როგორ გახდა მორცხვი გოგონა აგრესიული სტილით მოთამაშე ჭადრაკის დედოფალი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 20.05

ნონა გაფრინდაშვილი 1941 წელს ზუგდიდში დაიბადა. როგორც თავად აღწერს, ოთხ უფროს და ერთ უმცროს ძმასთან ერთად, „სიცოცხლით სავსე ოჯახში“ გაიზარდა. ფეხბურთითა და ფრენბურთით დაწყებული, მაგიდის ჩოგბურთისა და ბილიარდის ჩათვლით, ყველაფერს ვთამაშობდიო. ეზოში მათ მიერ მოწყობილ შეჯიბრებათა საყურებლად, თურმე, მთელი სამეზობლო იყრიდა თავს. გამარჯვებისკენ სწრაფვა მისთვის ადრეული ასაკიდანვე ნაცნობი გრძნობა იყო. ყველაზე მეტად კი, ჭადრაკი იტაცებდა. თამაში თავისი ძმებისგან ისწავლა და მთელი ძალისხმევით ცდილობდა მათი და მეზობელი ბიჭების დამარცხებას. თორმეტი წლის ასაკში ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ზუგდიდის სახელით იასპარეზა, თუმცა, მონაწილეთა სიაში, თავდაპირველად, ჩაწერილიც არ ყოფილა. მას ზუგდიდის სრულად ბიჭებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მისი ძმის ნაცვლად შესთავაზა თამაში, რადგან მისი ძმა ამ დროს უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა და ჭადრაკისთვის არ ეცალა. სწორედ ბათუმში აღმოაჩინა იგი ჭადრაკის ცნობილმა მწვრთნელმა, ვახტანგ ქარსელაძემ. მან დამწყები მოჭადრაკის მშობლები დაარწმუნა, თბილისში გადასულიყვნენ საცხოვრებლად, რათა მათ შვილს ჭადრაკის პრესტიჟულ სკოლაში ევლო. ორი წლის შემდეგ საქართველოს ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის 1956 წლის გამარჯვებული გახდა, ამის შემდეგ დაიწყო ის, რაც დაიწყო... მისმა პრინციპულმა ხასიათმა და ნიჭმა მას, მის ოჯახსა და თავის ქვეყანას უსაზღვრო წარმატება მოუტანა. „ამ პერიოდში ქართველს ჯერაც არ მოეგო მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა ჭადრაკი ქვეყანაში ძალიან პოპულარული იყო, ყველას უყვარდა და ყველა თამაშობდა. ხალხი შესვენებებზეც კი ჭადრაკს ეთამაშებოდა ერთმანეთს“, – გაიხსენებს მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილი. „იმაზე, თუ რატომ მიყვარს ჭადრაკი, როგორ ვუყურებ მას, როგორ ვეზიარე მის საიდუმლოებას, აგრეთვე, იმათ შესახებაც, ვინც დამეხმარა ამაში და ვისთანაც მქონია ორთაბრძოლა, ამ წიგნში – „არსი ჩემი ცხოვრებისა“ – გიამბობთ“:
არსი ჩემი ცხოვრებისა
„... გატაცებით მიყვარს სპორტის ყველა სახეობა, განსაკუთრებით ფეხბურთი და კალათბურთი. მე სპორტსმენი ვარ ხასიათით, სულით. ყველა ჩემი ძმა სპორტით იყო გატაცებული. კარგად ვიცი, რომ გამარჯვების მისაღწევად სპორტის ყველა სახეობაში დიდ როლს თამაშობს მორალური თვისებები, მტკიცე ნებისყოფა, ხასიათის სიმტკიცე, ინტელექტი, მაგრამ ჭადრაკში, გამომდინარე მისი ბუნებიდან, ყველა ეს ადამიანური თვისება, განსაკუთრებით ინტელექტი, ყოველთვის უდიდეს როლს ასრულდებდა. აი, რატომ ანიჭებს ჭადრაკის პარტიაში მოგება ადამიანს განსაკუთრებულ, შეუდარებელ სულიერ კმაყოფილებას, დამარცხება კი – საოცარ გულისტკივილს. წლობით, ათეულობით გიხდება ერთი და იმავე სადებიუტო სქემების ჩხრეკა, როდესაც ცდილობ, გატკეპნილ ტყეში მიაგნო რაღაც ახალ ბილიკებს. და, თუმცა ჭადრაკს ვაღიარებ ჩემს პროფესიად, მაგრამ ასპროცენტიან პროფესიონალად თავს მაინც ვერ მივიჩნევ. ვმუშაობ თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში ინგლისური ენის მეთოდიკის კათედრაზე, ასისტენტად. ჩემი ცხოვრებისეული, ხოლო, ნაწილობრივ პროფესიული ინტერესები დაკავშირებულია ინგლისური ენის ღრმად შესწავლასთან. ესეც ჩემი ყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა კონკურენციას უწევს ჭადრაკს. და მაინც... რა არის ჭადრაკი ჩემთვის? არსი ჩემი ცხოვრებისა, რასაც ბავშვობიდან შევწირე თავი და არც ვნანობ. ალბათ, ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელთაც წილად რომ ხვდეთ ცხოვრების თავიდან დაწყება, სრულიად ახალ გზას აირჩევდნენ. მე გავიმეორებდი ყველაფერს თავიდან ბოლოდე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ, რაღაც „ვარიანტებს“, რასაკვირველია, გავაუმჯობესებდი, მაგრამ საერთოდ, ხასიათი, ჩემი ცხოვრების პარტიის სტილი, იგივე იქნებოდა. არასოდეს განმიცდია და, იმედი მაქვს, არც განვიციდი ჭადრაკში იმდგაცრუებას, როგორც ეს დაემართა ზოგიერთ გამოჩენილ ოსტატს... მე წარმოვსთქვამ ამ სიტყვებს, როდესაც უკვე ჭადრაკის დედოფალი ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არ შემეცვლება დამოკიდებულება ჭადრაკის მიმართ მაშინაც, როდესაც მომიხდება ტახტის დათმობა რომელიმე უფრო ახალგაზრდა და ძლიერი მეტოქისათვის!.. ერთხელ, იმ დროს, როდესაც 17 წლის ნანა ალექსანდრია პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპირონი, რამაც საქართველოში საყოველთაო აღტაცება გამოიწვია, ერთმა მეტისმეტად აღგზნებულმა გულშემატკივარმა მითხრა: თუ ნანა გახდება ნომერ პირველი პრეტენდენტი, თქვენ, ალბათ, წოდებას უბრძოლველად დაუთმობთო. მე მას განსაკუთრებით ცივად მივუგე: არც ვფიქრობ ამას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნანა ან სხვა რომელიმე პრეტენდენტი მომიგებს მატჩს შეუპოვარი ბრძოლით, დიახ, ასე იქნება. და თუ მომიწევს დათმობა (ვიცი, ოდესმე ეს მოხდება), მაშინაც, არავითარი პრეტენზია არ მექნება ჭადრაკის ფიგურებისადმი, არ ვიგრძნობ არც გულის გატეხვას, არც სევდას.
საპასუხო სიტყვა
ბუნებით მორცხვი ვიყავი, დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა მეუხერხულებოდა, რამდენიმე ფრაზას ძლივს წარმოვთქვამდი ხოლმე... მახსოვს, ერთხელ, 1956 წელს, საქართველოს პირველობაში გამარჯვების შემდეგ, მე, 15 წლის გოგონამ, 16 შესაძლებლობებიდან 15,5 ქულა მოვაგროვე. მიმიწვიეს რესპუბლიკურ გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში, დამასაჩუქრეს და მთხოვეს, რამე მეთქვა. ამის შესახებ პატარა შენიშვნაში იუწყებოდნენ, მილოცვების შემდეგ საპასუხო სიტყვით გამოვიდა ნონა გაფრინდაშვილიო. „საპასუხო სიტყვის“ შესახებ მეტად ხმამაღლა, თუმცა სავსებით ზუსტად იყო ნათქვამი. მე, მართლაც წარმოვთქვი საპასუხო სიტყვა, მაგრამ... ერთადერთი: ავდექი, გადავხედე დამსწრეებს, გავწითლდი და ჩემდა მოულოდნელად წინასწარ მომზადებული „ლამაზი“ ფრაზების მაგიერ, მორცხვად ვთქვი გმადლობთ-მეთქი და, დავჯექი. მიუხედავად ამისა, ჩემს „საპასუხო სიტყვას“ შეხვდნენ საერთოდ სიცილით. მე მგონი, მოწონების სიცილით.
აგრესიული თამაშის მოტფრიალე
გულახდილად რომ ვთქვა, ძალიან არ უყვართ, როდესაც მათ ზურგს საფრთხე მოელის. მოჭადრაკე ქალები (და კაცებიც) როგორც წესი, ამჯობინებებ პოზიციური, უფრო უკეთესი – მატერიალური უპირატესობა მიიღონ და შეძლებისდაგვარად – ურისკოდ. მე კი სხვაგვარად ვმოქმედებდი. არ მეშინოდა რისკის. ინიციატივის ხელში ჩაგდება კი ყოველ პარტიაში ჩემს მთავარ მიზნად მიმაჩნდა... 1956 წლის საქართველოს ჩემპიონატში, ლიანა ხაჭაპურიძესთან შეხვერდისას, შემეძლო, ორ კუსა და პაიკში ლაზიერი მომეგო. როგორც ჩანს, ესეც საკმარისი იყო გამარჯვებისათვის და მოჭადრაკე ქალების უმრავლესობა ჩემს ადგილზე ასეც მოიქცეოდა, მაგრამ არ მომეწონა, რომ ამ შემთხვევაში ლიანას ფიგურები, განსაკუთრებით კუები გამოცოცხლდებოდნენ. უარი ვთქვი მატერიალურ უპირატესობაზე და შევწირე ფიგურა, რითაც მკვეთრად გავააქტიურე ჩემი ლაშქარი. ეს პატარა ეპიზოდი ხსნის ჩემი მაშინდელი თამაშის უკიდურესად მწვავე, აგრესიული თამაშის თავისებურებებს.
მსოფლიოს ჩემპიონი
ვფლობ მსოფლიოს ჩეპიონის ტიტულს. სირცხვილისგან ვიტანჯებოდი შემესხენებინა ადამიანებისათვის, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ვარ, რომლებსაც რატომღაც, უნდოდათ, ეს დაევიწყებინათ. ალა კუშნირთან პირველი და მეორე მატჩების დროს დათმობის გზაზე ვიდექი, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ არ ვიგრძენი, რომ ჩემი მეტოქე უკვე არღვევს დაწერილ წესებს და ჩემში ხედავს არა ჩემპიონს, არამედ, უბრალოდ, პარტნიორს, რომელსაც შეუძლია თითქმის უკარნახოს თავის პირობები. ეს, ჯერ ერთი, უსამართლობა იყო. არღვევდა ჩემში ჩამოყალიბებულ ღირსების კოდექსს, ლახავდა ჩემს თავმოყვარეობას და მაშინ, კი, ავჯანყდი. ავჯანყდი არა მარტო როგორც ადამიანი, არამედ როგორც მსოფლიოს ჩემპიონი. უნდა აღვნიშნო, რომ მესამე მატჩის წინ უფრო ახლოს რომ გამიცნო, კუშნირი სავსებით თავაზიანად იქცეოდა და ასეთივე კეთილგანწყობით შევხვდი მეც. მტკიცე ზნეობრივი იმუნიტეტი რომ არ მქონოდა, მე, საყოველთაო აღფრთოვანების იმ ატმოსფეროში რომელშიც აღმოვჩნდი უკვე, დაახლოებით, თოთხმეტი წლიდან, ადვილად დავკარგავდი თავს... გაზეთებში გამოქვეყნდა ჩემი სურათები, მეგობრული შარჟები, მიმიღო განათლების მინისტრმა გ.ჯიბლაძემ, მომართვა სკოლის ფორმა, მაჯის საათი – წარწერით, თუმცა მთხოვა, ჩემდა გულდასაწყვეტად, სკოლაში საათი არ გამეკეთებინა...
სულ გამარჯვებული
ჩემთვის, რომელიც სისწრაფესა და სიმარჯვეში ბიჭებსაც კი ვეჯიბრებოდი, სირცხვილი იყო შიში და ნაპირზე ყიალი. გოგონებმა მოვილაპარაკეთ, უფროსები აღარ გაგვეფრთხილებია და წავედით პლაჟზე. მანანამ გაცურა და მეც გავიხადე სარაფანი და გულნარას თვალწინ, შიშით რომ შემომყურებდა, შევედი წყალში, თან, მარინას მხარზე ვეყრდნობოდი, მეგონა, რომ საკმარისია მოვინდომო და გავცურავ. მხოლოდ, როდესაც წყალი ნიკაპამდე მომწვდა, ფეხს კი, ფსკერს ვეღარ ვუწვდენდი, შიშისგან ძლიერ დავიყვირე. მარინა სტატნიკოვამ უკან მომაბრუნა, ხოლო ვახტანგ ქარსელაძემ და მარინას დედამ, რომლებმაც გულგახეთქილებმა მოირბინეს, ნაპირზე გამომათრიეს, მაგრამ მარილიანი წყალი ბლომად მქონდა ნაყლაპი. ამ პატარა ეპიზოდმა ჩემს თავმოყვარეობაზე მწარედ იმოქმედა და მაგრძნობინა, რომ საჭირო იყო დასახულ მიზანთან ჩემი ძალების შეფარდება...
ერთხელ, იუგოსლავიაში საერთაშორისო ტურნირის დამთავრების შემდეგ, ერთმა ჩემმა არც ისე დიდი ხნის მეტოქემ, ხუმრობით გამაფრთხილა: „შენ სულ იგებ, ამას მიეჩვევიან, შემდეგ გაგიძნელდება. ასე რომ, გაითვალისწინე, ზოგჯერ საჭიროა წაგებაც...“ ამ ხუმრობით ნათქვამ გაფრთხილებას თავისი აზრი ჰქონდა. მე მართლაც მივაჩვიე ჭადრაკის მოყვარულები იმას, რომ ყოველ შეჯიბრებაში ფინიშთან პირველი მივდივარ!.. ვამთავრებ რა ამ თავს, მინდა ვთქვა: მე სავსებით ვითვალისწინებ, რომ ყოველწლიურად, ყოველ ახალ ტურნირზე და მატჩზე თანდათან გამიჭირდება მსოფლიოს ჩემპიონის იმ სახის შენარჩუნება, რომელიც შევქმენი ჩემს წარმოსახვაში და რომელსაც ვცდილობ, მივბაძო“.
მითი „აჩუს“ შესახებ
არსებობს ლეგენდა, თითქოს მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფინალში შეხვედრის დროს, პოზიციაზე, სადაც კარგი იქნებოდა სვლა მხედრით, საქართველოში გაზრდილმა მსოფლიოს ჩემპიონმა ტიგრან პეტროსიანმა, რომელიც იმ შეხვედრას ესწრებოდა, „აჩუს” ჩახველებით მიანიშნა ნონა გაფრინდაშვილს, რომ ცხენით ეთამაშა, თუმცა, ამ ფაქტს თავად ნონა გაფრინდაშვილი კატეგორიულად უარყოფს: ფინალური შეხვედრის დროს დარბაზში ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით და პეტროსიანი „აჩუს” დაძახებას როგორ გაბედავდა. ეს ყველაფერი თბილისელი სომეხი ტაქსისტების მოგონილია და მეტი არაფერიო.
პირველი
„როდესაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოვიგე, სახლში მატარებლით დავბრუნდი. როგორც კი საქართველოში შევედით, მატარებელი, მინიმუმ, ორი წუთითაც რომ გაჩერებულიყო ბაქანზე – სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყველგან ხალხით იყო სავსე და პლატფორმიდან ვესალამებოდი მათ. როდესაც თბილისში შევედით, წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. ჩემს დასახვედრად მოსულმა მამაჩემმა ამ ჭყლეტვაში ფეხსაცმელიც კი დაკარგა, როდესაც მოგვიანებით მაია ჩიბურდანიძე გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მსგავსი აღარაფერი მომხდარა. მაიამ, როდესაც კადრები ნახა გაკვირვებით იკითხა: !რატომ მე არ დამხვდნენ ასე?“ „ყოველთვის ასეა, როდესაც ქვეყანაში რაიმე პირველად ხდება“ – აღნიშნა BBC-სთან ინტერვიუში ნონა გაფრინდაშვილმა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან