საზოგადოება

როგორ გახდა მარიამ არჩემაშვილი ჩინეთის საუკეთესო უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც ჩაბარება ჩინელებსაც უჭირთ

№41

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 15.10

მარიამ არჩემაშვილი
დაკოპირებულია

მარიამ არჩემაშვილს სოციალური ქსელებიდან, ალბათ, ბევრი იცნობთ. ის ჩინური ენის მასწავლებელი, თარჯიმანი და კონტენტ-კრეატორია, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი ცოდნად გარდაქმნა და ამ ცოდნის ხარისხით დღეს ჩინელებსაც კი აოცებს.

მარიამ არჩემაშვილი: ჩინური ენის მიმართ ინტერესი მე-12 კლასში, აბიტურიენტობისას, გამიჩნდა. მანამდე ყოველთვის ევროპისკენ მიმიწევდა გული და არც კი წარმომედგინა, შორეული აღმოსავლეთისკენ ოდესმე თუ გავიხედავდი. მახსოვს, ერთ დღეს, შემთხვევით, გადავაწყდი ერთ-ერთი კორეული k-pop ჯგუფის ვიდეოს, რომელმაც პირველად გამიჩინა ინტერესი შორეული აზიის მიმართ. შემდეგ წამოვიდა იაპონური ანიმეები და, აი, ასე გადავწყვიტე, რომ ჩამებარებინა თავისუფალში, საერთაშორისო ურთიერთობებზე, სადაც შორეული აღმოსავლეთის კონცენტრაციაზე ჩინური, იაპონური და კორეული ისწავლებოდა. ამ დროს ჩინეთზე ბევრი არაფერი ვიცოდი, არც ენა მაინტერესებდა და მეგონა, კორეულის ან იაპონურის შესწავლას გადავწყვეტდი. თუმცა, როდესაც საორიენტაციო ლექციებზე სამივე ენას გავეცანი და მათი თავისებურებების შესახებ მეტი გავიგე, ჩინური ენის მიმართ დიდი ინტერესი გამიჩნდა, რადგან მისმა თავისებურებებმა: ტონებმა, ლოგოგრაფიულმა დამწერლობამ და, ამასთან ერთად, ქვეყნის კულტურამ, ძალიან მომხიბლა. მახსოვს, საორიენტაციო ლექციაზე რამდენად აღტაცებული ვიყავი, რადგან პირველად გავეცანი ენას, რომელიც სიმღერასავით ჟღერდა. მანამდე ჩინურ ენაზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მისი შესწავლა ძალიან რთული იყო. ჩინური ენის თავისებურებების გარდა, ალბათ, მისი ეგზოტიკურობა და სირთულეც იყო ერთ-ერთი იმ მიზეზთაგანი, რომელთა გამოც მისი შესწავლა გადავწყვიტე. მინდოდა, რაღაც ისეთს შევჭიდებოდი, რომელიც სხვებისთვის რთულად და დაუძლევლად მიიჩნეოდა. სწორედ ასე დაიწყო ჩემი ჩინური თავგადასავალი…

- ჩინური ენის შესწავლა განსაკუთრებულ სირთულესთან ასოცირდება და როგორ მოახერხეთ ეს?

- ჩინური ენა, უდავოდ, რთულია. რამდენ სტატისტიკასაც არ უნდა გადავხედოთ, სირთულით ყველგან პირველ ადგილზე თუ არ დგას, ტოპ-3-ში მაინც არის ხოლმე. ჩინურ ენას აქვს 50 000-ზე მეტი იეროგლიფი და 4 ტონი, რაც მის შესწავლას ნამდვილად არ ამარტივებს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მჯეროდა, რომ როცა რაიმე გულით გინდა, მის მისაღწევად არსებული საშუალებები ბევრად მეტია, ვიდრე დაბრკოლებები. ზოგადად, ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც სიტყვა „შეუძლებელზე“ ან „დანებებაზე“ ალერგია აქვს. ამიტომ ჩინური ენის სწავლაც დიდი შემართებით დავიწყე. ამ ენამ სულ მალე ისე შემაყვარა თავი, უნივერსიტეტში ჩემს საყვარელ საგნად იქცა. ვსწავლობდი არა მოვალეობის მოხდის მიზნით, არამედ დიდი ინტერესითა და სიყვარულით განმსჭვალული. ვასრულებდი არა მხოლოდ ლექტორების მიერ მოცემულ დავალებებს, არამედ დამატებით ვმეცადინეობდი და ბევრ სხვა ინფორმაციას ვიძიებდი.

– ჩინეთის საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლობდით, სადაც მოხვედრა თავად ჩინელებსაც უჭირთ. ეს როგორ მოახერხეთ და რა პრინციპით შეაჩერეთ მასზე არჩევანი?

– ჩინურის სწავლისას ლექტორებს არაერთხელ უთქვამთ, რომ როცა გარკვეულ დონეს მივაღწევდით, შეგვეძლო, ჩინეთის სამთავრობო დაფინანსების მოსაპოვებლად შეგვეტანა საბუთები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სტიპენდიის მოპოვება ასეთი მარტივიც არ არის – საჭიროა, მონაწილეობა მიიღო ჩინური ენის კონკურსებსა და ღონისძიებებში და კარგი შედეგები დადო. აქედან გამომდინარე, გავედი კონფუცის ინსტიტუტის მიერ გამოცხადებულ ორ კონკურსზე: იეროგლიფების წერისა და ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის კონკურსებზე, რომლებზეც პირველი ადგილი მოვიპოვე. აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოსვლის კონკურსზე გასვლას არ ვაპირებდი, რადგან ავად ვიყავი, მაგრამ იმდენად მინდოდა, ყელჩახლეჩილი ვვარჯიშობდი სიტყვით გამოსვლაში და მაინც მივიღე მონაწილეობა. არც კი ველოდი, თუ გავიმარჯვებდი, მაგრამ საკუთარი თავით უკვე იმდენად ამაყი ვიყავი, გამარჯვებაზე აღარც ვფიქრობდი. ამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე ჩინურ ენაზე სიტყვით გამოსვლის საერთაშორისო კონკურსში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა. აქაც ჩემპიონის ტიტული მოვიპოვე.

მოკლედ, დავაგროვე სერტიფიკატები, მიღწევები და ჩინეთის სამთავრობო სტიპენდიაზე შევიტანე საბუთები. ბოლოს გასაუბრებაც გავიარე და დადებითი პასუხი რომ მივიღე, სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი. ამ დროს ჯერ კიდევ არ მქონდა გადაწყვეტილი, რომელ უნივერსიტეტში მინდოდა ჩაბარება. აღსანიშნავია, რომ შეიძლება, სამთავრობო სტიპენდია მოიპოვო, მაგრამ სასურველმა უნივერსიტეტმა არ მიგიღოს, თანაც, მხოლოდ 3 უნივერსიტეტის არჩევის უფლება გაქვს, ამიტომ, ვფიქრობდი, უნივერსიტეტს ფრთხილად შევარჩევ-მეთქი, მაგრამ შერჩევის პროცესში სიამენის უნივერსიტეტმა იმდენად მომხიბლა, ვიფიქრე, ან ეს უნივერსიტეტი იქნება, ან არაფერი-მეთქი. სიამენის უნივერსიტეტი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია. თავად ჩინელებისთვის მანდ მოხვედრა ძალიან რთულია და მიიჩნევენ, რომ ამ უნივერსიტეტში მხოლოდ გენიოსები აბარებენ. ამასთან ერთად, სიამენის უნივერსიტეტი მთელ ჩინეთში ყველაზე ლამაზი კამპუსით გამოირჩევა; ცნობილი ჩინური სერიალი, „მეტეორის ბაღიც“, სწორედ ამ უნივერსიტეტის კამპუსშია გადაღებული. ზემოხსენებული მიზეზებიდან გამომდინარე, უზომოდ მინდოდა, იქ მესწავლა და როცა ჩარიცხვის წერილი მომივიდა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი დედამიწაზე.

– როგორც ვიცი, დღეს ჩინურ ენას C2 დონეზე ფლობთ, რაც იშვიათობას წარმოადგენს…

– ჩინურის C2 (HSK 6) დონე ჩინეთში, სიამენის უნივერსიტეტში შევისწავლე. ჩინეთში ყოფნის დროსვე მინდოდა გამოცდის ჩაბარება, მაგრამ ვერ გავბედე, რადგან რთული გამოცდაა, ჩინელებსაც კი უჭირთ ხოლმე სწორად დაწერა. მახსოვს, ჩემს ჩინელ მეგობარსაც გავაკეთებინე ტესტი და ბევრი შეცდომა დაუშვა. აქედან გამომდინარე, ცოტა მეშინოდა გამოცდაზე გასვლის. ჩინურს მონდომებით ვსწავლობდი, მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა, ამ გამოცდას თუ ჩავაბარებდი. გამოცდაზე რომ მივედი, აუდიტორიაში მხოლოდ მე ვიჯექი. საკმაოდ ვღელავდი, მაგრამ მინდოდა, საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. საბედნიეროდ, ასეც მოხდა და დღეს უკვე ჩინურის უმაღლეს დონეს ოფიციალურად ვფლობ.

– ცხოვრება ჩინეთში – არ იქნებოდა მარტივად მისაღები გადაწყვეტილება…

– მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ენა ვიცოდი, ჩინეთზე, როგორც ქვეყანაზე, ბევრი მაინც არაფერი გამეგებოდა. არ ვიცოდი, რამდენად უსაფრთხო იყო იქაურობა, არც ვიცნობდი ბევრ ქართველს, რომლებიც ჩინეთში იყვნენ ნამყოფები და გამოცდილებას გამიზიარებდნენ; თან, პანდემიის პერიოდიც დაემთხვა და ღელვას ესეც ამძაფრებდა. ჩემი მშობლები მირჩევდნენ, საერთოდ არ წავსულიყავი და ონლაინ მესწავლა, მაგრამ ვიცოდი, ონლაინ სწავლა იმ გამოცდილებასა და გარემოს ვერ მომცემდა, რისი მიღებაც მინდოდა, ამიტომ მაინც წასვლა გადავწყვიტე. პირველ დღეს ცოტა შეშინებული ვიყავი, რადგან ისეთ ქალაქში ჩავედი, სადაც ერთადერთი ქართველი მე ვიყავი, მაგრამ, სულ რაღაც, ერთ-ორ დღეში ჩინეთმა ყველა შიში გამიფანტა და დავრწმუნდი, რამდენად უსაფრთხო ქვეყანაში ამოვყავი თავი. კაფეში ან სადმე ყოფნისას ტელეფონსა და ლეპტოპს ხშირად მაგიდაზე ვტოვებდი, მაგრამ არასდროს მქონია შიში, რომ ვინმე ჩემს ნივთებს ხელს მოჰკიდებდა. იქ ყველა ასე იქცევა: თავიანთ ნივთებს, მათ შორის, საფულეებსაც კი, აუდიტორიებში საათობით ტოვებენ, რადგან იციან, რომ უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა. მეტსაც გეტყვით, ჩინური მეტროთი მგზავრობისას, ყველა, თავიანთ ნივთებთან ერთად, სკანერზე შემოწმებას გადის. ეს ამბები ჩემს ოჯახის წევრებს რომ მოვუყევი, მიხვდნენ, რომ, თურმე, ჩემს ჩინეთში გამგზავრებაზე სულ ტყუილად ღელავდნენ.

– რა ნახეთ მათი ცხოვრების წესში ჩვენთვის ძალიან უცხო და მსგავსება რაში აღმოაჩინეთ?

– ვფიქრობ, ქართველები და ჩინელები ბევრი რამით ვგავართ. პირველ რიგში, ორივე ერი უზომოდ სტუმართმოყვარეა და აფასებს საკუთარ ქვეყანას, მის ენას, კულტურასა და ისტორიას. ამასთან ერთად, უფროსი ასაკის ადამიანების სიტყვა ორივეგან წონიანია, თუმცა ეს განსაკუთრებით იგრძნობა ჩინეთში, სადაც მშობლების თანხმობის გარეშე ვერც კი დაქორწინდები. რაც შეეხება განსხვავებას, ვფიქრობ, ქართველები მეტად რომანტიკოსები ვართ, ხოლო ჩინელები – მატერიალისტები. ფინანსურ სტაბილურობასა და დამოუკიდებლობას ძალიან აფასებენ. ჩინეთში კაცი ისე ვერ დაქორწინდება, თუკი სახლი, მანქანა და კარგი შემოსავალი არ აქვს. ასევე, კაცმა დაქორწინებისას პატარძლის ოჯახს უნდა გადაუხადოს სამადლობელი თანხა, რომლის ოდენობაც 20 000 ლარიდან იწყება. ეს ინფორმაცია ჩინეთში ჩასვლამდე არ ვიცოდი და, სიმართლე გითხრათ, კულტურული შოკი მქონდა.

– როგორი რეაქციები აქვთ, როცა რწმუნდებიან რამდენად კარგად ფლობთ მათ ენას?

– ძალიან გაოცებულები და გახარებულები არიან ხოლმე. ჩინელებს იშვიათად აქვთ კომუნიკაცია ისეთ უცხოელებთან, რომლებმაც მათი ენა იციან და, მით უმეტეს, კარგად იციან. ჩინელებსაც გათვითცნობიერებული აქვთ, რამდენად რთულია მათი ენა, ამიტომ როცა ჩინურად კარგად მოსაუბრე უცხოელს ხვდებიან, გაოცებასა და პატივისცემას ვერ მალავენ.

– სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიური ხართ და ბევრი გიცნობთ, თუმცა, ვისაც ჯერ არ უნახავს თქვენი ვიდეოები, მოვუყვეთ, რას მოიცავს თქვენი კონტენტი?

– ზოგადად, „ტიკტოკი“ საკმაოდ გვიან გადმოვწერე, კერძოდ, წინა წელს. ვიდეოების დადება კი სულ რამდენიმე თვეა, რაც დავიწყე. ჩემი გვერდი პოპულარული გახდა ჩინელებთან საუბრების ვიდეოებით, რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, ქართველებს ძალიან მოსწონთ. პირველი ვიდეო რომ ავტვირთე, ვერც კი წარმომედგინა, ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა. ვფიქრობდი, მაქსიმუმ, 10 000 ნახვა ექნება-მეთქი, მაგრამ შევცდი. ამ ვიდეოებზე ქართველების კომენტარებმა და მათმა აქტიურობამ დამანახვა, რომ ჩინეთის, მისი კულტურისა და ენის მიმართ ინტერესი არსებობს, უბრალოდ, ამ ინტერესის დასაკმაყოფილებლად ინტერნეტში საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, თავად გავმხდარიყავი ხიდი ქართველებსა და ჩინელებს შორის და ქართველებისთვის გამეცნო ჩინეთი, რომელიც არასდროს უნახავთ. ძალიან ბევრმა აღნიშნა, რომ არ წარმოედგინათ, თუკი ჩინეთი ისეთი ქვეყანა იყო, როგორადაც მე ვაცნობ მათ და არ ეგონათ, თუკი ჩინელი ხალხი ასეთი თბილი და ზრდილობიანი იყო, როგორსაც ჩემს ვიდეოებში ხედავენ ხოლმე. ბევრმა ისიც მითხრა, რომ ჩინურის სასწავლად მოტივაცია მივეცი, რაც ძალიან მახარებს. ცოტა ხნის წინ ახალი მოსწავლეების მისაღებად რეგისტრაციაც გავხსენი და უკვე ძალიან ბევრი დარეგისტრირდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა