საზოგადოება

როგორ გახდა ლიკა დუმბაძე იტალიაში ქორწილების ორგანიზატორი და რა განსაკუთრებული ისტორიები გადახდენია მას

№19

ავტორი: მარიამ დვალაშვილი 16:00 24.05

ლიკა დუმბაძე
დაკოპირებულია

ლიკა დუმბაძე იტალიაში ცხოვრობს. ის ქორწილების ორგანიზატორია და მის სახელთან დაუვიწყარი საქორწილო წვეულებები ასოცირდება. მან ამ ინტერვიუში საკუთარი საქმიანობის შესახებ საინტერესო ამბები გაგვიზიარა.

– ლიკა, როგორ გახდით იტალიაში ქორწილების ორგანიზატორი და რა არის ის, რაც ამ პროფესიაში განსაკუთრებით მოგწონთ?

– ზოგადად, სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება ყოველთვის მიყვარდა, თუმცა პროფესიულად ამ სფეროს პირველად ბარსელონაში მაგისტრატურაზე სწავლის დროს შევეხე და ეს სიყვარული კიდევ უფრო გამიღრმავდა. იმავდროულად, ჩემი რეზიუმეც ამ მიმართულებით განვითარდა.

იტალიაში გადასვლის შემდეგ, ენის დაუფლებისთანავე, ერთ-ერთ სასტუმროში ღონისძიებების კოორდინატორად დავიწყე მუშაობა. შემდეგ, როცა ჩავთვალე, რომ უკვე საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მქონდა, საკუთარი სააგენტოს გახსნა გადავწყვიტე. დავთმე სტაბილური ხელფასი და ყველაფერი ნულიდან დავიწყე.

პირველი დამოუკიდებლად ორგანიზებული ქორწილის შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად აეწყო. დღეს უკვე წელიწადში ლიმიტირებულ რაოდენობა ღონისძიებებს ვიღებ, რათა ხარისხი შევინარჩუნო და თითოეულ წყვილს ინდივიდუალური დრო დავუთმო, შევქმნა ღონისძიებები, რომლებიც ყველასთვის დაუვიწყარი იქნება.

ყველაზე მეტად ამ პროფესიაში კრეატიული პროცესი მიყვარს, ის, რაც თითოეულ წყვილთან სრულიად განსხვავებულად ვითარდება. საოცარი შეგრძნებაა, როცა წყვილის წარმოსახვაში არსებულ იდეალურ დღეს ფრთებს ასხამ და ქმნი იმას, რაზეც ისინი ოცნებობდნენ. ქორწილის დღეც განსაკუთრებული ემოციებით არის სავსე. დიდი ადრენალინი მოდის, როცა ერთწლიან ან ორწლიან მზადების პროცესს საბოლოოდ აჯამებ და ყველაფერი ცოცხლდება. ბედნიერი, თვალებანთებული წყვილის ნახვა უდიდესი სიხარულია. ის, რომ ყოველი დეტალი ჩემს ხელშია შექმნილი, ძალიან მაბედნიერებს და მავსებს.

– რით განსხვავდება იტალიური ქორწილები ქართულისგან? რას გამოარჩევდით?

– იტალიური და ქართული ქორწილები რამდენიმე მთავარ ასპექტში განსხვავდება. განსაკუთრებით სუფრის კულტურაში, ცერემონიის ფორმატსა და მუსიკალურ გაფორმებაში.

იტალიაში ქორწილი აპერიტივით იწყება: სანამ მაგიდასთან დასხდებიან, სტუმრებისთვის მოწოდებულია მსუბუქი საჭმელები და სასმელები. შემდეგ მოდის ოფიციალური ვახშამი სტარტერი, პირველი და მეორე კერძი, მთავარი კერძი და ბოლოს დესერტი. ტორტის გაჭრის შემდეგ იწყება Open Bar და ცეკვა. იტალიურ ქორწილებში ცერემონია, აპერიტივი, ვახშამი და After Party სხვადასხვა ლოკაციაზე ტარდება, რაც სტუმრებს მუდმივად ახალ შთაბეჭდილებებს აძლევს. საქართველოში კი, ჯვრისწერის ან ცერემონიის შემდეგ, წვეულება, როგორც წესი, ერთ სივრცეში მიმდინარეობს.

– მინდა, ყველაზე გამორჩეული ცერემონიების გახსენება გთხოვოთ…

– მახსენდება ცერემონია, რომელიც უფრო ფილმს ჰგავდა, ვიდრე რეალობას. წყვილს დაქირავებული ჰყავდა ესპანელი გიტარისტი. ისეთი ტიპური ესპანური გარეგნობის, რომ შეხედავდი, მაშინვე ფლამენკოს ცეკვა მოგინდებოდა. სანამ პატარძალი გამოჩნდებოდა, ემოციურ ესპანურ მელოდიებს უკრავდა. გარეთ ძლიერი წვიმა იყო, ამიტომ ცერემონია ვილაში, შენობის შიგნით ჩატარდა. სიძე დონ კორლეონეს სტილში იყო გამოწყობილი და დროდადრო ჩემთან მოდიოდა, რომ ეკითხა, ნამდვილად ჰგავდა თუ არა კორლეონეს. როცა პატარძლის გამოჩენის დრო დადგა, გიტარისტმა ენიო მორიკონეს მუსიკის დაკვრა დაიწყო. ამ დროს კიბეებზე, სიცილიელ მამასთან ერთად, პატარძალი ჩამოდიოდა, ასაკით სიძეზე 20 წლით უფროსი. წვიმა, მორიკონეს მუსიკა, სიცილიელი მამა და კორლეონეს სტილში გამოწყობილი სიძე, ყველაფერი ერთად ნამდვილ კინოს სცენას ჰგავდა. დღემდე, ამ ცერემონიის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის.

– მომხდარა ისე, რომ თქვენივე ორგანიზებულ ქორწილში, ემოციებისგან ცრემლები თვითონაც ვერ შეგიკავებიათ?

– ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს, როცა ცერემონიის დროს სიძე პირველად ხედავს პატარძალს. როდესაც პატარძალი შემოდის, ყველა მას უყურებს, მე კი ყოველთვის სიძეს ვაკვირდები, მისი ემოციები იმდენად სპონტანური და ნამდვილია, რომ ამ მომენტზე, სიძესთან ერთად, რამდენჯერმე მეც წამომსვლია ცრემლი. ასევე, ძალიან ემოციური მომენტია, როცა წყვილი ფიცს დებს, ხშირად, მათთან ერთად მეც მიტირია.

– რა თანხებს უკავშირდება ასეთი ქორწილები?

– მე Destination wedding planner ვარ, რაც ნიშნავს, რომ ვაკეთებ ქორწილებს სხვა ქვეყანაში ან ქალაქში, იქ, სადაც წყვილი თავად არ ცხოვრობს. ქორწილების ბიუჯეტი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე – არჩეულ ქვეყანაზე, ლოკაციის ტიპზე, სტუმრების რაოდენობაზე, დიზაინსა და დამატებით მომსახურებებზე. მაგალითად, იტალიაში ან საბერძნეთში ქორწილის ორგანიზება 70-100 სტუმარზე, საშუალოდ, შეიძლება, დაიწყოს 40 000-50 000 ევროდან და მაღლა, თუ წყვილი დამატებით ბევრ დეტალს, დიზაინის ელემენტებს ან ექსკლუზიურ ვენიუს მოითხოვს. ხარჯების ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც წესი, მიდის ვენიუზე, ქათერინგზე, მუსიკასა და დეკორაციაზე.

თუმცა, როდესაც საცხოვრებელი სახლიდან შორს აკეთებ ქორწილს, სტუმრების რაოდენობა მცირდება ხოლმე, ამიტომ, ზოგჯერ საბაზისო ხარჯი, დაახლოებით, იმავე დონეზე რჩება, როგორც 200-კაციანი ქორწილი საკუთარ ქვეყანაში. Destination Wedding ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო პირადი, ინტიმური და განსაკუთრებული გამოცდილებაა როგორც წყვილისთვის, ასევე, მათი სტუმრებისთვის.

– გახსოვთ ყველაზე უცნაური ან მოულოდნელი სიტუაცია, რაც ქორწილის დღეს შეგხვდათ? როგორ გადალახეთ?

– ერთ-ერთ ბოლო ქორწილს გავიხსენებ, რომელიც კომოს ტბაზე გვქონდა. კომოს ტბა არცთუ ისე მარტივი ლოკაციაა ქორწილის ორგანიზებისთვის, დიდი ქალაქიდან მოშორებულია, ტრანსპორტირება შეზღუდულია, ძირითადად, სულ ვილები და სასტუმროებია, ადგილობრივი მოსახლეობა კი მცირეა. კომოზე ქორწილის წინა დღეს ჩავედით, ვილაში დავბინავდით, ყველაფერი მზად გვქონდა. ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, როცა ყველაფერი იდეალურად გაქვს დაგეგმილი და გაწერილი, ამ დროს ერთი სული გაქვს, გათენდეს, რომ ის, რაზეც ამდენი ხანი იმუშავე, რეალობად იქცეს. გათენდა, საუზმეზე ჩასულს, პატარძლის დედა მეუბნება, რომ სიძეს 39 ჰქონდა სიცხე და წელის ძლიერი ტკივილების გამო ლოგინიდან ვერ დგებოდა. ბუნებრივია, ამ დროს ყველას ქორწილის ორგანიზატორის იმედი აქვს, რამე უნდა მოვახერხოთ და სიძე „მოვაცოცხლოთ“. მე ამ დროს 5 თვის ორსული ვიყავი, ვცდილობდი, არ მენერვიულა და ღმრად მესუნთქა. კომოს ტბის სპეციფიკიდან გამომდინარე, თან, შაბათ დღეს, თან, ჩაწერის გარეშე თერაპისტის მოძიება ურთულესი ამოცანა იყო. რაც კი ინტერნეტში კლინიკების ინფორმაცია იყო, ყველას დავურეკე, ზოგი არ მუშაობდა, ზოგი დაკავებული იყო, არ გვიღებდა, კომოზე რომ ყველა რესურსი ამოვწურე, მილანზე გადავინაცვლე, თუმცა იქაურ სპეციალისტებსაც გრაფიკი ჰქონდათ გადატვირთული. ადგილზე მოსვლა ზედმეტია, კლინიკაშიც კი არავინ გვიღებდა. ყოველ დარეკვაზე სათითაოდ ვუხსნიდი სიტუაციას, ქორწილი გვეშლებოდა, ვინმეს უნდა ეშველა. ბოლოს, ერთმა ექიმმა თავისი ნაცნობის კონტაქტი მომცა, რომელიც დახმარებაზე დაგვთანხმდა. ცოტა მასაჟი, ცოტა ტკივილგამაყუჩებელი, ცოტა აპეროლ სპრიცი და სიძეც წამოდგა ფეხზე. ქორწილმა ფანტასტიკურად ჩაიარა, დილის სირთულეები კი დღის ბოლოს აღარავის ახსოვდა. ასეთ სიტუაციებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ აჰყვე ემოციებს, შეძლო რაციონალურად აზროვნება და არ დანებდე, სანამ გამოსავალს არ იპოვი.

– საინტერესოა თქვენი და თქვენი მეუღლის სიყვარულის ისტორია და როგორი იყო თქვენი ქორწილი?

– ერთმანეთი ესტონეთში, მაგისტრატურაზე სწავლის დროს გავიცანით, ჯგუფელები ვიყავით. მაშინ რაფაელმა საქართველოს არსებობა არც კი იცოდა, რაზეც თავიდან ძალიან გავბრაზდი. რას ჰქვია საქართველო არ იცი, სად არის-მეთქი. ვუყვებოდი ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, მერე თვითონაც გაკვირვებული იყო, იტალიაში რომ ბევრი არაფერი იცოდნენ საქართველოზე. ეს 12 წლის წინ იყო. როცა მაგისტრატურა დავამთავრეთ, საერთო გადაკვეთის წერტილი არაფერი გვქონდა, თუმცა ჩვენი დიდი მონდომების წყალობით მოვახერხეთ, რომ დღემდე ერთად ვართ. მოგზაურობა ორივესთვის ცხოვრების სტილად ჩამოყალიბდა, რაშიც ყველაზე მეტად გადავიკვეთეთ. სწავლის შემდეგ, უკვე ზურგჩანთით, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გავაგრძელეთ, ქორწილზე კი მაშინ ვიფიქრეთ, როცა იტალიაში საცხოვრებლად გადმოსვლა გადავწყვიტეთ. ძალიან პატარა, მაგრამ ემოციებით სავსე ცერემონია გვქონდა, მხოლოდ 10 სტუმრით, თითოეული დეტალი კი ჩვენთვის მნიშვნელოვან სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა. ხშირად მეკითხებიან, როცა ამდენი მასშტაბური ქორწილის ორგანიზებას ვაკეთებ, ჩემი ქორწილი როგორი იყო. ბევრს უჭირს დაჯერება, რომ ასეთი მყუდრო და პატარა ცერემონია ავირჩიეთ.

ახლა, როცა ქორწინების 10 წლის იუბილე გვიახლოვდება, ვგეგმავთ, რომ ახლობლების უფრო ფართო წრე შევკრიბოთ და ჩვენს საყვარელ რომელიმე ქვეყანაში უკვე უფრო მასშტაბურად აღვნიშნოთ ეს დღე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №20

19–25 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა