როგორ გახდა მამის მოსაძებნად ომში გაპარული გივი კარტოზია 15 წლის ასაკში ჯარისკაცი
ავტორი: ეკატერინე პატარაია 14:00 25.04, 2023 წელი
დღეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავის, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ოლიმპიადის მესამე პრიზიორის, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის, მსოფლიოს თასის მფლობელის, გივი კარტოზიას დღიურებს გადაგიშლით. ის ქართველ სპორტსმენთაგან პირველია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად არის აღიარებული, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების, „ფილას“ და ღირსების ორდენების კავალერია.
მოუქნელი გრძელმკლავება
ის იყო, დილით სასტუმროდან გამოვიდა და ზღვის სანაპიროსკენ სასეირნოდ წასვლას აპირებდა, რომ ღარიბულად ჩაცმული მოხუცი მიუახლოვდა. ხელმოჩრდილულმა ქვემოდან ამოხედა.
- გეთაყვა, თქვენ გივი კარტოზია ხართ? – ჰკითხა უცნობმა ქართულად.
- დიახ, - მიუგო გაკვირვებულმა ფალავანმა.
- გუშინ დიდად ვისიამოვნე სტადიონზე, შესანიშნავად ჭიდაობდი! მე 94 წლის ვარ, ბევრი განთქმული ფალავანი მინახავს. შენ დიდი კულა გლდანელი გამახსენე, დიდი მომავალი გელის... ჩემ მაგივრად აკოცე მშობლიური საქართველოს მიწას, სადაც არასოდეს დამიდგამს ფეხი... დღეგრძელი იყავ, შვილო! ბერიკაცი მოულოდნელადვე დაემშვიდობა და ჯოხზე დაყრდნობილი გაუყვა გზას. უცებ თვალწინ დაუდგა „მიხატ ფაშას” 25-ათასიანი სტადიონის გადაჭედილი ტრიბუნები და წინა დღით იქ გადატანილი ორთაბრძოლები. გონებაში კინოკადრებივით გაირბინა ნანახმა და განცდილმა. პირველ ორთაბრძოლაში ლიბანელ რამონოსს მოუგო – სამჯერ ბეჭებით გააკრა მეტოქე ხალიჩას და მხოლოდ ამის შემდეგ „დაინახეს” არბიტრებმა ტუშე, მერე შვეიცარიელი ვერნერი დაამარცხა. მესამე წრეში ისვენებდა, მეოთხეში კი მასპინძელთა კერპ ისმეთ ათლის უნდა დაპირისპირებოდა. ორიოდე დღის წინ თურქმა თავისუფალ ჭიდაობაში გაიმარჯვა, ქართველი ფალავანი გიორგი სხირტლაძე ფინალამდე ჩამოაშორა შეჯიბრებას. მასპინძლებს ეიმედებოდათ თავიანთი კერპი. ანგარიში თანაბარი იყო – 1953 წლის „კლასიკოსთა” მსოფლიო ჩემპიონატზე კარტოზიამ აჯობა ათლის, ისმეთმა რევანში ერთი წლის მერე, ტოკიოში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე აიღო და აი, მესამე ორთაბრძოლა. წლების შემდეგ ივან დიმოვთან საუბრისას გივი კარტოზია ასე გაიხსენებს თურქულ ბატალიებს: „ჩემი ყველაზე საშიში მეტოქე იყო თურქი ისმეთ ათლი, მოუქნელი, გრძელმკლავება, კაჭა, ხალიჩაზე საოცრად სწრაფი და თვალშეუვლები. ნეაპოლში იგი მესამე წუთზე წავაქციე, სერიოზული მეტოქე იყო! რომის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა კიდეც... სტამბოლში გვიან საღამოს ვჭიდაობდით სტადიონზე, რომელიც 25 ათას მაყურებელს იტევდა. ათლი ნებისყოფიანი მოჭიდავე გახლდათ, უკან დახევა არ იცოდა. პირველ წუთზევე ისეთი ძალით ვეძგერეთ ერთმანეთს, რომ დარტყმა ხარს წააქცევდა... ორივემ გავუძელით. სახედასისხლიანებულებს გულები ამოვარდნაზე გვქონდა, მაგრამ ვჭიდაობდით. რვა ქულა მოვიგე,
მეექვსე წუთზე კი ბეჭებზე გავაკარი. მსაჯები აქეთ-იქით იყურებიან, ისეთი სიტუაციაა, თითქოს საცაა უზარმაზარი ნაღმი უნდა აფეთქდესო. ათლი წამოდგა, მოვიდა ჩემთან და ხელი ამიწია. სტადიონმა ყიჟინა დასცა, მაგრამ ეს უკვე ალერსის ყიჟინა იყო”... ეს მოხდა 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე, მაისის მიწურულს, სტამბოლში მსოფლიო თასზე გამართული პაექრობისას... მომდევნო ორ შეხვედრაში ქართველი ფალავანი იოლად გაუსწორდა გერმანელ ჰორსტ ჰესსა და იუგოსლავიელ სიმიჩს და მთავარი პრიზი მოიპოვა. ჩვენებურთაგან ის გახლდათ პირველი, ვინც ასეთ სიმაღლეს მიაღწია.
სამართლიანად შენიშნავს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი არჩილ გოგელია, რომ „იგი იყო პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი ჩვენი სპორტის ისტორიაში. სიტყვა პირველი განუშორებელი თანამგზავრია კარტოზიას გვარისა. თავად განსაჯეთ: გივი კარტოზია იყო პირველი სამგზის ჩემპიონი ქართველთა შორის, მსოფლიო თასის პირველი მფლობელი, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი კლასიკურ ჭიდაობაში. იგი გახლდათ პირველი, ვინც ამაყად ააფრიალა ქართული სპორტის ალამი”.
„ცეცხლოვანი გულის კავკასიელი“
„...კარტოზიას დღესაც ნომერ პირველ მოჭიდავეს უწოდებენ. და ასე იქნება მუდამ, სანამ ცოცხალი დარჩება თუნდაც ერთი კაცი, ვისაც ის ხალიჩაზე უნახავს. კარტოზია ქართული ჭიდაობის დროშაა”, - ეს სიტყვები კიეველ მსოფლიოს ჩემპიონს, გრიგორი გამარნიკს ეკუთვნის. მართლაც, განუმეორებელია გივი კარტოზიას დამსახურება სამშობლოს წინაშე. ქართველი ფალავნის თანამედროვეთაგან არაერთხელ მსმენია, რომ ის ყველას ხიბლავდა გამბედაობით, ელეგანტურობით, უკომპრომისობით. არასდროს ყოფილა მარცხის შიშით შეპყრობილი სპორტსმენი. ჭაბუკობიდანვე დამოუკიდებელი და შეუპოვარი გახლდათ... 15 წლისა ომში გაიპარა, რომ მეომარი მამა ენახა. გზახლართულებისთვის გვერდის ავლა შეძლო და ზაპოროჟიეში ამოყო თავი, სადაც პოლკის შვილობილი გახდა. სამხედრო ფორმა ჩააცვეს და ხელში შაშხანა მისცეს. ერთი სიტყვით, ჯარისკაცი გახდა. 1945 წელს დემობილიზაციით დაბრუნდა შინ. შინელს დიდხანს ვატარებდი, რადგან პალტო არ მქონდაო, იგონებს ბატონი გივი. ოთხი წლის შემდეგ მოსკოვში შეჯიბრებაზე გასამგზავრებლად პირველი პალტო მწვრთნელს უყიდია მისთვის. ჭაბუკობიდანვე მოქნილმა სპორტის რამდენიმე სახეობაში სცადა ბედი. ომიდან დაბრუნების შემდეგ, როგორც თავად იხსენებს, ორჯონიკიძის ქუჩაზე საჭიდაო დარბაზს მიაკითხა. პირველი დამკვალიანებელი გიორგი ვარძელაშვილი იყო, შემდეგ - კარიერის ბოლომდე ლეონიდ ძეკონსკი ავარჯიშებდა. უფროსებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში პირველად 1949 წელს მოსინჯა ძალები. 20 წლის ყმაწვილი მე-4 ადგილით დაკმაყოფილდა.
იმავე წელს თბილისში ჩეხოსლოვაკიის „კლასიკოსთა” ნაკრები ჩამოვიდა ამხანაგური მატჩის გასამართავად. გივი კარტოზიამ გამოცდილი ფალავანი შტეფან მესეში დაამარცხა. მერე გზა გაიკაფა დიდი სარბიელისკენ. 1956 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და 1960 წლის რომის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა სამჯერ მსოფლიოს ჩემპიონობა (1953 - ნეაპოლი; 1955 - კარლსრუე; 1958 - ბუდაპეშტი) მოიპოვა, 1956 წელს მსოფლიოს თასს დაეუფლა, ორჯერ სტუდენტთა მსოფლიოს თამაშებში გაიმარჯვა, ოთხჯერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების (1952 - 1955) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. სპორტის დამსახურებული ოსტატი დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით. 1953 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ნეაპოლში გივიმ, „ცეცხლოვანი გულის კავკასიელმა”, როგორც მას იტალიელებმა უწოდეს, შვედი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის (მაშინ მსოფლიო ჩემპიონატები ორ-სამ წელიწადში ერთხელ ეწყობოდა) გამარჯვებული გრიონბერგი ნახევარფინალში დაამარცხა, გადამწყვეტ პაექრობაში 1952 წლის ოლიმპიადის ფინელი ბრინჯაოს მედალოსანი კალერვო რაუხალა ბეჭებით გააკრა ხალიჩას და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა...
დასაჯილდოებლად ძლივს გააღვიძეს
ჰელსინკის ოლიმპიადის შემდეგ გივი კარტოზია საბჭოთა ნაკრების ლიდერად იქცა და ეს მან საერთაშორისო სარბიელზეც დაამტკიცა... 1953 წელს ნეაპოლში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი,1955 წელს მეორედ დაიმშვენა მკერდი ოქროს მედლით. ამ შეჯიბრებას გერმანულმა კარლსრუემ უმასპინძლა. ქართველი ფალავანი ერთ დღეს ხუთჯერ გავიდა ხალიჩაზე. ასპარეზობის ბოლო დღეს კარტოზიას თავის წონაში ბევრი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. დილით მასპინძელი ოტმარ ზონჰალტერი წააქცია. ამ ორთაბრძოლისას მკლავი დაეჭიმა. საღამოს იუგოსლავიელ ბრანისლავ სიმიჩს აჯობა, რომელმაც მერე ტოკიოს ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. შხაპის მიღებაც არ აცალეს, რომ შვედ იანსონთან საჭიდაოდ უხმეს. მეტოქეს ქულებით სძლია. ის იყო, გასახდელში 15 წუთით წასთვლიმა, რომ გააღვიძეს – ხალიჩაზე უნგრელი, ჰელსინკის ოლიმპიადის პრიზიორი, გურიჩი ელოდა. ისიც დაამარცხა. ნახევარი საათის შემდეგ გერმანელ ფორსტ ჰესს მოუგო. „გასახდელში შევედი და მკვდარივით დამეძინა. არ მინახავს, გურიჩმა როგორ დაამარცხა გერმანელი და მეორე ადგილზე გავიდა. (წყ; „ლელო“) ძლივს გამაღვიძეს დასაჯილდოებლად”, - იხსენებს გივი კარტოზია.1956 წლის მელბურნის ოლიმპიადაზე ქართველი ფალავანი ნაცნობ შვედ მოჭიდავეს, ორი ოლიმპიადის გამარჯვებულ, აქსელ გრიონბერგს ელოდა. შვედებმა მელბურნში გრიონბერგი არ წაიყვანეს. ის ერთი მოუქნელი ყმაწვილით – რუნე იანსონით ჩაანაცვლეს. კარტოზიამ მას წინა მსოფლიო ჩემპიონატზე იოლად მოუგო, ეგონა, ოლიმპიადაზეც მალევე დაჩაგრავდა, მაგრამ პაექრობის დასაწყისშივე შვედმა ქულა აართვა ქართველს და შემდეგ, მთელი შეხვედრის განმავლობაში შერკინებას გაურბოდა, რასაც მსაჯები ვერ „ამჩნევდნენ”. ეს ორთაბრძოლა ჩვენებურმა მინიმალური ანგარიშით წააგო. სამაგიეროდ, მომდევნო შეხვედრებში სხვებზე იყარა ჯავრი: ავსტრალიელი პეტერსონის დამარცხებას მხოლოდ ერთი წუთი მოანდომა, წინა ოლიმპიადის პრიზიორ უნგრელ გურიჩს შვიდი ქულა აართვა, ბულგარელ დობრევს, რომელიც ოთხი წლის შემდეგ რომში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ხუთი ქულით მოუგო. იანსონი უკვე აღარ ეწერა მეტოქეთა რიცხვში, რადგან მას დობრევმა აჯობა და ექვსი საჯარიმო ქულით მედლებისთვის მებრძოლთა რიგებს ჩამოშორდა. გივი კარტოზია ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გივი კარტოზია აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, მაგრამ 1960 წლის რომის ოლიმპიადის წინ, ისევ შეუჩნდნენ და ხალიჩაზე დააბრუნეს. იტალიის დედაქალაქში მან მესამე ადგილი დაიკავა და ჭიდაობასაც დაემშვიდობა. ერთხანს მწვრთნელადაც იმუშავა. „მასწავლებელს, პირველ ყოვლისა, მოთმინება მართებს ბავშვებთან, - სპორტსმენები კი რაღაცით მუდამ ბავშვები არიან, სიფიცხე შეუწყნარებელია, მე კი ფიცხი კაცი ვარ”,- თქვა ბატონმა გივიმ და მწვრთნელობასაც შეეშვა, თუმცა ჭიდაობისა და მოჭიდავეებისთვის ზურგი არასდროს შეუქცევია – ხორკლიანი სიტყვა, მაგრამ კეთილი გული ჰქონდა, უსამართლობას ვერ იტანდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





