხატვრო ხელმძღვანელი. ამ პერიოდში შექმნა სამი ორიგინალური პროგრამა უკრაინულ საცეკვაო ფოლკლორზე დაყრდნობით: 1961 – „საოცრებათა ქვეყანაში“, 1964 – „გაზაფხულის ზღაპარი“, 1967 – „სიჭაბუკის ზეიმი“. ანსამბლმა გასტროლებით მოიარა საბჭოთა კავშირის ქალაქები და უცხოეთის ქვეყნები: პოლონეთი, მექსიკა, ფინეთი და სხვა.

1978-1979 წლებში ვახტანგ ნადირაძე იყო მოსკოვის თეატრის – „ბალეტი ყინულზე” – სამხატვრო ხელმძღვანელი და ბალეტმაისტერი; 1980-1986 წლებში – კიევის კლასიკური საბალეტო თეატრის ხელმძღვანელი.

ვახტანგ ნადირაძე მოღვაწეობდა კინოშიც. ის რეჟისორი და სცენარის ავტორია კინოფილმ-ბალეტის – „ლილეა“ და ფილმ-სპექტაკლის – „სიმღერები დნეპრზე“.

ვახტანგ ნადირაძე იყო აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი, უკრაინის დამსახურებული არტისტი, უკრაინის სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი.

ბალეტის მსახიობი იყო ვახტანგ ნადირაძის მეუღლეც – უკრაინის სახალხო არტისტი ვალერია მელაშუნას–ფერო.

ღვაწლმოსილი ქორეოგრაფი გარდაიცვალა 1988 წლის 27 თებერვალს, კიევში.

გამოყენებული მასალების წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, ვიკიპედია, დოლოხოვა ლ. ვახტანგ ნადირაძე-ვრონსკი // საბჭოთა ხელოვნება; www.nplg.gov.ge.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა