საზოგადოება

როგორ გახდა ნინო კაჭარავა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტი

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 25.07, 2022 წელი

ნინო კაჭარავა
დაკოპირებულია

ნინო კაჭარავა ქართველი სტუდენტია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა უნივერსიტეტმა სადოქტორო პროგრამაზე სრული დაფინანსებით მიიღო. ნინო ამ უნივერსიტეტში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგებით მოხვდა.

– სრული დაფინანსებით ჩააბარეთ Cornell University-ის სადოქტორო პროგრამაზე. უპირველესად, გილოცავთ! რა წინაპირობა ჰქონდა ამ წარმატებას, რა არის საჭირო ამ უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე მოსახვედრად და თან, სრული დაფინანსებით?

– დიდი მადლობა. სიმართლე რომ გითხრათ, რაც მეტჯერ დავფიქრებულვარ ამაზე, მით უფრო მეტად გამიაზრებია, რომ ეს, ირიბად, მთელი ცხოვრების სწავლისა და შრომის შედეგია, მაგრამ ამ მიმართულებით ეს არ იყო მხოლოდ ერთი ან ორი წლის კონკრეტული მომზადების დამსახურება. თუმცა, ერთს ნამდვილად ვიტყვი, როდესაც ჩემმა უკვე academic advisor-მა გაიგო, რომ ბაკალავრიატი 4.0 ჯიპიეით დავასრულე, იმდენად გაუკვირდა, მკითხა, ეს რანაირად მოახერხეო. ამიტომ, ვფიქრობ, ჯიპიეის დიდი მნიშვნელობა აქვს.

თვისებებიდან კი საჭიროა დიდი სურვილი, მიზანდასახულობა, მოტივირებულობა, შეუპოვრობა, და შრომისმოყვარეობა, რომელიც ისევ და ისევ, სწავლის სურვილსა და დაუღლელად მეცადინეობაში გამოიხატება.

– როგორია ამ უნივერსიტეტის პრესტიჟი მსოფლიო მასშტაბით, რა უპირატესობები აქვს აქ სწავლას, ანუ, რის მიხედვით გააკეთეთ არჩევანი?

– კორნელის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი რვა აივი ლიგის უნივერსიტეტიდან, რომლებიც მსოფლიოში, უდავოდ, საუკეთესო უნივერსიტეტების ტიტულს ატარებენ; მის გვერდითაა ჰარვარდი, იელი, კოლუმბია (ამ უკანასკნელშიც მიმიღეს). ჩემი ოცნება ამ უნივერსიტეტებში სწავლა იყო. კორნელის უნივერსიტეტი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით არის ცნობილი, ამიტომაც აღნიშნული 8 პრესტიჟული უნივერსიტეტიდან სწორედ აქ გადავწყვიტე აპლიკაციის გაგზავნა. საბოლოო არჩევანი კი იმის მიხედვით გავაკეთე, თუ რას მთავაზობდა უნივერსიტეტი. „კორნელის“ შემთხვევაში, ეს იყო Academic Advisor-ის ჯგუფში ფლუიდურ მექანიკასა და ჰიდროლოგიასთან დაკავშირებით კვლევაში პირველი დღიდანვე ჩართვა. ასევე, „კორნელმა“ უნივერსიტეტში არსებული ყველაზე პრესტიჟული დაფინანსება მომცა – Cornell Fellowship. აქ სწავლა მსოფლიო მასშტაბით ყველა გზას გამიხსნის, კონკურენცია წარმოუდგენლად დიდია, მაგრამ სამაგიეროდ, ცხოვრებაში, კარიერაში, წინააღმდეგობები, მოხურული კარის სახით, არასდროს მექნება.

– რამდენადაც ვიცი, კიდევ რამდენიმე უნივერსიტეტისგან მიიღეთ მოწვევა. რა შეგიძლიათ, თქვათ მათ შესახებ?

– მოწვევა მივიღე ისეთი უნივერსიტეტებისგან, როგორიცაა ბერკლის უნივერსიტეტი (Uc Berkeley). მიმართულება, რომელზედაც აქ ჩავაბარე, უკვე 5-ზე მეტი წელია, მსოფლიო მასშტაბით, უცვლელად, ნომერ პირველ ადგილზეა. ასევე, მოწვევა მივიღე კოლუმბიის უნივერსიტეტისგან (Columbia University, აივი ლიგის წევრი), რომლის წლევანდელი მიღებული ნაკადი სამოქალაქო ინჟინერიით საუკეთესოდ ითვლება მთელი ისტორიის განმავლობაში. მივიღე მოწვევა დელფტის უნივერსიტეტისგან (TU Delft) – სულ ჩაბარებულ 2 სტუდენტს შორის შემარჩიეს და უნივერსიტეტის ყველაზე დიდი დაფინანსება გადმომცეს. ეს უნივერსიტეტი სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით მსოფლიოში უპირობო წამყვანად ითვლება, მუდმივად ტოპ ორში ტრიალებს. მით უმეტეს, მე შერჩეული მქონდა ჰიდრავლიკური ინჟინერია, რომლის ჰოლანდიაში დაუფლებაც შეუდარებელი გამოცდილებაა. ასევე, მიმიღეს პურდუს უნივერსიტეტში (Purdue), რომელიც ცნობილია სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით. რანკინგებით ჩემი დეპარტამენტი მე-4 ადგილზეა. მიმიღეს ირვაინის უნივერსიტეტში (UC Irvine), რომელიც კალიფორნიის უნივერსიტეტების გაერთიანების წევრია და ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტად ითვლება. რა უნივერსიტეტებშიც გავაგზავნე, ყველასგან დადებითი პასუხი მივიღე.

– რა მიმართულება აირჩიეთ დოქტურანტურისთვის და თქვენი პროფესიის ფარგლებში, რისი კვლევით იქნებით დაკავებული სწავლის პერიოდში?

– ეს არის სამოქალაქო და გარემოს ინჟინერია. ჩემი კვლევა შეეხება ფლუიდურ დინამიკას, სითბოს ტრანსფერს და ჰიდროლოგიურ პროცესებს ურბანულ გარემოში. მარტივად რომ ვთქვა, შევქმნი ციფრულ მოდელებს, რათა შევისწავლო ურბანული გარემო რა გავლენას ახდენს ატმოსფეროზე.

– სად სწავლობდით, როგორი ინტერესები გქონდათ სკოლაში, როგორი მოსწავლე იყავით და რა წარმატებები გქონდათ, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში?

– დავამთავრე გრიგოლ კობახიძის სახელობის 77-ე საჯარო სკოლა. სანიმუშო მოსწავლე ვიყავი, როგორც ეძახიან (იცინის). სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, 10-იანზე ნაკლები ნიშანი არასდროს გამომყოლია. ძალიან ბევრი და სხვადასხვა ინტერესი მქონდა. სკოლის ასაკიდან ვუკრავ პიანინოზე, გიტარასა და დრამზე. ვხატავ ტილოზე, ვმუშაობ თიხაზე, თექაზე, ვქარგავ, ვწერ. ვჯირითობ, ასევე მიყვარდა ზამთრის სპორტი და საკუთარ თავს ვასწავლე თხილამურებზე სრიალი და სნოუბორდინგი (იცინის). სკოლაში უზომოდ მიყვარდა მათემატიკა, ჩემთვის სრული დასვენება იყო განტოლებებსა და ამოცანებში ჩაფლობა. ყოველთვის ვამბობ, ჩემი სფეროც ისე ავირჩიე, რომ ის ხელოვნების შემოქმედებითობისა და მათემატიკის სიზუსტის შერწყმა ყოფილიყო.

სკოლის პერიოდში ყველაზე პრესტიჟული ოლიმპიადა, საქართველოს ეროვნული ოლიმპიადა იყო. ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნულ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დავიკავე. ოლიმპიადებში კი მთელი მოსწავლეობის განმავლობაში ვმონაწილეობდი და უამრავი მათგანი მაქვს მოგებული ინგლისურში, მათემატიკასა და ქართულ ენაში. ასევე, აქტიურად ვიყავი ჩართული ფილმების ფესტივალებში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურში გავიმარჯვე და საქართველოს სახელით, მაკედონიაში ჯიფონის ფესტივალზე წავედი.

– სკოლის დასრულების შემდეგ, სად განაგრძეთ სწავლა და რა პროფესიაზე?

– სწავლა გავაგრძელე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამოქალაქო ინჟინერიის ფაკულტეტზე, 100-პროცენტიანი სახელმწიფო გრანტით და მაქსიმალური დაფინანსებით სან-დიეგოს უნივერსიტეტისგან. მაგისტრატურა არ გამივლია, „კორნელმა“ პირდაპირ დოქტორანტურაში მიმიღო.

– უნივერსიტეტის პერიოდის მიღწევებიც გავიხსენოთ, მთავარი მიღწევა, რაც აქამდე გაგიკეთებიათ და რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ…

– ბაკალავრიატი მაქსიმალური – 4.0 ჯიპიეით დავამთავრე და გავხდი Valedictorian. უნივერსიტეტში მაქსიმალურად ფოკუსირებული ვიყავი სწავლასა და გამოცდილების მიღებაზე, რაც ჩემს სამომავლო გეგმებში დამეხმარებოდა. ჩართული ვიყავი კამპუსის აქტივობებში. ერთ-ერთი როლი იყო Empower Women Club-ის ვიცეპრეზიდენტობა. ვარ American Society of Civil Engineers-ის წევრი. ყველაზე მეტად მეამაყება ფაქტი, რომ 21 წლის ასაკში გავხდი Peer-Reviewed ჟურნალში გამოქვეყნებული ფეიფერის ავტორი. მეცნიერულ სფეროში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მიხარია, რომ ნაბიჯები ადრეული ასაკიდანვე გადავდგი. ამ ფეიფერის წარდგენა მოხდა ტოკიოს მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე თანამედროვე მეცნიერებების ინოვაციურ შესწავალზე. ვიყავი ჩართული ისეთ კამპანიებში, როგორიცაა „ქალები სტემ საგნებში“, ვარ „Erasmus Plus-ის“ გამარჯვებული. ასევე მეამაყება, რომ 21 წლიდან ვმუშაობ ჰიდრავლიკურ-ჰიდროლოგიურ მოდელებზე, რათა საქართველოს მასშტაბით შეიქმნას საფრთხის რუკები. უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც დაფინანსებულია Green Climate Fund-ის, Swiss Agency of Development and Coop[eration და United Nations Development Program-ის მიერ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა