საზოგადოება

როგორ გახდა მარიამ გოგუაძე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და როგორ უთავსებს ის რაგბის სიმღერას

№15

ავტორი: ქეთი მოდებაძე 20:01 22.04

მარიამ გოგუაძე
დაკოპირებულია

მარიამ გოგუაძე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია რაგბიში. აქამდე დიდი და წარმატებული გზა გაიარა, რომელიც სირთულეებსაც მოიცავდა, რაზეც ის თავად მოგვიყვება.

მარიამ გოგუაძე: ყველაფერი ქართველი მსაჯების რეკომენდაციით დაიწყო. ჩემი თამაშებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, მათ ჩათვალეს, რომ მსაჯობა გამომივიდოდა. შესაბამისი ეტაპები გავიარე და პირველი თამაშები საფესტივალო ასაკის, 12-13 წლის ბავშვებთან ვიმსაჯე. რასაც მოჰყვა 17-18 წლის ჭაბუკების თამაში, პირველი ლიგისა და რეგიონალური ლიგის თამაშები. წინა წელს პირველად ვიმსაჯე კაცების თამაშზე. პირველი ლიგის ცენტრობაც მაშინ მომიწია. წელს უკვე აქტიურად ვარ პირველი ლიგის ცენტრის მსაჯი. პირველ ლიგას უმაღლესი ლიგისგან ერთი საფეხური აშორებს და შესაბამისად, ამ დონეზე ძალიან კარგი თამაშებია.

რაც შეეხება საერთაშორისოს, პირველად საზღვარგარეთ 2023 წელს ქართველ მსაჯებთან ერთად ვიყავი წასული კაცთა რაგბის ევროპის ერთ-ერთ ჩემპიონატზე. 2024-შიც – ისევ ქართველ მსაჯებთან ერთად. შემდეგ დუბაიში ვიმსაჯე, ასევე, ქართველ მსაჯთან ერთად. ისიც საერთაშორისო ტურნირი იყო, სადაც შვიდკაცას მსაჯობაც მომიწია და ათკაცასიც. საკმაოდ წარმატებით ვიასპარეზე და ამ ტურნირმა ბევრი რამ გადაწყვიტა. წელს უკვე მარტო გამიშვეს რაგბის ევროპის ჩემპიონატზე. იქ მსაჯობის შემდეგ ძალიან კარგი შეფასებები მომივიდა. ამ თამაშის მსაჯობა ჩემი სამომავლო წარმატებისთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

– უკვე რამდენიმე წელია, მსაჯი ხარ, თავიდან როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქალი მსაჯის მიმართ და დროსთან ერთად როგორ შეიცვალა განწყობა?

– იქიდან გამომდინარე, რომ ქალი მსაჯები ჩემამდეც იყვნენ რაგბის სფეროში, მე რომ მსაჯობა დავიწყე, სტერეოტიპული დამოკიდებულება უკვე ნაკლებად იგრძნობოდა. თუმცა, საწყის ეტაპზე პატარების თამაშებზე მიწევდა მსაჯობა, რომელსაც მათი მშობლებიც ესწრებოდნენ. მშობლები, ძირითად შემთხვევაში, თითქმის ვერ ერკვევიან რაგბის წესებში. აქედან გამომდინარე, ხშირად არის ხოლმე უკმაყოფილება და ეს ჩემშიც იწვევდა მსგავს რეაქციას, რადგან არ მიყვარს, როცა ადამიანებს უპატივცემულოდ ექცევიან. თავიდან, სანამ დარწმუნდებოდნენ, რომ ქალებს კაცებზე არანაკლებ შეუძლიათ რაგბის მსაჯობა, იყო რამდენიმე არასასიამოვნო შემთხვევა. თითქოს, სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ გოგო მსაჯს. ფიქრობდნენ, რომ ეს ჩვენთვის დამატებითი პროფესია იყო და მეტი არაფერი. მერე და მერე ძალიან ბევრი გოგო შემოგვიერთდა და ეს სტერეოტიპი ერთიანად დავამსხვრიეთ. დღეს პირიქით, უხარიათ კიდეც, როცა გოგოები ვმსაჯობთ. ჩვენი მსაჯობის დროს უფრო მეტი თავშეკავება მართებთ მოთამაშე ბიჭებს და მათგან მეტი პატივისცემა მოდის. შეხმატკბილებულად ვაგრძელებთ ურთიერთობას. სტერეოტიპის მსხვრევა და უკეთესი დამოკიდებულება ნამდვილად იგრძნობა.

– რამდენად რთული გამოწვევა აღმოჩნდა შენთვის?

– ამ გამოწვევას თავიდავე მარტივად ვწყვეტდი და ახლაც ასეა. არსებობს წითელი და ყვითელი ბარათი. მოთამაშისთვის ყველაზე ადვილი ჭკუის სასწავლებელი ეგ არის. თუ უპატივცემულოდ იქცევა, შეუძლია, ბოდიში მოიხადოს, რასაც ბევრი აკეთებს აფექტის მდგომარეობის შემდეგ. მე კი შემიძლია მარტივად გადავწყვიტო, კონკრეტული მოთამაშე მოედანზე დარჩება თუ არა. მნიშვნელობა არ აქვს, ჩემს მიმართ იჩენს უპატივცემულობას თუ მოწინააღმდეგის მიმართ, მე მსაჯობის დროს, ყოველთვის ყველას ჯანმრთელობას, უსაფრთხოებასა და ურთიერთპატივისცემას ვაყენებ პირველ ადგილზე. შესაბამისად, ძალიან მარტივად ვიღებ გადაწყვეტილებას. ამიტომ თავიდანვე გამივარდა სახელი, რომ მკაცრი მსაჯი ვიყავი. ამის შემდეგ რომელ გუნდთანაც არ უნდა მემსაჯა, ყველა დისციპლინირებულად და თავშეკავებულად თამაშობდა. ისედაც ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც უმაღლეს ლიგას თამაშობ, მეტი მოგეთხოვება.

– რაგბით როგორ დაინტერესდი?

– ცხრა წლის წინ, მძლეოსნობის დარბაზში ვიყავი სავარჯიშოდ მისული, მაშინ სპორტის ამ სახეობით ვიყავი დაკავებული. დღეს უკვე ჩემი დაქალი, თინათინ პაპუაშვილი, რომელიც მაშინ ჩემი თანაგუნდელი იყო მძლეოსნობაში, თურმე, რაგბიზეც დადიოდა. ერთხელ საუბარში ახსენა, რომ მორაგბე გოგონები სჭირდებოდათ. მე მანამდე ჩოგბურთსაც ვთამაშობდი, მძლეოსნობაშიც საკმაოდ დიდი დრო გავატარე და იმ მომენტში, რაგბის შესახებ რომ გავიგე, სიხარულისგან გავგიჟდი, მაშინვე გადავწყვიტე მივსულიყავი და მეცადა. ბიჭების რაგბიში ყოველთვის ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული – ჩემი ნაცნობების 90 პროცენტი მორაგბე იყო და მათ თამაშებს ვესწრებოდი. სულ მინდოდა, მეც ამ სფეროში ვყოფილიყავი. ამიტომ შანსი ხელიდან აღარ გავუშვი (იცინის). პირველივე ვარჯიშის შემდეგ მივხვდი, რომ სწორადაც მოვიქეცი და მას შემდეგ ცხრა წელია, რაგბიში ვარ.

– ვიზუალის მიხედვით საერთოდ ვერ იფიქრებ, თუ ასეთ სპორტში ხარ. ალბათ, უკვირთ, როცა იგებენ, რით ხარ დაკავებული. ოჯახის დამოკიდებულებაც საინტერესოა და საზოგადოებისაც...

– პირველი ვარჯიშის შემდეგ, სახლში რომ მოვედი, ბუცები არ მქონდა. ჩემი ძმა მაშინ ფეხბურთს თამაშობდა და მას ვთხოვე. ჩემმებმა მკითხეს, ბუცები რად გინდაო და რომ გაიგეს, რაგბიზე დავიწყე სიარული, რადგან მინდოდა, მორაგბე გავმხდარიყავი, გაეცინათ. მამაჩემმა მითხრა, უეჭველი დაგლეწავენო (იცინის). ჩემს მშობლებსაც შევუცვალე შეხედულებები. დალეწვაზე მნიშვნელოვანია სიამოვნება, რომელსაც თამაშისას იღებ. ამაში დარწმუნდნენ, როცა ჩვენთან ისრაელის გუნდი იყო ჩამოსული და საკუთარი თვალით ნახეს ჩემი თამაში. მას შემდეგ მშვიდად არიან, იციან, რომ შემიძლია, ყველაფერს უმტკივნეულოდ გავუძლო და გუნდს გამარჯვებაც მოვუტანო.

სპორტული ოჯახი მაქვს. მამა 19 წელი თამაშობდა ფეხბურთს, სპორტს დიდ პატივს სცემს. ალბათ, ამიტომაც ჩემს გადაწყვეტილებას ორივე მშობელმა მხარი დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე გარკვეული შიშები ჰქონდათ.

საზოგადოებისგან იყო ცოტა აზრსმოკლებული რეპლიკები. მაგალითად, ჩემს ფოტოზე აკომენტარებდნენ: „აუ, ეს დაგლეწავს“, „ეს რანაირად უნდა გათხოვდეს, ვინ მოგიყვანს ცოლად“ და მსგავსი ტექსტები, თუმცა, ეს უფრო პირველი პერიოდი. ვფიქრობ, ეს ინფორმაციის ნაკლებობის ბრალი იყო. მაშინ ქალთა რაგბი არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მის შესახებ ბევრი არაფერი იცოდნენ. დღესაც ბევრისგან მომისმენია, არც კი გამიგია, თუ ქალთა ნაკრები გვყავსო. ჩვენი სახელი რაღაც დონეზე უკვე არის ცნობილი, მაგრამ ზოგი დღესაც არ გვიცნობს. არა უშავს, იმდენს ვიზამთ, რომ მათ ყურამდეც აუცილებლად მივიდეს ჩვენს შესახებ ინფორმაცია.

– სპორტულ ფორმაში ყოფნა ისედაც მიმზიდველია, მაგრამ ამის გარეშეც გამორჩეული გარეგნობა გაქვს. თუმცა, სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები ცოტა უფრო უხეში, მამაკაცური ვიზუალით გამოირჩევიან. როგორ ახერხებ, რომ ასეთი ქალური, სიფრიფანა და ნაზი იყო?

– ქართული გენეტიკის დამსახურებაა (იცინის). ჩემს გუნდში მართლა ყველა ლამაზები ვართ. მაგალითად, სად ირლანდიის ნაკრები, სადაც საკმაოდ მაღალი გოგონები არიან და კუნთის მასაც ბევრად დიდი აქვთ ჩვენზე. ქართველ ქალებს იშვიათად აქვთ ასეთი აღნაგობა. ჩვენ გამორჩეული სილამაზე გვაქვს და ჩემი აზრით, გონება. ძალიან მარტივად შეგვიძლია ასეთი დიდი და ძლიერი გოგოები ჩვენი ჭკუითა და სილამაზით დავამარცხოთ თამაშზე.

– როგორც ვხვდები, გიყვარს აქტიური ცხოვრების სტილი, ადრენალინი, მოტო...

– სოციალურ ქსელებში ჩემი ფოტოებიდან გამომდინარე, ბევრს ჰგონია ასე. ნამდვილი სპორტული ცხოვრება მაქვს. ფოტოებიდან გამომდინარე, ბევრი იფიქრებს, რომ გართობის მოყვარული და ადრენალინის მოყვარული ვარ, მოტო ბავშვობიდან მინდოდა და ეს ოცნება ორი წლის წინ, ჩემს დაბადების დღეზე ავიხდინე. ბაიკით მოძრაობა არის ერთადერთი, რითაც რაგბის გარდა ვარ დაკავებული. სხვა მხრივ, ხანშიშესული ადამიანის ცხოვრება მაქვს (იცინის). საქმეს რომ რჩებიან და მაშინვე სახლში გარბიან დასასვენებლად, მეც ზუსტად ასე ვარ, მით უმეტეს, სიცივეში. რეჟიმიც ძალიან მკაცრი მაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ დღის განმავლობაში საკმაოდ ვიღლები, 9 საათისთვის თუ არ მძინავს, ვწევარ მაინც და 10-ის ნახევრისთვის ვიძინებ. დილით 6 ის ნახევრისთვის ვიღვიძებ და ვემზადები ვარჯიშზე წასასვლელად. ჩემს ახლო წრეში ყველამ იცის რომ ადრე მეძინება და ხშირად ვერ დავდივარ გასართობად. თუ სადმე მეპატიჟებიან, ჩემთვის ოთახი აქვთ გამოყოფილი, სადაც ცხრა-ათის საათის შემდეგ შევდივარ და ვიძინებ. ჩემი ორგანიზმი იმდენად მიჩვეულია ამ რეჟიმს, ფიზიკურად არ შემიძლია გაძლება (იცინის).

– საკმაოდ განსხვავებული ინტერესი და ნიჭიც გაქვს, სიმღერას ვგულისხმობ. რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი კონკურსიდან გაგიცნო მაყურებელმა და ბევრს ეგონა, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებდი აქტიურობას.

– ბოლო მუსიკალური კონკურსი რომელშიც მონაწილეობა მივიღე, კიდევ ერთხელ დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ საკმარისი დრო არ მქონდა ამ ყველაფრისთვის და თან, მუსიკალურ სფეროში შეჯიბრობითობის პრინციპიც არასამართლიანი ფორმატი მგონია. ამიტომ ამაზე უარი ვთქვი. როცა მომინდება, ისედაც თავისუფლად შემიძლია, ვიმღერო მეგობრების გარემოცვაში, კორპორატიულებზე თუ სხვადასხვა ღონისძიებაზე. ასე რომ, სიმღერა ჩემი ცხოვრების ნაწილია და მომავალშიც ასე იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა