საზოგადოება

როგორ გახდა ნოდარ ცინცაძე მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო პროფესორი და რისთვის მიიწვია ის ირანმა

№18

ავტორი: ქეთი მოდებაძე 14:00 11.05, 2022 წელი

ნოდარ ცინცაძე
დაკოპირებულია

საქართველოში პლაზმის ფიზიკის საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო სკოლის დამაარსებელი ნოდარ ცინცაძე დაიბადა 1930 წლის 22 თებერვალს, თბილისში. ოქროს მედლით დაამთავრა მე-19 საშუალო სკოლა. ქიმიკოსობაზე ოცნებობდა, მაგრამ გამოცდების დაწყებამდე გაიგო, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დახურული ფიზიკა - ტექნიკის ფაკულტეტი შეიქმნა და რამდენიმე კლასელთან ერთად იქ ჩააბარა. მეოთხე კურსამდე ექსპერიმენტატორობას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ თეორიული ფიზიკა აირჩია.

უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, ნოდარ ცინცაძე ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის ასპირანტურაში, აკადემიკოს ილია ახიეზერის ჯგუფში. 1958 წელს, დისერტაციის დაცვის შემდეგ, მუშაობა დაიწყო ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, მაგრამ იმავე წელს, აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, დაბრუნდა საქართველოში და მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა მკვლევართა ჯგუფს. 1958-1960 წლებში. ის ამ ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო, 1960-2006 წლებში – პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი.

1960 წლიდან ნოდარ ცინცაძე, პარალელურად, მოღვაწეობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი, შემდეგ – პროფესორი, თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე, 2010 წლიდან – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2012 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაზმის ფიზიკის მიმართულების სრული პროფესორი. 1988 წელს გახდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, 2001 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.

ნოდარ ცინცაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც მიწვეული პროფესორი. ლექციებს კითხულობდა ამერიკის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში - კოლუმბიის, კორნელისა და ბერკლის უნივერსიტეტებში, ასევე პრისტონში, ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკში, ბოსტონში... ის მოღვაწეობდა პორტუგალიასა და შვედეთში, გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტებში. ლექციები და სამეცნიერო კვლევები ჰქონდა იაპონიაშიც. გახლავთ ხიროსიმის სინთეზის თეორიის ინსტიტუტის საპატიო წევრი.

მეცნიერი რვა წლის განმავლობაში იყო აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ICTP) დირექტორი იტალიაში. მას იქ ჩააკითხა ირანის მინისტრმა და მიიპატიჟა თავის სამშობლოში პლაზმის ფიზიკის სკოლის შესაქმნელად.

თეირანის მათემატიკისა და ფიზიკის კვლევით ინსტიტუტში მუშაობის სამწლიან პერიოდში ნოდარ ცინცაძემ შვიდი მეცნიერი აღზარდა. მანამდე ირანში საერთოდ არ იყო პლაზმის მეცნიერება. იგივე მდგომარეობა იყო პაკისტანშიც. მიუხედავად იმისა, რომ ნობელიანტი ფიზიკოსი მოჰამედ აბდუს სალამი წარმოშობით პაკისტანიდან იყო და უმაღლესი განათლებაც იქ მიიღო, ისე მოხდა, რომ მის სამშობლოში პლაზმური ფიზიკის სკოლის ფუძემდებლად ქართველი მეცნიერი მოგვევლინა.

2004-2011 წლებში ნოდარ ცინცაძე მოღვაწეობდა აბდუს სალამის კათედრაზე ლაჰორის უნივერსიტეტში, პაკისტანში, სადაც მისი ხელმძღვანელობით ექვსი მეცნიერი აღიზარდა.

ნოდარ ცინცაძის მიერ პირველად იყო შემუშავებული სრულიად ახალი იდეა რელატივისტური პლაზმის ფიზიკაში, რომლითაც საფუძველი ჩაეყარა ძლიერი ლაზერების გამოყენებას, მას ეკუთვნის ახალი ამაჩქარებლის შექმნის იდეაც, მის მიერ შექმნილი ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება ინტენსიურად გამოიყენება ჩვენში და საზღვარგარეთ კვანტური პლაზმის ფიზიკური მოვლენების შესწავლისას.

მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო გახლავთ: მაკროსკოპული სისტემების კინეტიკური თეორია, პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია, ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე, ფერმი-ბოზეს გაზის კვანტური თვისებების დადგენა.

ქართველი ფიზიკოსის მიერ აღზრდილი მრავალი მკვლევარი მსოფლიოში აღიარებული მეცნიერია და წარმატებით მოღვაწეობს ჩვენი ქვეყნისა თუ უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

ნოდარ ცინცაძეს გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 7 მონოგრაფია. მისი წარმატებული სამეცნიერო კარიერა შესაბამისად დაფასდა. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. მათ შორის, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, ივანე ჯავახიშვილის მედალი, ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია, „ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი“ და ორჯერ – „ღირსების ორდენი“. მეცნიერი არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭოს წევრი, ასევე, პლაზმის ფიზიკის თბილისის საერთაშორისო სკოლის დამაარსებელი და უცვლელი დირექტორი 1972 წლიდან.

დიდი დამსახურების ფიზიკოსი გარდაიცვალა თბილისში 2020 წლის 22 ივნისს, 90 წლის ასაკში. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „მოშინაურებული მზე“, ავტორია ნინო კაკულია.

1967 წელს რუსეთის აკადემიის პრეზიდენტის კელდიშის წინასიტყვაობით გამოცემულ წიგნში დასახელებულია იმ ქართველ მეცნიერთა გვარები, რომლებმაც საბჭოთა კავშირის მეცნიერება განავითარეს. ამ ნაშრომში საქართველოდან სამი ფიზიკოსია მოხსენიებული – ელეფთერ ანდრონიკაშვილი, გოგი ჩიქოვანი და ნოდარ ცინცაძე.

გამოყენებული მასალების წყარო: science.org.ge, ვიკიპედია; პრაიმტაიმი; ცინცაძე, ნოდარ. „ჩემი დებულება: – პროფესორი არის სტუდენტის მსახური“: ინტერვიუ // თბილისის უნივერსიტეტი; www.tsu.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი