საზოგადოება

როგორ გახდა თაკო მექვაბიძე „ჰოლივუდის“ წამყვანი ვარსკვლავების საყვარელი დიზაინერი და რა კავშირია მასა და ქეთი მელუას შორის

№15

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:00 17.04, 2023 წელი

თაკო მექვაბიშვილი
დაკოპირებულია

ბოლო პერიოდში, ინტერნეტსივრცე დაიპყრო ფოტოებმა, სადაც მსოფლიო ვარსკვლავი ქრისტინა აგილერა ულამაზეს წითელ თრენჩშია გამოწყობილი. არც მეტი, არც ნაკლები, ეს ბრენდის სამოსი ქართველი დიზაინერის, თაკო მექვაბიძის შექმნილია. მის მიერ შექმნილ სამოსში წლებია, არაერთი ცნობილი „ჰოლივუდელი“ ვარსკვლავი იწონებს თავს, ასევე, ქართველი ქეთი მელუა. სულ პირველად თაკოს სამოსი მომღერალმა გრეის მეიმ მოირგო და მას შემდეგ, ქართველი დიზაინერის შემოქმედებით არაერთი უცხოელი ვარსკვლავი მოიხიბლა და იმოსება ქართველი დიზაინერის ბრენდით, ასეთებია, ქენდალ ჯენერი, კამილა კაბელო, შეი მიშელი, ქეითი პერი და ასე შემდეგ.

თაკო მექვაბიძე: არასოდეს მიოცნებია მასწავლებლობაზე, ნაყინის გამყიდველობაზე და ასე შემდეგ. ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა მოდელიორი გავმხდარიყავი. ალბათ, ეს იმან განაპირობა, რომ ბიძაჩემი დიზაინერი იყო, მამაც კერავდა, თუმცა პროფესიით ინჟინერია. პირველ სართულზე სახელოსნო იყო და მეორეზე ჩვენ ვცხოვრობდით. ამ ყველაფერმა დიდი წვლილი შეიტანაა, რომ მეც ამ გზას გავყოლოდი და დიზაინერი გავმხდარიყავი. რასაკვირველია, გენეტიკასა და ნიჭთან ერთად, დიდი სტიმული მომცა სოფო ჭყონიამ და თათა ქართველიშვილმა, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. ბავშვობაში ზეწრები არ შევარჩინე დედას – ვჭრიდი და ვკერავდი (იცინის). მაგიდის გადასაფარებლიდან კაბაც გამიკეთებია. თავიდან თოჯინებს ვუკერავდი, მერე ჩემთვის გადავაკეთებდი ხოლმე და ყველა აღფრთოვანებაში მოდიოდა. არ დამავიწყდება, ერთი გრძელი ქვედაბოლო მქონდა, ტყავითა და წულებით გავაკეთე, ულამაზესი გამოვიდა და ისეთი აქტუალური გახდა, ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა ჩემს მეგობარს ეცვა (იცინის). სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩავაბარე, ტანსაცმლის მხატვრულ მოდელირებაზე.

– პანდემიის, უძრაობის პერიოდში შენი დიზაინით შექმნილი სპორტული ხაზი არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც საკმაოდ პოპულარული გახდა. ფაქტობრივად, პირველი დიზაინერი ხარ, ვინც საქართველოში, სპორტული ხაზი შექმნა. ხომ არ ვცდები?

– მგონი, მართლა მე ვარ პირველი (იცინის). სხვათა შორის, გაამართლა და დავტოვე მეორე ხაზად. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ სპორტულ ხაზს ხელს მოვკიდებდი. ჩემი ხაზი უფრო კლასიკური, გამოსასვლელი ტანსაცმელია, საერთოდ სხვაა, მაგრამ ეს სიტუაციამ და პანდემიამ მოიტანა, ჩემი ბრენდის არსებობა რომ გადამერჩინა. იკლო შეკვეთებმა, ვის რად უნდოდა გასაპრანჭი და გამოსასვლელი სამოსი, ყველა სახლში იჯდა.

– ჰუდებზე, საქართველოს დროშაა გამოსახული და მიხარია, რომ პირველმა ტიკ-ტოკერმა ჩარლი დამენიომაც მოირგო სპორტული სამოსი საქართველოს დროშით.

– მინდოდა ჩემი ჰუდები განსხვავებული ყოფილიყო და დიდხანს ვფიქრობდი, რა საინტერესო დეტალი დამემატებინა, რომ გამორჩეული და მიმზიდველი გამხდარიყო. მოვიფიქრე, დამეწერა ჩემი სახელისა და გვარის შემოკლებული ვარიანტი და ქვემოთ ყოფილიყო ცარიელი გრაფა, სადაც მომხმარებლის სახელი დაიწერებოდა. ანუ, ინდივიდუალურად დაწერილიყო ჰუდზე სახელი, რაც უნდოდათ. რაც შეეხება დროშას, ძალიან პატრიოტი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და გადავწყვიტე, გამომეყენებინა ის, რაც ჩემს ქვეყანასთან იყო დაკავშირებული. ყველას ვერ დააძალებ, შენი ქვეყნის დროშიანი სპორტული ატაროს, ამიტომ, საიტზე რომ იყიდებოდა ჰუდები, იქ მითითებული იყო, რომ შეეძლოთ აერჩიათ დროშა და იმ დიზაინით დამზადდებოდა. უმეტესობას მოსწონს ჩვენი დროშა და მასთან ერთად, თავისი ქვეყნის დროშასაც, ანუ ორ დროშას მაპრინტინებდნენ.

– როგორც ვიცი, ბავშვობიდან, ყოველთვის მასშტაბური ოცნებები გქონდა და სცენაზე ადამიანებს შენი დიზაინით შექმნილი სამოსით ხედავდი. მაგრამ, როცა იწყებდი ამ სფეროში თავის დამკვიდრებას და დგამდი პირველ ნაბიჯებს, წარმოიდგენდი, რომ შენს ბრენდს მსოფლიოში წამყვანი ვარსკვლავები მოირგებდნენ და ამხელა წარმატებას მიაღწევდი?

– ყოველთვის წარმომედგინა ჩემი დიზაინით შექმნილ სამოსში გამოწყობილი ცნობილი ადამიანები და დიდი ოცნებებიც მქონდა. ამაყი ვარ, რომ გაამართლა, მოსწონთ და მოთხოვნაა იმ სამოსზე, რასაც ჩემი ხედვით, გულითა და სულით ვქმნი და მთელს ჩემს ენერგიას ვაქსოვ. სხვათა შორის, ქეთი მელუას ძალიან მოსწონს ჩემი დიზაინით შექმნილი სამოსი და ბოლო კონცერტებზე, ძირითადად, ჩემი შექმნილი სამოსი ეცვა და ახალი ალბომის ქავერზეც ჩემი დიზაინით შექმნილი კოლექცია აცვია. სხვათა შორის, ქეთი წლების განმავლობაში იყო ჩემი ბრენდის მომხმარებელი და მერე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე, ბავშვობაში, პირველ-მეორე კლასებში, თანაკლასელები ვყოფილვართ, საერთო კლასელმა მითხრა (იცინის). ნუცა ბუზალაძესაც ამერიკის „ნიჭიერის“ კონკურსის პირველ გამოსვლაზე ჩემი დიზაინით შექმნილი კაბა ეცვა. „ჰოლივუდში“ უკვე, დაახლოებით, ორმოც ვარსკვლავს აცვია ჩემი ბრენდი. სხვათა შორის, „ინსტაგრამზე“ ქრისტინა აგილერას სტილისტისგან „თაგი“ რომ მოვიდა, სადაც ჩემი შექმნილი წითელი ლაბადა აცვია, ჩემს ბავშვობასთან გავავლე პარალელი, როცა თინეიჯერობაში და უფრო ადრე, მას ვუსმენდი და ვოცნებობდი, ოდესმე სცენაზე ჩემი სამოსი სცმოდა. ეს ოცნება რომ ამიხდა, უბედნიერესი ვარ.

– როგორ ფიქრობ, რა მოსწონთ შენს ხელწერაში და რა გამოგარჩევს ყველაზე მეტად სხვა დიზაინერებისგან?

– ალბათ, ის რომ, როგორც ვგრძნობ და ვხედავ, ისე გადმომაქვს ნამუშევრებში. რაც მაფიქრდება და რაც მომწონს, ის გადამაქვს სამოსში, ტენდენციასაც ვითვალისწინებ, თუმცა, როცა მოდაში ჭრელი და ბრჭყვიალა არ იყო, მაშინაც ვიყენებდი და მოსწონდათ. ჩემს წარმატებაში მთავარი თავისუფალი ხედვა, ენერგეტიკა და საქმის სიყვარულია. ვფიქრობ, რა ემოციას, ენერგეტიკას და შრომასაც დებ შენს შემოქმედებაში, ის უკან ბუმერანგივით გიბრუნდება.

– ხელოვანი ხალხი სენტიმენტალური და ემოციურები არიან. შენშიც სჭარბობს ეს თვისებები?

– რასაკვირველია, ემოცია, პირდაპირ კავშირშია ჩემთან. ემოციის გარეშე ვერაფერს ვაკეთებ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ასეა. ცვალებადი ხასიათი მაქვს – შემიძლია, ემოციური ვიყო და უცებ ძლიერად გარდავიქმნა. თითქოს ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს და იბრძვის – ცოტა სენტიმენტალური და ძალიან ძლიერი. სასიცოცხლო ენერგეტიკის შესავსებად აუცილებლად მჭირდება ზღვის, ყვავილებისა და ზოგადად, ბუნების ენერგეტიკა, რაც ძალიან მიყვარს, მავსებს და ეს ჩემს კოლექციაშიც იგრძნობა. ყოველი დილა ყვავილებთან ურთიერთობით იწყება – აივანზე გავდივარ, ვრწყავ, ვუვლი და ვეფერები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა