საზოგადოება

როგორ გახდა თემურ ჭუმბურიძე აშშ-ს ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი და რაში დაეხმარება მისი წიგნი აზარტულ თამაშდამოკიდებულ ადამიანებს

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 13.02, 2023 წელი

თემურ ჭუმბურიძე
დაკოპირებულია

ფსიქოლოგმა თემურ ჭუმბურიძემ ახლახან თავისი პირველი წიგნის –„ტაქსი თეთრი არ იყო“ – პრეზენტაცია გამართა. რას მიუძღვნა და რა მიზანს ემსახურება მისი პირველი ნამუშევარი ამაზე თავად გვიამბობს. ასევე, მოგვიყვება იმასაც, თუ როგორ გახდა ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი.

თემურ ჭუმბურიძე: „ტაქსი თეთრი არ იყო“ – ეს არის ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც ასახავს თამაშდამოკიდებული ბიჭის ცხოვრებას, იმ მძიმე რეალობას, რომელსაც ამ პრობლემის წინაშე მდგარი ადამიანები გადიან. პერსონაჟი თამაშდამოკიდებულების ოთხივე სტადიას გადის – გართობის, დამარცხების, სასოწარკვეთისა და უიმედობის ეტაპებს. ავლენს ყველა იმ სიმპტომს, რომელიც ლუდომანებისთვისაა დამახასიათებელი. მასში კარგად ჩანს ადამიანის მიერ საკუთარი თავის დაკარგვისა და შემდეგ მისი ძიების პროცესი. ასევე, მინდოდა გამომეხატა ჩემი პროტესტი მხოლოდ „აქ და ახლა“ ცხოვრების წესისადმი, ხაზი გამესვა წარსულის კარგად გააზრების მნიშვნელობაზე, იმისთვის, რომ პასუხი გასცე კითხვას – რა იქნება ხვალ?! იმედი მაქვს, გამომივიდა.

– ეს წიგნი არის ფსიქოლოგიური დახმარების გზა აზარტულთამაშდამოკიდებულ ადამიანთათვის?

– ზუსტად ამ მიზანს ემსახურებოდა მისი შექმნა. წიგნის პერსონაჟს არ აქვს სახელი, ასევე, მასში არ არის დაზუსტებული გეოგრაფია. ეს იმიტომ, რომ მასში ასახული ისტორია ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან ახლობელი და არა, მხოლოდ ერთი, კონკრეტული ადამიანის ცხოვრება. თუ ეს წიგნი ერთ ადამიანს მაინც დააფიქრებს და გარკვეულ ნაბიჯებს გადაადგმევინებს, ეს ჩემთვის დიდი გამარჯვება იქნება.

– ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი გახდით, რომელიც უდიდესი პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაციაა. როგორ მიაღწიეთ ამას?

– მარტივი არ ყოფილა, რადგან ფსიქოლოგიაში ყველა აკადემიური საფეხური არ გამივლია. დოქტორის ხარისხი არ მაქვს, ამიტომ ჩემი პირველი მცდელობა გასულ წელს უარით დასრულდა. უარის მიუხედავად, ბრძოლა განვაგრძე და ჯიუტად ვცდილობდი, მათთვის დამესაბუთებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის. ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ბოლოს გავუგზავნე ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ჩემი წიგნი – „ტაქსი თეთრი არ იყო“ და მალე შემატყობინეს, რომ მათი ასოციაციის წევრი გავხდი. ვფიქრობ, წიგნთან ერთად, კარგმა სარეკომენდაციო წერილებმა, პროფესიულ საქმიანობაში განხორციელებულმა კვლევებმა და ჩემმა დიდმა მოტივაციამ გადააწყვეტინა მათ, რომ ასოციაციაში მივეღე. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ასოციაცია, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს და მისი წევრობა ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიაში შესაძლებლობების ძალიან დიდი ფანჯარა გეხსნება.

– ახლა რა თემებზე მუშაობთ?

– ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაპირებ სადოქტორო საფეხურის გავლას ფსიქოანალიზის მიმართულებით. პრაქტიკული თვალსაზრისით არაჩვეულებრივ ფსიქოლოთან, ანა ალბუთაშვილთან ერთად ვმუშაობ ექსპერტიმენტულ კვლევაზე „ნეგატიური ინფორმაციის გავლენა შინაარსის აღქმაზე“ და ვფიქრობ, საინტერესო შედეგები გვექნება. ამასთანავე, ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟისორმა, გადაწყვიტა, წიგნის მიხედვით, დადგას მონოსპექტაკლი და ამჟამად, მასთან ერთად ვმუშაობ, რომლის შესახებაც უახლოეს ხანში განვაცხადებთ.

– კიდევ ერთი საკითხი, რომელზედაც მუშაობთ, არის „კრიზისი, როგორც შესაძლებლობა“ – როგორ შეიძლება, კრიზისული მდგომარეობა იქცეს შესაძლებლობად?

– ადამიანები კრიზისების გარეშე ვერ ვცხოვრობთ. განვითარება სხვანაირად არ მოდის. კრიზისი შეფერხების დროს წარმოიქმნება, მაგრამ თუკი ჩვენ ამ შეფერხებას მივიღებთ, როგორც გამოწვევას, რომელიც უნდა დავძლიოთ, მის გადალახვას შევძლებთ. თუმცა, ამ კრიზისს შეუძლია, ჩვენი დაპაუზებაც და უფრო მეტიც, უკან დახევაც. კრიზისი ყოველთვის არის არჩევანის მომენტი რამდენიმე შესაძლო ალტერნატივიდან, რეგრესული ან პროგრესული გადაწყვეტის არჩევის მომენტი შემდგომ განვითარებაში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია კრიზისი გამოწვევად მივიღოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. უფრო მეტიც, ნებისმიერი სიახლე, უკვე კრიზისია, რომელიც მოითხოვს ადაპტაციას. არცერთი კრიზისი ნეიტრალური ხასიათის არ არის. ეს ყოველთვის მოიცავს წინსვლას ან უკან დახევას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნებისმიერი ან გნებავთ, ყოველი კრიზისი არსებობს იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენ თავს ვიცავთ მისგან და გრძელდება იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ჩვენ ვყოვნდებით იმ წერტილთან, სადაც წონასწორობა დავკარგეთ. მთელ ძალისხმევას ვახმართ იმ მდგომარეობამდე მისვლას, რომელსაც მანამდე მიჩვეული ვიყავით და გვიყვარდა. სწორედ ეს თავდაცვითი მდგომარეობაა, ჩვენს ტკივილს რომ ამძაფრებს. რაც ყველაზე მთავარია, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ეს კრიზისია და მე მას დამოუკიდებლად ვერ ვერევი. ხოლო თუკი დამოუკიდებლად არ შემიძლია წონასწორობის შენარჩუნება, დახმარება უნდა ვითხოვო. სხვანაირად არ გამოვა, რადგან ყველაზე მთავარი კრიზისის დასაძლევად, სწორედ, წონასწორობის შენარჩუნებაა. შფოთვა კრიზისს, მხოლოდ გაამწვავებს. უხეში მაგალითია, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ მდინარეზე საცალფეხო ხიდით უნდა გადავიდეთ. თუ სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებთ და წონასწორობას ვერ შევინარჩუნებთ, ამ ხიდს ვერ გადავივლით. ვინც შეინარჩუნებს, მას მეტი შანსი აქვს. ამიტომ სიმშვიდეს ძალიან დიდი ძალა აქვს, ის განსაზღვრავს ჩვენს წონასწრობას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ამაზე უნდა ვიზრუნოთ, თუ რა თქმა უნდა, საქმე ისეთ მოვლენებს არ ეხება, რომელთა წინაშეც ადამიანები უძლურები ვართ.

– „ნარცისების ეპოქა“ – თქვენთვის კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება. რა დოზით არის ეს თანამედროვეობის პრობლემა?

– თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საუკუნე ნარცისების ეპოქაა, ამას ვერ გავექცევით. დღეს ყველაფერი იქით არის მიმართული, რომ თავი, რაც შეიძლება, კარგად წარმოაჩინო და თუ ადამიანს ნარცისული თვისებები არ აქვს, შეიძლება, ნაკლად ჩაეთვალოს. მაგალითად, სამსახურში მიდიხარ, გასაუბრებაზე – ეპოქა გკარნახობს, რომ თავი უნდა წარმოაჩინო იმაზე მეტადაც კი, ვიდრე რეალურად ხარ.

სოციალურ ქსელში დიდი დაკვირვებაც არ დაგვჭირდება ამის შესამჩნევად – ძალიან თვალნათლივ ჩანს, რომ ადამიანები მხოლოდ საკუთარი თავის წარმოჩენით არიან დაკავებულები, მაგრამ როცა ამ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში ხვდები, აღმოაჩენ, რომ სულ სხვა ტიპის ადამიანები არიან. არ მინდა, ისე გავიგოთ, რომ ეს ადამიანები ძალიან საშიშები ან საფრთხის შემცველები არიან. ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდა ლიტერატურა, რომელშიც ეს აზრი დომინირებს. ვფიქრობ, ადამიანების ასე სტიგმატიზაცია, უხერხულია. ნარცისიზმი გარკვეულ ფარგლებში შეგვიძლია, მივიღოთ და საფრთხედ არ აღვიქვათ, მაგრამ თუ ჩვენ ნარცისულ-პიროვნულ აშლილობაზე ვისაუბრებთ, როგორც პათოლოგიურ ფორმაზე, ეს უკვე ნამდვილად დაავადებაა. საერთოდ, ნარცისული რადიკალი ყველა ადამიანშია – ჩვენ რომ ვიბადებით, ექვს თვემდე არ გვაინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღზრდა და გარემო. როცა ბავშვს ვეუბნებით, რომ საუკეთესო არის დედამიწაზე, რომ მასავით არავინ კითხულობს ლექსს და ასე შემდეგ, ის ამას იმახსოვრებს, მაგრამ როცა სკოლაში ან საბავშვო ბაღში წავა, აცნობიერებს, რომ თურმე, არ ყოფილა ერთადადერთი, თურმე, სხვა ბავშვებიც არსებობენ იმავე შესაძლებლობებით. ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღებს ის რეალობას, ანუ აღიარებს, რომ ერთადერთი არ არის თუ მიუხედავად იმისა, რომ ამას საკუთარი თვალით ხედავს, მაინც დარწმუნებული იქნება, რომ ერთადერთი და განუმეორებელია. თუ ასეა, ეს უკვე ნიშნავს, რომ მასში ნარცისული რადიკალი შორს მიდის. თუ ზრდასრულ ადამიანზე ვსაუბრობთ, მათში შორს წასული ნარცისული რადიკალი საკმაოდ რთული დაავადებაა. ეს ადამიანები არავის აღიარებენ და სხვა სიმპტომებთან ერთად, მათი სურვილი მხოლოდ სხვისი დამცირებაა. ის შეიძლება, ფსიქოთერაპევტთან მივიდეს არა დახმარების სათხოვნელად, არამედ მხოლოდ იმის გამო, რომ ის დაამციროს და უთხრას, შენ მე როგორ უნდა მიმკურნალო, მე შენზე მეტი ვიციო. მათ განდიდების მანია ახასიათებთ, მაგრამ ისინი არ უნდა აგვერიოს ეგოცენტრულ ადამიანებში. ეგოცენტრული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, მასზე ლაპარაკობდნენ და მნიშვნელობა არ აქვს, კარგს იტყვიან თუ ცუდს. ნარცისი ადამიანისთვის ეს ასეთი მარტივი არ არის. მასზე უნდა ლაპარაკობდნენ, მაგრამ აუცილებლად კარგს.

რაც შეეხება უბრალოდ ნარცის ადამიანს, ის, როგორც გითხარით, არ არის საფრთხის შემცველი. უფრო მეტიც, დღეს შეიძლება, ვერ გახდე წარმატებული, თუ შენში ნარცისული თვისებები არ არის, რადგან ნარცისიზმი უკვე ჩვენი ეპოქის მახასიათებელია, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი შეიძლება, მაღალი კონკურენციაც იყოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა