საზოგადოება

როგორ გახდა რეზო ჩხიკვიშვილი გერმანიაში უზარმაზარი პარკის „გამგებელი“ და რატომ დადო მან ჯანმრთელობა სასწორზე

№46

ავტორი: ანკა რობაქიძე 20:00 22.11

რეზო ჩხიკვიშილი
დაკოპირებულია

აღიარებული ქართველი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი გერმანიიდან გვესაუბრა და გვიამბო, თუ როგორ გაატარა პანდემიის რთული პერიოდი, როგორ იხსენებს წარსულს და როგორია მისი დღევანდელობა.

– ბატონო რეზო, როგორ გაატარეთ პანდემიის პერიოდი და რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული?

– ბევრი სირთულე იყო, მაგრამ საბედნიეროდ, გერმანიაში ისეთ ადგილას ვცხოვრობ, სადაც ჩემი სახლის წინ დიდი პარკია. ამ დიდი პარკის ნახევარს, ფაქტობრივად, სახლიდან ვხედავ. ჩემი აივნიდან ისე ჩანს, როგორც დიდ ეკრანზე ხედავდე საოცარ სილამაზეს, წინ დიდი ჭადრის ხეებია ჩამწკრივებული... დაახლოებით, შვიდი წლის წინ აქ დიდი შტორმი იყო. მახსოვს, როგორ წამოიღო დიდი ჭადრის ხე და წააქცია... აქვე პატარა ტბაც არის, იქით შადრევანი ამოდის. ვხედავ, კურდღლები, ციყვები დარბიან, რაღაც საოცრება ხდება. თან, ციყვები არ გარბიან, დაბლა ჩამოდიან და რაღაცებს ეძებენ. პარკში, ასევე, დიდი ბატები და კვატები არიან, რომ ახმაურდებიან, ძალიან სასიამოვნოდ არღვევენ ირგვლივ გამეფებულ მყუდროებას. ხანდახან ჩემს აივნამდეც კი მოდიან. წარმოიდგინეთ, ამხელა ბაღია და ხომ სულ სავსე უნდა იყოს, მაგრამ თითო-ოროლა ადამიანი თუ დადის. ამიტომაც ხანდახან ვხუმრობ, მე ვარ ამ პარკის გამგებელი, ჯერ მე მკითხეთ ყველაფერი-მეთქი. ამ შემოდგომის ფოთოლცვენას რომ ვუყურებ, უკვე მერამდენე წელია, სხვა სენტიმენტები მაქვს. რაღაცნაირად სევდიანია, წელიწადი რომ მთავრდება, თან, ახალგაზრდა ხომ აღარ ვარ.

– პანდემიის პერიოდმა შემოქმედებითი კუთხით დაგაზარალათ?

– რა თქმა უნდა. ვინ მოთვლის რამდენ პროექტს გადაესვა ხაზი. მეც ისევე დამაზარალა, როგორც ყველა მსახიობი.

პანდემიის დროს შემოგვთავაზეს, ვისაც შეგიძლიათ, იქნებ სახლში ვიდეოები გადაიღოთ და თეატრის ქსელში ჩაგვიგდოთ, რაც გსურდეთ, ის მოიფიქრეთო. მეც მოვიფიქრე და ორი ვიდეო გადავიღე, რომლებსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველი ვიდეო იყო „რეზოს მუსიკალური სამზარეულო“, სადაც ღამის თერთმეტ საათზე პიჟამათი ვიჯექი. დავაწყვე სამზარეულოში დოლი, აკორდეონი, სალამური და ხალხს მივმართავდი: ახლა ღამის თერთმეტი საათია, არ მეძინება და ერთმანეთთან კონტაქტი რომ არ დავკარგოთ, ქართული ხაჭაპურის გამოცხობას გასწავლით, თან მუსიკალურად უნდა შევკაზმოთ-მეთქი... ავიღე მუსიკალური საკრავი, დავუკარი და თან ხალხს მოვუწოდებდი, არ გვინდა იტალიური პიცა, მე თქვენ გასწავლით, მარტივად როგორ გაამზადოთ არაჩვეულებრივი ხაჭაპური-მეთქი. თან, ვუკრავდი და თან ხაჭაპურს ვამზადებდი. ამ ვიდეომ ხალხი ძალიან მოხიბლა და დააინტერესა. შემდეგი ვიდეო ასე ჩავწერე, თითქოს ჩემი გერმანელი კოლეგა მირეკავს და მეუბნება: რეზო, შენი ხაჭაპურის რეცეპტი მომეწონა, მაგრამ ცოტა წონაში მოვიმატეო. მერე მე ვპასუხობდი: სილვია, ჩემო კარგო, მარტო ხაჭაპური კი არ უნდა მიირთვა, ახლავე ახალ რეცეპტს შემოგთავაზებ-მეთქი და მეორე ვიდეო ნიგვზიანი ბადრიჯნის მომზადებას მივუძღვენი. იმასაც მუსიკალურად ვაფორმებდი. მერე, ვითომ ამ ნიგვზიან ბადრიჯანს სილვიას ვაწვდიდი და ის თითქოს გერმანული აქცენტით, ქართულად მპასუხობდა: ო, ღმერთო ჩემო, რა გემრიელია, რა ბრწყინვალეა...

ასევე, პანდემიის დროს გერმანელ ბავშვებს გერმანულ ზღაპრებს სახლიდან ვუკითხავდით. თეატრის პროექტი იყო, ბავშვები რომ ცოტა გაგვერთო. მე სახლში მაქვს ჰაინც ფენრიხის (გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი) გერმანულად ნათარგმნი ქართული ზღაპრები, ავდექი და ბავშვებს ცნობილი გერმანული ზღაპრების ნაცვლად ქართულ ზღაპრებს – „წიქარას“, „კომბლეს“, „ნაცარქექიას“ ვუკითხავდი... ცოტა უცნაური კი იყო მათი ყურისთვის ახალი სახელები, მაგრამ ბოლოს მაინც ძალიან მოეწონათ ის გონებამახვილობა, რაც ქართულ ზღაპრებში იყო. ასეთი პოპულარიზაცია გავუწიე ყველაფერს ქართულს.

– ალბათ, სამშობლო ძალიან გენატრებოდათ...

– სულ მენატრება! თუმცა პანდემიამ ერთი კარგი როლიც ითამაშა იმ მხრივ, რომ შარშან „პირველმა არხმა“ მომიწვია. ფსიქოთერაპევტზე ფილმი გადაიღეს – „სეანსი“, 45 სერია. „სეანსი“ HBO-ის IN TREATMENT-ის ქართული ანალოგია. პროექტი მაუწყებელმა „ნოვა პროდაქშენთან“ ერთად განახორციელა.

წარმოიდგინეთ, ორი თვეში 45 სერიაში ვითამაშე, მსგავსი რამ ჯერ არავის გაუკეთებია, ჯანმრთელობაც კი სასწორზე დავდე, რადგან მეტი დრო არ მქონდა და იმ ორ თვეში ყველაფერი უნდა მომესწრო. ქართველ მაყურებელს საუკეთესო რამ შევთავაზეთ, მაგრამ უზარმაზარი შრომა დასჭირდა. სახლში ღამის 12 საათზე რომ მოვდიოდი, მერე ვიწყებდი შემდეგი სერიისთვის მომზადებას და 30 ფურცლის სწავლას. ეს იყო ძალიან დიდი, მაგრამ სასიამოვნო სტრესი. ძალიან დიდი წარმატება მოჰყვა ამ სერიებს. თუ დაიჯერებთ, ორი თვის განმავლობაში ხუთი წუთიც არავისთვის მქონდა თავისუფალი დრო. ერთხელ ვესაუბრე ჩემს დას, ძმას და სულ ეგ იყო, ანუ მთლიანად გადადებული ვიყავი, მიწისქვეშ რომ კაცი ცხოვრობს, ისე ვიყავი, არავისთან კონტაქტი არ მქონდა. თითოეული კონტაქტი 15-20 წუთის დაკარგვას იწვევდა და მე ამის უფლება არ გამაჩნდა. ფსიქოთერაპევტის როლზე ვიყავი, რომელსაც სცენარის მიხედვით, სულ სხვადასხვა პაციენტი ჰყავდა მთელი კვირის განმავლობაში და პარასკევს უკვე თვითონ მიდიოდა სხვა ფსიქოთერაპევტთან, რადგან მასაც სხვა ადამიანებივით ბევრი ცხოვრებისეული პრობლემის დაძლევა სჭირდებოდა. ყველა ადამიანია და ეს სერიალი ზუსტად მაგას აღწერს, ძალიან მრავალფეროვანია.

– მეუღლე თან არ გახლდათ?

– ვერა, საპატიო მიზეზი ჰქონდა. სანამ საქართველოში წამოვიდოდი, მეუღლემ ერთდროულად ხელი და ფეხი მოიტეხა. აგვიანდებოდა, მეტროში ჩარბოდა და ჩასასვლელ კიბეზე დაგორდა, მარჯვენა ხელი და შემდეგ ფეხი მოიტეხა. ეს უზარმაზარი ტრავმა იყო ჩვენთვის.

მეუღლეს თავად ვუვლიდი. ჯერ საავადმყოფოში ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, მერე სახლში გამოვიყვანეთ... მაშინ მივხვდი, რამდენად რთულია საავადმყოფოში მომვლელად მუშაობა. რამდენიმე ავადმყოფს უვლიან, როდესაც ერთი ადამიანის მოვლას წარმოუდგენლად დიდი ენერგია მიაქვს. რა თქმა უნდა, ყველაფერს დიდი სიყვარულითა და გულით ვაკეთებდი, პარკში ეტლით დავასეირნებდი. ზუსტად იმ დროს მოვიდა საქართველოდან შემოთავაზება. ძალიან საინტერესო იყო ფსიქოთერაპევტის როლი, მსურდა, ნერწყვი გადავყლაპე, მაგრამ წამოსვლა შეუძლებლად მეჩვენებოდა. მეუღლეს ვუთხარი, ნუ გეშინია, არ დაგტოვებ, არ წავალ-მეთქი, მაგრამ შემდეგ თავად მეუღლემ და შვილებმა დამაძალეს, რომ აუცილებლად უნდა წამოვსულიყავი. შვილებმა დამარწმუნეს, დედას ჩვენ მივხედავთ, შენ ასეთი შემოთავაზება ხელიდან არ უნდა გაუშვაო. მე ვხედავდი ჩემი მეუღლის დატანჯულ სახეს, როგორი ძლიერი ტკივილები ჰქონდა და კიდევ შეეძლო ეთქვა, რომ უარი არ მეთქვა.

ბევრს ნიშნავდა ოჯახის სურვილით რომ დავთანხმდი – გადაღებების დროს ჩემი ტრავმირებული მეუღლე მეხმარებოდა, რადგან აქეთ ვიყავი გასამხნევებელი. იყო მომენტები, როდესაც ლამის ფარ-ხმალი დავყარე. ჯერ ხომ ფსიქოლოგიას უნდა ჩაუღრმავდე, გაერკვე, მერე იმდენი რამ ისწავლო. მადლობა ღმერთს, რეჟისორის – თინათინ გურჩიანის პირველადი პროფესია ფსიქოლოგიაა და მან გამიადვილა, გამარკვია და დამეხმარა ამ როლის შესრულებაში.

– ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ იხსენებთ თქვენს ახალგაზრდობას? არ გაწუხებდათ პოპულარობა, შეყვარებული გოგონებისგან შანტაჟი ყოფილა?

– თითქოს თავიდან არ მაწუხებდა, ძალიან სასიამოვნოც იყო. ახალგაზრდა ბიჭს უყვარს ყურადღება, მით უმეტეს, მანდილოსნების. ეს ყველა ახალგაზრდას ოცნებაა. ფეხით ან ტროლეიბუსით თეატრში რომ მივდიოდი, ვხედავდი, ახალგაზრდების მთელი ჯგუფი მომყვებოდა, მხოლოდ ორი და სამი გოგო კი არა. ამით არ მთავრდებოდა, მესამე სართულზე ვცხოვრობდი და სახლში დაბრუნებულს კიბეებზე ჩამომჯდარი გოგონები მელოდნენ. ძალიან სასაცილო იყო, როდესაც ბოდიშს ვიხდიდი, ჯერ ერთს გადავაბიჯებდი, შემდეგ მეორეს და ასე შემდეგ... მთელ ორ სართულზე გოგოები იყვნენ ჩამომსხდარი და სახეში შემომციცინებდნენ. მაშინ ხომ ამდენი ტელევიზიები არ იყო, სულ ორი არხი იყო და ტელევიზიით რომ ეს სპექტაკლი გავიდა, მთელ საქართველოს მოედო. ამ სპექტაკლიდან, რაღაცნაირად, 80-იანი წლების გმირი გავხდი. არადა, დღემდე ვფიქრობ და მიკვირს, ჩემი რა მოსწონდათ?! ისეთი გამხდარი ვიყავი, სულ მთლად გაჩხინკორებული, სანაპიროზე პერანგს ვერ ვიხდიდი... ერთხელ, მახსოვს, წყლიდან ამოვედი და სანაპიროზე მსხდომმა ბიჭებმა რომ დამინახეს, ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს ის არისო? როცა დარწმუნდნენ, მე ვიყავი, იცინოდნენ, მაგის მუშტი მტერს მოხვდაო. დამცინოდნენ, იმდენად გამხდარი რომ ვიყავი და არა დაკუნთული, სიცილით ჩაბჟირდნენ. ფილმი რომ გადავიღეთ, სადაც მირზა გელოვანის როლს ვასრულებდი, პაპანაქება სიცხეში უნიფორმის ქვეშ „ბუშლატას“ ვიცვამდი, ცოტა შევსებულად რომ გამოვჩენილიყავი, ამიტომ, დღემდე მიკვირს, ჩემი რა მოსწონდათ, როცა საოცრად კარგი ახალგაზრდები დადიოდნენ, ნავარჯიშები და დაკუნთული. ერთი გაცრეცილი ბიჭი ვიყავი, ბავშვობაში ნუკრი დამარქვეს.

ძალიან უჭმელი ვიყავი და როდესაც დავქორწინდი, როგორც ყველა სიდედრი, ჩემი სიდედრიც სულ ჩემს სასიამოვნოდ გამასპინძლებაზე ფიქრობდა. მეკითხებოდა, რეზო, რას მიირთმევო და ვეუბნებოდი, არაფერს მხოლოდ ჩაის-მეთქი...

როგორც მოგახსენეთ, თავიდან ყურადღება სასიამოვნო იყო, მაგრამ მერე შემაწუხებელი გახდა. ერთ გოგოს, შხამიც კი დაულევია, თურმე და კიდევ კარგი, გადარჩა. უამრავი ისტორია იყო, როდესაც გაწბილებული გოგოები ათასნაირ რამეს ჩადიოდნენ. არადა, მე თავიდან ყველასთან კარგად ვიყავი, რადგან ყველანაირი კონტაქტი მიხაროდა. სახლში ყოველ ხუთ წუთში ტელეფონი რეკავდა და მეკითხებოდნენ, შეიძლება, გაგიცნოთ, შეგხვდეთ? მე მიხაროდა და ყველას ვეცნობოდი. შემდეგ უკვე ძალიან შემაწუხებელი გახდა და ვიმალებოდი, სულ ტაქსებით დავდიოდი, თან, ამდენი ფინანსური საშუალება არ მქონდა. მხოლოდ მე კი არა, ჩემ გამო უკვე ჩემს მშობლებსაც აწუხებდნენ, ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რეზო ავარიაში მოყვაო. სასწრაფოები და სახანძროები მოდიოდნენ ჩვენს ეზოში, რადგან გოგოები ატყობინებდნენ, თითქოს ჩვენი სახლი იწვოდა. რადგან მათთან კონტაქტი არ მსურდა, აღარ ვიცი, ეჭვიანობისგან რას აღარ იგონებდნენ. დღეში, ალბათ, ორასი ადამიანი რეკავდა და ყველასთან კონტაქტი როგორ მექნებოდა?! დაოჯახებამდე ასე ვიყავი, დაახლოებით, შვიდი-რვა წელი. დაოჯახების მერეც არ მთავრდებოდა ჩემი ფანების შტურმი. მერე კი, ქართულ-გერმანული პროექტის წყალობით, ბედმა გერმანიაში გადმომისროლა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...