როგორ გახდა „ოლია მათხოვარი“ იპოლიტეს მეუღლე და რატომ გამოაგდო ის ცოლმა სახლიდან
ავტორი: ეკატერინე პატარაია 13:00
„სიცილი, ადამიანს შვებას ჰგვრის, უხსნის დაღლილობას და რაც მთავარია, დიდ სიამოვნებას ანიჭებს. კარგი, ჯანსაღი სიცილი მკურნალობის ტოლფასია“, – ამბობდა იპოლიტე ხვიჩია. იპოლიტე ხვიჩიას ბიოგრაფია მრავალფეროვანია. ქართველი კინოკომიკოსის ცხოვრების ყველა ეპიზოდი ძალიან საინტერესო და გამორჩეულია, ისეთი, როგორიც თავად იყო. თუმცა, საზოგადოებისთვის მაინც ნაკლებად არის ცნობილი მომენტები მისი პირადი ცხოვრებიდან, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ვიდრე ლუბა ქარქაშაძეზე დაქორწინდებოდა, რომელთანაც მას შვილი არ ჰყოლია და გერებს მიიჩნევდა თავის შვილებად, თუმცა მათ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა, დაქორწინებული იყო მსახიობ თამარ ჯობაძეზე. თამარ ჯობაძე მაყურებელს „იმერული ესკიზებიდან“ ახსოვს „ოლია მათხოვრის” ეპიზოდური როლით, თუმცა ძალიან ბევრმა არც იცოდა, რომ ამ როლის შემსრულებელი ოდესღაც იპოლიტეს მეუღლე ყოფილა. მოდი, ერთად გადავიკითხოთ მათი ხანმოკლე ცხოვრების სიყვარულის ისტორია.
როგორც უკვე აღვნიშნე თამარ ჯობაძე ჩვენს მეხსიერებაში ოლია მათხოვრის როლით შემორჩა ნანა მჭედლიძის დაუვიწყარი ფილმიდან – „იმერული ესკიზები”. მეგობარს ეს როლი რომ შესთავაზა, ნანამ უარი მიიღო, თუმცა, რეჟისორი არ დანებდა, გადაგიღებ და შენი სახე შემორჩება ეკრანსო, ურჩია თამარს და მართლაც ასე მოხდა. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს, ქართულ კინოში სხვა როლი აღარც შეუსრულებია. ალბათ, არ სთავაზობდნენ ან/ ვინ იცის, სხვა შემთხვევაშიც ცივი უარით ისტუმრებდა რეჟისორებს... მსახიობის დისშვილი, ვახტანგ ლომიძე, დეიდისა და ბიძის ცხოვრებაზე ბევრ საინტერესო დეტალს გვიყვება.
ვახტანგ ლომიძე: „ძალიან დიდებული ქალბატონი იყო დეიდაჩემი. ლამაზი ქალი იყო და პირველი, რაც მისი თვისებებიდან შეიძლება, გამოვყო, არის მისი პრინციპულობა. დეიდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი გახლდათ და იქვე ცხოვრობდა, ბაზართან, მსახიობების სახლში. სანამ იპოლიტე და თამარა ცნობილები გახდებოდნენ, კოლეგები იყვნენ, ერთი დასის მსახიობები. დადიოდნენ რაიონებში და სპექტაკლებს
თამაშობდნენ. შემდეგ უკვე პოპულარობაც მოვიდა. იპოლიტე ძალიან ცნობილი გახდა. სპექტაკლებმა დიდი პოპულარობა მოუტანა, განსაკუთრებით დიდ ინტერესს მის მიმართ ქალბატონები იჩენდნენ. სპექტაკლი რომ დასრულდებოდა, გამოსასვლელ კარებში ხვდებოდნენ და პირდაპირ იქიდან იტაცებდნენ. წარმოიდგინეთ, რა პოპულარული იყო და რა ხდებოდა თეატრის უკანა გასასვლელთან, სადაც ჩასაფრებული ელოდებოდნენ!.. რომელ ცოლს მოეწონება ქმრის მისამართით ქალების ასეთი გაცხოველებული ყურადღება?! მერე, როცა ნასვამი ბრუნდებოდა, ცოტა ხმამაღალი საუბარი იცოდა, ზოგჯერ გინებასაც გამოურევდა, ქართულად... დეიდაჩემს, ბუნებრივია, არ სურდა, რომ იპოლიტეს ქალებთან ასე თავისუფალი ურთიერთობები ჰქონოდა და მონადირე ქალბატონებს თეატრის გასასვლელ კართან თვითონ ხვდებოდა, იპოლიტეს არ ატანდა. ნათელში ამყოფოს ღმერთმა ბიძაჩემიც და დეიდაჩემიც. ძალიან გახსნილად გიყვებით ამ ამბავს... მოკლედ, თამარა კარებში იდგა და იპომ სხვა კარებიდან გაპარვა დაიწყო... ასე მოიქცა რამდენჯერმე და გაბრაზდა დეიდაჩემიც. ერთხელაც, სახლში გვიან მისულ იპოლიტეს კართან ჩემოდანი დახვდა! აი, შენი ჩემოდანი, მიბრძანდი და იყავი იმ შენს ქალებთანო! იპოლიტეს უთქვამს: თამარა, ნუ აკეთებ ამას, მერე ძალიან ინანებო! რახან დეიდა ძალიან პრინციპული ქალი იყო, უკან არ დაუხევია და გაუგდია ქმარი. ვფიქრობ, მაშინ ცხელ გულზე, ვერ იფიქრა, რომ მათი სიყვარული საბოლოოდ დაშორებით დასრულდებოდა. წავიდა იპოლიტე. წავიდა და მერე აღარც დაბრუნებულა. დეიდაჩემმაც თავი დაიფასა, თავმოყვარე იყო, თუმცა უნდა გითხრათ, ძალიან ინანა. ჯავრობდა ამ დაშორებას... ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. მაგრამ არც ერთმა არ დათმო. მერე იპოლიტემ მეორე ცოლი შეირთო... ლუბა ქარქაშაძეც (მერჯანიძე) მსახიობი იყო. ერთმანეთი ქუთაისის თეატრში გაიცნეს. ლუბას მაშინ ქმარიც ჰყავდა და ქალიშვილიც, მაგრამ მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა... და ლუბამ სამსახიობო კარიერას თავი დაანება. იპოლიტეზე ყურებამდე შეყვარებულმა მთელი სიცოცხლე ქმარს მიუძღვნა. ისინი ყველგან ერთად იყვნენ.
დეიდა ძალიან ნანობდა თავის საქციელს, მაგრამ როგორც ამაყ ქალებს სჩვევიათ, არ ტყდებოდა. იპოლიტეს მონაწილეობით ფილმები რომ გადიოდა და ის ვარსკვლავი გახდა, ჩვენ ვატყობდით, დეიდა როგორი სინანულით უყურებდა ეკრანს, ძალიან განიცდიდა, ნანობდა თავის გადაწყვეტილებას. მაგრამ ჩვენთან ამას არ აღიარებდა. რომ შეგვატყობდა, მის დარდს ვამჩნევდით, გამომეტყველებას შეიცვლიდა, არ ტყდებოდა, არა, არაფერსაც არ განვიცდიო...
დაახლოებით შვიდი-რვა წელი იცხოვრეს ერთად. შვილი არ ჰყოლიათ. მე ასე მგონია, იპოლიტე თვითონ იყო უშვილო. დეიდა არც გათხოვილა და არც არავინ ჰყვარებია. ამ სიყვარულის ერთგული დარჩა. არ ტყდებოდა, მაგრამ ასე იყო. დედაჩემი ავადმყოფი ქალი იყო, მამაც ადრე გარდაიცვალა და ჩვენ თამარა დეიდამ გაგვზარდა. თამარა იყო ჩვენი გამზრდელი. ჯარში ჩემი წასვლა არ შეიძლებოდა და კომისარიატს რომ არ გავეძახე, საქმის ჩასაწყობად, დეიდამ იპოლიტეს დაურეკა და სთხოვა. დიდი სიამოვნებითო, უთხრა იპოლიტემ და ჩავედი თბილისში მასთან შესახვედრად. როდესაც იპოლიტეს შევხვდი, დეიდასთან გაყრის შესახებ მითხრა – რა ვქნა, ბიძია, მან თვითონ გამომაგდო სახლიდანო. გულთბილი კაცი იყო. კარგად მახსენდება. უარს არ გეტყოდა დახმარებაზე. იუმორი ისეთი ჰქონდა... ეს ისედაც საქვეყნოდ ცნობილია. პაპაჩემთან, სურამში რომ ჩადიოდა, დილით გადიოდა ქუჩაში ყვირილით, აბა, ადექით, გაიღვიძეთ, ხალხო, იპოლიტე ხვიჩია ჩამოვიდაო. ასე იქცეოდა ჩვენთანაც, ჯავახეთში. კომიკოსი იყო. უყვარდა ხალხი...
დეიდა გაყრის შემდეგ აღარ შეხვედრია. ამაყი ქალი იყო, თავმოყვარე. ერთხელ უსამართლობის გამო, თამარამ მილიციელიც კი სცემა. ომის დროს პურის რიგში, თურმე, ეს მილიციელი თავის ნათესავებს ურიგოდ ატარებდა. დეიდამ საყვედური რომ უთხრა, მილიციელს უთქვამს: ქალბატონო, გაჩერდი, თორემ დღეს პურს საერთოდ ვერ მიიღებო... ზუსტად ამ სიტყვების გამო სახეში ურტყა მილიციელს. მერე უჩივლა მილიციელმა. იყო სასამართლო. და რომ არა ერთი პატარა ბავშვის ჩვენება, თამარას იჭერდნენ. ეს ქალბატონი მართალიაო, უთქვამს ამ ბავშვს მოსამართლისთვის. მე მას თეატრიდან ვიცნობ, მსახიობია, წითელქუდაში თამაშობდაო. და მოუყოლია რაც პურის რიგში მოხდა. მოკლედ, ამ ბავშვის ჩვენებამ რეალურად ციხეს გადაარჩინა და მთელი ცხოვრება ქუთაისში მარტო იცხოვრა. მთავარი ბაზრის თავზე, მსახიობების სახლში ცხოვრობდა... თითქოს ნელ-ნელა ჩამოშორდა მსახიობობას. არ ვიცი, რამდენად არის ეს ოჯახის დანგრევასთან კავშირში, თუმცა ფაქტია, რომ აღარც თეატრში თამაშობდა.
იპოლიტე, დაახლოებით, ერთი წლის გარდაცვლილი იქნებოდა, როდესაც დეიდას ასეთი რამ შეემთხვა: მათ ეზოში მეზობელს ქორწილი ჰქონია. ზამთარი იყო და ეზოს ონკანი ყინვას გაეყინა. თამარას მეზობლებისთვის უთქვამს, მომეხმარეთ, ეს ყინული გავალღოთ და ავიღოთ, მექორწილეები რომ მოვლენ, სტუმრები არ დაცურდნენო. არავინ მიხმარებია, თვითონ დაუმტვრევია ყინული, მარტო ეზიდებოდა თურმე და წელების გადახლართვა დამართნია. გაურთულდა, იავადმყოფობა და სიკვდილის წინ ექიმებისთვის უთხოვია, ახლა გადამარჩინეთ, ნუ მომკლავთ, თორემ იტყვიან, იპოლიტეს სიკვდილი იჯავრა და მას უკან მიჰყვა, ასე მალე იმიტომ გარდაიცვალაო. შეიძლება, არც იყო იპოლიტეს გარდაცვალებიდან ერთი წელი გასული, თამარა რომ გარდაიცვალა. დეიდა სურამში, საგვარეულო სასაფლაოზეა დაკრძალული. გულკეთილი ქალი იყო. რომ არა „იმერული ესკიზები”, მისი სახე არც შემოგვრჩებოდა... ახლა ვფიქრობ, ამ მარტოსული ქალის როლი შემთხვევით არ მიუცია ნანა მჭედლიძეს მისთვის“.
რაც შეეხება მეორე ცოლს, ლუბა ქარქაშაძეს, მისი შვილიშვილი მანანა ხვიჩია იხსენებს: „ერთი სახალისო ამბავი მახსენდება. ფილმის გადაღება რუსეთში მიმდინარეობდა. მსახიობებმა გადაწყვიტეს, ცოლ-ქმარს გახუმრებოდნენ. მეგი წულუკიძემ ლუბას დაურეკა და უთხრა, დროულად ჩამოდი, თორემ რუსი ქალები ქმარს წაგართმევენ, მის კოტეჯთან მუდმივად კიბეა მიდგმულიო. ბებიაც სასწრაფოდ გაემგზავრა. როცა იპოლიტეს კოტეჯთან მივიდა, დაინახა, რომ მართლაც კიბე იყო მიდგმული და იქიდან თავშალმოხვეული ქალი ჩამოდიოდა. მსახიობები იქვე იყვნენ და გამწარებული ბებია, რომელიც მზად იყო, ის „რუსი” ქალი გაეწეწა, ძლივს შეაჩერეს. უცებ ლუბას გული ცუდად გაუხდა და იქვე ჩაიკეცა. მსახიობები შეშინდნენ, რადგან მათი ხუმრობა კინაღამ ცუდად დამთავრდა. ამ დროს ვითომ რუსმა ქალმა თავშალი გადაიძრო და მსახიობი კაცი აღმოჩნდა. ამ ხმაურში, თურმე, ბაბუამ გაიღვიძა და, როცა გაიგო, რაც მოხდა, მსახიობებს უსაყვედურა: ,,გასართობად სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ? ამას რომ რამე მოსვლოდა, დაგხოცავდით ყველას!”. იპო თავისი მეუღლის გამო მართლაც ყველაფერზე წავიდოდა... ლუბა, მეუღლეს სიყვარულით – „ბაკუნას“ ეძახდა, რადგან იპოლიტემ ბაკაბუკით იცოდა სიარული. იპოლიტემ კი, ცოლს – „ხაჭაპუროვნა“ შეარქვა. ლუბა მართლაც უგემრიელეს ხაჭაპურებს აცხობდა და იპოლიტე მისი დიასახლისობით სამართლიანად ამაყობდა.
ნარდის თამაში უყვარდა და ვაი, მისი ცოდვა, ვისაც ხელში ჩაიგდებდა, ვინც მასთან სათამაშოდ დაჯდებოდა, კივილამდე იყო კენჭების ტკაცუნი და... მერე პარტნიორი განგებ წამოდგებოდა, წავედიო და შეიქნებოდა ისევ ტკაცუნი... რას არ თმობდა, ოღონდ პარტნიორი არ დაჰკარგოდა. ერთ-ერთი მომთმენი და დიდი მოყვარული ნარდის თამაშებისა გახლდათ ჟურნალისტი და პოეტესა კირა კვეიძე. სულ ჩხუბობდნენ, მაგრამ მაინც „მელას თავის მახრჩობელა უყვარდა”, – ერთმანეთს ვერ ელეოდნენ. დაიგინებდა, გააგდებდა კირას, კირაც დაიგინებდა და გავარდებოდა... მეორე დღეს ტელეფონით არჩევდნენ პარტიას და საღამოს, 9 საათზე ცხადდებოდა შეჯიბრება.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





